ეროვნული ნაკრების ისტორია: ნორვეგია 1:0 საქართველო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ნორვეგიაში რომ ითამაშებდა, ეს აგვისტოში, ჩვენი კლუბების ევრომატჩებამდე ითქვა.
დაახლოებით იმავე პერიოდში შეიცვალა ფეხბურთის ფედერაციის ემბლემაც. ამის შესახებ გულშემატკივრებმა გაზეთ ქართული ფეხბურთის მორიგი ნომრის გამოცემის შემდეგ შეიტყვეს, რომელიც ახალი ლოგოთი დაიბეჭდა. ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრს ამ ცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს. მე კი ის დამამახსოვრდა, რომ სიახლეს ამ საქმის მცოდნე ხალხი უკმაყოფილებით შეხვდა. სპეციალისტებმა ის რამდენიმე მიზეზით დაიწუნეს: სფფ-ის ახალი ემბლემიდან გაქრა ბურთი, ოფიციალური სახელწოდება ინგლისურ ენაზე იყო, ქართულად – მხოლოდ აბრევიატურა დარჩა, და კიდევ, ლოგოზე ჯვარი გამოჩნდა.
ნორვეგიის დედაქალაქში ჩვენმა გუნდმა კაპას ლამაზი ფორმით ითამაშა, რომელსაც სფფ-ის ძველი ლოგო ამშვენებდა, თუმცა დაიწყო თუ არა საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი ტურნირი, ნაკრები ახალი ეკიპირებით ვიხილეთ და ძველი ემბლემაც დე ფაქტო წარსულს ჩაბარდა.
სკანდინავიელთა გამოცდილმა თავკაცმა ეგილ ოლსენმა ქართველებთან მატჩისთვის მიწვეულთა სია თბილისის დინამოს და მიოლდეს ორმატჩიანი დაპირისპირების დასრულების შემდეგ დაასახელა. მის რჩეულთა შორის ინგლისში მოთამაშე შვიდი ფეხბურთელი მოხვდა: მანჩესტერ იუნაიტედის მცველი რონი იონსენი და სერ ალექს ფერგიუსონის კლუბის მიოლდელი ახალწვეული ოლე გუნარ სულშერი; ბლექბერნ როვერსის უკანახაზელი ჰენინგ ბერგი; ნოტინგემ ფორესტში მოთამაშე ალფ ინგე ჰოლანდი (ერლინგ ჰოლანდის მამა); ლივერპულელი სტიგ ინგე ბიორნებიუ; უიმბლდონის ნახევარმცველი ოივინდ ლეონარდსენი და გუნდის კაპიტანი, მიდლსბროს შემტევი იან აგე ფიორტოფტი, ვინც ყველაზე გამოცდილი გახლდათ სამოცდათერთმეტი სანაკრებო მატჩით.
ალექსანდრე ჩივაძის და მისი თანაშემწეების მიერ შედგენილი სანაკრებო სია კი 23 აგვისტოს გავრცელდა, ზუსტად იმ დღეს, როცა უეფაში გამართულ წილისყრაზე უეფას თასის გათამაშებაში თბილისის დინამოს, თასების თასზე კი ბათუმის მომდევნო მეტოქეები გამოვლინდნენ, მოსკოვის ტორპედო და ეინდჰოვენის პსვ:
მეკარეები: ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმი)
მცველები: ნუგზარ ლობჟანიძე, მამუკა მაჭავარიანი, კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, დიმიტრი კუდინოვი, ზვიად ჯელაძე (ყველა დინამო), კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი), შალვა ხუჯაძე (ფოთის კოლხეთი 1913)
ნახევარმცველები: კახი გოგიჩაიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ცქიტიშვილი (სამივე დინამო), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გიორგი ნემსაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), რევაზ არველაძე (მეხელენი, ბელგია)
თავდამსხმელები: თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), შოთა არველაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
სამ დღეში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს შოთა იამანიძის სახელობის ქუჩაზე, ფეხბურთის ფედერაციის ძველ ოფისში გვიმასპინძლა და ყველა კითხვას უპასუხა:
„ამხანაგური შეხვედრაა და რამდენიმე ახალგაზრდას ისევ გამოვცდით, გვინდა იტალიასთან და ინგლისთან მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ…
გოჩა გოგრიჭიანი, გელა ინალიშვილი, გიორგი ღუდუშაური და ნიკა ჩხეიძე ამჯერად სიაში ვერ მოხვდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი აღარ გვაქვს. ოფიციალურ მატჩებამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს…
აკაკი დევაძე და მიხეილ ჯიშკარიანი ტრავმირებულები არიან, დავით ყიზილაშვილი კი მიოლდეში დაშავდა და ამიტომ ვერ გვეხმარება…
სამწუხაროდ, თბილისში სრულფასოვან შეკრებას ვერ ვახერხებთ. 29 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურია და ბიჭები ბაზაზე მხოლოდ ამის შემდეგ მოვლენ. იმავე საღამოს შევარჩევთ იმ ჩვიდმეტ ფეხბურთელს, რომლებსაც ნორვეგიაში წავიყვანთ…
29 აგვისტოს შემოგვიერთდებიან თურქეთსა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერები, 30 აგვისტოს კი, ფრანკფურტის გავლით, ნორვეგიაში გავემგზავრებით. რეზო არველაძე, თემურ ქეცბაია და კახი ცხადაძე სწორედ გერმანიაში დაგვხვდებიან, გიორგი ქინქლაძე და მიხეილ ყაველაშვილი კი პირდაპირ ოსლოში ჩამოვლენ…
ინგლისის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები მოლდოვაში ითამაშებენ. ჩემი თანაშემწეები ვლადიმერ პანოვი და თამაზ კოსტავა ორივე შეხვედრას დაესწრებიან, ოპერატორი ნუგზარ ნარსია კი მატჩებს გადაიღებს. გვინდა, რომ ინგლისელების სტუმრობამდე მათზე სრული ინფორმაცია გვქონდეს…
მიხარია, რომ დინამო და ბათუმი ევროთასებზე ასპარეზობას აგრძელებენ. რაც უფრო მეტ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები, მით უკეთესი ჩვენთვის“.
ეროვნული გუნდის პარალელურად ახალგაზრდული ნაკრებიც შეიკრიბა. ვლადიმერ გუცაევის ბიჭებს 3 სექტემბერს უკრაინაში ელოდნენ. 11 აგვისტოს ქართველებმა ბათუმში უმასპინძლეს მეტოქეს და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ აშვეთიას მიერ მე-5 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 1:2.
გუცაევმა გაფართოებულ სიაში ოცდაოთხ ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: დავით გვარამაძე (ბათუმი), რამაზ სოლოღაშვილი (გორის დილა)
მცველები: გივი დიდავა, ზაზა ზამთარაძე, გიორგი დავითნიძე (სამივე თბილისის დინამო), ლევან სილაგაძე, მიხეილ სახვაძე (ორივე რუსთავის გორდა), მამუკა წერეთელი (ზესტაფონის მარგვეთი), გიორგი ლომიძე (დილა), დიმიტრი ვერემჩუკი (თბილისის შევარდენი 1906), ზაზა ლაცაბიძე (ხაშურის ივერია)
ნახევარმცველები: გიორგი კიკნაძე, გიზო ჯელაძე, დავით მუჯირი (სამივე დინამო), ლევან ბერიშვილი (მარგვეთი), გოგა გახოკიძე (ფოთის კოლხეთი 1913), ზაზა ზირაქაშვილი (გორდა), გიორგი ირემაშვილი (თბილისის კოდაკო)
თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი (ორივე დინამო), ლევან ქებაძე (მარგვეთი), მამია ჯიქია (ზუგდიდის ოდიში), მიხეილ აშვეთია (ქუთაისის ტორპედო).
31 აგვისტოს, ორმხრივი თამაშის შემდეგ, გუცაევმა რამდენიმე ფეხბურთელი დაითხოვა, ეროვნული გუნდიდან შალვა ხუჯაძე დაიმატა და 2 სექტემბერს თექვსმეტი ფეხბურთელით ეწვია კიევს. უკრაინის დედაქალაქში გუნდს თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია შეუერთდა, რუსთავის მეტალურგში მოთამაშე დავით ჩალაძე კი მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა მწვრთნელის განკარგულებაში, რომ იმ დღეებში გერმანიაში, მიუნხენ 1860-ში იყო სინჯებზე. გუცაევის ბიჭები უკრაინელებთან ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ, ამჯერად 1:3. ერთადერთი გოლი ფოცხვერიამ გაიტანა მე-60 წუთზე.
უფრო სამწუხარო ეროვნული ნაკრების წაგება გამოდგა: გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დათმო და ხანმოკლე ისტორიაში უცუდესი სერია განაგრძო. შედარებისთვის: ოსლოში გამართული ამხანაგური თამაში საქართველოს ნაკრებისთვის 27-ე საერთაშორისო შეხვედრა იყო, ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა კი იმ დღეს 587-ედ ითამაშა.
ჩრდილოელები ქართველებს ჩინებულ ფორმაში შეხვდნენ. წლის დასაწყისში, ლას პალმასში ესპანეთთან 0:1-ის შემდეგ, ნორვეგიელებმა ბელფასტში ჩრდილოირლანდიელებს სძლიეს – 2:0, შემდეგ ესპანელებს უმასპინძლეს და უგოლოდ დაშორდნენ, 2 ივნისს კი საფრანგეთი 1998-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყეს და ოსლოში ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი არ დაინდეს – 5:0. ლილესტრიომის ლიდერმა სტალე სოლბაკენმა და იმ დროს ჯერ კიდევ მიოლდეს შემტევმა ოლე-გუნარ სულშერმა დუბლები შეასრულეს, ბოლო გოლი კი ფრანკ სტრანდლიმ მიითვალა. ამ სამეულიდან ქართველთა წინააღმდეგ მხოლოდ სტრანდლიმ ვერ იასპარეზა. რაც შეეხება სულშერს, მან შეუცვლელად ითამაშა, სოლბაკენი კი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა კიეტილ რეკდალის ნაცვლად და ნაკრებში ჩატარებული მეოცე მატჩი ზუსტი თერთმეტმეტრიანით აღნიშნა.
ირაკლი ზოიძის კარში პენალტი 87-ე წუთზე დაინიშნა. მასპინძლებმა ფლანგიდან შეუტიეს, ბურთი სულშერს მიუვიდა, ლევან კობიაშვილმა კი ბურთზე თამაში დააგვიანა, ბუცი მეტოქეს მოარტყა და დანიელმა არბიტრმა კნუდ სტადსგაარდმაც თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა. სოლბაკენი ზუსტი იყო – 1:0.
„პირველად ვითამაშე ნაკრებში და არ ვღელავდი-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე დავმშვიდდი და რაც შემეძლო, ცდა არ დამიკლია. ის პენალტიც ბრძოლაში ავიკიდე. არ ყოფილიყო კარგია, მაგრამ“… – ეს სიტყვები ეროვნული გუნდის დებიუტანტმა ლევან კობიაშვილმა 2 სექტემბერს, თბილისში დაბრუნების შემდეგ განუცხადა სარბიელის ჟურნალისტებს მამუკა კვანტალიანს და მერაბ მამულაშვილს (1996 წლის 3 სექტემბერი).
თბილისის დინამოს ცხრამეტი წლის მცველს ალექსანდრე ჩივაძე პირველი წუთიდან ენდო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. მარცხნივ დიმიტრი კუდინოვი დადგა, შუაში კი მურთაზ შელია კახი ცხადაძეს შეუწყვილდა. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გიორგი ნემსაძემ ითამაშა, ფლანგებზე კახი გოგიჩაიშვილმა და რეზო არველაძემ, შუაში კი გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია ვიხილეთ. ერთადერთი ფორვარდი შოთა არველაძე გახლდათ. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ დაახლოებით თხუთმეტ წუთში თამაში გათანაბრდა და საერთო სურათი აღარც შეცვლილა.
„პირველი ათი წუთი საკმაოდ არეულად ვითამაშეთ. ეს ბუნებრივიც იყო, დიდი ხანია არ შევკრებილვართ… ძალიან ხშირად ვცდებოდით, მაგრამ მერე დავმშვიდდით და თამაში დავალაგეთ, რგოლების ურთიერთკავშირიც აგვეწყო და შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგიელებს ბურთი დავუმალეთ…
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წაგების მიუხედავად კარგად ვითამაშეთ. ეს თავის ქებაში არ ჩამომართვათ. ეგაა, ბოლო წუთებზე ისე ვეღარ ვმოქმედებდით, როგორც საჭირო იყო, თამაში ცოტა აგვერია და შედეგად პენალტი მივიღეთ…
ნორვეგიელები მათთვის ჩვეული, ინგლისური ყაიდით თამაშობდნენ – ფლანგებიდან ჩაწოდება და მეორე სართულზე აქტიურობა, მაგრამ გვაჯობესო, ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, არ გაგვჭირვებია და არც პანიკაში ჩავვარდნილვართ, საგოლე მომენტებიც გვქონდა. მეორე ტაიმში ყაველაშვილს მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, ბურთი მეკარესაც გასცდა და მიშა კარის წინ მარტო დარჩა, მაგრამ ბურთს ვეღარ შეწვდა“, – ეს გიორგი ნემსაძის სიტყვებია. ტრაბზონსპორში გადასვლის შემდეგ მან პირველად მოირგო ნაკრების მაისური და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც მეოცედ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში.
„საქართველო კარგი გუნდია, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ყველა ნაკრებისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ქართველებმა მძიმედ დაიწყეს, მაგრამ მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – ასე შეაფასა ჩივაძის გუნდის ასპარეზობა ოსლოში არიგო საკიმ. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნორვეგიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრას ქალიშვილთან ერთად დაესწრო.
ევრო 96-ზე განცდილი კრახის შემდეგ საკიმ კარგად იცოდა, რომ ნაკრების სათავეში მისი დარჩენის საკითხი პირველ ორ საკვალიფიკაციო შეხვედრაში გადაწყდებოდა: 5 ოქტომბერს სკუადრა აძურას კიშინიოვში, მოლდოვასთან მატჩი ელოდა, 9-ში კი პერუჯაში საქართველოსთან პაექრობა…
* * *
1 სექტემბერი, 1996. ამხანაგური. ნორვეგია, ოსლო, ულევაალი. 8 910
ნორვეგია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 სტალე სოლბაკენი (87, პენ)
ნორვეგია: ფროდე გროდასი, ალფ ინგე ჰალანდი, ჰენინგ ბერგი, რონი იონსენი, სტიგ ინგე ბიორნებიუ (ბენტ სკამელსრუდი 59), პეტერ რუდი (ტორე ანდრე ფლო 46), ერიკ მიუკლანდი, კიეტილ რეკდალი (სტალე სოლბაკენი 46), ოივინდ ლეონარდსენი, ოლე გუნარ სულშერი, იან აგე ფიორტოფტი (კაპ) (დაგფინ ენერლი 46)
მწვრთნელი: ეგილ ოლსენი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (ნუგზარ ლობჟანიძე 63), ლევან კობიაშვილი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე (გოჩა ჯამარაული 67), თემურ ქეცბაია, გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე (ლევან ცქიტიშვილი 63), შოთა არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: რონი იონსენი, ალფ ინგე ჰალანდი, ჰენინგ ბერგი, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე
მსაჯები: კნუდ სტადსგაარდი; ტორბენ სიერსენი, ანდერს მოსეგაარდი (დანია)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 6 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი TA (ნორვეგია)
* – 2025 წლის 6 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
