ეროვნული ნაკრების ისტორია: ლატვია 1:3 საქართველო

1994 წლის ივნისი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სამჯერ ითამაშა, ნიგერიასთან და ბრაზილიის ჩემპიონ პალმეირასთან მარცხის შემდეგ კი, როგორც იქნა, გაიმარჯვა – ლატვიაში 3:1 დაამარცხა მასპინძელთა ნაკრები. ეს იყო „ჯვაროსნების“ მესამე მოგება 1994 წელს გამართულ მეექვსე საერთაშორისო მატჩში და პირველი წარმატება მეტოქის მოედანზე 10 თებერვალს, მალტაზე 1:0-ის შემდეგ.

ეროვნული გუნდის თავკაცის თქმით, ნაკრები ლატვიაში შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრა, რადგან შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეები, ასევე მურთაზ შელია, ოჯახური მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს; ზაზა რევიშვილი, თემურ ქეცბაია და ნუგზარ ლობჟანიძე ავად გახდნენ; დიმიტრი კუდინოვი იძულებული გახდა უცბად დაბრუნებულიყო კვიპროსზე, ხოლო კახი ცხადაძემ დასვენება ითხოვა.

რიგაში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჩივაძის და მისი თანაშემწეების განკარგულებაში მხოლოდ თორმეტი ფეხბურთელი აღმოჩნდა და მწვრთნელებმა სწორედ ამის შემდეგ უხმეს თელავის კახეთში მოთამაშე მერაბ კაციტაძეს და ვასილ სეფაშვილს.

საქართველოს მთავარი გუნდისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ მეთორმეტე საერთაშორისო მატჩი იყო, ლატვიისთვის კი 122-ე! გაზეთ ქართული ფეხბურთის კორესპონდენტთან, გივი ტიბანელთან საუბარში ალექსანდრე ჩივაძემ მატჩი ასე შეაფასა (ქართული ფეხბურთი #9; ივლისი 1994):

„პირველ გოლში გოჩა ჯამარაულმა და კახი კაჭარავამ მიიღეს აქტიური მონაწილეობა, ხოლო შეტევა დავით ჯანაშიამ დააგვირგვინა…

მეორე ტაიმში ნაკრების წევრებმა მცირე უყურადღებობა გამოამჟღავნეს, მასპინძლებმა კედელი გაითამაშეს და ანგარიშიც გაათანაბრეს. მაგრამ ეს იყო და ეს – ამის შემდეგ ჩვენი უპირატესობა თვალშისაცემი იყო, რაც სრულიად სამართლიანად გამოიხატა კიდეც კაჭარავას და ჯამარაულის მიერ გატანილ ორ გოლში…

საქართველოს ნაკრებს შეეძლო უფრო გამანადგურებელი ანგარიშითაც დაემარცხებინა მასპინძლები, მაგრამ გია ჯიშკარიანის მიერ საკმაოდ შორი მანძილიდან ეფექტურად დარტყმული ბურთი კარის ძელს მოხვდა…

მოლდოვასთან მატჩის წინ ათდღიან შეკრებას გავაკეთებთ. ნაკრების კარი არავისთვის არის დაკეტილი, აქ მოთამაშე იქნება თუ ლეგიონერი, ყველაფერს თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი გადაწყვეტს“.

ამავე ინტერვიუში ჩივაძემ ორ ამხანაგურ მატჩზეც ისაუბრა, 19 ივლისს თბილისში მალტის ნაკრების მასპინძლობა დაიგეგმა, 26 ივლისს ტალინში ესტონეთთან სტუმრობა. კუნძულელები საქართველოს დედაქალაქს დათქმულ დროს ეწვივნენ, ბალტიისპირეთში გამგზავრება კი ჩაიშალა. ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს ესტონეთთან არშემდგარ ამხანაგურ მატჩზე, ვფიქრობ, დიდად არ უდარდიათ. იმ დღეებში ყველას მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ რა პასუხი მოვიდოდა უეფადან. მალტელებთან საწვრთნელ მატჩს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნები დაესწრნენ და მხოლოდ მათ ოფიციალურ დასკვნაზე იყო დამოკიდებული მთავარი საკითხი: ითამაშებდა თუ არა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს თბილისში…

სანამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მალტელთა მასპინძლობისთვის ემზადებოდა, ნაკრების ორი მეტოქე ისტორიულ, პირველ შესარჩევ ტურნირში – მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია და ბულგარეთი, ამერიკაში, ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში მშვენივრად ასპარეზობდნენ.

რიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებიდან რამდენიმე საათში, ბულგარელებმა ჩიკაგოში საბერძნეთი დაიბრიყვეს, დიმიტარ პენევის ბიჭებმა მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტებს 4:0 სძლიეს! ბარსელონის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ხრისტო სტოიჩკოვმა დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი იორდან ლეჩკოვმა და დანიელ ბორიმიროვმა გაიტანეს. 30 ივნისს, მესამე ტურში, ბულგარეთმა სტოიჩკოვის და ნასკო სირაკოვის გოლებით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინაც დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. სამხრეთამერიკელები, დიეგო მარადონას სკანდალური დისკვალიფიკაციის შემდეგ, საკუთარ თავს არ ჰგავდნენ, უნიათოდ გამოიყურებოდნენ და ტურნირს ფლეი ოფის სტარტზევე გამოეთიშნენ.

ბერტი ფოგთსის გერმანიამ კი უპრობლემოდ მოიგო ჯგუფი: ბოლივიას 1:0, ხოლო სამხრეთი კორეას 3:2 სძლია და მხოლოდ ესპანეთს გაუყო ქულები – 1:1. ბუნდესგუნდის სუპერვარსკვლავმა იურგენ კლინსმანმა სამივე მეტოქეს გაუტანა გოლი…

* * *

26 ივნისი, 1994. ამხანაგური. ლატვია, რიგა, არმიას სპორტა კლუბს. 1 100
ლატვია 1:3 საქართველო
გოლები: 0:1 დავით ჯანაშია (13, კახი კაჭარავას პასით), 1:1 ვიტალის ასტაფიევსი (60), 1:2 კახი კაჭარავა (74), 1:3 გოჩა ჯამარაული (76, დავით ჯანაშიას პასით)
ლატვია: რაიმონდს ლაიზანსი, იგორს ტროიცკისი (ალეკსანდრს იელისეიევსი 57), ვიტალის ასტაფიევსი, მიჰალის ზემლინსკისი, იურის შევლაკოვსი (კაპ), ძინტარს სპროგისი, სერგეის ემელიანოვსი, ვალერის ივანოვსი, ოლეგს ბლაგონადეჟდინსი, ვლადიმირს ბაბიჩევსი (ალეკსანდრს ფედოტოვსი 73), აივარს დრუპასი
მწვრთნელი: იანის გილისი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, მერაბ კაციტაძე, გიორგი ნემსაძე, გია ჯიშკარიანი, დავით ჯანაშია (ვასილ სეფაშვილი 83), გელა ინალიშვილი, გოჩა ჯამარაული (კაპ), თემურ ტუღუში (გოჩა ტყებუჩავა 78), გიორგი ქინქლაძე, კახი კაჭარავა
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: სერგეის ემელიანოვსი, დავით ჯანაშია
მსაჯი: ალგირდას დუბინსკასი (ლიეტუვა)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 26 ივნისი
ფოტო: მატჩის ბილეთი უშო რუხაძის კოლექციიდან
* – 2025 წლის 26 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian