ეროვნული ნაკრების ისტორია: პალმეირასი ბათუმში
ნიგერიაში სტუმრობიდან სამ დღეში, 1994 წლის 14 ივნისს, გაზეთმა სარბიელმა მკითხველს 1993-1994 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ამცნო. 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის რიგით მეორე რეფერენდუმში თექვსმეტმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი კი შოთა არველაძემ დაიკავა.
ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირმა ის სეზონი თბილისის დინამოს შემადგენლობაში დაიწყო, საქართველოს ჩემპიონატში შვიდ მატჩში შეგდებულ რვა ბურთს ევროთასებზე ლინფილდის კარში გატანილი ორი გოლიც დაუმატა, შემოდგომით კი ტრაბზონსპორს მიაშურა ტყუპისცალთან ერთად.
არველაძეები მალე გახდნენ თურქული კლუბის ძირითადი თავდამსხმელები, საბოლოოდ კი შოთამ ჩემპიონატი თხუთმეტი ბურთით დაასრულა, არჩილმა – რვით. ტრაბზონსპორმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა მომავალ გამარჯვებულ ბეშიქთაშთან ორმატჩიან დაპირისპირებაში. შოთამ თასზე ოთხი გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა ქოჩაელისპორში მოთამაშე საფეტ სანჩაკლისთან ერთად.
სარბიელის რეფერენდუმში მან 42 ქულა მოაგროვა და ყოფილ თანაგუნდელებს, დინამოელებს აჯობა: მეორე ადგილზე გელა ინალიშვილი გავიდა (32), მიხეილ ყაველაშვილი კი მესამე იყო (21).
რეფერენდუმის დასრულებიდან ოთხ დღეში მეხუთე ეროვნული ჩემპიონატი დამთავრდა. თბილისის დინამომ 26 მაისს, რუსთავის მეტალურგთან ფინალში მოგებულ თასს (1:0) ჩემპიონობაც დაურთო და ზედიზედ მესამედ შეასრულა დუბლი.
უკანასკნელ ტურში, 18 ივნისს, დინამომ ვიცე-ჩემპიონ კოლხეთთან თითქმის სათადარიგო შემადგენლობა მიავლინა. ფოთელებმა ჩემპიონებს არაფერი აპატიეს და ეროვნული პირველობების ისტორიაში ყველაზე მწარე მარცხი აგემეს – 1:5.
ამაზე საინტერესო კი ეს ორი ფაქტი მგონია: გივი ნოდიას გაწვრთნილმა დინამომ მეხუთე ეროვნულ ჩემპიონატში 130(!) გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია და მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე კლუბმა გააუმჯობესოს.
მეორე რეკორდიც ძალიან რთულად გასაუმჯობესებელი მგონია, ერთბაშად ექვსმა დინამოელმა შეაგდო ათი ან მეტი ბურთი: მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე იაშვილი – 19-19, გელა ინალიშვილი, გოჩა ჯამარაული და გიორგი ქინქლაძე – 13-13 და გიორგი ნემსაძე – 10. არც მანამდე და არც მას შემდეგ მსგავსი რამ ჩვენ ჩემპიონატში არ მომხდარა!
საქართველოს მეხუთე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 17 ივნისს, ჩიკაგოში, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის და ბოლივიის ნაკრებთა მატჩით მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი დაიწყო. ევრო 1996-ის შესარჩევ ტურნირში ჩვენი ნაკრების მომავალმა მეტოქემ გერმანიამ იურგენ კლინსმანის ერთადერთი ზუსტი დარტყმით გაიმარჯვა.
20 ივნისს, სტენფორდში ითამაშა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ბრაზილიამ. კარლოს ალბერტო პარეირას გუნდმა რომარიოს და რაის გოლებით 2:0 სძლია რუსეთს, 21 ივნისს კი საქართველოს ბრაზილიის ჩემპიონი, სან პაულუს პალმეირასი ესტუმრა, რომელიც იმ ზაფხულს რუსეთში კომერციულ ტურნეს ატარებდა.
სამხრეთამერიკელების სტუმრობა უცბად გადაწყდა. თამაში რომ შედგა, ეს პირადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დამსახურებაა. მისი პირადი კავშირებით და, პირველ რიგში ფინანსური მხარდაჭერით ეწვია ბათუმს იმ წლების საუკეთესო ბრაზილიური კლუბი.
საქართველოში ჩამოსვლამდე პალმეირასმა ოთხჯერ ითამაშა რუსეთში: მოსკოვში დინამოს 2:1, ხოლო სპარტაკს 2:0 აჯობა, შემდეგ სამხრეთამერიკელებმა ტექსტილშიკში იმავე სახელწოდების კლუბს სძლიეს – 3:0, 19 ივნისს კი ტოლიატში ადგილობრივი ლადა დაამარცხეს – 2:0.
ჩვენთან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია რომ იყო, ეს ეროვნული გუნდის მატჩებისადმი მიძღვნილ წინა წერილებში არაერთხელ აღვნიშნე და ამ ფაქტს გვერდს ვერც ამ სტატიაში ავუვლი. ამჯერად მიზეზი ღიმილისმომგვრელია. 20 ივნისს, თამაშის წინა დღეს, პალმეირასი შეხვედრის ჩაშლით დაიმუქრა, რადგან ბათუმის ის სასტუმრო, სადაც კლუბი დაბინავდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ფეხბურთელების კი ზემოხსენებული ბრაზილია-რუსეთის მატჩის ხილვა სურდათ. საბედნიეროდ, სტუმრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა: პალმეირასმა სელესაოს გამარჯვება იხილა, მეორე დღეს კი ბათუმის სტადიონზეც შეაბიჯა.
ბრაზილიის ნაკრები ვახსენე, რომელმაც საბოლოოდ მოიგო კიდეც ის მსოფლიო ჩემპიონატი და აქვე აღვნიშნავ, რომ პარეირას რჩეულთა შორის იმ ზაფხულს ორმა პალმეირასელმა ითამაშა: ნახევარმცველებმა ზინიომ და მაზინიომ.
სელესაოს მთავარმა მწვრთნელმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე პალმეირასიდან მხოლოდ ეს ორი იახლა, თუმცა კლუბში არაერთი მშვენიერი ფეხბურთელი ირიცხებოდა. მაგალითად მეკარე მარკოსი (მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული), ცენტრალური მცველი სეზარ სამპაიო (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 1998 წელს), ნახევარმცველი ფლავიუ კონსეისაუ (ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული რეალის შემადგენლობაში 2002 წელს), იმ დროს ნაკლებად ცნობილი ვიტორ ბორბა ფერეირა, იგივე რივალდო, ვინც პარეირას ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, მაგრამ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით სულ ბოლო მომენტში ამოვარდა შემადგენლობიდან… და ოცდაერთი წლის რობერტო კარლოსი. ბათუმში თამაშიდან ერთი წლის შემდეგ რობერტო კარლოსი მილანის ინტერს შეუერთდა, კიდევ ცოტა ხანში კი კარიერა სამეფო კლუბში გააგრძელა და ფეხბურთს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მარცხენა მცველად გამოეთხოვა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბათუმში ჩასული პალმეირასი ბევრ ნაკრებ გუნდს სჯობდა, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ჩვენი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ იცლიდნენ. აქვე შევნიშნავ, რომ 1992 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა გიგა ნორაკიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა გურჯაანში აზერბაიჯანს სძლია, საქართველომ პირველად ითამაშა შინ.
როგორ შეხვდა ჩვენი გუნდი იმ თამაშს? ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული შოთა არველაძე დაუბრუნდა, მაგრამ თამაშის წინა დღეს გიორგი ქინქლაძე მოიწამლა და მოედანზე გასვლა ვერ შეძლო.
ქინქლაძის არყოფნაში ნაკრების ლიდერად გიორგი ნემსაძე მოგვევლინა. მან იმდენად კარგად ითამაშა, რომ სარბიელის ჟურნალისტის მამუკა კვარაცხელიას შეკითხვაზე, რომელიმე ქართველს თუ აიყვანდით გუნდშიო, პალმეირასის თავკაცმა ვალმირ კრუზმა თქვა: „მეშვიდე ნომერს (გიორგი ნემსაძე), ის კარგად ფლობს ბურთს და მშვენივრად ხედავს მინდორს“.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: საქართველოს ნაკრებმა შეტევებით დაიწყო და მე-15 წუთზე გოლის გატანის შანსიც მიიღო, კახი კაჭარავასთან უხეშობის გამო სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი „ქართული გოლის“ ავტორმა რევაზ არველაძემ, ვინც საწყის წუთებში გამორჩეული გახლათ, ფერნანდესს ვერ აჯობა, მეკარემ მიმართულება გამოიცნო.
მასპინძლები გაცუდებული პენალტის შემდეგაც აქტიურობდნენ, დაცვაში ჩინებული იყო ცხადაძე, გოლის გატანის კარგი მომენტი ჰქონდა შოთა არველაძეს, მაგრამ ნელ-ნელა პალმეირასმა თამაში გაათანაბრა, შესვენების შემდეგ კი უპირატესობასაც დაეუფლა.
ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა: ცენტრალურმა თავდამსხმელმა, 29 წლის ევაირმა ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:1.
„ნაკრები ჩამოყალიბების პროცესშია და ჯერ ერთი და იმავე შემადგენლობით არ გვითამაშია. რაც შევძელით, ამ ორ-სამ დღეში მომზადება, იმის ფონზე ბიჭებმა კიდევ კარგად ითამაშეს…
ძალიან მოვიკოჭლებთ პროფესიონალიზმში, თუმცა ეს ყველას არ ეხება. პროფესიონალმა ფეხბურთელმა საკუთარ თავს თავად უნდა მიხედოს, რათა არც ზედმეტი წონა ჰქონდეს და თამაშსაც მომზადებული შეხვდეს…
წინა მატჩებთან შედარებით ის დადებითი მომენტი გამოიკვეთა, რომ გუნდმა ფიზიკურად მოუმატა – ნიგერიასთან ხომ ფაქტიურად არ უმოძრავიათ…
ნელ-ნელა იგრძნობა, რომ გუნდი ბრძოლისუნარიანი ხდება და წინა მატჩებში დაშვებულ შეცდომებს აღარ იმეორებს…
მომავალში აქცენტს კვლავინდებურად ლეგიონერებზე გავაკეთებ, რადგან ამ ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება აქვთ შეძენილი“… – ასეთი იყო ალექსანდრე ჩივაძის კომენტარი.
„ამხანაგურ მატჩებს ჩვენთვის არახელსაყრელ პირობებში ვატარებთ, რადგან საქმე ასარჩევად არ გვაქვს. ბიჭებს ვკრებთ, მოგვყავს და ვათამაშებთ. ამ კუთხით რომ შევხედოთ, ყველა შეხვედრას ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. სექტემბრამდე კიდევ რამდენიმე ამხანაგურს ჩავატარებთ და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ნაკრების ძირითადი შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი“, – ეს უკვე ნოდარ ახალკაცის სიტყვებია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მამუკა კვარაცხელია თამაშის შემდეგ შეხვდა.
ეს არ იყო პალმეირასის პირველი სტუმრობა საქართველოში. 1970 წელს სან პაულუს კლუბი პირველად ეწვია ჩვენ ქვეყანას და რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 24 მაისს თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე დინამოსთან. ბრაზილიელებმა ის თამაში 4:2 მოიგეს…
ბათუმში გამარჯვებიდან რამდენიმე საათში პალმეირასი რუსეთში დაბრუნდა, ნოვოსიბირსკში მორიგ მეტოქეს აჯობა, რამდენიმე დღეში კი იაპონიას მიაშურა და ჯეი ლიგის კლუბებს „საფეხბურთო გაკვეთილები“ ჩაუტარა: ჯუბილო ივატა 5:0 გაანადგურა (იამაჰაში), კაშიმა ანტლერსთან კობეში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა – 1:1, იოკოჰამა ფლუგელსს 4:0 აჯობა, ნაგოია გრამპუსს კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი რამდენიმე დღეში ლატვიაში, რიგაში გაემგზავრა.
* * *
21 ივნისი, 1994. არაოფიციალური ამხანაგური. ბათუმი. 12 000
საქართველო 0:1 პალმეირასი (სან პაულუ, ბრაზილია)
გოლი: 0:1 ევაირი (61)
მე-15 წუთზე რევაზ არველაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (გოჩა ტყებუჩავა 46), რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (თემურ ტუღუში 46), კახი კაჭარავა, გელა ინალიშვილი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
პალმეირასი (სასტარტო შემადგენლობა): ფერნანდესი, კლაუდიუ, ანტონიო კარლოსი, კლებერი, სეზარ სამპაიუ, რობერტო კარლოსი, სილვა მურილიუ, ამარალი, ევაირი, ედინსონი, ჟოან კარლუში
მწვრთნელი: ვალმირ კრუზი
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, ანტონიო კარლოსი, სეზარ სამაპიუ
მსაჯები: მალხაზ კობიაშვილი (დუშეთი); თამაზ ლაცაბიძე (სურამი), თემურ მაჭარაძე (ხონი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 19 ივნისი
ფოტო: ინტერნეტი
* – 2025 წლის 19 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე