ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 1:1 რუსეთი
თამაშის დღეს, 30 მაისს, სარბიელმა გულშემატკივრებს ტრადიციული რეფერენდუმის შედეგები გააცნო და 1997-1998 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი წარუდგინა – შოთა არველაძე. ამსტერდამის აიაქსის ცენტრფორვარდმა მეორედ მოიგო სარბიელის გამოკითხვა, პირველად 1994 წელს, როცა ნახევარი სეზონი თბილისის დინამოში გაატარა, შემდეგ კი თურქეთის ტრაბზონსპორს მიაშურა.
ნიდერლანდების ჩემპიონის და თასის მფლობელის პირველობას ყველა ელოდა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გატარებული პირველი სეზონი შოთამ 44 ოფიციალურ მატჩში 37 გოლით დაასრულა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დიდი უპირატესობით მოიგო საქართველოს საუკეთესო მოთამაშის წოდება: რეფერენდუმის მონაწილე 47 ჟურნალისტიდან 41-მა ის პირველ ნომრად დაასახელა! არველაძემ 223 ქულა დააგროვა და საგრძნობლად აჯობა მეორე ადგილზე გასულს, წინა გამოკითხვის ტრიუმფატორ თემურ ქეცბაიას (74 ქულა). შვეიცარიის ჩემპიონი გიორგი ნემსაძე 41 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
„პირველობა მოულოდნელი არ იყო, ველოდი, თუმცა ამ თემაზე ბევრს, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი. მეგობრები კი ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ… სხვანაირად არ გამიგოთ, მართლა კარგი სეზონი გამომივიდა და აღიარება სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა“ – განაცხადა გამარჯვებულმა სარბიელთან ინტერვიუში, რომელიც იმავე ნომერში დაიბეჭდა.
1998 წელს სარბიელმა პირველად გამოავლინა ეროვნული ჩემპიონატის რჩეულები. თბილისის დინამოს მთავარმა ვარსკვლავმა დავით მუჯირმა ყველაზე მეტი, 104 ქულა მიიღო. მეორე-მესამე ადგილები საქართველოს ვიცე-ჩემპიონებმა, თასის მფლობელმა ბათუმელებმა დაიკავეს: მცველმა გელა შეყილაძემ 74 ქულა დააგროვა, მეკარე ნიკა ტოგონიძემ კი 66.
„აღიარებამ ორმაგად გამახარა, საუკეთესოდ დასახელებამ დიდი სტიმული მომცა. მომავალში ვისურვებ, რომ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გამოვიჩინო თავი და იქაც მივაღწიო მსგავს წარმატებას“, – უთხრა დავით მუჯირმა სარბიელელ მამუკა კვანტალიანს. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რუს თანატოლებთან ამხანაგურ თამაშზეც ისაუბრა: „როგორი შეჯიბრიც უნდა იყოს, რუსებთან დაპირისპირებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ისე ვემზადებით, თითქოს ამხანაგური კი არა, უპრინციპულესი თამაში იყოს. მე ვარწმუნებ ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც გორში ჩამოვა და გვიქომაგებს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ, თავს არ დავზოგავთ და უკან არ დავიხევთ“.
გიგლა იმნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსებს გორში უმასპინძლა და ისევე როგორც ერთი წლით ადრე, კვლავ დაამარცხა, ამჯერად 2:1.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა დავით მუჯირმა დააწინაურა დიდებული გოლით, რაც მამუკა კვანტალიანსაც არ გამორჩა თამაშის მიმოხილვაში:
„მუჯირი შეუდარებელი გახლდათ. დათომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესოს სახელი კანონიერად მიენიჭა. რუსებმა ჩვენს დირიჟორს ვერაფერი მოუხერხეს, ხოლო 35-ე წუთზე მისმა საფირმო, ყუმბარისებურმა დარტყმამ მიზანს უწია. მიშჩუკი ადგილზე გახევდა და ბურთი რომ ბადეში იხილა, მერეღა გაწვა ზურგზე, გამწარებული“ (სარბიელი; 1998 წლის 1 ივნისი).
გორის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა შვიდ ათასამდე გულშემატკივარმა 44-ე წუთზე მეორედ გაიხარა: მუჯირმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ ალექსანდრე იაშვილმა დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა და თავურით მეორე ბურთი შეაგდო – 2:0. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს – 2:1, მაგრამ ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი მოახერხეს. მასპინძლებმაც, რომლებმაც თამაში ექვსი ცვლილებით ჩაამთავრეს, მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცები და ფეხბურთელები კი ამბობდნენ, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო, მაგრამ ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ რუსებთან მატჩს ამხანაგური პირობითად ერქვა. როგორც უნდა გეცადა, პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლიდი. ამის ნათელი დასტურია დათო ტურაშვილის მცირე ჩანახატი – „აჰა, დიდგორი!“, რომელიც სარბიელში მატჩის დღეს, 30 მაისს დაიბეჭდა:
„არ მინდა დავემსგავსო ლევან სანიკიძეს, თორემ მეც შევძლებდი ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ყველა იმ ტკივილის, სისხლისა თუ შეურაცხყოფის ჩამოთვლას, რაც საქართველომ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე რუსეთისგან დაპყრობის გამო იწვნია.
ამიტომ ვიტყვი მოკლედ: დღეს თქვენ წინააღმდეგ ითამაშებს თქვენი სამშობლოს დაუძინებელი, უბოროტესი, უსასტიკესი მტერი – ყველაზე დაუნდობელი და სისხლიანი მტერი, რაც კი საქართველოს ჰყოლია.
საქართველოს ისტორია ათასწლეულებს ითვლის და თქვენ სწორედ იმ ჯიშისა ხართ, იმ ათასწლეულებს რომ გაუძლო ყველაფრის მიუხედავად და თქვენ, ძველი იბერიელებისა და კოლხების ჩამომავალთ, უბრალოდ არ გაქვთ დამარცხების უფლება.
დღეს თქვენ ისევე უნდა დადგეთ, როგორც ქართველი მორაგბეები ათი დღის წინ და არ დაიჯეროთ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა.
ტოტლებენიც ამხანაგი ეგონა ერეკლე მეფეს და ჩვენ ხელისუფლებასაც მეგობრები ჰგონია რუსები. რუსებმა კი მეგობრობა არ იციან, იციან როგორ წაგართვან და გვართმევენ კიდეც…
გვართმევენ ყველაფერს, რის დაპატრონებაც შეუძლიათ და არავინ იცის, როდის მოგიწევთ ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩში გამოსვლა, რადგან ეგ მოედანიც, სადაც უნდა იბრძოლოთ, როგორც არასდროს, სინამდვილეში თქვენი სამშობლოს მიწაა და არა საფეხბურთო მოედანი. თუ რომელიმე თქვენგანი სხვაგვარად ფიქრობს, მოედანზე არგასვლა ჯობს რუსეთთან მარცხს.
რადგან უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ათასობით ქართველის იმედი ხართ, იმ ქართველებისა, ვისაც უჭირს, შია, სწყურია და აყრილი პატივისა და დაკარგული სამშობლოს დაბრუნებაზე ოცნებობს.
მაინც ოცნებობს და მაინც იმედი აქვს, მაინც სჯერა, რომ ჩვენ მოვიგებთ.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
გაიმარჯვებს, რადგან თქვენ ქართველები ხართ!
გთხოვთ“.
პოპულარული მწერლის თხოვნა-მოწოდების მიუხედავად, ეროვნულმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. მაგრამ არც წააგო და დაუმარცხებელი სერიაც რვა შეხვედრამდე გაიზარდა, რაც იმ პერიოდისთვის საუკეთესო შედეგი იყო ნაკრების ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ იმ ფრემ ვინმე გაახარა.
საერთო ჯამში არაფრით გამორჩეული შეხვედრა გამოდგა. მსგავსი თამაში, პირადად მე, მას შემდეგაც ბევრჯერ მინახავს ეროვნულ სტადიონზე, არადა დიდუბეში მეგობრებთან ერთად მიმავალი სხვა მუხტს, სანახაობას და შედეგს ველოდი. ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია თითქოს ყაიმი ორივე გუნდმა საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მხოლოდ ჩემს შთაბეჭდილებას განდობთ. ის აზერბაიჯანელი მსაჯებიც რაღაც ძალიან ხშირად და საეჭვოდ ცდებოდნენ ხან ჩვენს, ხან კი რუსების სასარგებლოდ.
ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით პირველი საშინაო თამაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თვრამეტ საათზე დაიწყო. სტადიონზე მისულს ყველაზე ძალიან ის მესიამოვნა, რომ ტრიბუნები თითქმის ბოლომდე შეივსო, ამხანაგური მატჩის სანახავად სამოცდაათ ათასზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა! რამდენიმე დღის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაიჩივლებს: ტრიბუნები კი გაივსო, მაგრამ მხოლოდ ოცდაერთი ათასი ბილეთი გაიყიდა, დანარჩენები უბილეთოდ შეძვრნენ და ამის გამო ძალიან ვიზარალეთ, მატჩის ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯი, ორმოცი ათასი ლარი, სრულად ვერ ამოვიღეთო…
ნომერი ექვსი… ზაზა ჯანაშია! – როცა სტადიონის დიქტორმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, ყველაზე მეტად მოსკოვის ლოკომოტივის ფორვარდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, შეურთდა ნაკრებს, მაგრამ ვლადიმერ გუცაევი პირველი წუთიდან თუ შეუშვებდა მინდორზე, არ მეგონა.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ უკანასკნელ ვარჯიშზე თემურ ქეცბაია შეუძლოდ გახდა, წვრთნა შეწყვიტა, მერე კი, მაღალი ტემპერატურის გამო, შეკრებასაც გამოაკლდა. როგორც ჩანს, გუცაევმა მხოლოდ ამის შემდეგ გაამწესა ძირითადში ჯანაშია.
მწვრთნელმა ახალწვეული შოთა არველაძეს შეუწყვილა, დანარჩენები კი ასე გაანაწილა: კარში ნიკა ტოგონიძე დაბრუნდა; დაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე და გოგა გახოკიძე დადგნენ; მათ წინ გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ითამაშა, ხოლო ნახევარდაცვის სამეულში ლევან კობიაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და გიორგი ქინქლაძემ. ჩვენმა გუნდმა ადიდასის შინდისფერი მაისურებითა და თეთრი შორტ-გამაშებით ითამაშა, რუსებმა კი ნაიკის წითელი გეტრებით, ლურჯი შორტებით და ლურჯით გაწყობილი თეთრი მაისურებით.
რუსების კარს პირველად გიორგი ქინქლაძემ შეუტია: სტუმართა კაპიტანს ვიქტორ ონოპკოს მე-2 წუთზე ფეხებსშუა გაუძვრინა ბურთი, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ლისაბონის ბენფიკის მეკარე სერგეი ოვჩინნიკოვიც იოლად დაეუფლა ბურთს.
ორ წუთში სტუმრები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ – კობიაშვილი-ნემსაძე-გახოკიძის კომბინაცია ამ უკანასკნელის უძლიერესი დარტყმით დასრულდა. ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუფრინა კარის ძელს.
მე-10 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: ჩვენები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნის დროს შეცდნენ, რუსებმა მარტივი კონტრიერიში გაშალეს და იგორ სიმუტენკოვმა წინ გამოსულ ტოგონიძეს ბურთი გადაავლო – 0:1.
მე-16 წუთზე ნემსაძე შესაცვლელი შეიქნა, კაპიტანმა მუხლი იტკინა, თამაში ვეღარ გააგრძელა და სამკლავური კახი ცხადაძეს გადაულოცა. გიორგის ნაცვლად გუცაევმა თბილისის დინამოს მცველი გივი დიდავა ჩართო თამაშში. 1996 წლის დეკემბერში ლიბანში გამართულ ორ უცნაურ და არაფრისმომცემ მატჩს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ეს დიდავას დებიუტი იყო ეროვნულ ნაკრებში.
ნემსაძის დონის მოთამაშის ნაადრევად გამოკლება ნამდვილად პრობლემა იყო, თუმცა დიდავამ ჩინებულად შეცვალა გამოცდილი თანაგუნდელი, ბიჭებმა კი მალე საპასუხო გოლიც გაიტანეს: გახოკიძემ რუსების შეტევა ჩაჭრა და ბურთი ქინქლაძეს დაუგორა, მან შოთა მოძებნა, რომელმაც ჯანაშიას გადააწოდა. ეროვნული გუნდის ძირითადში გამოჩენა 22 წლის ფორვარდმა გოლით აღნიშნა – 1:1.
ორ წუთში ზაზამ კვლავ დიდებულად ითამაშა, ეფექტურად ჩამოიტოვა იური კოვტუნი და იგორ ჩუგაინოვი, ბურთი შოთას დაუგორა, თუმცა მას წამით დაასწრეს. კიდევ რამდენიმე წამში ქინქლაძის მეორე დარტყმა ვიხილეთ. ოვჩინნიკოვმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.
29-ე წუთზე ტოგონიძემ ერთხელაც დაადასტურა, რომ ბრწყინვალე ფორმაში იყო – ცხადაძე-სილაგაძის წყვილი უხეშად შეცდა, ბურთი ვლადიმირ ბესჩასტნიხს მიუვიდა, თუმცა მან მეკარეს ვერ აჯობა, ნიკამ ძალიან სახიფათო თავური დარტყმა მოიგერია. როგორც ასეთ მომენტებში იტყვიან ხოლმე, ბათუმელმა გოლკიპერმა კარი გოლისგან იხსნა.
შესვენების შემდეგ სამივე სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს. პირველად შოთას არ გაუმართლა – სტუმართა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა, წამში ტაჰირ სულეიმანოვმა საჯარიმოში ჯანაშიას წინააღმდეგ წესების აშკარა დარღვევა ვერ ან არ დაინახა – თავდამსხმელი კოვტუნმა წააქცია, უკანასკნელ წუთებში კი ოვჩინნიკოვმა არც ცქიტიშვილი გაახარა, მორიგი რთული დარტყმა მოიგერია.
თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დიქტორმა საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გვამცნო: სტუმართა შორის კაპიტანი ვიქტორ ონოპკო გამოარჩიეს, ქართველებიდან კი გოჩა ჯამარაული.
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა პრესკონფერენცია ასე დაიწყო: „მსურს მადლობა გადავუხადო ვლადიმერ გუცაევს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლებმაც საშუალება მოგვცეს ისევ გვეთამაშა თბილისში, სავსე ტრიბუნების წინ. ასეთი მატჩი შემთხვევითობა კი არა, ტრადიცია უნდა იყოს“. ამის შემდეგ მან ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და მალე დატოვა დარბაზი, გუცაევი კი დიდხანს გაჩერდა:
„თავდაცვითი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ზოგი ფეხბურთელი ჩვენს მიერ მიჩენილ პოზიციაზე არ ჩამოდიოდა, საკუთარ ადგილს დროზე არ იკავებდა. მაგალითად გელა შეყილაძე, თუმცა მეორე ტაიმში მან შეცდომები გამოასწორა. ვერც ჯამარაულმა და ვერც გახოკიძემ ითამაშეს დაცვაში კარგად, მათ ხომ მთლიანი ფლანგების კონტროლი დავავალეთ…
ხელოვნურ თამაშგარეს ბიჭები ჩვენი მითითებით ასრულებდნენ. ტაქტიკურ სქემას აუცილებლად დავხვეწთ. ჩვენ თამაშგარეს ხელოვნურად შექმნაც უნდა ვისწავლოთ და სხვა სტანდარტული მდგომარეობების შესრულებაც…
რაც შეეხება გიორგი ნემსაძეს, ტრავმა სერიოზულია, მუხლის არეში აქვს ტკივილები. აღდგენას ორი-სამი დღე დასჭირდება და მერე უფრო კარგად გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ტრავმა…
ჯანაშიას რომ არ ვეძახდით, ეს განზრახ იყო. გვსურდა გაბრაზებულიყო და მერე მთელი ძალით ეთამაშა. დღეს ბევრი იბრძოლა, გოლიც გაიტანა, ბოლოს კი დაიღალა, მაგრამ ეს არაფერი. ისიც ჩვენი გუნდის წევრია, ისევე როგორც ყაველაშვილი და ფოცხვერია. მის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ გაგვაჩნია…
მსაჯობაზე ლაპარაკი არ მჩვევია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, ჯანაშიაზე კი ნაღდი პენალტი არ დაინიშნა“.
პრესკონფერენციის მიწურულს ვლადიმერ გუცაევმა კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრის შესახებ თქვა, 12 აგვისტოს აზერბაიჯანში, 19 აგვისტოს კი უკრაინაში ვითამაშებთო. მან ისიც დასძინა, რომ სამეზობლოში გუნდი სათადარიგო შემადგენლობით გაემგზავრებოდა, მხოლოდ ორ-სამ ლეგიონერს თუ უხმობდა, სხვებს კი მხოლოდ უკრაინასთან მატჩისთვის მიიწვევდა.
ფეხბურთელები მორაგბეები არ არიან – ასე დაასათაურა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა გაზეთმა საქართველოს სპორტმა თამაშის მიმოხილვა. გემახსოვრებათ, ქართველი და რუსი ფეხბურთელების დაპირისპირებამდე ზუსტად ათი დღით ადრე, 20 მაისს, ეროვნულ სტადიონზე ჩვენებმა რუს მორაგბეებს უმასპინძლეს. პირველი ნახევარი 6:6 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი მალხაზ ურჯუკაშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა და ბორჯღალოსნებმაც 12:6 გაიმარჯვეს. საქართველოს სპორტის პირველ გვერდზე დაბეჭდილ სარედაქციო წერილში ამ სიტყვებსაც ამოიკითხავდით:
„ფეხბურთელები მორაგბეები არ არიან და ცხადია, ვერც იქნებიან, მაგრამ ამ სათაურით იმის თქმა გვსურს, რომ ფეხბურთელებს სწორედ ის აკლიათ, რაც მორაგბეებს მოჭარბებულად აქვთ: თამაშის, ბრძოლის ჟინი! და კიდევ იმის შეგრძნება, რომ მათ გამარჯვებას, კონკრეტულ თამაშში ამა თუ იმ მეტოქის დამარცხებაზე მეტი მნიშვნელობა აქვს.
ათასჯერ თქმულა, რომ – ქართველ ფეხბურთელებს დიდი პოტენცია აქვთ, მაგრამ გამოუცდელობისა და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, მის რეალიზაციას ვერ ახერხებენო. არ ვიცით რამდენი წელია კიდევ საჭირო ფარული პოტენციალის სრულ გაბრწყინებამდე, მაგრამ, ჯერჯერობით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოველი თამაშის შემდეგ მხოლოდ მომავლის მკრთალი იმედი გვრჩება ხელთ.
ცხადია, ამგვარივე გრძნობა დაგვიტოვა 30 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულმა საქართველო-რუსეთის ამხანაგურმა შეხვედრამაც. ისევ ის ძველი პრობლემები და თითქმის არაფერი ახალი“.
რუსებთან ამხანაგურ მატჩს იმ წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი ჰოკეისტი, ვანკუვერ ქენაქსის სუპერვარსკვლავი პაველ ბურეც დაესწრო. ის საპატიო სტუმართა ლოჟაში გახლდათ დავით ყიფიანის და კახი ასათიანიც გარემოცვაში. საინფორმაციო სააგენტო გეას ჟურნალისტთან ინტერვიუში ბურემ თქვა:
„მე და ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი უახლოესი მეგობრები ვართ. ალბათ იცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის სოსო ყოველ წელს ჩამოდის თბილისში. ამჯერად, რაკი იცოდა, რომ მოსკოვში ვიმყოფებოდი, სოსომ მეც დამპატიჟა. გადავდე საქმეები და სიამოვნებით გამოვეშურე აქეთ. საქართველოში ჩამოსვლა ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. მით უმეტეს, რომ ჩემს ძარღვებში ქართული სისხლიც ჩქეფს, ბებიაჩემი ხომ დედითაც და მამითაც ქართველი იყო, ნამდვილი ქართველი, მე კი წინაპართა სამშობლო თვალითაც კი არ მქონდა ნანახი“.
მეორე დღეს, 31 მაისს, გაზეთმა ალიამ სასტუმრო საქართველოში გამართულ სპეციალურ მიღებაზე სპორტის ჟურნალისტთა გამოკითხვის გამარჯვებულები დაასაჩუქრა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ვლადიმერ გუცაევს ერგო, წლის ლეგიონერად შოთა არველაძე დასახელდა, ახალგაზრდებს შორის კი დავით მუჯირი გამოარჩიეს. მის თანაკლუბელს ლევან ხომერიკს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა, ნომერ პირველ მეკარედ ნიკა ტოგონიძე აღიარეს, ულამაზესი გოლისთვის დაწესებული თასი გიორგი ქინქლაძეს უსახსოვრეს, ხოლო სპეციალური წოდება – ჯენტლმენი, გოჩა ჯამარაულს უბოძეს.
„ბევრი ვიფიქრეთ და ჩვენი ხალხის გასაჭირის გათვალისწინებით, ბილეთის ფასად სამი ლარი დავთქვით. არც ამან გაჭრა. ბევრია სამი? კი ბატონო, მაშ რამდენია მისაღები, ერთი ლარი? ესეც ვერ გადაჭრის პრობლემას, დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა 40 ათასი კაცი უბილეთოდ შევიდა სტადიონზე…
რუსების მიღება-გასტუმრება 40 ათასი ლარი დაგვიჯდა. სტადიონიდან შემოსავლის იმედი გვქონდა, ახლა კი ისე გამოვიდა, რომ წაგებაში დავრჩით. ასეთ დროს გამოსავალი მხოლოდ ერთია: გადმოგვირიცხონ ყოველი თამაშის წინ 50 ათასი ლარი და პირობას გაძლევთ, სტადიონის ყველა შესასვლელი კარი ღია იქნება“, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე რუსებთან გამართული ამხანაგური შეხვედრის ორგანიზებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. რამდენიმე დღეში მან ჟურნალისტებს პრეს-კლუბში უმასპინძლა და ივლისში დაგეგმილ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ერთი ფრაზა:
„მე და ალექსანდრე ჩივაძემ მოვილაპარაკეთ და შემდგომი სამუშაო გეგმაც დავსახეთ. პირობას გაძლევთ, რომ თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც შევთანხმდით და გვსურს, ფედერაციაში აღარც მე ვიმუშავებ და არც ჩივაძე“.
თუ რას გულისხმობდა, ვიცე-პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია. ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს ანდრიაძემ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან და რამდენიმე ფეხბურთელთან ერთი წლის წინანდელი გახმაურებული დაპირისპირებაც გაიხსენა:
„ახლაც იგივეს გავიმეორებ: პოლონეთიდან უკან რომ ვბრუნდებოდით, ზოგიერთი ფეხბურთელი უმსგავსოდ იქცეოდა, ყიფიანს კი წინა სალონიდან გამოსვლა და მათი შეხედვა არ სურდა, თავს იმძინარებდა. მაშინ შეგნებულად დავიხიე უკან, დამნაშავე ფეხბურთელებმა მთხოვეს, სატრანსფერო საქმეები გაგვიფუჭდებაო. მეც გავჩერდი, ხმა აღარ ამომიღია“.
ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნის ამ სიტყვებს აღარავინ გამოხმაურებია. 5 ივნისს გაირკვა, რომ მოსკოვის ტორპედოსთან თბილისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი აღარ გაიმართებოდა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის სათადარიგო შემადგენლობას უნდა ეთამაშა.
9 ივნისს დაიწერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ივნისის ბოლომდე დაასახელებდა ტექნიკურ სპონსორს. სფფ-ს ლოტომ, დიადორამ და ადიდასმა მიმართეს. როგორც მაშინ ითქვა, სამივე წინადადება ხელსაყრელი იყო.
10 ივნისიდან კი ქართული ფეხბურთი, მინიმუმ ერთი თვით, მსოფლიო ჩემპიონატმა დაჩრდილა: სენ დენიში, სტად დე ფრანსზე, ფიფას ოქროს თასის მფლობელი ბრაზილიის და შოტლანდიის თამაშით XVI მუნდიალი გაიხსნა.
* * *
30 მაისი, 1998. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 75 000
საქართველო 1:1 რუსეთი
გოლები: 0:1 იგორ სიმუტენკოვი (11), 1:1 ზაზა ჯანაშია (19, შოთა არველაძის პასით)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, გოგა გახოკიძე (არჩილ არველაძე 75), გიორგი ნემსაძე (კაპ) (გივი დიდავა 16), გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე (ლევან ცქიტიშვილი 82), ზაზა ჯანაშია (დავით ჩალაძე 70), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
რუსეთი: სერგეი ოვჩინნიკოვი, დმიტრი ხლესტოვი, იური კოვტუნი (ალბერტ ბორზენკოვი 61), იგორ ჩუგაინოვი, სერგეი სემაკი (ალექსანდრ გორშკოვი 89), ვიქტორ ონოპკო (კაპ), დმიტრი ალენიჩევი, ევგენი ვარლამოვი (ვლადისლავ რადიმოვი 46), ანდრე ტიხონოვი (არტურ პაგაევი 79), იგორ სიმუტენკოვი (დენის ზუბკო 46), ვლადიმირ ბესჩასტნიხი (ილია ციმბალარი 57)
მწვრთნელი: ბორის იგნატიევი
გაფრთხილება: იგორ ჩუგაინოვი, გივი დიდავა, ნიკა ტოგონიძე, იგორ სიმუტენკოვი, ვიქტორ ონოპკო
მსაჯი: ტაჰირ სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 30 აპრილი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 30 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
