ეროვნული ნაკრების ისტორია: მალტის ოთხთა ტურნირი

„გასული წლის ოქტომბერში, როცა მე და ჩემი მეგობრები გუნდში მოვედით, დინამოს საკვებიც კი არ ჰქონდა, ფორმაზე და ინვენტარზე რომ არაფერი ვთქვა. ჩვენ დიდ რისკზე წავედით, წესიერად არც ვიცოდით, რაში ვდებდით უზარმაზარ თანხას, ან გაამართლებდა კი? მაშინვე მიზნად დავისახეთ ევროპულ ტურნირებზე გასვლა და მივაღწიეთ კიდეც მიზანს…

ფეხბურთელებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, მათ პრობლემა არ აქვთ – მანქანა, ბინა, ხელფასი, პრემიები… ყველაფერი უკანასკნელ ნიუანსამდეა გათვლილი. როდესაც ადიდასს ფორმა შევუკვეთეთ, გვითხრეს, ასეთი შეკვეთა ლივერპულისგან და ბაიერნისგანაც არ მიგვიღიაო… რეზინის ჩუსტებით დაწყებული ზამთრის თბილი ქურთუკებით დამთავრებული, ყველაფერი დავამზადებინეთ. კოპენჰაგენთან გუნდი დინამოს ტრადიციული, ძველი ფორმით გამოვიდოდა, 60-იან წლებში რომ ეცვათ ჩვენებს…

დინამოს ცხრა მეპატრონიდან მერაბ ჟორდანია, ნუკრი კაკილაშვილი, რომან შოთაძე, უჩა მალაზონია და მე ფეხბურთელები ვიყავით. ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და ვალერი შალიკაშვილი კი თბილისურ მინი-ფეხბურთში ცნობილი პიროვნებები არიან, მათი გუნდი ოქროსუბანი არაერთხელ გამხდარა თბილისის ჩემპიონი, ვოვა ისელიძე კი ცნობილი წყალბურთელია. ვინ არის ზემოთ აღნიშნული პიროვნებებიდან არაკომპეტენტური? ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, გვიყვარს ფეხბურთი და ამაშია ჩვენი სიძლიერე…

იმ ავბედით საღამოს ყველამ ერთად გავათიეთ ბაზაზე ღამე და თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით. ყველა ერთი აზრისაა – გუნდი უნდა შევინარჩუნოთ. შოთა არველაძემ ყველას პასუხი ერთად თქვა: საქართველოდან ისე როგორ უნდა წავიდე, კიდევ ერთხელ მაინც რომ არ ვითამაშო სავსე ტრიბუნების წინო…

ჩვენ მოკლე ხანში თხოვნით მივმართავთ უეფას, რათა ერთ წლამდე დაგვიყვანოს დისკვალიფიკაციის ვადა. ვიმეორებ, თხოვნით და არა აპელაციით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ მომხდარში, ჩვენ ქართულ ფეხბურთს შუა გზაზე არ მივატოვებთ“.

მერაბ რატიანის ეს სიტყვები 1993 წლის 14 სექტემბერს დაიბეჭდა სარბიელში. დინამოს ერთ-ერთ მეპატრონეს ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია ესაუბრა.

ამ ინტერვიუდან მეორე დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი წრის პირველი შეხვედრები გაიმართა: კოპენჰაგენმა თბილისის ნაცვლად ბელფასტში ითამაშა და 0:3 დამარცხდა. სხვათა შორის, დინამოს მესვეურებმა დანიელებთან მატჩის ბილეთები წინასწარ დაბეჭდეს, ერთ-ერთი დღეს ჩემს კოლექციაშია…

კოპენჰაგენი მაინც გავიდა მომდევნო ეტაპზე, რადგან საპასუხო შეხვედრაში, დამატებით დროში, 4:0 დაამარცხა ლინფილდი. მეორე ეტაპის წილისყრა 1 ოქტომბერს გაიმართა. დანიელებს მომდევნო მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, იტალიის ჩემპიონი მილანი ერგოთ, ფაბიო კაპელოს უძლიერესი კლუბი გაუვალი დაცვით. ახლაც მახსოვს მაშინდელი განცდები, თუ როგორ დაგვწყდა გული მე და ჩემს მეგობრებს ის დიდი მილანი თბილისში რომ ვერ ვნახეთ.

მილანმა ჯგუფურ ეტაპზე თამაში პირველივე შეხვედრაში გაინაღდა: ჟან-პიერ პაპენის და მარკო სიმონეს დუბლებით, ბრაიან ლაუდრუპის და ალესანდრო ორლანდოს გოლებით კოპენჰაგენში 6:0 გაიმარჯვა, საპასუხო მატჩი კი პაპენის ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოიგო. ახლა ღიმილისმომგვრელია ამაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დინამო იმ მილანთან ასეთი ანგარიშით არ წააგებდა…

აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სექტემბრის მიწურულს გაურკვეველი ვადით შეაჩერა ჩემპიონატი და თასის გათამაშება. ზუსტად იმ დღეებში დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გერმანიას მიაშურა, კიოლნის გენერალურმა მენეჯერმა ბერნდ კულმანმა მიიწვია. ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბს იმ სეზონში დანიელი მორტენ ოლსენი წვრთნიდა, რომელსაც კოპენჰაგენის თავკაცმა ბენი იოჰანსენმა რამდენიმე თბილისელის გამოცდა ურჩია. იოჰანსენი, გემახსოვრებათ, დინამო-ლინფილდის თამაშს დაესწრო.

„გერმანელები დეკემბერ-იანვარში მინი-ფეხბურთის ტურნირებს ატარებენ. ჩვენ კიოლნში დაგვპატიჟეს ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებაზე. უახლოეს მომავალში კვლავ მივემგზავრები გერმანიაში და იმედია ზამთრის შესვენებას საზღვარგარეთული ტურნეთი შევავსებთ“, – განაცხადა ჟორდანიამ 1993 წლის 12 ოქტომბერს სარბიელთან ინტერვიუში.

ერთი დღით ადრე ეროვნულ სტადიონზე საქველმოქმედო თამაში შედგა: დინამოს და ახალგაზრდული ნაკრების მატჩზე გაყიდული ბილეთებით მიღებული თანხა მთლიანად აფხაზეთიდან ლტოლვილთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. დინამომ 5:1 გაიმარჯვა: შოთა არველაძემ სამი გოლი გაუტანა დავით გვარამაძეს, თითო ბურთი კი გიორგი ქინქლაძემ და გელა ინალიშვილმა შეაგდეს. ერთადერთი საპასუხო გოლი მამია ჯიქიამ მიითვალა 89-ე წუთზე.

იმავე საღამოს გაირკვა, რომ მეხუთე ეროვნული ჩემპიონატი 15 ოქტომბერს განახლდებოდა. იმ დღეს დინამომ მრეტებს უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა. ზედიზედ მეცხრე მოგებულ მატჩში შოთა არველაძემ დუბლი შეასრულა. მისთვის და არჩილისთვის ეს უკანასკნელი თამაში გამოდგა დინამოს მაისურით 1993-1994 წლების სეზონში, მეორე დღეს ტყუპებმა ტრაბზონს მიაშურეს.

„1994 წლის 22 იანვარს მანჩესტერში ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრებიც, ჩვენ მინიმუმ ათ შეხვედრას გავმართავთ. საამისოდ აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება. 6-13 თებერვალს მალტაზე ოთხთა ტურნირია, სადაც ჩვენი გუნდი უკვე მიწვეულია. საქართველოს და მასპინძელთა ნაკრების გარდა იქ ტუნისი და სლოვენიაც ითამაშებს. გარდა ამისა, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე კიდევ შვიდ-რვა თამაშს ჩავატარებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დინამო ნოემბერს ათიდან ათი გამარჯვებით შეხვდა. გივი ნოდიას კლუბმა მეათე მოგება, მორიგი იძულებითი შესვენების შემდეგ, 30 ოქტომბერს იზეიმა, როცა გიორგი ქინქლაძის და მიხეილ ყაველაშვილის დუბლებით და გიორგი ნემსაძის გოლით 5:3 დაამარცხა რუსთავის მეტალურგი. ნოდიას კლუბმა მომდევნო შეხვედრაში ეროვნული ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა – მეთერთმეტე თამაში მოიგო, 2 ნოემბერს 8:2 აჯობა თელავის კახეთს. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ბომბარდირის, ალექსანდრე იაშვილის დებიუტი დინამოში. საქართველოს უძლიერეს კლუბში დაწინაურება თექვსმეტი წლის ფორვარდმა გოლით აღნიშნა. და აქვე აღვნიშნავ, რომ მან სრულად გაამართლა კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა, დიდებულად შეცვალა შოთა არველაძე, სადებიუტო სეზონში დინამოს თანაბომბარდირი გახდა ყაველაშვილთან ერთად…

26 ნოემბერს სარბიელმა გაავრცელა ცნობა, რომ ფრანკფურტის აინტრახტში მოთამაშე კახი ცხადაძეს რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ნაკრებში თამაში შესთავაზა. ქართული გამოცემის ცნობით, გერმანული კლუბის ოფისში მოსკოვიდან ოფიციალური მიწვევა მივიდა, რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ევგენი მოსიაგინი კი პირადად უსაუბრა მცველს.

„რუსები მიჩვეულნი არიან მსგავს რამეს. ომარ თეთრაძეზე გაუვიდათ, ახლა ცხადაძეზე ცდილობენ, მაგრამ მათ ალბათ არ იციან, რომ კახის უკვე უთამაშია საქართველოს ნაკრებში ოფიციალური მატჩი, კვიპროსის წინააღმდეგ…

როდესაც უეფამ დსთ-ის ნაკრებს ევროპის წინა ჩემპიონატის შემოსავლიდან თავისი წილი, ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა, მე მყისვე ვაცნობე მათ ცხადაძის ნამდვილი წარმომავლობა და უეფამ ჩვენი მხარე დაიჭირა: იმ ფულიდან ასი ათასი ფრანკი გვარგუნა…

მე და საშა ჩივაძეს ცხადაძესთან ჯერ კიდევ იმ დროიდან გვქონდა კავშირი, როდესაც ის მოსკოვის დინამოში თამაშობდა. კახის არჩევანი უცვლელი იყო, დსთ-ის ნაკრების შემდეგ მხოლოდ საქართველო! ჩვენ ის მიწვეული გვყავს მალტის ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად და აინტრახტთან მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ მის გამოსაშვებად…

კახის არც ფინანსური პრობლემები აქვს, მაინის ფრანკფურტში საკმაოდ კარგად ცხოვრობს. მოკლედ, არ მგონია კახიმ სული გაყიდოს. მჯერა, ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს“, – ასეთი იყო ნოდარ ახალკაცის კომენტარი.

14 დეკემბრის სარბიელში თავად ფეხბურთელის პოზიციაც გაცხადდა: „ეჭვი ნურავის ექნება, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. რა თქმა უნდა, სადღაც გული მწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ აღარ მექნება, მაგრამ ქართველი ვარ და სხვაგვარად ვერ მოვიქცევი“.

19 დეკემბერს ახალკაცი თბილისში დაბრუნდა. ის რამდენიმე დღით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფებოდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობის საკითხი იყო. სფფ-ის პრეზიდენტს სარბიელის ჟურნალისტი ზურაბ მეძველია შეხვდა:

„უეფამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში დაშვებულია ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ოფიციალური განაცხადი გააკეთა, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენთან, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ხორვატიაში საომარი ვითარებაა, იმ შემთხვევაში თუ ეს სიტუაცია ხიფათს შეუქმნის მეტოქე გუნდებს და ოფიციალურ პირებს, ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავენ. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში, ხორვატია კი მეზობელ სახელმწიფოში…

მალე შევქმნით მწვრთნელთა საბჭოს, რომელშიც გაერთიანებული იქნება მთელი ჩვენი პოტენციალი. საბჭო განიხილავს და დაამტკიცებს ნაკრები გუნდების შემადგენლობებს…

უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურა არ განიხილება, ჩვენშიც არიან კვალიფიციური მწვრთნელები. უცხოელების მოყვარულებმა კი ჩვენი მწვრთნელების კრიტიკის მაგივრად იმას შეხედონ, თუ რა პირობებში მუშაობენ ისინი – ფეხბურთელებს წყალი არ აქვთ, კვებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩვენ ჩვენი კადრები უნდა აღვზარდოთ…

ახლა ყველაზე მთავარია, რომ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის, კავშირგაბმულობის მოშლის (ორი თვეა ფაქსი ვერ მიგვიღია) და სხვა სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებები ოფიციალურ ტურნირებში ჩაერთონ. სსრკ ფედერაციიდან ჩვენი გამოსვლის მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო“.

ნოდარ ახალკაცთან ეს ინტერვიუ სარბიელის პირველ გვერდზე 21 დეკემბერს დაიბეჭდა, მეორე დღეს კი, დილით, თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე დინამოს ორი მეპატრონე, მხედრიონელები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე ჩაცხრილეს. იმ დროს გუნდი გერმანიაში დაგეგმილი ტურნირებისთვის ემზადებოდა, გივი ნოდია ბიჭებს ხან სპორტის სასახლეში ავარჯიშებდა, ხან ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში.

საქართველოს ჩემპიონი გერმანიაში 8 იანვარს გაემგზავრა. ზაარბრიუკენის მესვეურები დინამოს აეროპორტში დახვდნენ და გიორგი ქინქლაძე პირდაპირ  იქედან წაიყვანეს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე სეზონის ბოლომდე მეორე ბუნდესლიგის კლუბში იასპარეზებდა, დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჯერ კიდევ ოქტომბერში გაამხილა.

მეორე დღეს დინამო კიოლნის მინი-ფეხბურთის ტურნირში ჩაება და ჩემპიონიც გახდა: ჯგუფში მიონხენგლადბახის ბორუსიას 4:3 მოუგო, კიოლნის ფორტუნასთან 3:3 ითამაშა, ნახევარფინალში 8:3 დაამარცხა ვატენშაიდი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი 10:3 გაანადგურა კიოლნი. რევაზ არველაძე, რომელმაც ფინალში ექვსი გოლი გაიტანა, საერთო ჯამში შეგდებული თორმეტი ბურთით ბომბარდირი გახდა და საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

14 იანვარს დინამო კიოლნს უკვე დიდ მინდორზე დაუპირისპირდა. თამაში, როგორც გივი ნოდიამ თქვა, პირადად მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის, მორტენ ოლსენის თხოვნით შედგა. გოჩა ჯამარაულის გოლით დინამო იგებდა, თუმცა თამაშის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, 1:1.

მეორე დღეს დინამომ ზოლინგენის მინი-ფეხბურთის ტურნირში იასპარეზა და იქაც მთავარი თასი მოიპოვა: ზედიზედ დაამარცხა ვერმელსკირხენი (5:1), ვუპერტალერი (4:2), კიოლნის ფორტუნა (4:3) და კვლავ ვუპერტალერი (6:4). საუკეთესო მოთამაშედ იქ უკვე გოჩა ჯამარაული აღიარეს.

გერმანიის ტურნე 16 იანვარს, ვესელინგთან ამხანაგური თამაშით დასრულდა, გიორგი ანჩაბაძის და ნუგზარ ლობჟანიძის გოლებით დინამომ 2:1 გაიმარჯვა.

„თუ ბიჭებმა ასე გააგრძელეს, თასების გამოსაფენად ახალი ოფისის აშენება მოგვიწევს“, – იხუმრა თბილისში დაბრუნებულმა მერაბ რატიანმა, გივი ნოდიამ კი თქვა, რომ გუნდი ორი დღე დაისვენებდა, შემდეგ კი მოსკოვში, დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშებისთვის მზადებას დაიწყებდა.

ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 22 იანვარს შედგა მანჩესტერში, გრანადა სტუდიოს უზარმაზარ დარბაზში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც პირველად დაუშვეს ოფიციალურ ტურნირში, მეტოქეებად მოლდოვა, ალბანეთი, უელსი, ბულგარეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ევრო 92-ის ფინალისტი გერმანია ერგო.

წილისყრაში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ და სწორედ მათ „შეგვირჩიეს“ მეტოქეები: ჯეფრი ჰერსტმა ბულგარეთის ბურთულა გახსნა, ბობი ჩარლტონმა – უელსის, ხოლო ტომ ფინეიმ ბერტი ფოგთსის გაწვრთნილი გერმანია „გამოაგზავნა“ ჩვენს ექვსეულში.

მანჩესტერში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე. ბატონი საშა სარბიელის კორესპონდენტთან, დავით მჭედლიშვილთან საუბარში ორი წინადადებით შემოიფარგლა: „ძლიერი ჯგუფია, თუმცა უარესიც შეიძლებოდა. მთავარია ჩვენ შევკრიბოთ უძლიერესი შემადგენლობა“.

ფედერაციის პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებს 26 იანვარს უმასპინძლეს. შეკრებილებს პირველმა ჩივაძემ მიმართა, რომელმაც ზოგადად შეაფასა ჯგუფი, კალენდარზე კი თქვა, რომ ყველაფერი 6 თებერვალს გადაწყდებოდა, მთავარი მწვრთნელების ფრანკფურტში შეხვედრის შემდეგ.

„წილისყრით კმაყოფილი ვარ. ვოცნებობდი, რომ გერმანიასთან ერთად მოვხვედროდით ჯგუფში. გერმანიის ნაკრებთან მატჩები ნიშნავს იმას, რომ მთელი მსოფლიო გაგვიცნობს, ამ ნაკრების თამაშებს ხომ ლამის ოთხმოც ქვეყანაში აჩვენებენ… ამას დაუმატეთ მატჩების ტელევიზიით გადაცემის უფლების გაყიდვიდან შემოსული თანხა, რეკლამა… ასე რომ, გერმანიასთან ჩატარებული ერთი თამაშიც მთელ ჩვენ ფეხბურთს ფეხზე დააყენებს“, – ეს უკვე ნოდარ ახალკაცის სიტყვებია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზეც ისაუბრა – „ჩივაძე ფართო დიაპაზონის ადამიანია. მან დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და ეყოფა კაცობა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავად გადადგეს. მე არავის მივცემ უფლებას, მის საქმეში ჩაერიოს. რაც შეეხება სხვადასხვა აზრს, იგი ყველას მოუსმენს, თქვენც და მეც“.

სფფ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვა ასე დაასრულა: „22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული გეგმა შესრულებულია“.

28 იანვარს დინამო მოსკოვს გაემგზავრა და მეორე დღიდანვე ჩაება დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. ნოდიას ბიჭებმა ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგეს: პირველად ლიეტუვის ჩემპიონატის ლიდერი, მაჟეიკაის რომარი დაამარცხეს – 5:1 (გელა ინალიშვილი – 3, მიხეილ ყაველაშვილი – 2); 30 იანვარს ტაჯიკეთის ჩემპიონი, დუშანბეს სიტორა გაანადგურეს – 6:2 (ინალიშვილი – 4, ყაველაშვილი, ალექსანდრე იაშვილი), 31 იანვარს კი აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულს, აღდამის ყარაბაღს სძლიეს – 3:0. პირველი გოლი გოჩა ტყებუჩავამ გაიტანა, მეორე – ყაველაშვილმა, მესამე კი ინალიშვილმა.

საქართველოს უძლიერესი კლუბი ნახევარფინალში უზბეკეთის ჩემპიონს, ფერღანის ნეფთჩის დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 31-ე წუთისთვის ზაზა რევიშვილის და ინალიშვილის გოლებით იგებდა, რატომღაც დამარცხდა. 82-ე წუთზე ინალიშვილს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. თასი კი კვლავ მოსკოვის სპარტაკს დარჩა, რომელმაც დინამოს მძლეველი ნეფთჩი ფინალში 7:0 გაანადგურა…

მეორე დღეს, 3 თებერვალს, თბილისს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ეწვია. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ელცინს ნოდარ ახალკაცის ოფიციალური მიმართვაც გადასცეს, სფფ-ის ხელმძღვანელი მას სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას გათავისუფლებას სთხოვდა. იმ დროს ეჭვობდნენ, რომ გაბესკირია აფხაზებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ცხუმის პრეზიდენტი სეპარატისტებმა ქალაქის აღებისთანავე დახვრიტეს ჟიული შარტავასთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად…

6 თებერვალს, ფრანკფურტში, ჩვენი, მეშვიდე შესარჩევი ჯგუფის კალენდარი დამტკიცდა. გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ინგლისის საგზურისთვის ბრძოლას 7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებდა, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას კი 1995 წლის მარტში უმასპინძლებდა. ასევე შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების ყველა მეტოქემ თანხმობა განაცხადა თბილისში თამაშზე. მახსოვს, ეს ცნობები დილით, სკოლაში წასვლის წინ მოვისმინე რადიოთი…

ალექსანდრე ჩივაძემ ფრანკფურტიდან მოსკოვს მიაშურა, სადაც მალტის ტურნირისთვის მიწვეული მოთამაშეების ნაწილი შეიკრიბა. როთმენსის თასზე სათამაშოდ მთავარმა მწვრთნელმა ამ შემადგენლობას უხმო:

მეკარეები – ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო), აკაკი დევაძე (ფოთის კოლხეთი 1913)

მცველები – ბესიკ ბერაძე (დინამო), კახა სიდამონიძე (სამტრედია), კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), მურთაზ შელია (ზაარბრიუკენი, გერმანია), დიმიტრი კუდინოვი (ნიქოზიის აპოელი, კვიპროსი)

ნახევარმცველები – ზაზა რევიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (ყველა დინამო), კახი გოგიჩაიშვილი (თბილისის შევარდენი 1906), გიორგი ქინქლაძე (ზაარბრიუკენი, გერმანია), თემურ ქეცბაია (ფამაგუსტას ანორთოსისი, კვიპროსი)

თავდამსხმელები – მიხეილ ყაველაშვილი (დინამო), დავით ყიზილაშვილი, გოჩა გოგრიჭიანი (ორივე ნიქოზიის ომონია, კვიპროსი).

პრესაში დაიწერა, რომ აინტრახტი ცხადაძეს მხოლოდ პირველი ორი თამაშისთვის გაათავისუფლებდა, შოთა და არჩილ არველაძეები კი ტრაბზონსპორმა, ნაკრების ხელმძღვანელთა ნებართვის შემდეგ, თავისთან დაიტოვა.

როთმენსის თასი პირველად 1986 წელს გათამაშდა, თუმცა კლუბებს შორის, 1988 წლიდან კი ტურნირში მხოლოდ ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. 1992 წლიდან თასი მხოლოდ ლუწ წლებში თამაშდებოდა. ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტურნირი საქართველომ სლოვენიასთან მატჩით დაიწყო. ნაკრებში დაბრუნებულ ცხადაძეს ჩივაძემ კაპიტნის სამკლავური გადასცა, ძირითად შემადგენლობაში კი ერთადერთი დებიუტანტი დაასახელა, გოჩა ჯამარაული. შეხვედრა, რომელიც ჩვენმა გუნდმა შინდისფერი მაისურებით, შავი შორტებით და თეთრი წინდებით ჩაატარა, მეტოქემ პრიმოჟ გლიჰას მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩივაძემ თქვა: „მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, მაშინაც კი უკმაყოფილო ვიქნებოდი. თამაში, პრაქტიკულად, ცალ კარში მიდიოდა! რევიშვილმა, ქეცბაიამ, ყიზილაშვილმა და ნემსაძემ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს“.

ორ დღეში საქართველო მასპინძელთა ნაკრებს შეხვდა და გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ანორთოსისში მოთამაშე თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ამ შეხვედრაში ორი დებიუტანტი გამოჩნდა, მეკარე ირაკლი ზოიძე და მცველი ბესიკ ბერაძე, რომელიც მურთაზ შელიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში.

„მასპინძლებთან მატჩი დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, თუმცა არ დავმალავ რომ ბოლო თხუთმეტი წუთი მეტოქის უპირატესობით მიმდინარეობდა“, – ასეთი იყო ჩივაძის კომენტარი, გოლის ავტორის შესახებ კი თქვა: „არ ვიცი როგორ თამაშობს თემური ანორთოსისში, იმ პოზიციაზე კი, მე რომ მივუჩინე, მისი თამაშით კმაყოფილი არ ვარ“.

როთმენსის თასის მეშვიდე გათამაშება 12 თებერვალს დასრულდა, საქართველო ტუნისს დაუპირისპირდა. ამ შეხვედრის წინ ცხადაძე და ქეცბაია კლუბებში დაბრუნდნენ, ამიტომაც კაპიტნად შელია მოგვევლინა. ტუნისთან ამ თამაშს ისტორიულიც ეთქმის, რადგან ჩვენი გუნდი პირველად შეხვდა სხვა კონტინენტის, ამ შემთხვევაში აფრიკის წარმომადგენელს. საქართველომ 2:0 გაიმარჯვა, ანგარიში ყაველაშვილმა გახსნა, კუდინოვმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბოლო პერიოდში ტუნისმა არაერთ ძლიერ მეტოქესთან ითამაშა, გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ფრედ დაასრულა შეხვედრები, ბულგარეთს დიდი ანგარიშით აჯობა… მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ხუთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაინც ანგარიშგასაწევი ძალა იყო… მაგრამ არც ჩვენ გვითამაშია საუკეთესო შემადგენლობით – მალტასთან გამარჯვების შემდეგ ცხადაძე და ქეცბაია თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, გოგრიჭიანი კი ვერც მესამე შეხვედრაში დავიხმარეთ, მას ტრავმა აწუხებდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტუნისს მხოლოდ თხუთმეტი მოთამაშით შევხვდით, გამარჯვება უფრო ფასეულია“.

როთმენსის თასი სლოვენიამ მოიგო, რომელმაც მეორე ტურში ტუნისთან 2:2 ითამაშა, უკანასკნელ მატჩში კი მალტას 1:0 აჯობა. საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, ტუნისი მესამე იყო, მასპინძლები მეოთხეზე დარჩნენ.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჩივაძის გვერდით იყო ნოდარ ახალკაცი. პრესკონფერენციის დასასრულს მან მადლიერებით მოიხსენია ისინი, ვინც ნაკრებს მალტის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაში დაეხმარა: მეცენატი, რომელმაც მგზავრობა დააფინანსა, მაგრამ გვარის გამხელა არ ისურვა, მოსკოვში მოქმედი საქველმოქმედო ფონდი გორდა და ავიაკომპანია კრაი აეროს წარმომადგენელი თემურ ჩარკვიანი.

ახალკაცმა ფრანკფურტში შეთანხმებული კალენდარიც მოიწონა: „გერმანიას და უელსს უკვე ნათამაშები აქვთ თბილისში, მოლდოვასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ალბანელები კი დღემდე, სტალინის ხათრით, ძმებად გვთვლიან. ასე რომ, არ გაგვჭირვებია და ამ დოკუმენტს ყველამ ხელი მოაწერა. საბოლოო სიტყვა მაინც უეფას ეკუთვნის, თუმცა არ მგონია რაიმე შეიცვალოს“.

ფედერაციაში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ეროვნული ნაკრები კვლავ გაემგზავრა უცხოეთში, ქართველები ისრაელს ესტუმრნენ.

* * *

8 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 1 000
სლოვენია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 პრიმოჟ გლიჰა (80)
სლოვენია: მარკო სიმეუნოვიჩი, მარინკო გალიჩი, ანდრეი პოლიშაკი, ალეშ კრიჟანი, გრეგორ ჟიდანი, სრეჩკო კატანეცი (კაპ), ალფრედ იერმანიში (პეტერ ბინკოვსკი 74), ზლატკო ზაჰოვიჩი, სამირ ზულიჩი (რობერტ ენგლარო 46), მატიაჟ ფლორიანჩიჩი (მლადენ რუდონია 46), პრიმოჟ გლიჰა
მწვრთნელი: ზდენკო ვერდენიკი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე (მიხეილ ყაველაშვილი 73), დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: კახი გოგიჩაიშვილი, ზაზა რევიშვილი, გრეგორ ჟიდანი, დიმიტრი კუდინოვი
მსაჯი: ლორი სამუტი (მალტა)

10 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 650
მალტა 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 თემურ ქეცბაია (16, პენ)
მალტა: დავიდ კლუეტი, ჯო ბრინკატი, რიჩარდ ბუაგიერი (ნიკი სალიბა 31), მაიკლ სპიტერი (ჯესმონდ კარდონა 74), დენის კაუჩი (ჯო გალეა 46), ჯო კამილერი, სილვიო ველა, ჯონ ბუტიგეგი, მარტინ გრეგორი, ჩარლზ სკერი, ქრის ლაფერლა (კაპ)
მწვრთნელი: პიეტრო გედინი (იტალია)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (ბესიკ ბერაძე 75), დიმიტრი კუდინოვი (კახა სიდამონიძე 55), მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მაიკლ სპიტერი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი
მსაჯი: დარკო იამშეკი (სლოვენია)

12 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 650
ტუნისი 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 მიხეილ ყაველაშვილი (48), 0:2 დიმიტრი კუდინოვი (61)
ტუნისი: ჩოკრი ელ ქუერი, ტარეკ თაბეტი, მუნირ ბუკადიდა, აჰმედ სუისი, მოჰამედ ალი მაჯუბი, იმედ მიზური, ლოფტი ბენ სასი, სირაჯედინ ჩიჰი (მოჰამედ ტრაბელსი 84), სკანდერ სუაია (ამორ ბენ ტაჰარი 73), აიად მაჯუბი, აბდელ სელიმი
მწვრთნელი: იუსეფ ზუაუი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახა სიდამონიძე, მურთაზ შელია (კაპ), დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ბესიკ ბერაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი (დავით ყიზილაშვილი 80)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი
მსაჯი: ჩარლზ აგიუსი (მალტა)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 29 მაისი
ფოტო: ტურნირის ოფიციალური პროგრამა
* – 2025 წლის 29 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian