ეროვნული ნაკრების ისტორია: ნიგერია 5:1 საქართველო

„თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირწმინდად წააგო ეს მატჩი. და რომ არა მეკარეთა კარგი თამაში, ანგარიში უფრო მეტი იქნებოდა…
ნიგერიელები ყველა კომპონენტით გვჯობდნენ, ისინი ნამდვილი ათლეტები არიან. კარგად აზროვნებენ ტაქტიკურად, ჩინებულად იყენებენ სტანდარტულ სიტუაციებს, თანაც, უკანასკნელი ოთხი წელია ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობენ…
ეს დამარცხება ტრაგედია არ არის. თუ სწორად გავაანალიზებთ, მისგან ბევრ სასიკეთოს მივიღებთ…
ჩვენი მთავარი საფიქრალი ახლა 7 სექტემბრის მატჩია მოლდოვასთან. დროში ისედაც შეზღუდულები ვართ. საჭიროა ეს სამი თვე ფეხბურთელებმა მაქსიმალურად გამოიყენონ და ნიგერიასთან მიღებული გამოცდილება თავიანთ სასარგებლოდ მოიხმარონ. რაც შეეხება მატჩის ვიდეოკასეტას, ჩვენ ის ჩამოვიტანეთ და მოკლე ხანში ვუჩვენებთ ტელევიზიით“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ეს სიტყვები გაზეთ სარბიელის კორესპონდენტს თბილისის აეროპორტში განუცხადა. ნიგერიაში ჩატარებული ამხანაგური მატჩის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა აღარ გამართა. სამწუხაროდ, არც იმ მატჩის ჩანაწერი აჩვენეს ტელევიზიით. შესაძლოა გადაიფიქრეს კიდეც, ნაკრები ხომ ისტორიაში პირველად განადგურდა, არნახული წაგების ხილვა კი, ათასი სხვა პრობლემით დამძიმებულ გულშემატკივარს ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. ყველას გვახსოვს რა სიტუაცია იყო იმ დროს საქართველოში.

მას შემდეგ სამი ათეული წელიწადი გავიდა, მაგრამ სრული ვიდეოჩანაწერი კი არა, მატჩის ფრაგმენტებიც არ მინახავს. ახლა ისიც გამეხარდება, ვიდეოფირი საერთოდ თუ გადარჩა…

იბადანში გამართული ამხანაგური მატჩი ვერ ვნახე, მაგრამ ნიგერიის ის ნაკრები იმ ზაფხულს მაინც ვიხილე, „სუპერ არწივებმა“ მაშინ პირველად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. და უნდა ვთქვა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის, კლემენს ვესტერჰოფის გაწვრთნილმა გუნდმა ამერიკის სტადიონებზე შთამბეჭდავად ითამაშა.

ჩემი თაობის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ ბულგარეთის ნაკრებთან ნიგერიელების დიდებული გამარჯვება – 3:0 (პირველი თამაში საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ), ძალიან დაძაბული დაპირისპირება დიეგო მარადონას, კლაუდიო კანიჯას და გაბრიელ ბატისტუტას მშვენიერ არგენტინასთან – 1:2, იოლად მოგებული მატჩი საბერძნეთთან – 2:0, მერვედფინალში კი უკანასკნელ წუთებში ხელიდან გაშვებული გამარჯვება იტალიასთან და მარცხი დამატებით დროში… სკუადრა აძურა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ გადაარჩინა – ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბოლოსწინა წუთზე, შემდეგ კი გამარჯვების მომტანი პენალტიც შეაგდო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვესტერჰოფის ნიგერია კარგი გუნდი იყო, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე ორი თვით ადრე აფრიკის ჩემპიონიც გახდა, 10 აპრილს გამართულ ფინალში ემანუელ ამუნიკეს დუბლით ზამბიას აჯობა.

ტიტულის მოგების შემდეგ, საქართველომდე, ნიგერიელებმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ყველა წააგეს – კოლუმბიასთან 0:1, შვედეთთან 1:3 და რუმინეთთან 0:2. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ აფრიკელების ყველა მეტოქე იმ გაზაფხულს მშვენივრად თამაშობდა.

ალბათ სწორედ ამ შედეგების გამო იყო ჩვენი ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე იმედიანად. სარბიელის ჟურნალისტთან, დავით თავართქილაძესთან ინტერვიუში (19 მაისი, 2004), ნიგერიელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა რევაზ არველაძე გაიხსენა:

„მეტოქის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა, ნიგერიის ნაკრების შემადგენლობა მხოლოდ მატჩის წინა დღეს მოგვიტანეს. მათი ფეხბურთელების გვარებს ნახევარი საათი ვკითხულობდით. ალექსანდრე ჩივაძემ იხუმრა კიდეც, ასეთი გვარების მქონე მოთამაშეებმა როგორ უნდა მოგვიგონო. მაშინ არ ვიცნობდით ნიგერიელებს, მათ ხომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაითქვეს სახელი“.

საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საინტერესოა, თუ როგორ ემზადებოდა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მეტოქესთან სათამაშოდ, როგორ ჩავიდა ნიგერიაში და ზოგადად ყველაფერი, რაც ამ თამაშს უკავშირდება. მით უმეტეს, რომ იმ ამხანაგური მატჩის შესახებ ნაკრების მაშინდელ წევრებს, მწვრთნელების ჩათვლით, ბევრი არაფერი უთქვამთ.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც ჩივაძემ უხმო, საქართველოში ერთადერთხელ, არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდი გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში 8 ივნისს, დილით გაემგზავრა, სადაც ნაკრებს ბუნდესლიგაში მოთამაშე კახი ცხადაძე (აინტრახტი) და რევაზ არველაძე (კიოლნი) შეუერთდნენ, შემდეგ კი ყველა იმ თვითმფრინავში ავიდა, რომელიც განის გავლით გაემართა ნიგერიისკენ. ეს ამბავი იმიტომ ვახსენე, რომ ცხადაძის განელმა თანაკლუბელმა, აინტრახტის თავდასხმის ლიდერმა ენტონი იებოამ სამშობლოსკენ სწორედ საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა.

ისევ რევაზ არველაძის ზემოხსენებულ ინტერვიუს მოვიშველიებ: „ლაგოსში, ნიგერიის დედაქალაქში გვიან ღამით ჩავედით. თვითმფრინავიდან ავტობუსში გადაგვსხეს, წინ კი ესკორტი მიგვიძღვოდა, პაზიკის მსგავსი ავტობუსი, რომელიც ქუჩაში ხალხს აქეთ-იქით მიერეკებოდა, თორემ სასტუმრომდე რამდენიმე წუთში კი არა, რამდენიმე დღეში მივაღწევდით. შუაღამე იდგა, მაგრამ ქუჩები მაინც სავსე იყო ხალხით…

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. ტემპერატურა, ალბათ, +50-52 გრადუსი იყო და სასტუმროს კონდიციონერები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა…

იქაურები ფულის და რაღაც საგნების გაცვლას გვთხოვდნენ, ზოგი სხვადასხვა მომსახურებასაც გვთავაზობდა, ჩვენში თითზე გასაღებს რომ აბზრიალებენ, დაახლოებით ეგეთი ხალხი ტრიალებდა გარშემო…

აფრიკაში პირველად ჩასულები უცნობ, ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. სასტუმროში ყველაფერი იყო: ბარი, აუზი, რესტორანი, მაგრამ რაღაცნაირად შებოჭილები ვიყავით. მე, შეიძლება ითქვას, ოთახში გამოვიკეტე, საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი“.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის თქმით, მათ მხოლოდ ნიგერიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ამხანაგური შეხვედრა დედაქალაქ ლაგოსის ნაცვლად, 125 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ იბადანში იყო დანიშნული. ამის შესახებ ბატონმა ალექსანდრემ გაზეთ ქართული ფეხბურთის ჟურნალისტთან, გია ტუხაშვილთან ინტერვიუში განაცხადა:

„მატჩი 11 ივნისს იყო დანიშნული, იბადანში კი წინა დღეს ჩავედით მომქანცველი მგზავრობის შემდეგ. იმავე საღამოს ვივარჯიშეთ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მინდვრის ხარისხმა შეგვაფიქრიანა. სხვათა შორის, ჩვენ ვარჯიშზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც ოვაციებით ესალმებოდნენ ქართველ ფეხბურთელებს“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი თამაში აფრიკის კონტინენტზე 11 ივნისს, ადგილობრივი დროით 15 საათზე დაიწყო. 15 საათსა და 2 წუთზე კი ჩვენმა გუნდმა ევროპის მიღმა პირველი გოლიც გაიტანა: რეზო არველაძემ უმცროსი ძმის, არჩილის პასით შეაგდო. აქვე აღვნიშნავ, რომ შოთას, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა ტრაბზონსპორში, ნიგერიაში ტრავმის გამო არ უთამაშია.

რევაზ არველაძემ რამდენიმე საინტერესო მომენტიც გაიხსენა:

„დაიწყო თამაში და მალევე გავიტანეთ გოლი, აჩიკომ მეტოქეს აჯობა, ბურთი აართვა, დიაგონალური პასი მომაწოდა, მე კი დასწრებაზე ვითამაშე და ჭვინტით დავარტყი…

გახარებული ჩივაძე მინდვრის კიდესთან მოვიდა და გამოგვძახა: ეგენი აზრზე არ არიან, ბურთი გააგორეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო…

მაგრამ მატჩი სხვაგვარად გაგრძელდა: რამდენიმე წუთში რაშიდი იეკინიმ მთელი გუნდი ბურთიანად შეგვგლიჯა კარში! პირველ ტაიმში მან მეორე გოლიც გაგვიტანა, დანარჩენი სამი კი სხვებისგან გავუშვით მეორე ტაიმში“.

რამ გამოიწვია კატასტროფული წაგება? თუ იმდროინდელ პრესას და თამაშის მონაწილე ფეხბურთელთა კომენტარებს თვალს გადავავლებთ, მთავარ მიზეზად აუტანელი სიცხე უნდა მივიჩნიოთ.

გოჩა ჯამარაულმა, ვინც იბადანში შეუცვლელად ითამაშა, თბილისის აეროპორტში მისულ ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა: „ასეთი სიცხე ცხოვრებაში არ მინახავს, მეორე ტაიმში ვერც ვინძრეოდით“!

იმავე აზრის იყო თბილისის შევარდენი 1906-ის ლიდერი გია ჯიშკარიანი, რომელიც თანაგუნდელთა თქმით, საუკეთესო იყო ნიგერიელთა წინააღმდეგ:

„ფეხბურთში, ასე თუ ისე, რაღაც ვნახე, მაგრამ მსგავს სიცხეში ნამდვილად პირველად ვითამაშე. ის კი არა, მეორე ტაიმში, გათანგულები, ერთმანეთს წესიერად ვეღარც ვხედავდით“.

„გიო ქინქლაძემ სამი კაცი მოატყუა, მაგრამ მერე ბურთი განზე გააგდო და თქვა – აქ მეტის გამქცევი აღარ ვარო…

ერთ მომენტში ბურთისთვის იეკინი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია და დიმა კუდინოვი იბრძოდნენ. იმ ეპიზოდში რომელიღაც ჩვენიანი დაშავდა, მაგრამ სამივე დავარდა და ყვიროდა, ტრავმა მე მივიღეო! როცა მინდორზე საკაცე შემოიტანეს, ბიჭები ერთმანეთს ასწრებდნენ დაწოლას, მაგრამ სხვებს ცხადაძემ „აჯობა“. ყველას დასვენება, მოედნიდან გასვლა სურდა, აუტანლად ცხელოდა…

ნამატჩევს სტადიონის საშხაპეში წყალი არ მოდიოდა და მასპინძლებმა ერთი ყუთი დასალევი წყალი მოგვიტანეს, მარკეტებში რომ იყიდება შეკვრები, ისეთი. ჰოდა, ჩვენც ერთმანეთი „ვაბანავეთ“…

ფრანკფურტში რომ ჩავედით მე და აჩი, ისეთი დაღლილები ვიყავით, იქვე, სასტუმროში ავიღეთ ნომერი, ოთხი საათი მკვდარივით გვეძინა. პირადად მე ნიგერიასთან თამაშში შვიდ კილომდე დავიკელი…

1994 წელს საქართველოში მძიმე ვითარება იყო, ცხოვრება ჭირდა, მაგრამ იმასთან შედარებით რაც ნიგერიაში ვნახე, თბილისი მონტე კარლო გეგონებოდათ“, – ეს ამბებიც რევაზ არველაძემ გაიხსენა.

როგორ გავიდა საქართველოს ნაკრების კარში გოლები, ამის დადგენა ახლა რთულია. მხოლოდ პირველი ბურთის დეტალებია ცნობილი: მეკარის საჯარიმოსთან ახლოს მდგომმა რაშიდი იეკინიმ ბურთი მკერდზე მიიღო და მინდორზე დაუშვებლად, საშინელი ძალით დაარტყა, ირაკლი ზოიძე უძლური იყო – 1:1.

ალექსანდრე ჩივაძის თქმით, რეზოს გოლის შემდეგ ყველაზე კარგი შანსი არჩილ არველაძეს ჰქონდა, პირველი ტაიმის მიწურულს, თუმცა ვერ გამოიყენა და რამდენიმე წამში იეკინიმ მეორე გოლიც გაიტანა. აზერბაიჯანელი ნაზიმ სულეიმანოვის და ისრაელელი ელი ოჰანას შემდეგ რაშიდი იეკინი გახდა მესამე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩში დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში კი მხოლოდ ნიგერიელები თამაშობდნენ, ქართველები მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. და თუ ქართველებიდან ვინმე იმსახურებს გამორჩევას, ალბათ, დებიუტანტი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი. რუსთავის მეტალურგის 20 წლის ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა 75-ე წუთზე ჩართო თამაშში და ათ წუთში სოსომ დანიელ ამოკაჩის შესრულებული პენალტიც მოიგერია. ეროვნული ნაკრების ისტორიაში გრიშიკაშვილი პირველი გოლკიპერია, ვინც ეს მოახერხა.

იმ დროისთვის ანგარიში 1:4 იყო: 58-ე და მე-60 წუთებზე ზოიძეს ორი გოლი სამსონ სიასიამ გაუტანა. ის ჩვენი გუნდის კარში გასული მეოთხე დუბლის ავტორი გახდა, ამაზე საინტერესო კი ისაა, რომ სიასიამ ქართველების წინააღმდეგ ყველაზე სწრაფად შეასრულა დუბლი. და კიდევ: ამ მატჩში პირველად მოხდა, რომ მეტოქის ორმა მოთამაშემ შეასრულა დუბლი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 26 ივნისს, რიგაში, ლატვიასთან გამართა, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ კლუბის წინააღმდეგ შედგა, აუცილებლად გასახსენებელია, ბათუმური დაპირისპირება ბრაზილიის ჩემპიონ პალმეირასთან.

იმ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება დასრულებული იყო, სარბიელმა მეორედ გამოკითხა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები და საფეხბურთო მიმომხილველები და კვლავ დაასახელა სეზონის რჩეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ამ და სხვა საინტერესო ამბებზე მომდევნო წერილში დავწერ.

* * *

11 ივნისი, 1994. ამხანაგური. ნიგერია, იბადანი, ლიბერთი სთედიუმი. 50 000
ნიგერია 5:1 საქართველო
გოლები: 0:1 რევაზ არველაძე (2, არჩილ არველაძის პასით), 1:1 რაშიდი იეკინი (11), 2:1 რაშიდი იეკინი (43), 3:1 სამსონ სიასია (58), 4:1 სამსონ სიასია (60), 5:1 მუტიუ ადეპოჟუ (85)*
85-ე წუთზე სოსო გრიშიკაშვილმა დანიელ ამოკაჩის პენალტი მოიგერია
ნიგერია: პეტერ რუფაი (ვილფრედ აგბონავბარე 46), ჩიდი ნვანუ (ბონიფაცი ოკაფორი 46), ემეკა ეზეუგო, უჩე ოკეჩუკვუ, სტეფენ კეში (კაპ) (აგუსტინ ეგუავონი 46), ფინიდი ჯორჯი (ტიჯანი ბაბანგიდა 46), სანდი ოლისე (მუტიუ ადეპოჟუ 46), აგუსტინ ჯეი-ჯეი ოკოჩა (სამსონ სიასია 46), ემანუელ ამუნიკე (ვიქტორ იკპება 46), რაშიდი იეკინი (ეფან ეკოკუ 46), დანიელ ამოკაჩი
მწვრთნელი: კლემენს ვესტერჰოფი (ნიდერლანდები)
საქართველო: ირაკლი ზოიძე (სოსო გრიშიკაშვილი 75), ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (ნუგზარ ლობჟანიძე 46), გია ჯიშკარიანი, დიმიტრი კუდინოვი (დავით ჯანაშია 65), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე (გელა ინალიშვილი 78)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯი: ოლუფუნმი ოლანიანი (ნიგერია)
*-რევაზ შენგელიას „ქართული ფეხბურთის ყოველწლიურ წიგნში 1994-1995“ აღნიშნულია, რომ მუტიუ ადეპოჟუმ 70-ე წუთზე გაიტანა გოლი

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 12 ივნისი
ფოტო: Guerin Sportivo
* – 2025 წლის 12 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian