ეროვნული ნაკრების ისტორია: ტუნისი 1:1 საქართველო
მალტაზე მოგებული ისტორიული, პირველი თასის შესახებ 1998 წლის 12 თებერვლის სარბიელში ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ გუცაევის ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით „გუცაევის ახალი ფილოსოფია“. ნაკრების დამრიგებელს ჟურნალისტი კობა ინასარიძე გაესაუბრა.
„მალტიდან მოსკოვისკენ მოვფრინავდით. თვითმფრინავში ნიკა ტოგონიძეს გამოველაპარაკე, ნაკრების მალტურ თამაშებზე ერთმანეთს აზრს ვუზიარებდით. მეგობრული დიალოგი გვქონდა, ტოგონიძემ სრული სერიოზულობით რომ მითხრა, ეს რაღაც სხვანაირი კაცია, ფეხბურთელებთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, გინდა არ გინდა, თუნდაც მარტო მისი ხათრით ითამაშებ, სათქმელს პირდაპირ გეტყვის, გულში არაფერს იტოვებს, ადამიანურად გვეპყრობაო. მერე სხვა ფეხბურთელებმაც იგივე გაიმეორეს, ოღონდ არა გუცაევის გასაგონად, რომელიც ჩვენგან მოშორებით იჯდა.
ფეხბურთელების ნათქვამმა მორიგი ინტერვიუს ხასიათზე მომიყვანა, თანაც საამისო მიზეზი, იცოცხლეთ, მქონდა. გუშინწინ გუცაევმა იმ მწვრთნელის სახელი დაიგდო, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ვერცხლისფერი თასი მოიპოვა.
ლაინერში საუბარი არ მოხერხდა, ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ვნუკოვოს აეროპორტში უკვე დროც გვქონდა, ხალისიც, სასაუბრო თემაც. იქვე მოსაცდელ დარბაზში ჩამოვსხედით და მალტაზე ჩატარებული როთმენსის ტურნირის გარჩევა დავიწყეთ“, – ასეთია იმ ინტერვიუს წინასიტყვაობა.
„მალტის ტრიუმფის ბოლო აკორდი“ და „ბიჭებთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს“ – ასე დაასათაურეს 1998 წლის 13 თებერვალს გაზეთებმა ქართულმა ფეხბურთმა და საქართველოს სპორტმა გუცაევის პრესკონფერენცია. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციაში ერთი დღით ადრე უმასპინძლა:
„მინდა ვთქვა, რომ მალტის ტურნირს საკმაოდ სერიოზულად მივუდექით, ფეხბურთელების საქმისადმი პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ ძალიან გამახარა…
შემუშავებული გვქონდა სამი ტაქტიკური ვარიანტი. ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახა, რომ დაცვაში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ამ რგოლში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვცადეთ, კერძოდ კახი კალაძე, რომელმაც პირველი მატჩი ლიბეროს პოზიციაზე ჩაატარა, მეორე შეხვედრაში კი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანეთ. ასევე გამოვიყენეთ ლევან სილაგაძე მურთაზ შელიასთან დაცვის ცენტრში. ვფიქრობ, მოსაძებნია ფეხბურთელი, რომელიც მარტო მცველის ფუნქციას კი არ შეასრულებს, არამედ ბურთის ამოტანასაც შეძლებს…
მინდა ორი სიტყვით ცალკე ვთქვა გელა შეყილაძეზე. ის პროფესიონალი ფეხბურთელია და ერთნაირი სიძლიერით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში…
მშვენივრად ითამაშა დავით გვარამაძემ. ის მოსკოვში, თანამეგობრობის თასზე ვნახე და იქაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე კმაყოფილი ვარ სილაგაძის ასპარეზობით, კალაძისგან კი უფრო მეტს მოველოდით. იცით, რომ ლობანოვსკის ძალიან დიდი დატვირთვები აქვს და ალბათ, ამის გამოც იყო, რომ კახა გადაღლილი ჩანდა. იმედს ვიტოვებ, რომ კალაძე შეეგუება კიევის დინამოში არსებულ დატვირთვებს და ნაკრების თამაშებში სრულად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს…
ვახტანგ ხვადაგიანმა ბოლო თამაშში თხუთმეტი წუთი დაჰყო მოედანზე, დაცვაში მარცხენა ფლანგზე ვათამაშეთ და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ფეხბურთელია. მას დავაკვირდებით ალანიაში და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ…
მშვენივრად გამოიყურებოდნენ გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია და მიხეილ ყაველაშვილი. მოკლედ, გუნდის თამაშის ხარისხით, ხაზს ვუსვამ – ამ ეტაპზე, კმაყოფილი ვარ. ბიჭებთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს“.
ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთის ნაკრებთან თბილისში ამხანაგური შეხვედრა მაისის მიწურულს გაიმართებოდა, აპრილის ბოლოს კი გუნდი ირანის ოთხთა ტურნირში მიიღებდა მონაწილეობას. გუცაევის თქმით, ირანელები უნგრეთს შეუთანხმდნენ, საქართველოც მიიპატიჟეს და დღე-დღეზე მეოთხე მონაწილესაც დაასახელებდნენ.
თბილისში გამართული პრესკონფერენციიდან ოთხ დღეში ვლადიმერ გუცაევი უკვე ნორვეგიაში იყო და ევრო 2000-ის შესარჩევი ჯგუფის კალენდრის საბოლოო ვარიანტს ათანხმებდა მეტოქე გუნდების ხელმძღვანელებთან. მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა და ყველაფერს ბეჭედი დაესვა – საქართველოს ნაკრები ბელგია-ნიდერლანდებისკენ სავალ გზაზე პირველ ნაბიჯებს 1998 წლის 5 სექტემბერს, თბილისში ალბანელების წინააღმდეგ გადადგამდა. წლის ბოლომდე კი გუნდი კიდევ ორ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა – ჯერ ლატვიაში, შემდეგ საბერძნეთში.
„ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. თარიღებზე ძირითადად ჩვენ, ნორვეგიელები და ბერძნები ვდავობდით, თორემ სლოვენიელებმა, ლატვიელებმა და ალბანელებმა მალე დატოვეს დარბაზი“, – თქვა გუცაევმა თბილისში, ფედერაციაში გამართულ ხანმოკლე პრესკონფერენციაზე.
მწვრთნელმა მოსკოვის ლოკომოტივში მოასპარეზე ზაზა ჯანაშიაზეც ისაუბრა. „ის შარშან სამჯერ გამოვიძახე ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ არ ჩამოსულა და არც დაურეკავს. პირიქით, აქეთ ვეძებდი. სიომინსაც (იური სიომინი, მოსკოვის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი – ლ.გ.) ველაპარაკე, რატომ არ ჩამოდის-მეთქი… მერე გამოიძახეს პირველ ნაკრებში მოლდოვის წინააღმდეგ, ბათუმში. გამოვიდა, ათი წუთი ითამაშა და გაუშვეს უკან, რათა რუსეთის თასის ფინალურ მატჩში მიეღო მონაწილეობა. პოლონეთშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ახლა ვთქვათ სიმართლე და გვჭირდება ჩვენ ასეთი ფეხბურთელები? სუფთა საფეხბურთო კუთხითაც რომ ვთქვათ, ჩვენ გვყავს მასზე ძლიერი მოთამაშეები, ავიღოთ თუნდაც არველაძეები, ყაველაშვილი, აშვეთია, იაშვილი… მათ უნდათ თამაში და ჩვენ ვენდობით ამ ფეხბურთელებს“.
ვლადიმერ გუცაევმა ნაკრები მეორედ აპრილის მიწურულს შეკრიბა. დაანონსებული ოთხთა ტურნირიდან არაფერი გამოვიდა და გუნდიც ირანის ნაცვლად ტუნისს გაემგზავრა. ჯანაშია ვერც მაშინ მოხვდა გუცაევის რჩეულთა შორის.
ქართველი გულშემატკივრები კი საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებსაც დიდი ინტერესით ელოდნენ. დროის სვლასთან ერთად სულ უფრო ხშირად წერდნენ ნოდარ ახალკაცის სავარაუდო შემცვლელებზე. ყველაზე მეტს ალექსანდრე ჩივაძის და თბილისის დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერები აქტიურობდნენ, მათ შემდეგ კი ტაშკენტის ოქროს მატჩის გმირს ილია დათუნაშვილს და საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს რამაზ გოგლიძეს ასახელებდნენ.
ერთი-ორჯერ საქტელერადიოკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის ფონდის „დემოკრატია და აღორძინების“ პრეზიდენტის ნუგზარ ფოფხაძის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, პოლიციის გენერალ-მაიორის დემურ მიქაძის გვარ-სახელმაც გაიჟღერა.
იტალიელი მწვრთნელის რობერტო ლანდის სახელმაც იმ გაზაფხულზე გაიჟღერა. უძველესმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალმა გუერინ სპორტივომ როთმენსის თასი მიმოიხილა და დაწერა, რომ ლანდიმ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა სფფ-ის ხელმძღვანელთან და მალე ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებდა. გუერინ სპორტივოს ინფორმაციით, რობერტო ლანდის სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა…
ვლადიმერ გუცაევმა ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა ამხანაგურ მატჩამდე ორი კვირით ადრე დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ შეკრებაზე გამოძახებული ოცდაორი ფეხბურთელიდან ტუნისში მხოლოდ თექვსმეტი გაემგზავრებოდა. მწვრთნელის პირველი სია ასეთი იყო:
მეკარეები: ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), დავით გვარამაძე (რიგის სკონტო, ლატვია)
მცველები: გივი დიდავა, ნუგზარ ლობჟანიძე (ორივე თბილისის დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმის დინამო), კახი ცხადაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), ლევან სილაგაძე (რიგის სკონტო, ლატვია), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია)
ნახევარმცველები: გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი (ორივე თბილისის დინამო), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერი, შვეიცარია), გოჩა ჯამარაული (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), გოგა გახოკიძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ღუდუშაური (მოსკოვის ტორპედო, რუსეთი), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი), მიხეილ აშვეთია (თბილისის დინამო), დავით ჩალაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი).
24 აპრილს, კლუბ ტოტო-ბამბოში გუცაევმა ტუნისთან ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა, ხოლო ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობთ ფიფას ფაქსის შესახებო, ეროვნული გუნდის თავკაცმა თავი აარიდა.
ფიფას გენერალური მდივნის მიშელ ცენ-რუფინენის ხელმოწერილი ფაქსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 16 აპრილს მიიღო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ ახსენებდა ქართველ კოლეგებს, რომ თბილისის დინამოს თბილისის მრეტებისთვის სრულად უნდა დაეფარა დავალიანება – 875 ათასი დოლარი, თან აუცილებლად 15 მაისამდე. იქვე ისიც ეწერა, რომ ფიფასთვის მისაღები იყო სფფ-ის წინადადება, რომლითაც დინამო თანხას ეტაპობრივად, სამ ნაწილად გადაიხდიდა. თუ ასე არ მოხდებოდა, საკითხს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი განიხილავდა. გემახსოვრებათ, დინამო-მრეტების დაპირისპირება გიორგი ქინქლაძის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის შემდეგ დაიწყო, 1995 წელს.
საქართველოს დელეგაცია ტუნისს მატჩამდე ერთი დღით ადრე, 1 მაისს ეწვია. საბაჟო ფორმალობების მოგვარების შემდეგ დამხვდურები და სტუმრები თამაშის მასპინძელი ქალაქისკენ, სუსიკენ დაიძრნენ.
ეროვნულ გუნდთან ერთად ტუნისს გაზეთ 11X11-ის ჟურნალისტი ლევან ტალახაძე ეწვია, რომლის ვრცელი რეპორტაჟი „ეს იყო ტუნისში“ 1998 წლის 8 მაისის (#57) ნომერში გამოქვეყნდა:
„ისე მივდიოდით ქალაქ სუსისკენ, ერთი დასახლებული პუნქტიც არ შეგვხვედრია. ამით ცოტაოდენ შეცბუნებულმა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, ბატონმა ვოვა პანოვმა მოსწრებულად იხუმრა, იქ სადაც მივდივართ, სტადიონი თუ არისო?! ქალაქ სუსაზე ჩვენი შავბნელი ფიქრების გაფანტვა გოლფის მოედნებმა დაიწყო. სპორტის ამ უცხო სახეობის გაზონები იყო პირველი ნიშანწყალი ევროპული ცივილიზაციისა. ქალაქის შესასვლელიდან უკვე მრავალკილომეტრიანი სასტუმროთა მწკრივები დაიწყო და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ის, რომ ტუნისის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი იყო, იქ გამგზავრებამდეც ვიცოდი, მაგრამ იმას, რაც იქ ივნახე, ნამდვილად არ მოველოდი“.
სასტუმროში დაბინავების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა მცირე ხანს დაისვენა, საღამოს კი თამაშის მასპინძელ ოლიმპიურ სარბიელს ეწვია. ამხანაგური შეხვედრა მეორე დღეს, შაბათს, ადგილობრივი დროით 17 საათზე იყო დანიშნული.
ოთხი წლით ადრე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა აფრიკის კონტინენტზე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნიგერიასთან სტუმრობა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს მწარედ გვახსოვდა, „სუპერარწივებმა“ ხომ 5:1 გაანადგურეს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი.
ნიგერიის მსგავსად, ტუნისიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო, საფრანგეთის სტადიონებზე ინგლისთან, რუმინეთთან და კოლუმბიასთან ჯგუფში პაექრობისთვის ემზადებოდა. საბედნიეროდ, ნიგერიული კოშმარი არ განმეორდა და ჩვენმა გუნდმა ამჯერად დაუმარცხებელმა დატოვა შავი კონტინენტი. ამ შედეგით „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა.
ალალად რომ ვთქვა, გუცაევის გუნდს ტუნისში გამარჯვებაც შეეძლო. ასე რომ მომხდარიყო, მიჯრით მოგებული მატჩების რაოდენობა ექვსამდე გაიზრდებოდა. 2 მაისი შაბათი იყო და პირდაპირ ტელერეპორტაჟს სარბიელის დაცარიელებულ რედაქციაში ვუყურე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. თამაში ტუნისის ერთ-ერთმა არხმა გადმოსცა, საკაბელო ტელევიზია აიეტი ტვ-მ კი გულშემატკივრების ინტერესი გაითვალისწინა და ის რამდენიმე საათით ჩაურთო აბონენტებს.
ვლადიმერ გუცაევმა 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია: კარი გვარამაძეს მიანდო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეყილაძე გაამწესა, მარცხნივ კალაძე, ცენტრში კი ცხადაძის და სილაგაძის წყვილი დააყენა. ცხადაძემ მალტის ტურნირი გამოტოვა და, ალბათ, ამით თუ აიხსნება, რომ სუსის ოლიმპიურ სარბიელზე ჩვენი გუნდის კაპიტანი ნემსაძე გახლდათ. მან კობიაშვილთან, ჯამარაულთან და ქინქლაძესთან ერთად ითამაშა ნახევარდაცვაში. გამოკვეთილი ფორვარდი მხოლოდ შოთა არველაძე იყო, ქეცბაიას კი ფლანგებზე აქტიურობა დაევალა. ქართველებმა თეთრი გამაშებით, შორტებით და მაისურებით ითამაშეს, მასპინძლებს კი, ტრადიციულად, სრულიად წითელი ფორმა ემოსათ.
პირველი სახიფათო მომენტი ტუნისელებმა შექმნეს, თუმცა გვარამაძესთან პირისპირ გასულ თავდამსხმელს მიზანმა უმტყუნა. პოლონელი ჰენრი კასპერჩაკის გაწვრთნილ გუნდს მომდევნო საგოლე მომენტი მეორე ნახევრის შუამდე აღარ შეუქმნია.
28-ე წუთზე გიორგი ქინქლაძემ პირველად შეუტია ჩოქრი ელ უაერის კარს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. საბედნიეროდ, მისი მეორე ცდა სასურველი შედეგით დასრულდა: ქართველთა ათიანი მარცხენა ფლანგზე იოლად გასცდა ორ მეტოქეს, ზედ საჯარიმოს ხაზიდან კი, ოთხ ტუნისელს შორის მოქცეულმა, ბურთს ტერფი ამოჰკრა და ელ უაერს თავზე გადაავლო – 0:1! ძალიან ლამაზი გოლი ვიხილეთ, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბურთია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
შესვენების შემდეგ სტუმრების თამაში ნელ-ნელა გაუარესდა და საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე გაშვებული გოლიც განვითარებული მოვლენების ლოგიკურ დასასრულად იქცა: სილაგაძემ და გვარამაძემ შეუთანხმებლად ითამაშეს, შეცდნენ და ცარიელი კარის წინ ეულად მდგარ იმედ ბენ იუნესსაც ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია – 1:1.
სარბიელმა თამაშის მიმოხილვაში „სუპერგოლის გატანაც ვიცით და… არც გაშვება დაგვვიწყნია“ (1998 წლის 4 მაისი) საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ასე დაახასიათა:
დავით გვარამაძე: გოლამდე თავი თამამად და ღირსეულად ეჭირა. ნაჯაფი მატჩის მიწურულსღა ჩაყარა წყალში, ზედმეტი ინიციატივა გამოიჩინა, როცა გამოსვლისას, მცველებთან ერთად, უმოწყალოდ შეცდა. რომ არა ეს შეცდომა, გვარამაძე ქართველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.
კახი კალაძე: პირველ ტაიმში ხშირად ცდებოდა პოზიციურად, საკუთარ ზონას არცთუ იშვიათად ტოვებდა და შეტევაშიც მოუქნელად ერთვებოდა.
კახი ცხადაძე: უთამაშებლობა ყველაზე მეტად მას ეტყობოდა, მაგრამ დაცვას სარგებელიც მისცა, რამდენჯერმე ბურთი საჯარიმოდან დროულად გამოიტანა. საერთო ჯამში კი, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებული ჩანდა. გაშვებული გოლი მის სინდისზეცაა.
ლევან სილაგაძე: მონდომებით კი, მაგრამ უშეცდომოდ ვერ გაისარჯა. არადა, ტუნისელებს პირველ ბურთს ხშირად ართმევდა. ყველაზე შესამჩნევი შეცდომა მაინც ბენ იუნესის გოლისას დაუშვა, ეს უკანასკნელი მისი სამეურვეო იყო.
გელა შეყილაძე: ჩვეულად მშვიდად, ჟინიანად ითამაშა, თუმცა რამდენჯერმე კლეიტონი დაუსხლტა. და მაინც, ეს შეცდომები მისი ბრალი არ იყო. სხვა დროს კი ორთაბრძოლებს იშვიათად აგებდა.
ლევან კობიაშვილი: მასზე უკეთ პირველ ტაიმში მხოლოდ ქინქლაძე გამოიყურებოდა. გიოს გოლამდე წამებით ადრე კობის შეეძლო ეხეირა, მაგრამ მეკარე ელ უაერმა დაასწრო. მანამდე ქეცბაიას კუთხურ ჩაწოდებაზეც შეეძლო გატანა, მაგრამ ერთხელაც დაადასტურა შეტევის დასაბოლოებლად ბევრი მუშაობა რომ მართებს.
გიორგი ნემსაძე: როგორც არასდროს, ისე სუსტად ითამაშა. დამძიმებული ჩანდა. იქნებ ეს ტვირთი ნაკრების ახალი კაპიტნობა იყო. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ასე რომ გააგრძელოს, ნემსო კაპიტნობასაც დაკარგავს და ძირითადის მაისურსაც.
გოჩა ჯამარაული: ტრადიციულად უფრო ფეთქებადი გახლდათ, ვიდრე სტაბილურად გარჯილი. გუნდურ თამაშში კი ეწერა, ორჯერ შოთას და ქეცბაიას კარგი პასებიც მიაწოდა და შორიდანაც კარში დაჰკრა.
თემურ ქეცბაია: მეორე ტაიმში უფრო ძლიერად ითამაშა. თავდასხმაში გამწესებული მაინც სიღრმიდან უტევდა. შანსი მიეცემოდა თუ არა, კარისკენ ურტყამდა, ერთხელ გატანას სულ ცოტა დააკლდა.
გიორგი ქინქლაძე: მოსუქებული უფრო ლოკალურად სახიფათო იყო, ვიდრე სახელის შესაფერად საშიში. არადა, ორჯერ დაამტკიცა, რაგინდ უვარჯიშებელიც უნდა იყოს, ასეთი ფეხბურთელის არად ჩაგდება არ ეგების. ცოდოა, ვინც მისი თავაუღებლად ძელს გარტყმული და დიდებულ დრიბლინგს მოყოლილი დიდებულივე აბრაგანი გოლი ვერ ნახა.
შოთა არველაძე: ასეთი თამაში არც არჩილს სჩვევია, თორემ მასში უეჭველად აგერეოდათ. კი, შოთა ბურთს ნაკლებად კარგავდა, მაგრამ მოვლენათა ცენტრშიც ცოტაჯერ იყო. ერთხელ გატანა თუ არა, ზუსტად დარტყმა მაინც ევალებოდა, მაგრამ ააცილა.
შეცვლაზე შესული ლევან ცქიტიშვილი: თამაშში მშვენივრად ჩაერთო. ახალშესული თანაგუნდელებშიც გამოირჩა, მაგრამ საგოლე შანსი რომ არ გამოიყენა, ახალგაზრდულად შეცდა. შესანიშნავ პოზიციაში დრიბლინგით გასულმა, მოვალე რომ იყო გაეტანა, არ დაარტყა და შოთას გადაღობილ მცველს დაუგორა.
გაზეთ საქართველოს სპორტში გამოქვეყნებულ თამაშის მიმოხილვას „გუცაევი ჯერ არ აგებს, მაგრამ“… (1998 წლის 5 მაისი) ჟურნალისტი პაატა გელაშვილი ასე ამთავრებს:
„ჯერჯერობით რომ არ ვაგებთ, ეს თვითდამშვიდების საბაბად არ უნდა იქცეს. დაცვაში არსებული ბზარები თუ არ ამოივსო, წარმატებებზე ფიქრიც კი ზედმეტია. ბუნებრივია, ეს ნაკრების თავკაცმაც ჩვენზე კარგად უწყის. ისიც გვჯერა, რომ მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართება, რასაც გუცაევი და მისი ბიჭები ალბათ, უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ“.
გავიდა ოთხი კვირა და ვლადიმერ გუცაევის გუნდმა კიდევ ერთხელ ითამაშა, ამჯერად უკვე შინ. თბილისს რუსეთის ნაკრები ეწვია.
* * *
2 მაისი, 1998. ამხანაგური. ტუნისი, სუსა, ოლიმპიური სტადიონი. 30 000
ტუნისი 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი ქინქლაძე (38), 1:1 იმედ ბენ იუნესი (80)
ტუნისი: ჩოქრი ელ უაერი (ალი ბუმნიჯელი 46), ჰატემ ტრაბელსი, ხოსე კლეიტონი (რიად ჯელასი 85), სამი ტრაბელსი (კაპ), მუნირ ბუკადიდა, მურად მელკი, ხალედ ბადრა (მაჰერ კანზარი 63), სკანდერ სუაია, ხაის გოდბანე (რიად ბუაზიზი 63), იმედ ბენ იუნესი, ჰასენ გაბსი (ფაისალ ბენ აჰმედი 46)
მწვრთნელი: ჰენრი კასპერჩაკი (პოლონეთი)
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, კახი კალაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი (ლევან ცქიტიშვილი 67), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: ლევან კობიაშვილი, ხაის გოდბანე, თემურ ქეცბაია, ფაისალ ბენ აჰმედი
მსაჯი: ქამელ ბერბერი (ალჟირი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 16 აპრილი
ფოტო: ინტერნეტი
*-2026 წლის 16 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
