ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 3:0 პოლონეთი
1997 წლის 11 ოქტომბერს, საფრანგეთი 1998-ის უკანასკნელი შესარჩევი მატჩის წინ, თბილისში პოლონეთის ნაკრებთან, სარბიელმა გულშემატკივრებს ამცნო: „დღეს ყიფიანის ბოლო მატჩია ეროვნული გუნდის მწვრთნელის რანგში“.
ამ სათაურით დაიბეჭდა კობა ინასარიძის წერილი პირველ გვერდზე. იტალიასთან თბილისში 0:0-ის და მსოფლიო შესარჩევში პირველი გასვლითი გამარჯვების შემდეგ (1:0 მოლდოვაში) ცოტა თუ იფიქრებდა, რომ პოლონეთთან საშინაო თამაშით დავით ყიფიანი ეროვნულ გუნდს დაემშვიდობებოდა. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი ორ თვეში რეალობად იქცა: წლის დასაწყისში დანიშნული მთავარი მწვრთნელი დეკემბერში გუნდიდან წავიდა.
პოლონეთთან მატჩის წინ კი დავით ყიფიანმა ჟურნალისტებს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა, თუმცა გუნდიდან წასვლის ამბავი მხოლოდ სარბიელელ კობა ინასარიძეს გაანდო. ეს 10 ოქტომბერს მოხდა, ახალგაზრდულ ნაკრებთა თამაშის დღეს, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ვლადიმერ გუცაევის ბიჭების დიდებული გამარჯვებით დასრულდა – 5:1. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაასრულა შესარჩევი ჯგუფი მეორე ადგილზე და უკან მოიტოვა ევროპის ბოლო სამი ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული იტალია, რომელთანაც საკვალიფიკაციოს სტარტზე საშინლად განადგურდა.
მიხეილ აშვეთიამ ორჯერ, ალექსანდრე იაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა და დავით მუჯირმა კი თითოჯერ გაახარეს ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები და ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს.
„10 ოქტომბერს უკანასკნელად ვითამაშებთ ამ შემადგენლობით და მაქსიმალურად ვეცდებით გულშემატკივრებს თავი დავამახსოვროთ“, – თქვა ვლადიმერ გუცაევმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი სიტყვები, რატომღაც, განსაკუთრებით დამამახსოვრდა. სტადიონის პრესლოჟაში მოკალათებულმა პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ გუცაევის გუნდი რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებდა და ასეც მოხდა: ქართველებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს პოლონელი თანატოლები. ამდენი წლის შემდეგაც არ შემცვლია აზრი: პოლონელებთან ეს მატჩი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ისტიორიაში.
მე-16 წუთი: დავით მუჯირის პასის შემდეგ შალვა ხუჯაძემ უძლიერესად დაარტყა. ბურთი პოლონელთა მეკარე ვიშნოვსკიმ კი მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარმა აშვეთიამ სწრაფად დაამატა – 1:0.
35-ე წუთი: მუჯირს მეკარესთან პირისპირ გაჰყავს აშვეთია და ისიც დუბლს ასრულებს – 2:0.
50-ე წუთი: ბაშინსკისთან და პოპეკთან ორთაბრძოლაში ალექსანდრე იაშვილი ბურთს ინარჩუნებს, წამში უძლიერესად ურტყამს და ანგარიში 3:0 ხდება. პოლონელთა თავკაცი პაველ იანასი წონასწორობიდან გამოდის და გაცოფებული მინდორზე შევარდნას ლამობს.
86-ე წუთი: კომბინაცია ლევან ცქიტიშვილმა დაიწყო, ბურთი სეხნია ქებაძეს გადააწოდა, რომელმაც მუჯირი მოძებნა, დათომ კი მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, ცქიტიშვილი მეკარეს შეატოვა და იუბილარმაც მეოთხედ დააწყებინა პოლონელებს ცენტრიდან თამაში – 4:1! ლევანი იმ დღეს ოცდაერთი წლის გახდა.
90-ე წუთი: მუჯირი უდავოდ საუკეთესო იყო, ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ორი შედეგიანი პასიც მიითვალა და სიმბოლურია, რომ მატჩს მან დაუსვა წერტილი, თან დიდებული გოლით! ერთმანეთის მიყოლებით გააბითურა მაგერა და ბაშინსკი, შემდეგ კი მოჭრილი დარტყმით ბურთი თავზე გადაატარა მეკარეს – 5:1!
„ამ გოლმა ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული მომანიჭა, მით უმეტეს, რომ ის ძალიან ლამაზი გამოდგა. დღეს ჩემი თამაში სათუო იყო, მწვრთნელმაც მკითხა, შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას, მაგრამ თამაში მსურდა და მინდოდა ის გარდაცვლილი ბიძის, ზურაბ ვახტანგიშვილის ხსოვნისთვის მიმეძღვნა. მამაჩემმაც მთხოვა მთელი ოთხმოცდაათი წუთი მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. გოლი რომ გავიტანე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა… მგონი, რაც მინდოდა გავაკეთე“, – თქვა თამაშის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა დავით მუჯირმა. არანაკლებ გახარებულები იყვნენ სხვებიც, გამორჩევით კი კაპიტანი გიორგი კიკნაძე, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ვაჟი შეეძინა.
პრესკონფერენციის მიწურულს, როცა ვლადიმერ გუცაევმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ იცით თქვენები ხვალაც რამე მსგავსის მოწყობას ხომ არ აპირებენო. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა მას ასე უპასუხა:
„ეროვნულ გუნდს აუცილებლად სჭირდება ხვალინდელი თამაშის მოგება. ყიფიანის ბიჭებს გულით ვუსურვებ შთამბეჭდავ გამარჯვებას. წარმატება ფსიქოლოგიურად ძალიან წაგვადგება, ამიტომ ვისურვებ, რომ კარგი, ლამაზი თამაშით გავიმარჯვოთ“.
ჟურნალისტებმა მწვრთნელი ტაშით გავაცილეთ. იგივე გავაკეთეთ 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ყიფიანის ბიჭებმაც მძიმე დღეში ჩააგდეს პოლონელები. თუმცა დავაკონკრეტებ: თუ 10 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გვესტუმრა, მეორე დღეს დავით ყიფიანის თანაშემწემ, რევაზ ძოძუაშვილმა უპასუხა ჩვენს კითხვებს და ტაშიც მას ერგო…
პოლონეთის დელეგაცია თბილისს ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, შუადღით ესტუმრა მოლდოვიდან. ოფიციალური სია ზუსტად 101 წევრს ითვლიდა. ორი დღით ადრე თეთრ-წითლებმა ბოლოსწინა შესარჩევი მატჩი გამართეს კიშინიოვში და მოლდოვის დედაქალაქში იოლი გამარჯვებაც იზეიმეს – 3:0. ყველა გოლი ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის საუკეთესო ბომბარდირმა ანჯეი იუსკოვიაკმა გაიტანა.
ბარსელონაში პოლონეთს იანუშ ვუიჩეკი წვრთნიდა. მათ მშვენივრად ითამაშეს და ფინალშიც გავიდნენ, თუმცა „ოქროს მატჩი“ დასანანად წააგეს მასპინძლებთან, 90-ე წუთზე გაუშვეს მესამე გოლი – 2:3. ოლიმპიური თამაშების შემდეგ ვუიჩეკმა ვარშავის ლეგია ჩაიბარა, შემდეგ სამი წელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმუშავა, სადაც ჯერ ადგილობრივ ოლიმპიურ გუნდს, მოგვიანებით კი ორ კლუბს წვრთნიდა. 1997 წლის ზაფხულში კი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დათანხმდა და ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. კიშინიოვური მატჩი მისი ოფიციალური დებიუტი იყო, თბილისში კი მას მეორე თამაში ელოდა მთავარი მწვრთნელის რანგში.
სარბიელელი მერაბ მამულაშვილი სტუმართა მთავარ მწვრთნელს სასტუმრო შერატონ პალასში (მეტეხს მცირე ხნით ადრე შეუცვალეს სახელი) დაბინავების შემდეგ შეხვდა. იანუშ ვუიჩეკმა თქვა:
„მოლდოვაში იოლ გამარჯვებას არ ველოდი და მით უმეტეს, თბილისშიც არ ველი გასეირნებას. ის, რომ თითქოს ქართველებს განადგურებით დავემუქრე, მოგონილია, ასეთი რამ არ მითქვამს. საქართველოს ნაკრებში ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოვიგონეთ, მათთან თამაში გაგვიჭირდება. ჩემი მიზანია იმ ხერხს მივაგნო, რომელიც სასურველ შედეგს მოგვიტანს“.
სტუმართა ეროვნულმა ნაკრებმა იმ საღამოს შევარდენზე ივარჯიშა, ახალგაზრდებმა კი ბორის პაიჭაძის სახელობის სარბიელს მიაშურეს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირჟი კოზინსკი მხოლოდ ვარჯიშის მიწურულს ეწვია ეროვნულ სტადიონს.
მასზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ კოზინსკი, მისდა უნებურად, ერთი სახალისო ამბის მთავარი გმირი გახდა: თბილისის აეროპორტიდან უკვალოდ გაუჩინარდა და გვარიანად ანერვიულა დამხვდურები. სტუმრებმა იფიქრეს რომ ვიცე-პრეზიდენტი ქართველმა კოლეგებმა წაიყვანეს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იცოდნენ კოზინსკის ასავალ-დასავალი.
პოლონელ მაღალჩინოსანს ვერსად რომ მიაგნეს, საქმეში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. სტუმარი მხოლოდ გამთენიისას იპოვეს, საშინლად მთვრალს რუსთაველის პროსპექტზე, თავის ბარგზე გაწოლილს ეძინა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ პან კოზინსკი ჯერ კიდევ თვითმფრინავში შეზარხოშებულა, თბილისში ჩამოსულს კი თავგზა აებნა და…
წლის უკანასკნელი თამაშისთვის ყიფიანის ბიჭები დიღომში, დინამოს ბაზაზე ემზადებოდნენ. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპორტულ მედიას ბაზის ჭიშკარი ორი საათით გაუღო. იმ დღეს ნაკრებმა მხოლოდ დილით ივარჯიშა, შუადღით ბიჭებმა იქვე გამართულ დინამო-მერანი 1991-ის ამხანაგურ შეხვედრას მიადევნეს თვალი, შემდეგ კი მთელი გუნდი ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩს დაესწრო. საღამოს მთავარმა მწვრთნელმა თეორიული მეცადინეობა მოაწყო.
ის, რომ ლევან კობიაშვილი და აკაკი დევაძე პოლონელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებდნენ, 10 ოქტომბერს გაირკვა. ექიმებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ლევანს ტრავმის მოსაშუშებლად მინიმუმ კიდევ ერთი კვირა სჭირდებოდა, დევაძე კი დილის ვარჯიშზე დაშავდა, მუხლი შეიტრიალა.
ფეხი აწუხებდა გუნდის კაპიტანს, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა დაგვაიმედა, რომ საგანგაშო არაფერი იყო და კახი ცხადაძეც მოედანზე გასვლას შეძლებდა.
მატჩის დღეს გიო ახვლედიანმა საავტორო სვეტში „გამოუშვი ჟინი მუჭიდან“ (სარბიელი; 1997 წლის 11 ოქტომბერი) დაწერა:
„მოახლოვდა სეზონის ბოლო სანაკრებო მატჩის საათი. შაბათი დღეა და ფეხბურთიც, როგორც საფეხბურთო საშაბათო წესია ხოლმე, საღამოს პირზე გაიმართება. ამ შეხვედრით დროებით ვეთხოვებით ჩვენ ნაკრებს და, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ გამოზამთრების წინა გამოთხოვება ლამაზი იქნება. სხვაგვარი იმედი არც შეიძლება გვქონდეს.
ჩვენ ისეთი ბრიყვები არ გახლავართ, რომ რაღაც ოცნებებს გამოვეკიდოთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ჩვენივე საყვარელი გუნდის გაქანება-აღმაფრენის ამბავი და მეორეც, ჩვენ თვალწინ გვაქვს მთელი საფეხბურთო წლის სანაკრებო სტატისტიკა, რომელშიც ფეხბურთის უცოდინარი პოლინეზიელიც კი ძალზე ცოტა სანუგეშო რამეს იპოვნის.
მაგრამ ეს ერთი მხარეა, ცივ გონებას რომ დაარქმევენ ხოლმე. მეორე მხარე კი ცხელი გულია. იმ ტალახიან საღამოს შერცხვენილ გუნდს რევანში სწყურია. ძნელია იფიქრო ბევრ გოლზე, მაგრამ ვალდებული ხარ იფიქრო.
ვალდებული ხარ იფიქრო ისეთ გამარჯვებაზე, როგორიც გვჭირდება. ჩვენ, ტრიბუნაზე მსხდომი ხალხი ყველაფერს ვხედავთ და ბევრ რამეს ვხვდებით. ჩვენ იქ ცხელი გულით მივდივართ და გონებას სადღაც მუშტაიდის ახლოში ვტოვებთ. ჩვენ მივხვდებით, დავინახავთ თქვენ გარჯას. ჩვენ არამად არაფერს წამოვიყვირებთ. მთავარია ეს ხანმოკლე გამოთხოვება გამარჯვებით დაგვირგვინდეს.
საქართველოს ნაკრებს უკვე ჩაუწერია ორი-სამი სასახელო ფურცელი თავის ხანმოკლე ისტორიაში. მერე რა, რომ ამ კარგ თამაშებს ჩვენი ნაკრების საცხრილო მდგომარეობაზე დიდი არაფერი გავლენა მოუხდენია. ისინი ფეხბურთელთა და ქომაგთა გულშია ჩაბეჭდილი.
პოლონეთი ბალერონთა გუნდი როდია. ამ გუნდს ვერც სტალინურ პრემიას მიანიჭებდა კაცი. უბრალოდ, პოლონეთი ერთი ევროპული გუნდია, რომელიც არცთუ ლამაზად და შემოქმედებითად, მაგრამ მაინც ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ, პოლონეთი გუნდია, გინდა სუსტი დაუძახე, გინდა საშუალო, გინდა ძლიერი – გუნდია და გუნდურად იბრძვის. ნებისმიერი შემადგენლობით.
ჩვენ კი, იტალიელთა გამწარების შემდეგ, ხმაურის უფლება გვაქვს.
რა იყო მთავარი ამ უგოლო თამაშში? ახლა რომ ვფიქრობ ხმაჩახლეჩილ მალდინიზე და მისი გუნდისგან კარის მშრალად შენახვაზე, ასე მგონია, რომ მთავარი ორი რამ იყო: ფეხბურთელთა თავგანწირვა და საოცარი თანხვედრა მათი გუნება-განწყობისა და ოსტატობისა. ადრეც დავწერე – მწვრთნელი მართალი იყო სათამაშო პრინციპის არჩევისას. თუმცა, თამაშის მიკროსურათებს ჩვენი მხრიდან დახვეწილობა და ვარჯიშზე გამოცდილი ხერხები აკლდა. ნულოვანმა ფრემ გაამართლა, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, საქართველოს ისე რომ დასჭირვებოდა მოგება, როგორც იტალიას?
დღეს ასეთი დღე გვაქვს – მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. რა იქნება მთავარი დღევანდელ ჯახში? ეს მწვრთნელებმა უკეთ იციან და ალბათ, დავთრებიც სავსე აქვთ.
ჩვენის ვიწრო გაგებით კი ის ჟინი, რომელიც იტალიასთან გამოჩნდა, მუჭში უნდა ყოფილიყო დამწყვდეული და სწორედ დღეს, 16 საათსა და 00 წუთზე უნდა გამოუშვან მინდორზე. ეს ტაქტიკისგარეთა ამბავია, მაგრამ ჩვენთვის, ქართველთათვის, ტაქტიკა ხომ ჯერაც არ ქცეულა მთავარ საქმედ.
ჟინი. სურვილი ღირსეულად გამოზამთრებისა – განა რაიმე სჯობს ამას?
პოლონეთიც არაა იტალია. მას არ აქვს მკვეთრი ფერები. ჩვენ კი აღმაფრენის წუთებში გვეხერხება მკვეთრი ფერების დადება მინდორზე.
შემოდგომა ქართველთა დროა. უნდა მოვიგოთ! ჩვენ მოგვენატრა მკვეთრი ფერებით დახაზული მოედანი“.
ვერ გეტყვით წაიკითხეს თუ არა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებმა ეს წერილი, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ სარბიელის მესვეტის სურვილი ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს: მუჭში დაგროვილი ჟინი სრულად გამოუშვეს, ტრიბუნებზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარიც აახმაურეს და ახალგაზრდულის მსგავსად გვარიანად დაჩაგრეს პოლონელები. და გუცაევის ბიჭებივით, მათაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 3:0.
შესვენებამდე გოლი არ გასულა, მაგრამ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ეპიზოდებში კი სახიფათოდაც უტევდნენ. ძალიან აქტიურობდა ნიდერლანდურ ბრედაში მოთამაშე არჩილ არველაძე, რომელმაც სანაკრებო შეკრებამდე ერედივიზიეში როტერდამის ფეიენოორდსაც გაუტანა გოლი. ის, ჩემი აზრით, საუკეთესო იყო ჩვენი გუნდიდან.
ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ჰქონდა მის ტყუპისცალს, თუმცა შოთას თავური დარტყმა ალექსანდერ კლაკმა ეფექტური ნახტომით მოიგერია. ეს მე-20 წუთზე მოხდა.
არჩილის გარჯა 55-ე წუთზე დაფასდა, როცა ძმის პასით გახსნა ანგარიში. შოთამ მარჯვენა ფლანგზე ჩაირბინა და საჯარიმოს მიახლოებულმა ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მდგარ ტყუპისცალს გადააწოდა. მან ცრუმოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და ნახევარბრუნში კლაკს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ბურთი – 1:0!
ხუთ წუთში პოლონელები ათნი დარჩნენ, სლოვაკმა არბიტრმა ლუბოშ მიხელმა მეორედ გააფრთხილა სლავომირ მაიაკი და გააძევა, თამაშის მიწურულს კი მის გზას გაუყენა მიხეილ ყაველაშვილი, ისიც მეორე ყვითელი ბარათით. აქვე დავწერ, რომ რამდენიმე წელიწადში ლუბოშ მიხელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი გახდა და უეფამ 2003 წელს უეფას, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალები ანდო…
63-ე წუთზე ყიფიანმა გოგა გახოკიძე გოჩა ჯამარაულით შეცვალა და ამ უკანასკნელმაც ძალიან მალე საგოლე გადაცემა მიითვალა: საჯარიმოდან ბურთი ცხადაძეს მიაწოდა, კაპიტანმა კი ეფექტური თავურით მეორედ დალაშქრა პოლონელთა კარი – 2:0! ეს ჩვენი გუნდის პირველი თავური გოლი იყო ოფიციალურ მატჩებში.
„ხომ ამბობდნენ მოვიგებთო? ხომ ჩამოვიდნენ გაყოყოჩებულნი? საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა თავაწეულებისთვის დიდი ანგარიშით მოგვეგო“! – თქვა თამაშის შემდეგ კახი ცხადაძემ.
75-ე წუთზე სტუმრებმა მესამედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში და ის გოლი ყველაზე ლამაზ კომბინაციას მოჰყვა: ჯამარაულმა შოთას აუგდო ბურთი, მან წამში, ერთი შეხებით დაუგორა თემურ ქეცბაიას და ნიუკასლ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმაც ნაკრებში ჩატარებული ოცდამეხუთე თამაში ზუსტი დარტყმით აღნიშნა – 3:0.
მატჩის მიწურულს ყიფიანმა არჩილ არველაძე კახი გოგიჩაიშვილით, ხოლო ქეცბაია გიორგი კიკნაძით შეცვალა. ბიჭებს კუთვნილი აპლოდისმენტები ერგოთ. სულ ბოლოს კი იყო მიხელის სასტვენი, რითაც დასრულდა ჩვენი გუნდის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი.
დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა, პოლონეთს მხოლოდ ნაკლები გატანილი გოლით ჩამორჩა. ბიჭებს ერთი ბურთიც რომ გაეტანათ, საქართველო მესამე ადგილზე გავიდოდა.
„ყიფიანმა გუშინ გამოაცხადა გადავდექიო, მაგრამ იმედი მაქვს, დათო და ფედერაცია კომპრომისს გამონახავენ. ის თვლის, რომ გუნდის აღმავლობისთვის მეტია საჭირო და ეს მართალია. მისი წასვლა ახლა, როცა ნაკრები პროგრესს განიცდის, არ შეიძლება“, – ასე დაასრულა რევაზ ძოძუაშვილმა ზემოხსენებული პრესკონფერენცია, რომელსაც ჟურნალისტებზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. სხვა დრო იყო მაშინ, ხდებოდა ასეთი ამბები, მედიისთვის განკუთვნილ დარბაზში შესულებს არავინ აკონტროლებდა…
რაც შეეხება დავით ყიფიანს, ის თამაშამდე დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში საგანგებო პრესკონფერენციას მოაწყობდა და ყველა კითხვას უპასუხებდა.
მან დანაპირები ახალი წლის წინ შეგვისრულა, 26 დეკემბერს გვიმასპინძლა დიღმის ბაზაზე.
იმ დროს მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა: ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ყიფიანის მემკვიდრედ ვლადიმერ გუცაევი 25 დეკემბერს დაამტკიცა.
თუმცა ეს იმ ზამთრის ერთადერთი მთავარი ამბავი არ იყო: ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაკრებში გუცაევის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე, 24 ნოემბერს, დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახი ასათიანმა საგანგებო ბრძანებით უფლებამოსილება შეუჩერა სფფ-ის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს და გენერალურ მდივანს დავით კვინიკაძეს.
ასათიანის ბრძანებიდან ზუსტად ორ თვეში კი, 1998 წლის 24 იანვარს, ქართული ფეხბურთის მმართველი სახლი პრეზიდენტის გარეშე დარჩა. ნოდარ ახალკაცი, ჩვენი ფეხბურთის მთავარი გამარჯვების შემოქმედი, სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ ამბებს მომდევნო წერილში გავიხსენებ.
* * *
11 ოქტომბერი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 15 000
საქართველო 3:0 პოლონეთი
გოლები: 1:0 არჩილ არველაძე (55, შოთა არველაძის პასით), 2:0 კახი ცხადაძე (70, გოჩა ჯამარაულის პასით), 3:0 თემურ ქეცბაია (75, შოთა არველაძის პასით)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია (გიორგი კიკნაძე 88), გოგა გახოკიძე (გოჩა ჯამარაული 63), შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (კახი გოგიჩაიშვილი 82)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
პოლონეთი: ალექსანდერ კლაკი, მარეკ იოზვიაკი, ტომაშ ლაპინსკი, მარეკ კოზმინსკი, პიოტრ სვიერჩევსკი (ადამ ლედვონი 63), ტომაშ ვალდოხი, იერჟი ბრჟეჩეკი (კაპ), სლავომირ მაიაკი, ტომაშ ივანი, რადოსლავ გოლევიჩი (კრშიშტოფ ბუკალსკი 74), ანჯეი იუსკოვიაკი (ცეზარი კუხარსკი 84)
მწვრთნელი: იანუშ ვუიჩეკი
გაფრთხილება: ტომაშ ივანი, ნუგზარ ლობჟანიძე, იერჟი ბრჟეჩეკი, მიხეილ ყაველაშვილი, გოგა გახოკიძე, სლავომირ მაიაკი, გიორგი ნემსაძე, სლავომირ მაიაკი, ტომაშ ლაპინსკი, მიხეილ ყაველაშვილი
გაძევება: სლავომირ მაიაკი (63), მიხეილ ყაველაშვილი (77)
მსაჯები: ლუბოშ მიხელი; რომან ჩაბაი, იგორ შრამკა (სლოვაკეთი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 5 მარტი
ფოტო: ჯემალ კასრაძე / ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2026 წლის 5 მარტს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
