ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 0:1 მოლდოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი 1994 წლის 7 სექტემბერს გამართა: ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მოლდოვას დაუხვდა.
გულშემატკივართა უმრავლესობას სჯეროდა, რომ ალექსანდრე ჩივაძის მომზადებული გუნდი, რომელიც რეალურად რამდენიმე მოთამაშით გაძლიერებული თბილისის დინამო იყო, იოლად გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა: უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ერთადერთი გოლი მხოლოდ მეტოქემ შეაგდო.

თუ ისტორიული თამაშის ოქმს ნახავთ, იქ შემდეგ მონაცემებს ამოიკითხავთ:
კარისკენ დარტყმა – 30:10 საქართველოს სასარგებლოდ…
კუთხური – 17:1…
თამაშგარე – 3:1…
ანგარიში? 0:1 და ეს მოუშუშებელი ტკივილია.

ჩვენი ნაკრებისთვის სადებიუტო, ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ოფიციალურ მატჩამდე რვა თვით ადრე, 22 იანვარს, მანჩესტერში, გრანადა სტუდიოს დარბაზში, საქართველოს დროით 14:30 საათზე დაიწყო. საზეიმო ცერემონია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ქართველები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ბერტი ფოგთსის გაწვრთნილ გერმანიის ნაკრებთან, დიმიტარ პენევის მომზადებულ ბულგარეთთან, ასევე უელსის, ალბანეთის და ოფიციალური შეჯიბრებების კიდევ ერთ დებიუტანტთან, მოლდოვის ნაკრებთან ერთად VII საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებდნენ.

მე, იმ დროს ჯერ კიდევ მოსწავლემ, წილისყრის შესახებ დილით, სკოლაში წასვლის წინ, რადიოთი შევიტყვე. იმხანად ასეთი ღონისძიებების პირდაპირი ტელეტრანსლაციებით კი არა, მატჩების რეპორტაჟებითაც არ ვიყავით განებივრებულები, ანგარიშებს რამდენიმე დღის დაგვიანებით პრესით ან, უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე საათში, რადიო-ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების სპორტული ბლოკით ვიგებდით.

შესარჩევი თამაშების კალენდრის პირველი ვარიანტი უეფამ გამოაქვეყნა. საქართველოს პირველ მეტოქედ გერმანია ერგო, თუმცა რადგან თარიღებით სხვა გუნდები უკმაყოფილო დარჩნენ, მთავარი მწვრთნელების და ოფიციალური პირების ფრანკფურტში შეხვედრა გადაწყდა. 6 თებერვალს VII ჯგუფის საბოლოო კალენდარი დადგინდა: ჩივაძის ბიჭებისთვის პირველი ოფიციალური მატჩი 1994 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაინიშნა. და ეს ნამდვილად არ იყო ცუდი არჩევანი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მთელი მოსამზადებელი ეტაპი კალენდრის გათვალისწინებით დაგეგმა და ამხანაგური მატჩების გამართვის თითქმის ყველა შანსი გამოიყენა. ივლისში, მალტასთან თბილისური დაპირისპირების შემდეგ, რომელიც გემახსოვრებათ, ოფიციალური თამაშის გენერალური რეპეტიცია იყო, ნაკრებს ესტონეთშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ მიზეზთა გამო ბალტიისპირეთში სტუმრობა ჩაიშალა.

მალტასთან მატჩში ჩივაძემ საქართველოს ჩემპიონზე, თბილისის დინამოს ლიდერებზე გააკეთა აქცენტი და სრულიად სამართლიანად, რადგან დინამომ მეხუთე ეროვნული პირველობა ძალიან შთამბეჭდავად მოიგო. ამას გარდა, კლუბს შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეები, ასევე გიორგი ქინქლაძე და მურთაზ შელია დაუბრუნდნენ, რომლებმაც 1993-1994 წლების სეზონის მეორე ნახევარი თურქეთსა და გერმანიაში გაატარეს.

ლინფილდთან ამბების შემდეგ ევროსარბიელიდან დისკვალიფიცირებული დინამო უეფამ გაზაფხულზე კი შეიწყალა, მაგრამ 1994-1995 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებში მხოლოდ უეფას თასზე თამაშის უფლება დართო. გივი ნოდიას კლუბმა ივლის-აგვისტოში ჩეხეთსა და გერმანიაში გაიარა ორი შეკრება. ივლისის დასაწყისში გუნდმა ჩეხეთს მიაშურა, სადაც ხუთჯერ ითამაშა, 1 და 3 აგვისტოს კი გერმანულ კლუბებს გაეჯიბრა: ზაარბრიუკენთან ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა (გოჩა ჯამარაული, რევაზ არველაძე), ბოხუმთან პაექრობა კი მეტოქის სასარგებლოდ – 1:2 (ჯამარაული). მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებით იმ წლებში სხვა კლუბი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, ჩივაძე კი თვლიდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

უეფას თასზე პირველი მეტოქის შესახებ დინამომ ჯერ კიდევ გერმანიაში გამგზავრებამდე შეიტყო, ნოდიას გუნდს პირველ მეტოქედ რუმინეთის ქალაქ კრაიოვას კლუბი უნივერსიტატეა შეხვდა.

პირველი თამაში 9 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. რუმინელების წინააღმდეგ დინამომ 60-იანი წლების მსგავსი ფორმით ითამაშა, თეთრ-ლურჯ ზოლებიანი მაისურით, სწორედ იმ ეკიპირებით, რომლის შესახებ კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ რატიანმა ჯერ კიდევ 1993 წლის შემოდგომით ისაუბრა. დინამო ამ ფორმით ჩემპიონთა თასზე, დანიის კოპენჰაგენის წინააღმდეგ უნდა გვეხილა…

საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა უნივერსიტატეასთან საშინაო მატჩი იოლად მოიგო: პირველი გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა 27-ე წუთზე ეფექტური დარტყმით, მეორე ტაიმში კი შოთა არველაძემ პენალტი გამოიყენა.

14 აგვისტოს მეექვსე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და დინამომაც ისეთი სტარტი აიღო, როგორიც ქვეყნის საუკეთესო კლუბს შეეფერებოდა – 10:1 გაანადგურა ყვარლის დურუჯი: შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ, ალექსანდრე იაშვილმა და გოჩა ჯამარაულმა – დუბლები, ერთი გოლი კი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა.

მეორე ტურში, 18 აგვისტოს, ჩემპიონმა ფოთის კოლხეთი 1913 არ დაინდო – 4:0. ამჯერად დუბლი ყაველაშვილმა მიითვალა, ჯამარაული და ქინქლაძე კი თითო ბურთით „დაკმაყოფილდნენ“.

23 აგვისტოს დინამომ უეფას თასის 1/32-ფინალის საგზური გაიფორმა: საპასუხო თამაშშიც დაამარცხა უნივერსიტატეა – 2:1. ყაველაშვილის მიერ მეორე წუთზე გატანილი ბურთი კონსტანტინ პიგულიამ 58-ე წუთზე გაქვითა. 71-ე წუთზე მასპინძლებმა დაწინაურების შანსი მიიღეს, თუმცა კრაიოველთა ლიდერმა გეორგე კრაიოვეანუმ პენალტის ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა, 83-ე წუთზე კი ცნობილი დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა – ქინქლაძემ მეორედ დააწყებინა რუმინელებს ცენტრიდან თამაში, 2:1. მატჩი ასეც დასრულდა.

ახლა დროებით უცხოურ ფეხბურთზე გადავინაცვლებ, რადგან რუმინეთში დინამოს გამარჯვებიდან მეორე დღეს, 24 აგვისტოს, გავრცელდა ცნობა, რომელმაც ყველა იმდღევანდელი ამბავი გადაფარა: ფიფას სადისციპლინო კომიტეტის ცამეტმა წევრმა, ციურიხში გამართულ სხდომაზე, დიეგო არმანდო მარადონას შესახებ იმსჯელა და მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიგერიასთან მატჩის შემდეგ დისკვალიფიცირებული დიადი ათიანის საბოლოო სასჯელი გამოაცხადა: არგენტინელ გენიოსს თხუთმეტი თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში და თხუთმეტი ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. თხუთმეტი თვის ათვლა 30 ივნისიდან დაიწყო და ბოლო დღედ 1995 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა მარადონას ინტერესების დაცვას შეეცადა, მაგრამ ის სხდომაზე არ დაუშვეს. რაც შეეხება დიეგო არმანდოს, მისი კარიერა, ფაქტიურად, ფიფას ამ გადაწყვეტილებით დასრულდა.

იმავე დღეებში დინამოს მომდევნო ევრომეტოქე გაირკვა – ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ინსბრუკის ტიროლი, 27 აგვისტოს კი ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების შეკრებაც დაიწყო. დინამომ პირველი ქულები დაკარგა – ქუთაისში 1:1 ითამაშა ტორპედოსთან, ქინქლაძის გოლი ჩხაბერიძემ პენალტით გაქვითა.

სამი ტურის შემდეგ ჩემპიონმა, სამტრედიამ, შევარდენი 1906-მა და ტორპედომ შვიდ-შვიდი ქულა მოაგროვეს, ლიდერად კი ბათუმი მოგვევლინა, რომელმაც პირველი სამი თამაში მოიგო: ოდიშთან (3:0), თერჯოლის საპოვნელასთან (3:0) და სამგურალთან (6:1). ზღვისპირელთა ლიდერი იმ მატჩებში პაატა მაჭუტაძე გახლდათ, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა – ზუგდიდელებს დუბლი შეუსრულა, წყალტუბოელებთან კი პოკერი მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ მოლდოვის ნაკრებთან ისტორიული მატჩისთვის ჩვიდმეტ მოთამაშეს უხმო, მათგან თორმეტი თბილისის დინამოელი გახლდათ:

მეკარეები: ირაკლი ზოიძე (დინამო), აკაკი დევაძე (თბილისის შევარდენი 1906)

მცველები: მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ნემსაძე, ზაზა რევიშვილი (ყველა დინამო), კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), გიორგი ჩიხრაძე (შეპეტოვკის ტემპი, უკრაინა)

ნახევარმცველები: რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, გელა ინალიშვილი (ყველა დინამო), კახი გოგიჩაიშვილი (სამტრედია)

თავდამსხმელები: შოთა და არჩილ არველაძეები, მიხეილ ყაველაშვილი (სამივე დინამო), გია გურული (დანკირკი, საფრანგეთი).

ჩივაძის შემდეგ შოთა ჭეიშვილმაც დაასახელა ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვეულები. მისი გუნდი მოლდოველ თანატოლებთან თამაშისთვის წყალტუბოში ემზადებოდა, ამ გუნდის მხარდამხარ კი 18-წლამდელებიც ვარჯიშობდნენ. ჭეიშვილის და მისი თანაშემწეების, ვახტანგ კოპალეიშვილის და ელგუჯა გუგუშვილის რჩეულთა სია ასეთი იყო:

მეკარეები: დავით ჯანელიძე (თბილისის მრეტები), დავით გვარამაძე (თელავის კახეთი)

მინდვრის მოთამაშეები: დავით ჭიჭვეიშვილი, ზვიად პაპიძე, გიორგი ღუდუშაური, დავით კარიაული, გურამ ასპინძელაშვილი (ყველა თბილისის ანცი), ალექსანდრე რეხვიაშვილი, მამუკა ბუცურეიშვილი, ხვიჩა ხართიშვილი (სამივე ლანჩხუთის გურია), ზვიად ჯელაძე, რომეო გოგიტაძე (ორივე სამტრედია), გიორგი კიკნაძე, გიორგი ანჩაბაძე (ორივე დინამო), ხვიჩა შუბითიძე, მამია ჯიქია (ორივე შევარდენი 1906), ალექსანდრე ბურნაძე (რუსთავის მეტალურგი), ამირან მუჯირი (ბათუმი).

და ბარემ 18-წლამდელთა ნაკრებიც ვახსენოთ, რომელსაც იმ დროს ნიკა ამირეჯიბი წვრთნიდა თენგიზ სულაქველიძესთან და თენგიზ კაციასთან ერთად. წყალტუბოში შეკრების პერიოდში 18-წლამდელებმა სამჯერ ითამაშეს: ალექსანდრე იაშვილის დუბლით და გიორგი დემეტრაძის გოლით 3:1 დაამარცხეს სამგურალი, ქუთაისის ტორპედოს დათო ხეთეშვილის და მიხეილ საჯაიას გოლებით 2:0 სძლიეს, 31 აგვისტოს კი 0:2 დამარცხდნენ ოლიმპიურ ნაკრებთან, გოლები რეხვიაშვილმა და ჭიჭვეიშვილმა გაიტანეს.

18-წლამდელთა ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

მეკარეები: სერგო ჭურაძე (დინამო), დავით ასლანაძე (მრეტები)

მინდვრის მოთამაშეები: ირაკლი ხუჯაძე, დათო ელისაშვილი, ვლადიმერ ღუდუშაური, კახი კალაძე, დათო ხეთეშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, სერგო გულიაშვილი (ყველა დინამო), მიხეილ საჯაია, ბესო შენგელია (ორივე მრეტები), ლევან კობიაშვილი (მეტალურგი), ალექსანდრე ბოჭორიშვილი (ყვარლის დურუჯი), გიორგი რევაზიშვილი (გორის დილა), ლავრენტი გაგუა (ხაშურის ივერია), დავით დათვაძე (შევარდენი 1906).

მოლდოვის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები თბილისში 5 სექტემბერს ჩამოფრინდნენ. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იონ კარასმა სარბიელის კორესპონდენტის, მამუკა კვარაცხელიას კითხვას, თბილისში რას გეგმავთო, უპასუხა:

„პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რეალისტი გახლავართ და ვიცი, რომ მძიმე თამაში გველის, ძალიან მძიმე! თქვენები ფავორიტები არიან. ქართველები მუდამ ძლიერნი იყავით თავდასხმაში, მაგრამ თქვენი აქილევსის ქუსლი დაცვა იყო. როგორც შევიტყვე, ახლა დაცვაც გაგიძლიერებიათ. ძნელი იქნება თქვენთან ჭიდილი“.

რაც შეეხება სტუმართა კაპიტანს, ნაკრების ყველაზე ასაკოვან წევრს ალექსანდრე სპირიდონს (კიშინიოვის ზიმბრუს გუნდისთავი 34 წლის გახლდათ), მან ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ თქვა: „საქართველოში ქართველები გაიმარჯვებენ, მოლდოვაში კი, ვფიქრობ, ფრე იქნება“.

ეროვნული გუნდის მესვეურთა გადაწყვეტილებით, სექტემბერში დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი თითქმის ყველასთვის დაიხურა, პირველ რიგში კი ჟურნალისტებისთვის. გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა – მთავარი მწვრთნელი სრულ კონცენტრაციას ითხოვდა, გულშემატკივრები კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას, თანაც დიდი ანგარიშით.

შემოდგომის საერთაშორისო სპორტული კვირეული ხელბურთელებმა „გახსნეს“ 3 სექტემბერს: თასების მფლობელთა თასის შესარჩევ ეტაპზე თბილისის მამულმა ბაქოს უმუდს უმასპინძლა და 40:20 გაიმარჯვა. 6 სექტემბერს საკალათბურთო კლუბი თბილისი კორაჩის თასის შესარჩევ ეტაპზე ვილნიუსის სტატიბას დაუხვდა. ლიეტუველები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ – 85:110.

საკალათბურთო მატჩის შემდეგ კი შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრების დრო დადგა, მოლდოვასთან ისტორიული თამაშისთვის გუნდი ასეთი შემადგენლობით გავიდა მინდორზე: დავით ჯანელიძე, რომეო გოგიტაძე, ალექსანდრე ბურნაძე, ზვიად პაპიძე, მამუკა ბუცურეიშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი ღუდუშაური, ამირან მუჯირი, დავით ჭიჭვეიშვილი, გიორგი ანჩაბაძე, ხვიჩა შუბითიძე.

როცა უკრაინელმა არბიტრმა პიანიხმა პირველი ტაიმი დაასრულა, ტაბლოზე 3:0 ენთო მასპინძლების სასარგებლოდ. 21-ე წუთზე გიორგი ღუდუშაურმა გახსნა ანგარიში: დასწრებაზე ყველას აჯობა და ხვიჩა შუბითიძის დარტყმულ და მეკარის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს კარში მიუჩინა ადგილი; 31-ე წუთისთვის ღუდუშაურის აქტივში დუბლი იყო: ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, კიკნაძეს გაუთამაშა ბურთი და მეკარეს პოზიციური შეცდომა არ აპატია; 38-ე წუთზე კი ჭიჭვეიშვილის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გამოიყენა გიორგი ანჩაბაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი სიმბოლური პრიზით გიორგი ღუდუშაური დააჯილდოვა.

მეორე დღეს სპორტის სასახლემ კიდევ ერთ საერთაშორისო საკალათბურთო მატჩს უმასპინძლა: იმ წლებში ძალიან პოპულარულმა თბილისის კაქტუსმა კორაჩის თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში სამარის ეარ ფორჟესს უმასპინძლა და ვახტანგ ნაცვლიშვილის და ირაკლი ხოშტარიას მშვენიერი თამაშით 81:62 სძლია რუს მეტოქეს.

ამ გამარჯვებით გახარებულმა გულშემატკივრებმა საბურთალოდან დიდუბეში გადაინაცვლეს ფეხბურთელების კიდევ ერთი მოგების იმედად, მაგრამ რაც იმ საღამოს ეროვნულ სტადიონზე მოხდა, იმას დიდი იმედგაცრუება თუ ეთქმის.

ისტორიული თამაში საქართველოს დროით 19:30 საათზე დაიწყო. ჩივაძემ ასეთი ტაქტიკური განლაგება აირჩია: 3-1-3-3. ირაკლი ზოიძის კარის დაცვა გიორგი ნემსაძეს, გუნდის კაპიტან კახი ცხადაძეს და მურთაზ შელიას დაევალათ, დანარჩენები კი უკანმოუხედავად უტევდნენ. თავად განსაჯეთ:გოჩა ჯამარაული შემტევთა ორი ხაზის უკან მოქმედებდა, მის წინ, ნახევარდაცვაში რევაზ არველაძის, გიორგი  ქინქლაძის და მიხეილ ყაველაშვილის სამეული გამწესდა, შოთა და არჩილ არველაძეები თავდასხმის ფლანგებზე, ხოლო გია გურული მათ უკან, კლასიკურ მეათე ნომრად მოგვევლინა. სადებიუტო მატჩში ჩვენმა გუნდმა ადიდასის ლამაზი ფორმით ითამაშა: თეთრი მაისურები, შავი შორტები, თეთრი გეტრები.

პირველი წუთი: ჯამარაულის პასის შემდეგ ყაველაშვილი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა გოლამდე…

მე-4 წუთი: გურულმა ვერ გამოიყენა გოლის გატანის მშვენიერი შანსი, მომენტი ქინქლაძემ შექმნა…

მე-10 წუთი: ქინქლაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვასილე კოშელევმა ცუდად მოიგერია, მაგრამ არჩილ არველაძემაც არაზუსტად დაამატა – ბურთი კარს გადააცილა…

მე-19 წუთი: რევაზ არველაძე კუთხურს აწვდის, შელია კი თავით ურტყამს. კოშელევი კვლავ ცუდად იგერიებს ბურთს, მაგრამ ყაველაშვილსაც არ გაუმართლა, მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა…

25-ე წუთი: კვლავ ყაველაშვილის შეტევა და დარტყმა. ბურთი მარჯვნიდან აცდა მოლდოველთა კარს…

26-ე წუთი: გურული უტევს მარცხენა ფრთიდან. ბურთი კვლავ მცირე მანძილით ცდება კარს…

27-ე წუთი: არველაძეების კომბინაცია – რეზოს პასის შემდეგ არჩილი საჯარიმოში შერბის, თუმცა მის დარტყმულ ბურთს კოშელევი ფეხით იგერიებს…

38-ე წუთი: ქინქლაძე მარცხნიდან აწვდის საჯარიმოში, გუნდის კაპიტანი ცხადაძე ყველაზე მაღლა ხტება და თავითაც უტევს, მაგრამ კოშელევი საიმედოა…

ერთი-ორჯერ სტუმრებიც გადმოვიდნენ მასპინძელთა ნახევარზე, თუმცა ზოიძე იოლად გაუმკლავდა იერიშებს, მე-40 წუთზე კი ისიც უძლური აღმოჩნდა: ტირასპოლის ტილიგულის ნახევარმცველმა იგორ ოპრეამ შეუჩერებლად, ძლიერად დაარტყა ცაციათი, ბურთი ზოიძისგან მარცხენა დაბალ კუთხეში, ძელთან შევარდა – 0:1.

ტრიბუნებზე დამთრგუნველმა განწყობამ დაისადგურა, თუმცა ყველას სჯერა, რომ ოპრეას გოლი შემთხვევითობაა და მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მალე გუნდები გასახდელიდან გამოდიან, მსაჯი მატჩის განახლებას ბრძანებას, საერთო სურათი კი არ იცვლება, ქართველები თავქუდმოგლეჯილი უტევენ, ხოლო მოლდოველები საჯარიმოდან ვერ გამოდიან:

46-ე წუთი: არჩილ არველაძე საჯარიმოში ეცემა, მაგრამ არბიტრის სასტვენი დუმს…

55-ე წუთი: ყაველაშვილის დარტყმას კვლავ მეკარე ეუფლება…

56-ე წუთი: ორ მცველთან ორთაბრძოლაში შოთა არველაძე კარისკენ დარტყმას ახერხებს…

57-ე წუთი: საჯარიმოში შეჭრილ ყაველაშვილს აშკარად ცელავენ. მსაჯი თამაშის გაგრძელებას ითხოვს…

64-ე წუთი: ქინქლაძის პასის შემდეგ შოთა არველაძე საჯარიმოში შერბის, მეკარესაც ატყუებს, მაგრამ არბიტრი წესის დარღვევას აფიქსირებს(?!), ქართველს ადანაშაულებს და შეტევას აჩერებს…

70-ე წუთი: კვლავ ყაველაშვილის დარტყმა, ისევ კოშელევი…

74-ე წუთი: მოლდოველები შოთას საჯარიმოსთან უხეშად ეთამაშებიან. ჯარიმას ქინქლაძე ასრულებს, ბურთი კარს ცდება…

77-ე წუთი: კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა, რომელიც ამჯერად ყაველაშვილმა შეასრულა. ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, დამატებაზე კი ქინქლაძემ დაასწრო ყველას, მაგრამ კოშელევი უშეცდომოდ თამაშობს…

86-ე წუთი: ქინქლაძის ეფექტური პასის შემდეგ შოთა არველაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის ძელს მოხვდა…

90-ე წუთი: არჩილ არველაძის გადაცემის შემდეგ ჯამარაული საჯარიმოში შერბის, შემდეგ კი ორთაბრძოლისას მინდორზე ეცემა. არბიტრი ანიშნებს, რომ მოლდოველებმა წესის სრული დაცვით ითამაშეს…

თურქი არბიტრის აჰმეთ ჩაქარის სასტვენის ხმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში დასრულდა – 0:1 მეტოქის სასარგებლოდ.

პრესკონფერენციაზე პირველი იონ კარასი მოვიდა:

„ჩვენ დინამოს ორივე მატჩი ვნახეთ კრაიოვას უნივერსიტატეასთან. ვიცოდით, რომ ნაკრების საბაზო გუნდი სწორედ დინამო იყო და ტაქტიკაც ამიტომ ავაგეთ ნანახის მიხედვით…

მეტოქეს შეგნებულად დავუთმეთ ტერიტორია. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრების აყოლა შეტევებსა და ტემპში კარგს არაფერს მოგვიტანდა…

არ ვთვლი, რომ მარცხი ალექსანდრე ჩივაძის ბრალია. უბრალოდ, დღეს თქვენებს ძალიან არ გაუმართლათ“.

ქართველი ჟურნალისტები ნაკრების თავკაცის გამოჩენას ამაოდ ელოდნენ. მის ნაცვლად დარბაზში მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი თანაშემწე ვლადიმერ პანოვი შევიდა. მან თქვა, რომ ჩივაძე შეუძლოდ გახდა:

„უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომ დავისაჯეთ, რაც შეეხება ტაქტიკას, ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო…

მარცხი მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის, დღევანდელი ანგარიში მსაჯების ბრალიცაა…

ვფიქრობ, ბიჭები ანერვიულდნენ სწრაფი გოლი რომ ვერ გაიტანეს…

ფლანგებიდან მეტი უნდა შეგვეტია. თამაშამდე სწორედ ამას ვურჩევდით ფეხბურთელებს…

რატომ არ ითამაშა კახი გოგიჩაიშვილმა? ვერაფერს გეტყვით, მე ხომ მთავარი მწვრთნელი არ ვარ…

გია გურულის შეცვლა არ იგეგმებოდა. მან ფეხი იტკინა და მთელი ძალით თამაში რომ ვერ გააგრძელა, ამიტომ გავიყვანეთ…

ვფიქრობ, გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ასპარეზობით კმაყოფილები დარჩნენ…

ბულგარეთთან მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იქ სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ და დიდი იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევთ“, – ასეთი იყო მისი კომენტარი.

იმ დღეს VII საკვალიფიკაციო ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: ქრის კოულმენის და რაიან გიგზის გოლებით უელსმა კარდიფში 2:0 დაამარცხა ალბანეთი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანმა ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბულგარეთმა კი პირველი შესარჩევი მატჩი 12 ოქტომბერს გამართა სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე: ხრისტო სტოიჩკოვი და კომპანია ქართველებს დაუხვდნენ.

* * *

7 სექტემბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 62 000
საქართველო 0:1 მოლდოვა
გოლი: 0:1 იგორ ოპრეა (40)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, კახი ცხადაძე (კაპ), გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, რევაზ არველაძე (ზაზა რევიშვილი 69), არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გია გურული (გელა ინალიშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მოლდოვა: ვასილე კოშელევი, სერგეი სეკუ, სერგეი ნანი, სერგეი სტროენკო, ვალერიუ პოგორელოვი, ანდრეი სტროენკო (რადუ რებეჟა 54), იგორ ოპრეა, ალექსანდრუ კურტეიანი, სერგეი ბელოუსი, ალექსანდრე სპირიდონი (კაპ) (ვლადიმირ კოსე 81), სერგეი კლეშენკო
მწვრთნელი: იონ კარასი
გაფრთხილება: სერგეი სეკუ, გია გურული, ვასილე კოშელევი, სერგეი სტროენკო, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: აჰმეთ ჩაქარი; მაჰერამ ფირუზბეი, თურგაი გიდი (თურქეთი)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 10 ივლისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 10 ივლისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian