ეროვნული ნაკრების ისტორია: რუმინეთი 5:0 საქართველო

„ევრო 96-ის ფინალისტი რუმინეთის ნაკრები 90 წუთის განმავლობაში ანგრევდა ქართველების შემცბარ და ქაოსურ დაცვას
ქართველებთან ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის ქსამაქსში მოთამაშე მოლდოვანის ჰეთ-თრიქმა რუმინელები შთამბეჭდავ გამარჯვებამდე მიიყვანა. მოლდოვანმა სამი გოლის გატანას სულ რაღაც ცხრა წუთი მოანდომა...
მეორე ტაიმში მასპინძლები ასეთივე განწყობით თამაშობდნენ და ჯერ ლაკატუშმა ჰაჯის პასით, ხოლო შემდეგ გილკამ ანგარიშში სხვაობა ხუთამდე აიყვანა
ქართველებმა, რომელთაც მანჩესტერ სიტის გამთამაშებელი გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ, ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს“.

საინფორმაციო სააგენტო როიტერმა ეს ცნობა 1996 წლის 24 აპრილს გაავრცელა. ორი დღის შემდეგ ის სარბიელშიც დაიბეჭდა. 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულმა ქართულმა სპორტულმა გამოცემამ 26 აპრილის ნომრის პირველი გვერდი მთლიანად რუმინეთთან პირწმინდად წაგებულ თამაშს დაუთმო, მოკლე მიმოხილვა და მოლდოველთა მეორე მწვრთნელთან, ალექსანდრუ სპირიდონთან მამუკა კვარაცხელიას მიერ მომზადებული ინტერვიუ კი ასე დაასათაურა: „0:5! საშინელება ბუქარესტში“. სპირიდონი ბუქარესტში გამართულ მატჩს დაესწრო.

მახსოვს, დილით, უნივერსიტეტში მიმავალმა, როგორც კი სარბიელის ის პირველი გვერდი ვნახე, ხასიათი წამიხდა, მთელი დღე ჩამშხამდა. მაშინ ძალიან განვიცდიდი ჩვენი გუნდების ყველა მარცხს და ასეთ განადგურებებს. ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, ეს იყო ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თამაში, ხოლო ანგარიში – აბსოლუტურად მიუღებელი.

ბუქარესტული კოშმარის ვიდეოჩანაწერი, უფრო სწორედ გოლის მომენტები, დიდი ხნის შემდეგ ვნახე. არადა, ნაკრებს ყოველთვის ახლდა ვიდეოოპერატორი, თუმცა ასეთი ანგარიშის შემდეგ, რა გასაკვირია რომ ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების ხელმძღვანელობამ თამაშის ჩანაწერის გავრცელებისგან თავი შეიკავა. ზოგადად, 90-იანი წლების მატჩების სრული ვიდეოჩანაწერები დღემდე სანთლით საძებარია…

1996 წლიდან საქართველო კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მშვიდდებოდა: კუპონის და სამოქალაქო ომის წლები ქვეყანამ უკან მოიტოვა, შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ეგრეთ წოდებულ საძმოებს შორის სისხლიანი საქმის გარჩევებიც საგრძნობლად შემცირდა, სანაკრებო თუ საკლუბო მატჩებს კი ფეხბურთის მოყვარულები საკაბელო არხების მეშვეობით, პირველ რიგში კი აიეტის დახმარებით, ხშირად ვადევნებდით თვალს. თუმცა, ელექტროენერგიის უეცარი გათიშვისგან არავინ ვიყავით დაზღვეულნი და ამიტომ, მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაპირისპირებების სანახავად საღამოობით კინოთეატრ რუსთაველს ვსტუმრობდით. იქ, ბოლო სართულზე, კროკოს ღამის კლუბში ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და თასების მფლობელთა თასის მატჩებს ვადევნებდით თვალს, ზუსტად ვიცოდით რომ იქ დენი არ გაითიშებოდა.

იმ დროს ევროპაში მარჩელო ლიპის იუვენტუსი და ლუის ვან გაალის მიერ აღორძინებული აიაქსი დომინირებდნენ, ზედიზედ ანადგურებდნენ კონკურენტებს… იტალიის სერია ა კვლავ საუკეთესო ჩემპიონატი იყო, პრემიერლიგა კი, რომელსაც გიორგი ქინქლაძის გამო გაათმაგებული ინტერესით ვუყურებდით, ნელ-ნელა იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს. რაც შეეხება ბორდოსა და პსვ ეინდჰოვენში მოთამაშე ზინედინ ზიდანს და რონალდოს, მათ ბევრი ჯერ კიდევ არ იცნობდა.

ფერადი ევროპული ფეხბურთის კიდეზე კი, საქართველოს ჩემპიონატში, კვლავ შავ-თეთრი ფერები სჭარბობდა: თბილისის დინამო ისევ ეროვნული პირველობის ლიდერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კლუბს სპეციალური ბრძანებით მინიჭებული საგადასახადო შეღავათები მოუხსნა, გუნდის პოზიციები შეირყა. დინამოს სათავეში მდგომ მერაბ ჟორდანიას და მის გუნდს უჭირდათ წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება, საკალათბურთო დინამოს შენახვა კი, რომელიც გუნდმა მცირე ხნით ადრე შეიფარა, პრეზიდენტის ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლებელი გახდა.

უფრო რთული სიტუაცია იყო დინამოს მთავარ კონკურენტ სამტრედიაში, რომელიც ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს და ფეხბურთელებსაც. რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის წინ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა (ჟულივერ) ელაშვილმა დაადასტურა, რომ კლუბს მალე ცხრა(!) მოთამაშე დატოვებდა. ამ მიზეზით და ტრავმირებულთა გამოც, 8 აპრილს ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ მეკარე გრიგოლ ჭანტურიამ… თავდასხმაში ითამაშა. იგივე მოხდა იმავე ტურის სხვა თამაშშიც: ზესტაფონში, მარგვეთთან, ბოლნისის სიონის კარის დარაჯი დალაქიშვილი მცველად მოგვევლინა.

ცუდ დღეში იყვნენ მსაჯებიც, რომელთა უსაფრთხოება მასპინძელი კლუბების ხელმძღვანელთა კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, სამტრედია-დინამოს პრინციპული მატჩის დასრულების შემდეგ, არბიტრი ოთარ გუნთაძე და მისი თანაშემწეები ლამის ერთი საათის განმავლობაში გაგულისებული სამტრედიელების ალყაში იყვნენ მოქცეულნი და სტადიონიდან ცოცხლებმა რომ გააღწიეს, ეს კლუბის მეპატრონის ტარიელ ჩაჩუას და გუნდის უფროსის ალექსანდრე სტურუას დამსახურება იყო. ამ და კიდევ იმ მიზეზით, რომ მაყურებლებმა დინამოელებს კვერცხები ესროლეს, ფეხბურთის ფედერაციამ სამტრედიის სტადიონს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სამტრედიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნეიტრალურ მინდორზე გამართული ორივე თამაში მოიგეს: თერჯოლაში 4:1 დაამარცხეს დილა, ტყიბულში კი 4:2 აჯობეს შევარდენი 1906-ს.

საშინაო მატჩების სხვაგან ჩატარება მიესაჯა სენაკის ეგრისსაც. საქმე ისაა, რომ 12 აპრილს, ბათუმთან თამაშისას, მასპინძელთა ერთ-ერთმა მესვეურმა სტუმართა სათადარიგოთა სკამისკენ გაიწია. დაპირისპირებულები დროზე გააშველეს, თუმცა მატჩი თხუთმეტი წუთით შეწყდა და ფედერაციის სასჯელმაც არ დააყოვნა. სამტრედიელებისგან განსხვავებით, სენაკელებმა ორივე თამაში წააგეს: წალენჯიხაში ზუგდიდელებთან 0:1 დამარცხდნენ, წყალტუბოში კი 2:6 განადგურდნენ ქუთაისის ტორპედოსთან.

იშვიათად, მაგრამ სასიამოვნო ამბებიც გვესმოდა, პირველ რიგში ლეგიონერების კარგი თამაშის დამსახურებით. მაგალითად 2 აპრილს სარბიელის ლონდონელმა კორესპონდენტმა დავით მჭედლიშვილმა გვამცნო, რომ ინგლისელმა ტელემაყურებლებმა სეზონის გამორჩეულ ფეხბურთელად მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ვარსკვლავი ერიკ კანტონა დაასახელეს, მეორე ადგილზე კი ქალაქის მეორე კლუბში, სიტიში მოთამაშე გიორგი ქინქლაძე გავიდა. კანტონამ ხმათა 31% მიიღო, ქართველმა კი 27%.

გავიდა ოთხი დღე და მეინ როუდს სერ ალექს ფერგიუსონის კლუბი ეწვია. მანჩესტერული დერბი აშკარად ძლიერმა იუნაიტედმა 3:2 მოიგო. ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო კი მიხეილ ყაველაშვილის იღბლიანი დებიუტი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 39-ე წუთზე შმაიხელის კარიც დალაშქრა. მისი ზუსტი დარტყმით ანგარიში დროებით გათანაბრდა, იუნაიტედი კანტონას მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლით იგებდა…

რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ მურთაზ შელიამ ლივერპულში გადასვლა იუარა. ეს თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომლის კომენტარი 9 აპრილს გამოცემული სარბიელის პირველი გვერდზე დაიბეჭდა: „გადაწყვეტილება მივიღე, რომ ალანიიდან მხოლოდ მას შემდეგ წავალ, რაც ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებ. ასეთი შანსი, შეიძლება პირველად და უკანასკნელად მომეცა, ამიტომ, ევროპის კლუბებიდან ყველა მოწვევაზე ამჯერად უარს ვიტყვი“.

10 აპრილს, მაჩაბელზე, მწერალთა სახლში, ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს მწერლებმა უმასპინძლეს. შეხვედრა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის გურამ ფანჯიკიძის ინიციატივით გაიმართა, რომელმაც პირადად მიიპატიჟა სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი.

„ერთი შეხედვით მწერლებს ფეხბურთთან თითქოს რა კავშირი უნდა გვქონდეს, მაგრამ ქართველებმა რომ ერთმანეთის სატკივარი უნდა გავითავისოთ, ეს არ გვავიწყდება. იქნებ ერთობლივი ძალისხმევით პრობლემები უკეთ მოვაგვაროთ“, – განაცხადა ბატონმა გურამმა შეხვედრის დასაწყისში.

„დიდი მადლობა ფიფას ხელმძღვანელებს, ძლიერ გუნდებს რომ შეგვახვედრა. ადრე გერმანიასა და ბულგარეთს, ახლა – იტალია-ინგლისს. ხუმრობა იქით იყოს და, სწორედ ასეთი დონის მეტოქეებთან შეხვედრა აყალიბებს ძლიერ გუნდს. იმას ვეღარავინ იტყვის, რომ გამოუცდელები ვართ. ახალბედობის ეტაპი უკან დარჩა, ახლა უკვე საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას ვფიქრობთ“, – ეს უკვე ნაკრების თავკაცის, ალექსანდრე ჩივაძის სიტყვებია.

ტარიელ ჭანტურია ქართულ ფეხბურთში არსებული კონფლიქტით დაინტერესდა და ფედერაციის პრეზიდენტს, შესაძლებლობის ფარგლებში, ამ საკითხის განმარტება სთხოვა, რაზეც ნოდარ ახალკაცმა უპასუხა:

„მე ვერ გეტყვით, რომ ქართულ საფეხბურთო სამყაროში რაიმე კონფლიქტს აქვს ადგილი. უბრალოდ, და ეს სრულიად ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი გააჩნია ამა თუ იმ საკითხზე. აზრთა სხვადასხვაობა ხელსაც გვიშლის, ერთსულოვნება ხომ ნებისმიერ საქმეს წინ წასწევს. ზოგიერთს ვერ გაუაზრებია რას წარმოადგენს ჩვენი ფედერაცია და შეუძლია თუ არა სახელმწიფო ორგანოებს მასზე ძველებურად ზეგავლენის მოხდენა. ნებისმიერი საკითხის ცივილიზებული ფორმით განხილვა შეიძლება, მაგრამ ბევრი, საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმისას, ზრდილობისა და თავშეკავების საზღვრებს სცილდება ხოლმე. ასეთ კაცს კი ჩვენ ვერ და არ მოვუსმენთ“.

შოთა ნიშნიანიძის კითხვას, არ შეიძლება დსთ-ის ჩემპიონატი მოვაწყოთ ჩვენი ფეხბურთელების დონე რომ ამაღლდესო, ფედერაციის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ეს საკითხი სხვაგვარად მესახება: ჩვენი ფეხბურთი ქვეყნის ეკონომიკურ მომძლავრებასთან ერთად და ფეხბურთელების მიგრაციის შეწყვეტასთან ერთად განვითარდება. ნებისმიერ ძლიერ გუნდს მყარი ფინანსური საფუძველი აქვს, რასაც საქართველოს ვერცერთ გუნდზე ვერ ვიტყვით…

დსთ-ის ჩემპიონატი გამოსავალი არ არის. საქართველოდან უეფას თასებზე წელს ოთხი კლუბი დაუშვეს, დსთ-ის ჩემპიონატში ჩართვით კი ეს შანსი მოგვესპობა. თუ გვინდა ჩვენი ნაკრები საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებლად წარსდგეს, ჩემპიონატიც დამოუკიდებლად უნდა ჩავატაროთ…

ბევრს უკვირს ქართველი ფეხბურთელებით ძლიერი კლუბები რატომ არ არიან დაინტერესებულნი, ერთეულების გარდა. ეს არც არის გასაკვირი, ჩვენ ხომ ახლახანს გავედით საერთაშორისო სარბიელზე და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში კარგად არ გვიცნობენ. ქართულ ღვინოს ვერ ვასაღებთ და ფეხბურთელებისა რა უნდა გაგვიკვირდეს. ჯერჯერობით ისიც უნდა ვიკმაროთ, რომ წასულები ქართულ ფეხბურთს დიდ რეკლამას უკეთებენ, მაგალითად ქინქლაძე, ის ინგლისში საქართველოს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა“.

გაზეთ ლიტერატურული საქართველოს მთავარმა რედაქტორმა თამაზ წივწივაძემ ნოდარ ახალკაცს თანამშრომლობა შესთავაზა და აღუთქვა, რომ ყოველი ნომრის ერთ გვერდს რუბრიკას – საუბრები ქართულ ფეხბურთზე – დაუთმობს, რასაც ფედერაციის პრეზიდენტი სიხარულით დათანხმდა:

„ხალხმა უნდა გაიაზროს ფეხბურთის დანიშნულება. ასოცი ათასი კაცი მოვიდა გერმანელებთან შეხვედრაზე, ევროპის ორმოცდახუთი ტელეკომპანია გადასცემდა ამ მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას. ამდენი ხალხის თავშეყრა ფეხბურთის გარდა არცერთ სხვა ღონისძიებას არ შეუძლია. ფეხბურთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მას მიხედვა სჭირდება. არა სიტყვებით, არამედ საქმით…

რა პირობებში ვმუშაობთ, კარგად მოგეხსენებათ. თუნდაც ჩვენი შენობა ავიღოთ, სამარცხვინოა. შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში საკუთარი ანგარიში გვაქვს გახსნილი და ამ თანხით შენობის გარემონტება კი შეგვეძლო, მაგრამ მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშებისთვის აუცილებელი საგარანტიო თანხა აღარ დაგვრჩებოდა…

რახან პირობებზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ არიგო საკის ამ ქვეყნის ფედერაცია წელიწადში მილიონ ასი ათას დოლარს უხდის. ამის ფონზე კი ჩივაძის ხელფასი პირდაპირ სასაცილოა. მაგრამ სხვა გამოსავალი და საშუალება დღეს არ მოგვეპოვება, უნდა დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს“.

არიგო საკის ხელფასის ხსენებას ჩივაძე იუმორით შეხვდა, ნეტავ არაფერი გამეგო მისი ანაზღაურების შესახებ, ხომ მშვიდად ვიძინებდიო. მწერლებთან შეხვედრა ისევ ნოდარ ახალკაცმა დაასრულა:

„მოძველდა პიერ დე კუბერტენის ფრაზა, რომ მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. საბჭოთა კავშირის პირველობების დროს ხშირად ეწყობოდა მწვრთნელთა სემინარები, სადაც ერთმა მწვრთნელმა იცოდა ხოლმე თქმა, ჩემი მიზანი გუნდის თასის ფინალში გაყვანააო. ასეთი ხალხისა არ მესმის, თუ ფინალში გადიხარ, თასის აღებაზე უნდა იფიქრო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილი დიდი ვერაფერი შედეგია. ამას არ უნდა დავჯერდეთ, უფრო დიდი მიზნები უნდა დავისახოთ. მით უმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატის ათმა თამაშმა ნაკრების მწვრთნელს გარკვეული გამოცდილება შესძინა.

სხვათა შორის, ბევრს უკვირდა რატომ დავნიშნეთ მწვრთნელად ჩივაძე, კაცი, რომელსაც ამ მხრივ არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა. ჯერ ერთი, მას დიდი ფეხბურთი უთამაშია და ამიტომ უფრო გაუადვილდებოდა მწვრთნელობა, თუმცა მისი დიდი ფეხბურთელობა არ იყო ძირითადი არგუმენტი. მე მასში ის თვისებები დავინახე, მწვრთნელს რომ უნდა ჰქონდეს. დიპლომის არქონა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი ნიჭია“.

რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა თექვსმეტკაციანი სია ალექსანდრე ჩივაძემ ხუთშაბათს, 18 აპრილს გააცნო ჟურნალისტებს, მეორე დღეს კი ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის თამაშები გაიმართა. თბილისის დინამო გორში დილა გაანადგურა – 6:1 (კახი გოგიჩაიშვილი 3, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ხომერიკი, გელა ინალიშვილი), სამტრედია რუსთავში 1:2 დამარცხდა მეტალურგთან, ქუთაისში ტორპედომ 3:2 დაამარცხა ფოთის კოლხეთი 1913, სეზონის აღმოჩენამ, ზესტაფონის მარგვეთმა კი ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, 5:2 გაანადგურა ბოლნისის სიონი. იმერელთა მთავარმა გოლეადორმა ზვიად ენდელაძემ იმ ჩემპიონატში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი, თითო ბურთი კი ლევან ქებაძემ და ჯაბა წიკლაურმა მიითვალეს.

მეორე დღეს, შაბათს, ნაკრების შეკრების პირველ დღეს, დიღომში მხოლოდ ოთხი მოთამაშე მივიდა: თბილისის დინამოელები ირაკლი ზოიძე, კახი გოგიჩაიშვილი და ლევან ცქიტიშვილი, ასევე ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიაში ორი თვით ადრე გადასული გოჩა ჯამარაული. მეორე დღეს სურათი შეიცვალა, გუნდი თითქმის მთლიანად შეიკრიბა.

მწვრთნელის რჩეულთა შორის ერთადერთი ახალწვეული იყო: ზურაბ იონანიძე, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში სამტრედიის მაისურით გატანილი ოცდასამი გოლის შემდეგ რუსეთს, სოჭის ჟემჩუჟინას მიაშურა. რაც შეეხება ტოლიატის ლადაში მოთამაშე ვასილ სეფაშვილს, ის რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა ქვეყნის მთავარ გუნდში. მან ნაკრების მაისური პირველად 1993 წელს მოირგო განჯაში, აზერბაიჯანთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში, როცა ჯერ კიდევ გურჯაანის ალაზანში თამაშობდა.

რუმინეთში დაგეგმილი თამაშისთვის ემზადებოდნენ ახალგაზრდებიც. ვლადიმერ გუცაევის დებიუტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მარტში, აზერბაიჯანში უნდა შემდგარიყო, თუმცა ის თამაში ჩაიშალა. ჩივაძისგან განსხვავებით, გუცაევს საკადრო პრობლემები ჰქონდა: კახი კალაძე, რომელმაც კვიპროსზე პირველად ითამაშა ეროვნულ გუნდში, რუსთავის მეტალურგთან მატჩში დაშავდა და ზაქრო თელიამ ახალგაზრდა დინამოელს სამკვირიანი დასვენება „გამოუწერა“, ლევან ცქიტიშვილს კვლავ ეროვნულ ნაკრებში უხმეს, ლევან კობიაშვილის გამოცდას კი მწვრთნელი იმიტომ არ ჩქარობდა, რადგან ეს უკანასკნელი, დისკვალიფიკაციის გამო, იტალიის და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან ერთად ვერ ითამაშებდა. თითქოს ეს არ აკლდაო და რუმინეთში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე გუცაევმა ქუთაისის ტორპედოს ამომავალი ვარსკვლავი მიხეილ აშვეთიაც მოისაკლისა. ფეხბურთელი, რომელსაც იმ გაზაფხულზე პორტუგალიის ბოავიშტას უკავშირებდნენ, ვარჯიშზე დაშავდა. ამდენი მოთამაშის გამოკლების შემდეგ გუცაევმა მაინც მიიწვია ლევან კობიაშვილი.

„ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენსას ვეცდებით…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრების კანდიდატები შევამოწმოთ. მინდა შესარჩევი მატჩებისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარო თავი…

არ არის გამორიცხული მომავალ თამაშებში დებიუტანტებიც იხილოთ. თავის გამოჩენის საშუალებას ყველას მივცემ…

მიხეილ ყაველაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ამჯერად აღარ გამოვიძახე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი არ მაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ რუმინეთში გამგზავრების წინ.

კვირას, სრული შემადგენლობით შეკრებამდე, ბაზაზე ტრადიციული ორკარა შედგა, რომელშიც ჩივაძის გარდა კიდევ ერთმა ვეტერანმა დინამოელმა, მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ თამაზ კოსტავამ ითამაშა. ჯამარაულის, ცქიტიშვილის და კოსტავას გუნდმა 6:5 გაიმარჯვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ბუქარესტს ორშაბათს, 22 აპრილს, შუადღით ესტუმრა. გიორგი ქინქლაძე ნაკრებს იქ შეუერთდა.

24 აპრილს, სტიაუას სტადიონზე, რუმინეთის დროით 17 საათზე კი დაიწყო თამაში, რომელიც ეროვნული ნაკრების განადგურებით დასრულდა: ნოიშტალის ქსამაქსის ოცდასამი წლის თავდამსხმელმა ვიორელ მოლდოვანმა ათ წუთში(!) ჰეთ-თრიქი შეასრულა, შესვენების შემდეგ კი თავის გოლები გაიტანეს სტიაუას ლიდერებმა, ოცდათორმეტი წლის ვეტერანმა მარიუს ლაკატუშმა და ოცდაოთხი წლის კონსტანტინ გალკამ.

შვეიცარიაში მოთამაშე მოლდოვანისთვის ეს პირველი სანაკრებო ჰეთ-თრიქი იყო (რუმინეთის მთავარი გუნდის ისტორიაში კი რიგით მეთვრამეტე), ამავდროულად, ის გახდა პირველი, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარში ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. რაც შეეხება გალკას, იმ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რუმინელმა პალმა დე მაიორკაში გადაინაცვლა და მომდევნო ათი წელი ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში გაატარა…

„სხვა გუნდს ველოდი, მაგრამ იმას, საქართველოს ნაკრები რომ ერქვა, გუნდს ვერ დავარქმევ. ფეხბურთელები დადიოდნენ მინდორზე, არავითარი კავშირი არ იყო რგოლებს შორის, გაურკვეველი იყო ტაქტიკური მონახაზიც…

ერთადერთი ქინქლაძე გაიელვებდა ხოლმე, ისიც ეპიზოდებში…

თქვენი მარცხის მთავარი მიზეზი დაცვის უსუსტესი თამაშია. შელიას არყოფნაც დაეტყო გუნდს (შელიას მატჩის წინ სიცხემ აუწია, ამიტომ ვეღარ ითამაშა – ლ.გ.)

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველები მოვალეობის მოხდის მიზნით გავიდნენ მოედანზე…

თქვენგან საუკეთესო აკაკი დევაძე იყო. არ ვიცი ვინ რას იტყვის, მაგრამ დევაძეს არცერთ გაშვებულ ბურთში ბრალი არ ჰქონდა! ეგ კი არა, რამდენჯერმე გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ის რომ არა, ანგარიში 0:8 ან 0:12 იქნებოდა…

ძალიან კარგად ვიცი რუმინეთის ნაკრების შესაძლებლობები, თუმცა თქვენთან მატჩში რუმინელებმა თავისი ძალების მხოლოდ სამოცდაათი პროცენტი გამოამჟღავნეს…

მოლდოვანზე რა უნდა ვთქვა? ჰეთ-თრიქი შეასრულა! მის გარდა მშვენივრად ითამაშეს მიოდრაგ ბელოდედიჩმა და გეორგე პოპესკუმ, მათ შესანიშნავად შეკრეს დაცვა, გეორგე ჰაჯი კი უბრალოდ დიდებული იყო – სამი საგოლე გადაცემა შეასრულა!

ჩივაძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დავმალავ და ვიტყვი – ეს იყო შავი ლაქა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თქვენ რომ ეს თამაში გენახათ, იგივე დასკვნას გამოიტანდით. ანგარიშს არ ვგულისხმობ, გუნდის მოქმედება მაქვს მხედველობაში…

თუმცა ამ წაგების მიუხედავად მჯერა, რომ შესარჩევში საქართველო სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს“.

ეს ალექსანდრუ სპირიდონის სიტყვებია. მამუკა კვარაცხელიასთან მისი საუბრის ჩანაწერი სარბიელის იმ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა (1996 წლის 26 აპრილი), ზევით რომ ვახსენე. 1994 წლის 7 სექტემბერს, როცა მოლდოველებმა თბილისში გაგვამწარეს, სპირიდონი ნაკრების კაპიტანი გახლდათ, თუმცა ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის შემდეგ მოთამაშის კარიერა დაასრულა და ეროვნული გუნდის სათავეში გადაინაცვლა, მეორე მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა.

„საშინელებაა გარედან უყურო, როგორ ანადგურებენ შენს გუნდს. ერთი შანსი რაა, ისიც არ გვქონდა. ასე ცუდად ჯერ არავის უთამაშია. ერთადერთი, რაზეც ხელს მოვაწერ ისაა, რომ წაგება ყველას ბრალია გარდა ჩემი კოლეგის დევაძისა. მე ვიცი რას ნიშნავს ასეთ მატჩში კარში დგომა. როცა გუნდს თამაში არ მისდის, ყველაზე საცოდავი მაშინ მეკარეა. დევაძემ კი სასწაულები ჩაიდინა, რაც გაუშვა, არცერთი მისი ბრალი არ იყო. იგი, ფაქტიურად, მარტო ებრძოდა რუმინელებს. ერთ-ორ მომენტზე გავოცდი, როგორ შეიძლება ამ ბურთი აღება-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი ზოიძემ.

ეროვნულის მსგავსად, დამარცხდა ახალგაზრდულიც – 1:2. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს (შერბანი). მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გუცაევმა ჩალაძის ნაცვლად გიორგი დემეტრაძე ჩართო თამაშში და დინამოელმაც, სეხნია კიკნაძის პასის შემდეგ, 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ თამაშის მიწურულს მსაჯმა, ვინც რამდენიმე წუთით ადრე ლევან კობიაშვილი გააძევა, თვითმხილველთა თქმით პენალტი მოიგონა და დანჩულესკუმაც მეორე გოლი გაუტანა დავით გვარამაძეს – 1:2.

სამტრედიის ოცი წლის მცველმა ვალტერ გუჩუამ ახალგაზრდული ნაკრების მაისურით შეუცვლელად ითამაშა, შელიას გამოკლების შემდეგ კი ჩივაძემ მას ეროვნულში უხმო და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ათამაშა გიორგი ნემსაძის ნაცვლად. ახალგაზრდა სამტრედიელი სხვანაირ დებიუტს ისურვებდა, მაგრამ არ გამოვიდა.

მომდევნო ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორ კვირაში, 8 მაისს გამართა საბერძნეთში. იმ დროს მე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სპორტულ ჟურნალისტიკაში, გაზეთ სტადიონისთვის ვწერდი ევროჩემპიონატთან დაკავშირებულ პატარ-პატარა ამბებს. ამის შესახებ მომდევნო წერილში…

* * *
24 აპრილი, 1996. ამხანაგური. რუმინეთი, ბუქარესტი, სტიაუა. 10 000
რუმინეთი 5:0 საქართველო
გოლები: 1:0 ვიორელ მოლდოვანი (26), 2:0 ვიორელ მოლდოვანი (29), 3:0 ვიორელ მოლდოვანი (36), 4:0 მარიუს ლაკატუში (50), 5:0 კონსტანტინ გალკა (87)
რუმინეთი: ბოგდან სტელეა (ფლორინ პრუნეა 65), იულიან ფილიპესკუ, დანიელ პროდანი (ანტონ დობოში 78), დორინელ მუნტეანუ, მიოდრაგ ბელოდედიჩი (გეორგე მიხალი 68), იულიან საბაუ (ტიბორ სელიმეში 51), გეორგე პოპესკუ (კონსტანტინ გალკა 61), გეორგე ჰაჯი (კაპ) (კოზმინ კონტრა 65), იოან ლუპესკუ, მარიუს ლაკატუში (გეორგე კრაიოვეანუ 51), ვიორელ მოლდოვანი (იონ ვლადოიუ 61)
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ) (ვასილ სეფაშვილი 77), გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი (ზურაბ იონანიძე 67), გიორგი ნემსაძე (ვალტერ გუჩუა 46), გოჩა ჯამარაული (ლევან ცქიტიშვილი 46), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გოჩა გოგრიჭიანი 46)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯი: თანასის ზაქარიადისი (საბერძნეთი)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 16 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
* – 2025 წლის 16 ოქტომბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian