ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 1:1 მალტა
მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი 17 ივლისს დასრულდა. ამერიკის ქალაქ პასადენაში, უშველებელ როუზ ბოულზე შეკრებილმა 94 194-მა მაყურებელმა საფეხბურთო კლასიკად მონათლული ბრაზილიის და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება იხილა. ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გავიდა, სამაგიეროდ, პენალტების სერიაში ისეთი დრამა ვიხილეთ, დღემდე ახსოვს ქომაგებს! ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა შანსი, მათ შორის სამმა იტალიელმა და ფიფას ოქროს თასიც ბრაზილიას დარჩა.
სელესაო მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველად 1970 წლის შემდეგ. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა ბრწყინვალე ფორვარდი რომარიო დასახელდა, იტალიელ ჯადოქარს, „ღვთაებრივ ცხენისკუდად“ წოდებულ რობერტო ბაჯოს ვერცხლის ბურთი ერგო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის, მეოთხე ადგილზე გასული ბულგარეთის ლიდერმა ხრისტო სტოიჩკოვმა რუს ოლეგ სალენკოსთან ერთად გაიყო ბომბარდირის ტიტული, ორივემ ექვს-ექვსი გოლი შეაგდო.
საფეხბურთო სამყარო კიდევ დიდხანს საუბრობდა ამერიკაში გამართულ უდიდეს ტურნირზე, მატჩებს და მოთამაშეებს აფასებდა, რობერტო ბაჯოს მიერ ცაში გატყორცნილ ბურთზე მსჯელობდა, ჩვენი ფეხბურთის მესვეურები და ქომაგები კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულებიდან რამდენიმე საათში მძიმე რეალობას დაუბრუნდნენ. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ითამაშებდა თუ არა ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სადებიუტო შესარჩევი ტურნირის საშინაო მატჩებს თბილისში. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უეფა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ საბოლოო ვერდიქტი 19 ივლისს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე მალტის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშის შემდეგ გამოქვეყნდებოდა.
უეფამ ამხანაგურ თამაშზე დასასწრებად ოფიციალური პირები მოავლინა: სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე რენე ებერლე და ამავე კომისიის წევრი, იმ დროს შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ედგარ ობერტიუფერი. ისინი თბილისს 16 ივლისს, მალტის ნაკრებთან ერთად ესტუმრნენ და თამაშამდე დარჩენილი დრო ოფიციალურ შეხვედრებს დაუთმეს. საკითხის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაში არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებაც დაინტერესებული იყო და ებერლესა და ობერტიუფერს ყველა იმ სამინისტროს თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უმასპინძლა, რომელიც ფედერაციას გვერდში ედგა და ვისი ნახვაც სტუმრებმა ისურვეს.
რაც შეეხება მალტის ნაკრებს: კუნძულელებმა „კავკასიური ტურნე“ მოაწყვეს და ჩვენთან სტუმრობამდე სომხეთის დედაქალაქში ითამაშეს. ერევანში, ჰრაზდანზე 16 ივლისს გამართული მატჩი მასპინძელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ბედი ყველას აღელვებდა, მათ შორის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებსაც და არცაა გასაკვირი, რომ მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა უცხოელის აზრით დაინტერესდნენ.
მალტელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა პიეტრო გედინიმ გაზეთ სარბიელის ჟურნალისტის მამუკა კვარაცხელიას შეკითხვაზე, იყო თუ არა თბილისი საერთაშორისო მატჩებისთვის მზად, ასე უპასუხა:
„თბილისმა ძალზედ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სტუმართმოყვარე და ლამაზი ქალაქია. მე რომ ვიყო უეფას წარმომადგენელი, უყოყმანოდ დავრთავდი ნებას საქართველოს ნაკრებს, რომ საშინაო მატჩები თბილისში ჩაატაროს“.
ეს თამაში ჩვენი ეროვნული გუნდისთვის მეცამეტე საერთაშორისო შეხვედრა იყო, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მესამე საშინაო მატჩი და მეორე – თბილისში, ეროვნულ სტადიონზე. იმ წლებში ქვეყნის მთავარი გუნდი, მეტწილად, მეტოქეთა მოედნებზე თამაშს ამჯობინებდა, რადგან უცხოელები ჩვენთან ჩამოსვლას უარობდნენ.
ალექსანდრე ჩივაძემ მალტელთა წინააღმდეგ ლეგიონერები ვერ დაიხმარა. უცხოეთში მოთამაშეები კი არა, იმ დღეს რეალურად მხოლოდ თბილისის დინამომ ითამაშა, რომელსაც მხოლოდ შევარდენი 1906-ის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯიშკარიანი და ბათუმელი თემურ ტუღუში დაეხმარნენ, ეს უკანასკნელი მხოლოდ შესვენების შემდეგ.
და რადგან ეს იშვიათი ფაქტია ჩვენი ნაკრების ისტორიაში, ცალკე უნდა აღვნიშნო: 1994 წლის 19 ივლისს საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდის ძირითად შემადგენლობაში თბილისის დინამოდან ერთდროულად ცხრა(!) ფეხბურთელმა ითამაშა, შეცვლაზე შესულების ჩათვლით კი თერთმეტმა!
მეტოქის სათამაშო დონის გათვალისწინებით, ქართველი გულშემატკივრები იოლ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ეგ კი არა, ბოლო წუთებზე ირაკლი ზოიძეს რომ არ ეყოჩაღა, შესაძლოა, მალტელებს გაეხარათ. სხვათა შორის პიეტრო გედინიმ, როცა ჰკითხეს თუ ვინ მოეწონა მეტოქე გუნდის შემადგენლობაში, პირველად სწორედ ზოიძე დაასახელა, შემდეგ კი მე-10 ნომერი (გიორგი ქინქლაძე), ნომერი 8 (გოჩა ჯამარაული) და ნომერი 6 (რევაზ არველაძე).
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ზედიზედ მეორედ უკაპიტნა გოჩა ჯამარაულმა, თეთრი მაისურებით და გეტრებით და შავი შორტებით ითამაშა. მალტა ტრადიციული ფორმით გავიდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე: წითელი მაისური და გეტრები და თეთრი შორტები.
საწყის წუთებში ქართველები აქტიურობდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა რევაზ და შოთა არველაძეების და გიორგი ქინქლაძის სამეული, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს: მალტა 33-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდა.
გიორგი ნემსაძემ ნიკი სალიბა წააქცია და შვეიცარიელი არბიტრისგან, ურს მაიერისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სტანდარტული მდგომარეობა მაიკლ სპიტერიმ შეასრულა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ერთ-ერთ ქართველს მოხვდა და მიმართულებაშეცვლილი შევარდა კარში, 0:1. გიორგი ნემსაძეზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ იმ დღეს მან მეთერთმეტედ მოირგო ნაკრების მაისური და გახდა პირველი, რომელმაც ათმატჩიან ნიშნულს გადააბიჯა.
ორ სიტყვას ურს მაიერზეც დავწერ. მან მცირე ხნით ადრე მიიღო ფიფას არბიტრის სტატუსი და ეს შეხვედრა მისთვისაც ერთგვარი გამოცდა იყო. შვეიცარიელმა შემდგომში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე იმსაჯა, 2002 წელს კი მადრიდის რეალსა და ლევერკუზენის ბაიერს შორის გათამაშებული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ანდეს. სხვათა შორის, ურს მაიერმა თბილისში ქართველი კოლეგის, თამაზ ლაცაბიძის ფორმით იმსაჯა, რადგან ბარგი გზაში დაეკარგა…
საქართველოს ნაკრებმა მალე გაათანაბრა ანგარიში: საჯარიმოში შეჭრილი შოთა არველაძე ჯო კამილერიმ მოცელა, რასაც პენალტი მოჰყვა. ბურთთან თავად შოთა მივიდა და ზუსტადაც დაარტყა. ზედიზედ ორი გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ (ზაზა რევიშვილი ისრაელთან და რევაზ არველაძე პალმეირასთან) ქართველებმა პენალტი გოლად აქციეს – 1:1.
შესვენების შემდეგ თემურ ტუღუში არჩილ არველაძემ შეცვალა, გელა ინალიშვილის ნაცვლად კი მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა. მათ ჩვენი გუნდის შეტევებს მეტი ძალა შემატეს, მაგრამ დავიდ კლუეტის კარში გოლი აღარ გასულა.
„ლეგიონერებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ამ თამაშზე არმოწვევა მათივე გეგმებიდან გამომდინარეობს, ისინი ხომ საკლუბო სეზონისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, კარსმომდგარ შესარჩევში ყველა მათგანის იმედი მაქვს…
ნაკრების ბირთვი თბილისის დინამოა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გუნდის კარი ყველასთვის ღიაა…
მოლდოვასთან მატჩამდე აღარ ვითამაშებთ, თუმცა ათ-თორმეტდღიანი შეკრება გვექნება და საბოლოოდ მაშინ გამოიკვეთება ბევრი რამ“, – ასეთი იყო ალექსანდრე ჩივაძის კომენტარი.
უეფას წარმომადგენლებმა თამაშის შეფასებისგან თავი შეიკავეს. რენე ებერლემ მხოლოდ ის თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში გაცხადდებოდა.
მათგან განსხვავებით საინტერესოდ ისაუბრა კიდევ ერთმა სტუმარმა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სმიტმა, რომელმაც სამთავრობო ლოჟიდან მიადევნა თვალი ამხანაგურ შეხვედრას.
სარბიელის ჟურნალისტთან, ზურაბ მეძველიასთან ინტერვიუში, სმიტმა თქვა:
„ქართულ ფეხბურთზე ბევრი მსმენია და ამიტომაც ვარ დღეს აქ. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, თუმცა ფეხბურთელების ტექნიკური მომზადება დიდად აღემატება ტაქტიკურს. დღევანდელ შეხვედრაში თქვენს მე-6 ნომერს, რეზო არველაძეს გამოვყოფ…
უეფას დამკვირვებლების რა მოგახსენოთ, მე კი ყველაფერი მომეწონა: თამაშიც, სტადიონიც და ამინდიც. კარგი იქნება თუ 16 ნოემბერსაც ასეთი წვიმა იქნება“.
მეძველიას კითხვაზე, თქვენ რომ უბრალო გულშემატკივარი იყოთ, საქართველო-უელსის მატჩზე რომელი გუნდის სასარგებლოდ დადებდით სანაძლეოსო, სმიტმა უპასუხა:
„უელსის ნაკრები კარგი გუნდია, მართლაც კარგი! ამას იმიტომ როდი ვამბობ, რომ მე მისი მწვრთნელი ვარ. ვთვლი, რომ უელსი მოიგებს, თუმცა თქვენი ნაკრები ნაღდად არაა ისეთი გუნდი, მის წინააღმდეგ უეჭველი სანაძლეო რომ დადო“.
მალტასთან ამხანაგურით უეფას წარმომადგენლები, როგორც ჩანს, კმაყოფილები დარჩნენ და რადგან ევროპული ფეხბურთის მამებმა მალე თბილისს „მწვანე შუქი აუნთეს“.
ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისა არ იყოს, მაიკ სმიტსაც აუხდა სურვილი: 16 ნოემბერს, როცა მისი გუნდი საქართველოს ეწვია, თბილისში იწვიმა, თუმცა ბრიტანელ სპეციალისტს პროგნოზი აშკარად არ გაუმართლდა. ამაზე თავის დროზე იყოს…
* * *
19 ივლისი, 1994. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 35 200
საქართველო 1:1 მალტა
გოლები: 0:1 მაიკლ სპიტერი (33), 1:1 შოთა არველაძე (37, პენ)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ზაზა რევიშვილი, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი, რევაზ არველაძე, გელა ინალიშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 46), გოჩა ჯამარაული (კაპ), თემურ ტუღუში (არჩილ არველაძე 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მალტა: დავიდ კლუეტი, სილვიო ველა, რიჩარდ ბუაგიერი (ედვინ კამილერი 85), ჯო გალეა, ჯო კამილერი, ჯონ ბუტიგეგი, კარმელ ბუზუტილი (კაპ), ნიკი სალიბა, დავიდ კარაბოტი, ქრის ლაფერლა, მაიკლ სპიტერი (ალექს ბუზუტილი 55, უბერტ სუდა 76)
მწვრთნელი: პიეტრო გედინი (იტალია)
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ჯო კამილერი
მსაჯები: ურს მაიერი; ერნსტ ფელდერი, გუიდო კოდონი (შვეიცარია)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 3 ივლისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 3 ივლისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე