ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 0:0 იტალია (I ნაწილი)
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 1995 წლის 12 დეკემბერს გაიმართა პარიზში, ლუვრში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთ მეტოქედ ჩემი ფავორიტი იტალია ერგო.
იმ დროს პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თითქმის ორი წლის შემდეგ, როცა სკუადრა აძურა თბილისს ეწვეოდა, სხვა სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად იტალიელებს მეც დავხვდებოდი თბილისის აეროპორტში, მათი სტუმრობის შესახებ კი მომდევნო დღეებში არაერთხელ დავწერდი, თან იმ გაზეთში, რომლის თითოეულ ნომერს 1991 წლიდან სათუთად ვინახავდი.
იტალია თბილისს შესარჩევი ციკლის მიწურულს ეწვია. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ ჩვენ გუნდს საფრანგეთში მოხვედრის თეორიული შანსიც აღარ ჰქონდა, მეტოქე კი პირველ ადგილზე იყო ჯგუფში და ცდილობდა მდევარი ინგლისისთვის დაწევის შანსი მოესპო.
1997 წლის სექტემბრის ის დღეები დაუვიწყარია ჩემთვის, საყვარელ ფეხბურთელებთან გადაღებული სამახსოვრო ფოტოები კი დღემდე ტკბილად მაგონდება. რობერტო ბაჯოს, პაოლო მალდინის, ფაბიო კანავაროს, პიერლუიჯი კაზირაგის, ჯანფრანკო ძოლას, ანჯელო პერუცის, კრისტიან ვიერის, ჩირო ფერარას, ანჯელო დი ლივიოს და მათი თანაგუნდელების ხილვაზე მხოლოდ ვოცნებობდი და როცა ისინი ეროვნული სტადიონის მინდორზე ვიხილე, რა გასაკვირია რომ მათთან ფოტოების გადაღება ვცადე.
ამ წერილში ლამის ოცდაათი წლის წინანდელ ამბებს გავიხსენებ, რომელიც პირადი მოგონებების გარდა იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად დააკარგვინა ქულები მსოფლიოს ჩემპიონს. ორ ნაწილად გაყოფილ ვრცელ ტექსტში გავაერთიანებ ყველაფერს, რაც დამამახსოვრდა და იმდროინდელი გაზეთების გადაფურცვლის დროს გავიხსენე.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ გაფართოებული შემადგენლობა 31 აგვისტოს დაასახელა, თუმცა ორ დღეში სია გაცხრილა, ვიღაც ამოაგდო, სხვა დაამატა და საბოლოოდ ოცი მოთამაშე დაიტოვა.
უიღბლოთა შორის ორი ლეგიონერიც აღმოჩნდა, მიდლსბროს ჭაღარა ფორვარდი ფაბრიციო რავანელი, ვინც ერთადერთი გოლი გაიტანა იტალია-საქართველოს პირველ მატჩში, პერუჯაში, და დერბი ქაუნთიში მოთამაშე სტეფანო ერანიო.
რავანელის ნაცვლად ჩეზარე მალდინიმ რობერტო ბაჯოს უხმო. კალჩოს სუპერვარსკვლავი იმ ზაფხულს მილანის ინტერიდან ბოლონიაში გადაბარგდა და 1997-1998 წლების სერია ა მშვენივრად დაიწყო. მისი მიწვევის მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო, მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა რობერტოს ბოლო სანაკრებო თამაშით, პოლონელების წინააღმდეგ გამართული შეხვედრით და ვეტერანს ამიტომ უხმო.
1996 წლის ოქტომბერში, პერუჯაში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს დაშავდა ანტონიო კონტე. იუვენტუსის ნახევარმცველს თითქმის წელიწადი გაუცდა. რობერტო ბაჯოს მსგავსად, კონტემაც ჩინებულად დაიწყო ის სეზონი, ჯერ სუპერთასზე გაიტანა გოლი, შემდეგ ლეჩეს კარიც დალაშქრა და მწვრთნელის ყურადღებაც დაიმსახურა.
რაც შეეხება დანაკლისს, დისკვალიფიკაციის გამო მალდინიმ ორი ძირითადი მოთამაშე, გამოცდილი მილანელი ცენტრალური მცველი ალესანდრო კოსტაკურტა და მისი თანაკლუბელი, მშვენიერი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი მოისაკლისა.
თბილისში გამგზავრებამდე სამი დღით ადრე სკუადრა აძურას იუვენტუსის ლიდერი და იმ წლების სერია ა-ს ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, საფრანგეთის ოთხთა ტურნირის ბომბარდირი ალესანდრო დელ პიერო გამოაკლდა. მას ვარჯიშის დროს ბურთი მოხვდა სახეში, თვალი ჩაულურჯდა და ექიმებმაც მკურნალობა დაუნიშნეს. ბაზაზე, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მალდინიმ განაცხადა, რომ დელ პიეროს ნაცვლად არავის მიიწვევდა და თბილისში ცხრამეტი ფეხბურთელით გაემგზავრებოდა. მწვრთნელის რჩეულთა სია იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ იმ საღამოსვე გაავრცელა:
მეკარეები: ანჯელო პერუცი (ტურინის იუვენტუსი), ჯანლუკა პალიუკა (მილანის ინტერი)
მცველები: პაოლო მალდინი (მილანი), ფაბიო კანავარო (პარმა), ჩირო ფერარა (იუვენტუსი), ალესანდრო ნესტა (რომის ლაციო), კრისტიან პანუჩი (მადრიდის რეალი, ესპანეთი), სტეფანო ტორიზი (ბოლონია)
ნახევარმცველები: ანტონიო კონტე, ანჯელო დი ლივიო (ორივე იუვენტუსი), დინო ბაჯო (პარმა), დიეგო ფუზერი (ლაციო), ატილიო ლომბარდო (ლონდონის კრისტალ პალასი, ინგლისი), რობერტო დი მატეო (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ფილიპო ინძაგი (იუვენტუსი), რობერტო ბაჯო (ბოლონია), პიერლუიჯი კაზირაგი (ლაციო), კრისტიან ვიერი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), ჯანფრანკო ძოლა (ჩელსი, ინგლისი).
დელ პიეროს უეცარ ტრავმას ერთი სახალისო ამბავი მოჰყვა. იმ წლებში საქართველოში უამრავი გაზეთი გამოიცემოდა. უმეტესობა მალე იხურებოდა, რადგან გამომცემლებს საგაზეთო საქმისა არაფერი გაეგებოდათ. ერთ-ერთი ასეთი გაზეთი იყო ორქიდეა, რომლის რედაქციამ იტალიელთა სტუმრობას ერთჯერადი ნომერი მიუძღვნა: „ორქიდეა – სპორტული დამატება. სკუადრა აძურა შეხვედრის წინ“.
პირველ გვერდს იტალიის ნაკრების ფეხბურთელების ფოტო ამშვენებდა სპორტული ჟურნალისტის ჯამლეტ ხუხაშვილის კომენტართან ერთად, ბოლო გვერდზე მეტოქის გუნდური ფოტო დაებეჭდათ, შუა გვერდებზე კი რობერტო ბაჯოს, პაოლო მალდინის და ალექსანდრო დელ პიეროს კომენტარები იყო გამოქვეყნებული. რაც შეეხება ალექსანდროს, აქ კორექტურა არ გეგონოთ, დელ პიერო სწორედ ალექსანდროდ იყო მოხსენიებული.
„საქართველოს ნაკრების სახით ღირსეულ მოწინააღმდეგეს ვხედავ“ – ასეა დასათაურებული იუვენტუსის სუპერვარსკვლავთან გამოქვეყნებული „ინტერვიუ“. ორქიდეის ჟურნალისტს დელ პიერომ „ უთხრა“:
„არ იფიქროთ იტალიაში არაფერი ვიცოდეთ თქვენი პატარა, მაგრამ მშვენიერი ქვეყნის შესახებ, გასულ წელს ხომ ქართველი ლტოლვილი ბავშვების მასპინძლები ვიყავით. მინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ, ქართულ ფეხბურთს კი წინსვლა და მსოფლიო ასპარეზზე უფრო დიდი მიღწევები. მჯერა, საქართელოს ნაკრების წევრები ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. სხვანაირად არც შეიძლება, მათ რიგებში ხომ ევროპის მასშტაბებით უკვე საკმაოდ ცნობილი და აღიარებული ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ“.
ალექსანდრო დელ პიეროსთან „ინტერვიუ“ ასე მთავრდება: „მადლობის მეტი რა გვეთქმის ალექსისათვის, მით უფრო, რომ ჩამოსვლიდან ორი საათის შემდეგ საიდუმლოდ გაგვანდო: „იცით, მომეწონა ქართველი გოგოები, ისინი იტალიაშიც მყავდნენ ნანახი, მაგრამ საქართველოში უფრო ლამაზები და მომხიბვლელები ყოფილან. აი, გახედეთ, თუნდაც სტადიონზე რამდენი მშვენიერი გოგონაა“, – ჩაეღიმა ალექსს. კმაყოფილებისგან გაგვეღიმა ჩვენც, რადგან ოცდაორი წლის იტალიელი ვარსკვლავის კომპლიმენტი არც თუ ცოტას ნიშნავს. ბოლოს ალექსანდრომ წარმატება უსურვა ჩვენს გაზეთს და დაგვემშვიდობა“.
ტრავმირებული დელ პიერო თბილისში არ ჩამოსულა და ზემოხსენებული „ინტერვიუც“ გაზეთ ორქიდეის თანამშრომლების ფანტაზიის ნაყოფი იყო. რაც შეეხება იტალიელთა სტუმრობას და რა როგორ იყო რეალურად, ჩემივე რეპორტაჟს მოვიშველიებ, რომელიც სარბიელის 1997 წლის 8 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „ხუმარა ძოლა და უჟმური მალდინები“. აქვე ბოდიშსაც მოგიხდით, რადგან ტექსტი ჟურნალისტის კი არა, უფრო კერპების ნახვით თავდაკარგული გულშემატკივრის დაწერილია და ის, გარემოებათა გამო, პოპულარული სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა.
„შემოდგომის თბილისი… ნაცრისფერი თბილისი… – დაახლოებით ასე იწყება ცნობილი რეკლამა ასევე ცნობილი სიგარეტების დისტრიბუტორი ფირმის შესახებ.
ზემოთნახსენები ფრაზა ზედგამოჭრილი იყო გუშინდელი დღისთვის, თითქოს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იდგა, მაგრამ ეს ორშაბათი არასდროს დაავიწყდებათ გულშემატკივრებს, მით უმეტეს მათ, ვინც აეროპორტში ელოდა იტალიელ ფეხბურთელებს.
გუშინ, ჩვენი დროით საღამოს დაახლოებით შვიდ საათზე, საქართველოს დედაქალაქში სკუადრა აძურას თვითმფრინავი დაეშვა.
აეროპორტის ცენტრალურ გასასვლელში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების მოლოდინის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანდა. შემდეგ სამთავრობო გასასვლელს მივაკითხე. იქ საერთოდ არ იცოდნენ იტალიის ნაკრები თუ ჩამოდიოდა. და რარიგ დიდი იყო ჩემი სიხარული, როცა აეროპორტის მეორე ბოლოში გასულმა უამრავი კოლეგა და ათეულობით გულშემატკივარი დავინახე.
რამდენიმე წუთში იტალიელთა თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე დაეშვა, სტუმრების გამოჩენამ კი, მოლოდინისამებრ, გულშემატკივრების აღტკინება და ჩოჩქოლი გამოიწვია:
-ნახე, ბაჯო! ვაიმე რა საყვარელია…
-ე, პალიუკა! რამხელაა…
-დონ ჩეზარე როგორ გაშავებულა!..
-პაოლო, პაოლო მოდის! დედა რა სიცოცხლეა…
მსგავს შეძახილებს ხშირად მოისმენდით. მალე იტალიელები ქართველთა ალყაში მოექცნენ, თუმცა როგორც კი ჭიშკარი გაიღო, გარუჯული სტუმრები ავტობუსისკენ გაემართნენ. მანძილი დაახლოებით ოცი მეტრი კი იყო, მაგრამ გზის გავლას სტუმრებმა დიდი დრო მოანდომეს – ავტოგრაფები, სამახსოვრო ფოტოები, სახელდახელო ინტერვიუები…
პაოლო მალდინი, სახეზე ღიმილი რომ დასთამაშებდა, ფოტოს მსურველმა გულშემატკივრებმა ლამის გადათელეს. რობერტო ბაჯოსაც არანაკლები დღე დაადგა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იტალიელები ქართველებისგან თბილისში გატარებულ პირველივე წუთებში გვარიან წინააღმდეგობას წააწყდნენ. თამაშის დღეს რა იქნება, ვნახოთ.
თავიდან ასე ვიცოდი, რომ სკუადრა აძურა აეროპორტიდან პირდაპირ სტადიონზე მივიდოდა. ინგლისელები ზუსტად ასე მოიქცნენ. თუმცა, იტალიელების გამო ვეჭვობდი და მართალიც გამოვდექი. ერთნაირ პიჯაკებში გამოწყობილმა სტუმრებმა სტადიონის ნაცვლად ჯერ სასტუმრო მეტეხს მიაშურეს. ცხადია მეც.
იტალიელები ნელ-ნელა შედიოდნენ შენობაში და უმალვე თავიანთ ნომრებში უჩინარდებოდნენ. თითოეული ფეხბურთელის გამოჩენისას მათთან გასაუბრებას ვცდილობდი, თუმცა აქედანვე უნდა ვთქვა, რომ პაოლო მალდინიმ, ანჯელო დი ლივიომ, ჩირო ფერარამ, ჯანლუკა პალიუკამ, ანტონიო კონტემ, რობერტო ბაჯომ და სხვა ვარსკვლავებმა, მომავალი თამაშის შესახებ რომ ვკითხე, სიტყვა შუაში გამაწყვეტინეს, ვერაფერს გიპასუხებთ, ახლა არ გვცალიაო.
მხოლოდ ჩელსელებმა, ჯანფრანკო ძოლამ და რობერტო დი მატეომ ამოღერღეს ორიოდ სიტყვა – რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მოგება გვინდა და საამისოდ ვიბრძოლებთ კიდეცო.
მოთამაშეებისგან განსხვავებით იტალიელთა თავკაცი ჩეზარე მალდინი საერთოდ უკარება აღმოჩნდა.
სტუმრების თავ-თავიანთ ნომრებში გაუჩინარების შემდეგ ორი საათი ისე გაილია, ერთი მათგანიც არ გამოჩენილა. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მათგანზე ასეთი აზრი შემექმნა:
ჩეზარე მალდინი – სხვა იტალიელების დარად გარუჯულია, ტელეეკრანზე ნანახთან შედარებით ფიზიკურად აშკარად დიდი მომეჩვენა. ყველანაირ თემაზე საუბარს თავი აარიდა.
პაოლო მალდინი – იტალიელთა კაპიტანი სულ იღიმებოდა, მაგრამ როგორც კი რამეს ჰკითხავდი, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვიო, გპასუხობდა. მართალია ბლომად ავტოგრაფები დაარიგა, მაგრამ ამას ისეთი სახით აკეთებდა, აშკარად ვალს იხდიდა. როგორც ჩანს, ძალიან დაქანცული იყო და ერთი სული ჰქონდა ნომრის კარი შეეღო.
რობერტო ბაჯო – პირდაპირ ვიტყვი, რომ სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე წარმომედგინა. ცნობილი ვარცხნილობის გარეშე რობი გაცილებით პატარა და სუსტი მეჩვენა. ხოტორა თავზე მორგებულ კეპში მსოფლიოს და ევროპის 1993 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ცნობა გამიჭირდა. მხიარული კაცის შთაბეჭდილება დატოვა, ყოველ შემთხვევაში, მასთან მოსაუბრენი მუდმივად იცინოდნენ.
სხვებს რაც შეეხებათ, პალიუკა აშკარად უფრო დიდია, ვიდრე ტელეეკრანზე ჩანს, ანჯელო პერუცი კი პირიქით. კაზირაგი უხეში მეჩვენა, ლომბარდო – ჩუმი, ფილიპო ინძაგის, როგორც ჩანს, ვარსკვლავების სენი შეჰყრია, ანტონიო კონტეს და კრისტიან ვიერის კი ერთხელ არ გაუღიმიათ.
სანამ ფეხბურთელები ნომრებში ისვენებდნენ, სასტუმროს ჰოლში ნაკრების მედიაგანყოფილების წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და სტუმარი ჟურნალისტები ირეოდნენ. მათ ქართველებისგან მოსვენება არ ჰქონდათ და ისინიც მორჩილად იხდიდნენ ვალს.
პრესატაშე ანტონიო ვალენტინიმ გვითხრა, საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის პრინციპულია, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თორემ რომში ინგლისთან დამატებითი წნეხი გვექნებაო. მან იტალია ჯგუფის გამარჯვებულად დაასახელა, თუმცა სამსოფლიოჩემპიონატო პროგნოზისგან თავი შეიკავა. ვალენტინიმ ასევე დასძინა, რომ იტალია ხვალ შევარდენზე ივარჯიშებს, წვრთნის შემდეგ კი იქვე გაიმართება პრესკონფერენცია.
ორი საათი მალე გაილია და ვარსკვლავებმაც „ცვენა დაიწყეს“, ისინი ერთიმეორის მიყოლებით ეშვებოდნენ ჰოლში. სახეზე ეწერათ, რომ დაღლილები იყვნენ და ერთი და იგივე სურათი მობეზრებული ჰქონდათ.
ყველაზე გვიან რობერტო დი მატეო და ჯანფრანკო ძოლა დაეშვნენ. ესენი, ჩემდა გასაკვირად, მარტომ მოვიხელთე და შანსი ხელიდან არ გავუშვი. ვიცოდი თამაშზე საუბარს თავს რომ აარიდებდნენ და მეც არაფერი მიკითხავს, მხოლოდ ჩელსიზე გავესაუბრე.
ძოლამ, შარშან თასი მოვიგეთ, წელს კი რა ღმერთი უნდა გაგვიწყრეს ჩემპიონობა რომ ვერ მოვიპოვოთო. ისიც თქვა, გამიხარდა ინგლისში საუკეთესოდ რომ მაღიარეს, წლევანდელი პრემიერლიგა ცუდად კი დავიწყე, მაგრამ მერწმუნეთ, საქმეს გამოვასწორებო.
დი მატეომ კი, ჩვენთან რომ ალექსიძე და სახვაძე თამაშობდნენ, განა აქაურები არ არიანო? რომ დავუდასტურე, რატიც და აჩიკოც ტკბილად გაიხსენა, კარგი ბიჭები არიან, დიდი მომავალი აქვთ და გამიხარდება აქ თუ შევხვდებიო. დავასრულეთ თუ არა საუბარი, ორივემ ავტობუსს მიაშურა და გუნდიც ეროვნული სტადიონისკენ გაემართა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო და საკმაოდ ციოდა, ტრიბუნებზე დაახლოებით ათასამდე გულშემატკივარი შეკრებილიყო და იტალიელთა ნახვას მოთმინებით ელოდა.
სკუადრა აძურის სანახავად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებიც მოსულიყვნენ, რომლებიც სხვა „ბედნიერებთან“ ერთად სარბენ ბილიკებზე იდგნენ. ასეულობით გულშემატკივარს კი, იტალიის ნაკრების პლაკატებს რომ აფრიალებდნენ, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი წესრიგის დამცველები ცოცხალი თავით არ უშვებდნენ მინდორთან, ხოლო ზედმეტად თავნებებს მაღალჩინოსნები ყურის აწევით ემუქრებოდნენ. ესეც უნდა ვთქვა, რომ იტალიელთა გამოჩენისას გულშემატკივრებმა ისეთი ყიჟინა ატეხეს, საქართველოს ჩემპიონატზე არაფერს ვიტყვი და ზოგიერთ საერთაშორისო თამაშზეც არ გამიგონია.
იმას, რასაც სკუადრა აძურა გუშინ აკეთებდა ეროვნულ სტადიონზე, ვარჯიში ნაღდად არ ერქვა, ეს ყველაფერი გართობას უფრო ჰგავდა. ბიჭებმა ჯერ იძუნძულეს, შემდეგ კი, ბურთით ვარჯიშის უფლება რომ მიიღეს, „პამპულობანა“ გააჩაღეს და ერთმანეთის შეცდომებზე ხარხარებდნენ. დავაკვირდი და ყველაზე ხშირად ძოლას არ უმართლებდა, ჯერ ხომ ერთთავად შუაში იდგა, თანაგუნდელებიც ბურთს განგებ უგდებდნენ თავზე.
დაახლოებით ნახევარსაათიანი გართობის შემდეგ ჩეზარე მალდინიმ ბიჭები სარბენად გაიხმო და მათაც მინდორს სამჯერ შემოურბინეს.
-რას იტყვით ხვალინდელ თამაშზე? შეძლებს იტალიის ნაკრები სამი ქულის მოპოვებას? – მივმართე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლუჩანო ნიცოლას.
-წინასწარ საუბარი არ მიყვარს და პროგნოზისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ. ჩვენთვის თბილისში თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ. მოგების სურვილი ერთია, მიზნის შესრულება – მეორე. ისე კი, გული ავს არ მეუბნება.
-საკის შემდეგ იტალიამ შესარჩევი ტურნირის მატჩები შესანიშნავად ჩაატარა, გოლი რაა, ის არ გაუშვია. ამაში დიდი წვლილი ჩეზარე მალდინის მიუძღვის. ახალი მწვრთნელის მუშაობას როგორ შეაფასებდით?
-მისი მოსვლით გუნდი ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ სახეს. ჩვენი კოზირი მუდამ ძლიერი დაცვა იყო და ჩეზარემაც სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. შედეგებსაც სათანადოს მიაღწია. ვფიქრობ, ის ურიგოდ არ უძღვება დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, მასზე აუგს ვერ გეტყვით. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, დღესდღეობით მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ“.
სარბიელის იმავე ნომრის მეორე გვერდზე დაიბეჭდა კობა ინასარიძის ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელთან – „კატოვიცე აღარ განმეორდება“. რევაზ ძოძუაშვილმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ სტუმრები მთელი ძალით ითამაშებენ, არაფერს დაგვითმობენ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დაკარგული პრესტიჟის აღდგენა თუ გვსურს, სწორედ ასეთ მეტოქესთან გვეძლევა ყველაზე კარგი შესაძლებლობა…
მას შემდეგ, რაც პოლონეთთან შევრცხვით, ბევრი რამ შეიცვალა. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, იტალიელებთან ღირსეულად თამაშის შანსი ნამდვილად არის.
პოლონეთის შემდეგ შოთა აიაქსში გადავიდა, აჩიკო – ბრედაში, ქეცბაია – ნიუკასლში, ნემსაძე და ყაველა კი გრასჰოპერში. ყველანი კარგად ათამაშდნენ, ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოისწორეს…
თუ ბიჭებმა შეძლეს და სათამაშო დისციპლინა ბოლომდე დაიცვეს, მაშინ კატენაჩოსაც წარმატებით დავძლევთ. ხალხი დაინახავს, რომ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელები ჰყავს. მე დაუძლეველი ტაქტიკა არ მეგულება, ჯერ ასეთი არავის გამოუგონია. მართალია იტალიურ დაცვით მოდელს ბევრი დადებითი აქვს, კარგად ორგანიზებულია, მაგრამ ხარვეზებიც გააჩნია…
იტალიელები ოთხი მცველით თამაშობენ, თავს ზონური პრინციპით იცავენ, შეტევისას კი სამ მცველად გადაეწყობიან, ერთი – სტოპერი, შეტევაში ერთვება ხოლმე. ამას კოლექტიური თამაში უნდა დავუპირისპიროთ, ინდივიდუალურთან ერთად. ჩვენებს ეს შეუძლიათ, ამაში დარწმუნებული ვარ…
წინასწარ ვერ გეტყვით ერთი თავდამსხმელით ვითამაშებთ თუ არა, ჯერ საბოლოოდ მოფიქრებული არ გვაქვს, თუმცა კი შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. იტალიელთა თამაშის მანერიდან გამომდინარე, მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველი ყოველთვის დაცვისკენ ისწრაფვის. ისე არ გაიგოთ, თითქოს სულ უკან იყურებოდნენ, უბრალოდ, დაცვას მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე თავდასხმას. ეს უნდა გამოვიყენოთ, უპირატესობას შუა ხაზში აქტიურობით თუ მივაღწევთ“.
ძოძუაშვილმა ისიც თქვა, რომ გიორგი ქინქლაძის თამაში გადაწყვეტილი იყო. მანჩესტერ სიტის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ როგორც ჩანს, გამოჯანმრთელება და ფორმის აღდგენა მოასწრო. რაც შეეხება ჯამარაულს, გოჩა დავით ყიფიანმა შეკრებიდან დროებით გაათავისუფლა, რადგან ფეხბურთელს პირადი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი.
ყველაზე დიდი პრობლემა მწვრთნელებს დაცვის ხაზში შეექმნათ. ნუგზარ ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, მურთაზ შელიას მაისში გადატანილი ოპერაციის შემდეგ დიდი დრო გაუცდა და აშკარად ვერ იყო სასურველ ფორმაში, კახი ცხადაძემ და მისმა ახალგაზრდა სეხნია კალაძემ კი მხოლოდ იტალიელებთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ივარჯიშეს სრული დატვირთვით.
„ძნელია ახლა რაიმეს თქმა. წინასწარ ვერ გეტყვით ვის ვათამაშებთ. სარბიელიდან მივაწოდო იტალიელებს ინფორმაცია? იმის პირობას კი მოგცემთ, ტრავმირებული და მოუმზადებელი არავინ გავა მინდორზე“, – განაცხადა საუბრის დასასრულს ძოძუაშვილმა.
9 სექტემბერს, დილით შევარდენზე ვარჯიშის შემდეგ, სარბიელის ჟურნალისტებმა სტუმრებს კვლავ სასტუმრო მეტეხში მივაკითხეთ. წინა დღისგან განსხვავებით იტალიელები აშკარა კეთილგანწყობით დაგვხვდნენ. მივხვდი, რომ კალჩოს ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, დასვენება მოუხდათ.
„საქართველო, სხვა ევროპული გუნდებისგან განსხვავებით, ნაკლებად ორგანიზებული და მომზადებულია. ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ნაკრებია, აქედან გამომდინარე, მოგების მეტი შანსი გვაქვს. პერუჯაში მინიმალური გამარჯვების მიუხედავად, მჯერა, რომ ხვალ სერიოზული პრობლემები არ შეგვექმნება“, – გვითხრა იტალიელთა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ, რომელიც კვლავ არ უჩიოდა სამახსოვრო ფოტოს მსურველთა ნაკლებობას. აქვე აღვნიშნავ, რომ კობა ინასარიძემ მილანის ლეგენდასთან თამაშის წინ ვრცელი და ძალიან კარგი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გულშემატკივრებმა შესარჩევი თამაშიდან რამდენიმე დღეში იხილეს.
„წარმოდგენა არ მაქვს რატომ ამითვალწუნა არიგო საკიმ, ან რას მერჩოდა ფაბიო კაპელო. ზოგადად, ადამიანებს ცხოვრებაზე არაერთგვაროვანი წარმოდგენა გვაქვს და შესაბამისად, ყველა ერთნაირად არ ვფიქრობთ. ამის გამო ვერავის გავამტყუნებ…
ბოლონიაში იმიტომ გადავედი, რომ მეტი სათამაშო დრო მქონოდა. მიხარია სეზონი კარგად რომ დავიწყე. ნაკრებში გამოძახებაც ამის დასტურია. არ ვიცი ვითამაშებ თუ არა საფრანგეთში, მაგრამ ძალიან მინდა ასე მოხდეს, მსურს კარიერა მაჟორულ ნოტაზე დავასრულო…
თქვენი გუნდის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უცნაური გუნდია, არავინ იცის როდის გაიბრწყინებთ. იმედია ასეთი იშვიათი მომენტი ხვალ არ დაგიდგებათ, ისე კი, იოლ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდები“, – ასეთი იყო რობერტო ბაჯოს კომენტარი. მილანის ინტერიდან ბოლონიაში გადასული „ღვთაებრივი ცხენისკუდა“ (მისი ერთ-ერთი მეტსახელია – ლ.გ.) ქართველ ჟურნალისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.
„ინგლისში თამაში ფინანსური მოსაზრებებით გადავწყვიტე. თუმცა, მხოლოდ მე არ გადავდგი ეს ნაბიჯი, ხომ ხედავთ რამდენი იტალიელი გაემგზავრა პრემიერლიგის კლუბებში. ახლა ინგლისში ასპარეზობა წმინდა პროფესიული თვალსაზრისით და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ფინანსური კუთხით, ძალიან მომგებიანია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იტალიელად ვრჩები და სკუადრა აძურა ჩემთვის ყოველთვის მთავარი გუნდი იქნება. საქართველოს ნაკრები? ნუ გეწყინებათ და დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ამიტომ, ხვალ, ვფიქრობ, გავიმარჯვებთ“, – ჯანფრანკო ძოლა იმ დროს ლონდონის ჩელსის ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერლიგის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ.
ოოო, ჯორნალისტო! – ასე მოგვესალმა იტალიელთა თავკაცი ჩეზარე მალდინი. მას სასტუმროს გარეთ მივაგენით, სტუმართა დამრიგებელი თბილისს გასცქეროდა.
რკინისებურ მცველად წოდებული უფროსი მალდინი 1996 წლის მიწურულს დაინიშნა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად და სარბიელმა ეს სიახლე მკითხველს 17 დეკემბრის ნომერში ამცნო. მას შემდეგ, რაც კალჩოს მესვეურებმა არიგო საკის ხელშეკრულება შეუწყვიტეს, დონ ჩეზარე ნომერ პირველი კანდიდატი იყო და რომში გამართულ საგანგებო სხდომაზეც ყველაფერი მაღალჩინოსანთა ხელმოწერით დადასტურდა.
სკუადრა აძურიმდე ის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა და მასთან ერთად 1992, 1994 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. 1982 წელს კი, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის მთავარი მწვრთნელის, ენცო ბეარზოტის მარჯვენა ხელი გახლდათ. ის მუნდიალი იტალიელებმა დიდებულ სტილში მოიგეს. რა გასაკვირია, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე ასეთი გამოცდილების მქონე კაცთან შედარებით დინო ძოფის შანსები ნაკლები იყო. ლეგენდარული გოლკიპერი მშვიდად შეხვდა ფედერაციის არჩევანს, ჩეზარე მალდინის არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
უფროსი მალდინის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1997 წლის 12 თებერვალს შედგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, შემდეგ კი უემბლიზე ინგლისელებთან მოგება, სხვა შესარჩევი მატჩები და საფრანგეთის ოთხთა ტურნირი იყო.
„ყველა ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცი, რომ ხვალ ქართველები თავს არ დაზოგავენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვეცდებით დაგეგმილი განვახორციელოთ…
ბაჯო? სადაც არ უნდა წავიდე, ვისაც არ უნდა ვესაუბრო, აუცილებლად რობერტოზე ჩამომიგდებენ სიტყვას. მთელ მსოფლიოში ამას მეკითხებიან – ითამაშებს ბაჯო? სიმართლე გითხრათ, დავიღალე ამ კითხვით. მე ვიცი რობის ფასი და ამიტომაც დავაბრუნე ნაკრებში. ადრე ნათქვამს გავიმეორებ: მისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი იტალიის ნაკრებს სჭირდება. მჯერა მისი შესაძლებლობების და პოლონელებთან გაამართლა კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება ან საერთოდ, თუ ითამაშებს. მე და ჩემი თანაშემწეები ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით, თქვენ კითხვაზე პასუხს კი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყობთ“, – გვითხრა ჩეზარე მალდინიმ, თავი დაგვიკრა, დაგვემშვიდობა და ფეხბურთელებს თეორიულ მეცადინეობაზე შეუძღვა.
მე დარბაზის შესასვლელთან შევყოვნდი. იტალიელთა შეკრება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. როგორც კი მეცადინეობა დასრულდა და ყველა თავიანთ ნომრებში გაიკრიფა, დარბაზში შევედი, ჩეზარე მალდინის მიერ წითელი და ლურჯი ფლომასტერებით დახაზული დიდი თეთრი ფურცელი კოხტად დავკეცე და რედაქციაში წავიღე. ის „სუვენირი“ დღემდე შენახული მაქვს…
სანამ იტალიელებს „ვდარაჯობდი“, ჩემი კოლეგა და თანამშრომელი მერაბ მამულაშვილი მეტეხში იმ რამდენიმე აგენტს გაესაუბრა, რომლებიც სპეციალურად ამ მატჩზე დასასწრებად ესტუმრნენ თბილისს.
ერვინ კაზაკოვსკიმ, ვინც თბილისის დინამოს დასავლურ კლუბებთან საჭირო კავშირების დამყარებაში ეხმარებოდა, მერაბს უთხრა:
„თბილისური თამაშის შემდეგ დინამოს მოზირში მივყვები (ქვეყნის ჩემპიონს უეფას თასის მატჩი ელოდა ბელარუსში, მოზირის მპკც-თან – ლ.გ.), რადგან რამდენიმე ფრანგული, გერმანული და დანიური კლუბი დინამოელებით დაინტერესდა. რაც შეეხება ალექსანდრე იაშვილის შესაძლო გადასვლას ლონდონის არსენალში, ეს რეალური არ არის, რადგან დინამოს თავდამსხმელს ჯერ არ უთამაშია ნაკრებში იმდენჯერ, რომ ინგლისში თამაშის, ანუ მუშაობის უფლება მიიღოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დავადასტურო, რომ მისით ერთ-ერთი წამყვანი დანიური კლუბია დაინტერესებული“.
სასტუმროში იყო ციურიხის გრასჰოპერის მენეჯერი ილია კენცინგიც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის და გიორგი ნემსაძის ტრანსფერებში მონაწილეობდა. ქართველები შვეიცარიულ კლუბს ზაფხულში შეუერთდნენ – ყაველაშვილი კლუბმა მანჩესტერ სიტიდან ინათხოვრა, ნემსაძე კი ტრაბზონსპორიდან გადაიბირა.
„თბილისის დინამოში რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგალითად დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, რატი ალექსიძე… ჩვენ მათ ვაკვირდებით, მაგრამ ახლა მხოლოდ ლევან კობიაშვილის ტრანსფერზე ვმუშაობ. ყაველაშვილმა და ნემსაძემ კარგად დაიწყეს შვეიცარიაში თამაში და ქართველებისადმი ინტერესიც გაიზარდა. რა გამოვა ამ საქმიდან, ვნახოთ“, – თქვა გრასჰოპერის მენეჯერმა.
„ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!“ – ასე დაასათაურა გიო ახვლედიანმა საავტორო სვეტი, რომელიც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა სარბიელში:
„ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია.
ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ. ხშირად ჩვენ დინამოს ეს ხელს უშლიდა ევროპულ წინსვლაში, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარი იყო ხოლმე.
თვრამეტი წელი გასულა მას შემდეგ, რაც წვიმიან საღამოს ლივერპული დავამარცხეთ ამ საყვარელ მინდორზე და ისევე როგორც თქვენ, მეც მახსოვს წვიმიანი ქალაქის მოზეიმე ქუჩა, ხალხით გაჭედილი ტრიბუნები და ამაყი სვლა ათიათასობით გაწუწული ადამიანისა. ეს იყო ჩვენი სტადიონის უდიადესი საღამო. ასეთი საერთაშორისო გამარჯვება არ ახსოვს ჩვენ მინდორს.
ჩვენ განებივრებულნი ვიყავით საუცხოო საერთაშორისო ფეხბურთით. და კვლავ განებივრებულნი ვართ – ოთხიოდ დღეში იტალიელებს ვნახავთ ჩვენ მინდორზე.
ყველანი ვხვდებით, რომ ამ ჩვენ სტუმრებს სამი ქულის ჯიბეში ჩადება უნდათ. ყველანი ვხვდებით, რომ მათ ეს ხელეწიფებათ. დაცვა მათი მოგონილია და ათას მინდორზე განარბენი „ფანტაზისტებიც“ მათ ჰყავთ. იტალიის ნაკრებში იმდენი ვარსკვლავია, რამდენი ორდენიც ბრეჟნევს არა ჰქონდა.
მაგრამ მოდით, ამ ერთხელ, ჩვენ, ყველანი ერთად, შევიკრათ – ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრატორები, მინისტრები, მოსწავლეები, ქურდები, დიასახლისები და რა თქმა უნდა ქომაგები. შევიკრათ, ას წელიწადში მაინც!
შევიკრათ! შევიკრათ! დავივიწყოთ ყველაფერი რაც ერთმანეთში უსიამოვნო მოგვსვლია. შევიკრათ ერთ საღამოს – საათნახევრით! ვითამაშოთ და ვიყვიროთ.
შევიკრათ და არ გავაკეთებინოთ იტალიელებს ის, რისთვისაც აქ მოდიან, არ გავაკეთებინოთ! ერთხელ მაინც არ გავაკეთებინოთ სხვას ჩვენი საზიანო საქმე.
ჩვენ ვიყვიროთ, იოგები დავიწყვიტოთ, ჯიგრიანად ვაფრიალოთ დროშები. ბიჭებმა ითამაშონ.
ყურები არ ჩამოვყაროთ, როცა გოლს გავუშვებთ – ჩვენ ათმაგად შემოვცხოთ დოლებს, ბიჭებმა – თავი დადონ. პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ! ერთიანი ჯიგრით, ერთი სულით, ერთი ფიქრით!
და გამოვა! გამოსულა სხვა ქვეყნებში. გამოსულა ხოლმე და ეს ძალიან ლამაზია.
გამოვა! ერთხელ უნდა გამოვიდეს. ერთხელ უნდა ვიყვიროთ და თუ მთელი ამ ამბის შემდეგ მაინც არ გამოვიდა, არ ვთქვათ „წააგეს“, ვთქვათ – „წავაგეთ“ და ეს ჩვენთვის კარგი იქნება.
ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით მინდვრისა და ტრიბუნის ერთობას. აუცილებლად დაკრძალვაზე უნდა მოვხვდეთ, ერთსულოვნები რომ ვიყოთ?
მოდით – შევიკრათ და ხელი არ ჩავიქნიოთ.
სკუადრა აძურა – უკეთესი გამოცდა ჩვენი თუნდაც საათნახევრიანი ერთობისა ძნელი საპოვნია“.
I ნაწილის დასასრული
(გაგრძელება 19 თებერვალს)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 12 თებერვალი
ფოტო: თამაშის ბილეთი
* – 2026 წლის 12 თებერვალს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
