ეროვნული ნაკრების ისტორია: უცნაური 2:4 და 2:3 ლიბანში
ინგლისის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ჩემი სამეგობროს ყოველდღიურობა ჩვეულებრივ გაგრძელდა: დილით უნივერსიტეტი, საღამოს კი ერთად შეკრება და კომპიუტერის ან ბანქოს თამაში. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ძმაკაცმა მკითხა, სარბიელი ჟურნალისტს ეძებს, განცხადება თუ ნახეო. საყვარელ გაზეთს ლამის თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი, მაგრამ ის პატარა ცნობა რატომღაც გამომრჩა. შინ მისულმა მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე. გაზეთის თანამშრომელმა რედაქციაში დამიბარა, იქ მისულს კი ილია ბაბუნაშვილი შემხვდა, გამესაუბრა და შემდეგ გამომცემელთან, ზურაბ ფოცხვერიასთან შემიძღვა.
იქ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, ბოლოს მასპინძელმა უეფას ოფიციალური გამოცემა მომცა, აქ ანდორის ფეხბურთის ფედერაციაზეა წერილი, თარგმნეთ, მოგვიტანეთ, ვნახავთ და შეგეხმიანებითო. ანდორა ფიფას და უეფას სწორედ 1996 წელს შეუერთდა.
ის წერილი მალე მოვამზადე და ერთი კვირის შემდეგ ისევ მივადექი სარბიელის რედაქციას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე. თარგმანი დაიტოვეს, რამდენიმე დღეში კი დამირეკეს და კვლავ თავისთან დამიბარეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სარბიელს სამი თვით, გამოსაცდელი ვადით შევუერთდი. ანდორის ფეხბურთის ფედერაციის შესახებ მომზადებული წერილი კი ორიოდ კვირაში გამოქვეყნდა.
სიხარულით ლამის ფრენა დავიწყე, მე ხომ საყვარელ გამოცემაში მოვხვდი! ის საქმე უნდა გამეკეთებინა, რაც ყველაზე ძალიან მიყვარდა, თან საუკეთესო სპორტულ გაზეთში და ბონუსად ხელფასსაც მიხდიდნენ. თვრამეტი წლის სტუდენტისთვის ნაღდად არ იყო ურიგო ამბავი.
მცირე ხანში სოფელში წავედი ბაბუის წლისთავზე. ქუთაისში, რაღაც საქმეზე ჩასულ ბიძაჩემს სარბიელი დავაბარე და ის ნომერი რომ გადავშალე, ჩემი წერილიც ვნახე, ერთ მთლიან გვერდზე დაებეჭდათ! იმ წუთში ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ იყო, ეჭვი მეპარება.
1996 წელს სარბიელი ჯერ კიდევ კვირაში ორჯერ გამოიცემოდა, სამშაბათს და პარასკევს. მე უცხოური ფეხბურთის განყოფილებას შევუერთდი, ინგლისის პრემიერლიგის თამაშების მიმოხილვებს ვწერდი, ასევე მსოფლიო ფეხბურთის პატარ-პატარა ამბებს. თუ დრო მქონდა, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებსაც ვესწრებოდი, ხანდახან კი სხვა სახეობების შეჯიბრებებზეც შევივლიდი ხოლმე. განსაკუთრებით ლექციების შემდეგ ვერის პარკში, მიხეილ კეკელიძის სახელობის საკალათბურთო სასახლეში ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე დასწრება მომწონდა. მეგობრებთან ერთად მივდიოდი და მშვენიერ დაპირისპირებებსაც ვუყურებდი…
იმ წლის მიწურულს მთავარი სპორტული ამბავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ცუდად დასრულებული ატლანტის ოლიმპიადა და საფეხბურთო ეროვნული ნაკრები იყო, უფრო კონკრეტულად კი ალექსანდრე ჩივაძის საკითხი, დარჩებოდა თუ არა ის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად.
ინგლისთან მარცხის შემდეგ, 10 ნოემბერს, სარბიელის სპეციალური ნომერი გამოიცა, სადაც ჟურნალისტებმა პირველად მოითხოვეს ჩივაძის გადადგომა.
მშვიდობით საშა… ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს! – სარბიელის პირველ გვერდზე ეროვნული გუნდის თავკაცის ფოტო დაიბეჭდა, მის თავზე კი ეს მოწოდება იკითხებოდა. ინგლისთან 0:2 საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო, ბოლო სამ თამაშში ჩვენმა გუნდმა გოლიც ვერ გაიტანა.
თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩივაძემ ბევრ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სამწვრთნელო შტაბი თავის წილ პასუხისმგებლობას არსად გაურბოდა, უბრალოდ ინგლისთან წაგება მხოლოდ მათი ბრალი არ იყო, რამდენიმე მოთამაშემ თამაში ჩააგდო, რადგან ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუმკლავდა.
პირველი, ვინც მწვრთნელს ღიად დაუპირისპირდა, მიხეილ ყაველაშვილი გახლდათ. იმ დროს მოარული ხმების თანახმად, მათ შორის ურთიერთობა პერუჯაში, იტალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ დაიძაბა, თუმცა ინგლისელთა სტუმრობამდე არცერთს არაფერი უთქვამს, შემდეგ კი იყო თბილისში მარცხი, რასაც ყაველაშვილის ინტერვიუ მოჰყვა. „ნაკრებს თანხმობა, ჩივაძეს – უარი“ – ასე დაასათაურა ფეხბურთელთან საუბარი ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ:
„ვთვლი, რომ ჩივაძეს ჩემი არასდროს სჯეროდა და არც ახლა სჯერა. მას ჩემთვის ერთხელაც არ მოუცია შანსი დამემტკიცებინა ჩემი სიძლიერე, არც შესარჩევ შეხვედრაში და, რაც უფრო საწყენია, არც საკონტროლო თამაშებში. რა აზრი აქვს გამოძახებას და სკამზე ჯდომას? ამაზე მტკივნეული რა უნდა იყოს ფეხბურთელისთვის? ასეთ პირობებში თავი ზედმეტად ვიგრძენი და ვუთხარი, რომ მეტჯერ აღარ გამოვეძახებინე. ნაკრებზე უარი არასდროს მითქვამს, უარი ჩივაძეს ვუთხარი“ (სარბიელი; 1996 წლის 12 ნოემბერი).
გავიდა ერთი კვირა და სარბიელმა ეროვნული გუნდის კიდევ ერთ წევრთან, გიორგი ნემსაძესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. მერაბ მამულაშვილი ნახევარმცველს ტრაბზონში ესტუმრა, საუბრის ჩანაწერი კი ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: „წაგება მარტოოდენ ჩივაძის ბრალი არ არის“.
ნემსაძემ ინგლისთან წაგებული თამაში გაიხსენა, ინტერვიუს მიწურულს კი თქვა: „დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩივაძის მოხსნაზე… რა ჩემი საქმეა, მაგრამ ეს გაუმართლებლად მიმაჩნია. დავუშვათ მოხსნეს, მერე რა იქნება? ახალი მწვრთნელი წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს ჩივაძეს გადააბრალებს – იმან ცუდად დაიწყო და მე რა პასუხს მთხოვთო. მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობას თავის თავზე არ აიღებს. სჯობს ისევ ჩივაძეს მისცენ საშუალება, თავად გამოასწოროს შეცდომები. დამიჯერეთ, სხვა მასზე უკეთ ამას ვერ მოახერხებს“ (1996 წლის 19 ნოემბერი).
ყაველაშვილისგან და ნემსაძისგან განსხვავებით ჩივაძეს არავისთან უსაუბრია. მას არც მიხეილ ყაველაშვილის და გიორგი ნემსაძის ინტერვიუებთან დაკავშრებით გაუკეთებია თუნდაც მოკლე კომენტარი. სარბიელმა მთავარ მწვრთნელს რედაქციაში სტუმრობაც შესთავაზა, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.
სამაგიეროდ, ჩივაძის ნაცვლად სხვები ალაპარაკდნენ, მათ შორის ვეტერანი კომენტატორები და სპორტული ჟურნალისტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლეგენდარული დინამოელის მეგობრები იყვნენ და რომ სპორტულმა პრესამ ბატონ საშას უკადრებელი აკადრა. მათ ჟურნალისტთა ახალ თაობას დააბრალეს, რომ:
უნიჭიერესი კაცი ტალახში ამოსვარეს…
ზურგში დანა ჩასცეს…
მძიმე მომენტში ხელის გაწვდენის ნაცვლად წიხლებით შედგნენ მას…
მოსალოდნელი წაგებისგან(?) ტრაგედია შექმნეს…
ბოღმა ანთხიეს…
ლანძღეს და აგინეს…
სარბიელში, სპორტ-რეზონანსსა და 11X11-ში გამოქვეყნებული კრიტიკული წერილების ავტორებს განსაკუთრებით არ სწყალობდა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე, რომელმაც უწყებრივ გაზეთთან, ქართულ ფეხბურთთან ინტერვიუში, თქვა: „ინგლისელებთან მარცხი იგივეა, ქართველ კალათბურთელებს NBA-ის გუნდებთან რომ წაეგოთ“.
ჩვენი ფეხბურთის იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა 22 ნოემბრის ინტერვიუში განაცხადა: „ბოლოს და ბოლოს, სად თამაშობენ ქართველი ლეგიონერები? ევროპის მესამე-მეოთხეხარისხოვან გუნდებში, რომლებიც საქართველოს ჩემპიონს თბილისის დინამოს არაფრით აღემატებიან. იქნებ დამისახელოთ რომელიმე წასული ფეხბურთელი, რომელმაც საზღვარგარეთ კლასი აიმაღლა. მე პირიქით მიმაჩნია, იქ მათ უფრო უკლეს თამაშს“.
გაზეთი ქართული ფეხბურთი იმ დროს ფედერაციის მთავარი „დამრტყმელი ძალა“ იყო და მისი ფურცლებიდან ხშირად საყვედურობდნენ ჟურნალისტებს. პირად საუბრებში კი ალექსანდრე ჩივაძის დამცველები, ჩინიანნი თუ უჩინონი, არც „ჭკუის დარიგებას“ ერიდებოდნენ:
-ვინ ხართ საერთოდ ეს ჟურნალისტები? რა გინდათ, რა გესმით?.
-რა უნდა გელაპარაკოთ? თქვენ ფეხბურთი არ გითამაშიათ!
-იტალიასთან მოგება მოინდომეს! რატომ უკვირს ამ ხალხს ინგლისთან წაგება?
იმავე გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ეს სიტყვებიც დაიბეჭდა: „ჯერ ქუთაისის ავტოქარხანამ გამოუშვას მერსედესი და ფეხბურთელთა გამარჯვებები მერე იყოს“.
ასეთი დამოკიდებულება ძალიან გამაღიზიანებელი იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ავტორი კი უფრო „შორს წავიდა“ და განსხვავებულ აზრზე მყოფი ახალგაზრდა კოლეგები ფედერაციის მტრებად მონათლა, მეტიც, დაუკრეფავში გადასულმა მათ „გააზნაურების მსურველი ნაბიჭვრები“ უწოდა.
უზრდელობას სათანადო პასუხიც მოჰყვა. მე სარბიელში დაბეჭდილი სამი ვრცელი წერილი დამამახსოვრდა, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გამოქვეყნდა და რომელთა ავტორები გაზეთის გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია, მთავარი რედაქტორი ზურაბ მეძველია და რედაქტორი თამაზ მიგრიაული იყვნენ.
ზურაბ მეძველიამ 1996 წლის 26 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ წერილში – მართლაც რომელი წელია – აღნიშნა:
„კრიტიკას და მწვრთნელის გადაყენების მოთხოვნას, ტრადიციულად, მანიაკალური, ავადმყოფური რეაქცია მოჰყვა. თან ვისგან? არა ჩივაძისგან, არა ფეხბურთელებისგან. ისევ და ისევ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცების, მათი დამქაშების და მათი „დამსახურებული“ მეგობრების მხრიდან.
მხოლოდ ერთი კაცი, ვლადიმერ პანოვი შეხვდა ღირსეულად „ატეხილ აჟიოტაჟს“ და, მართალია მის ინტერვიუში (გაზეთი 11X11; 1996 წლის 12 ნოემბერი) გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას არც მე ვეთანხმები, ამ სიტუაციაში მაინც მადლობას ვუხდი, რადგან იგი ერთადერთია, ვინც მართლა არ გაგვლანძღა და უბრალოდ, ჩვენი აზრის საპირისპიროდ თავისი თქვა“.
იმავე წერილში ამ სიტყვებსაც ამოიკითხავდით: „10 ნოემბერს, საქართველო-ინგლისის მატჩის მეორე დღეს, ლონდონში საკმაოდ ციოდა. შეიძლება ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, მაგრამ სწორედ წინა დღით განცდილი მარცხის, და არა სიცივის გამო ინგლისის მშვენიერ დედაქალაქში სეირნობისა თუ სხვა გართობის ნებისმიერი სურვილი დაკარგული მქონდა. შინ ვიჯექი და რადიოთი BBC-ის ერთ-ერთ არხს ვუსმენდი, საფეხბურთო გადაცემა იყო. შეკრებილიყვნენ მავანი სპეციალისტები და თამაშს არჩევდნენ. ზოგი მათგანი კარგა ხანს ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს ნაკრების ასეთი უსუსური, მათთვის მოულოდნელი თამაში… ჩვენი ეროვნული სტადიონის უხარისხო მოედნის ბრალი ყოფილა. იკამათეს, იკამათეს (ეს ჩვენ, ქართველებს არ უნდა გვეოცნება თურმე, რომ მოგება შეგვეძლო, თორემ თავად ინგლისელები ამას შესაძლებლად თვლიდნენ) და ბოლოს მაინც იმ აზრზე მოდგნენ, რომ ჰოდლმა აჯობა პირწმინდად თავის ქართველ კოლეგასო“.
ზურაბ მეძველიამ ვრცელი წერილი ასე დაასრულა: „მოკლედ… თუმცა, რაღა მოკლედ, ამხელა წერილი გამომივიდა. თან ბოლოსკენ იმ დასკვნამდე მივედი, რომ „ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს“-ზე აქტუალური ფედერაციის გენერალური მდივანი უნდა შეიცვალოს ყოფილა, რათა მერე არავის მოუვიდეს აზრად იმის თქმა, რომ ფეხბურთელების ინგლისთან მოგება იგივეა, კალათბურთელებმა ამერიკელებს რომ მოუგონო“.
არანაკლებ კრიტიკული იყო სარბიელის რედაქტორის თამაზ მიგრიაულის წერილი – მადლობა ღმერთს, რომ ცუდები ვართ – რომელიც იმავე 26 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა. ავტორმა აღნიშნა:
„სენტიმენტები აღარ არის საჭირო და სჯობს უფრო საქმიანად ვილაპარაკოთ. მოთხოვნით კი მოვითხოვეთ, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადადგომა-არგადადგომა, რა თქმა უნდა, ერთი კაცის, და რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცის სურვილზე ჰკიდია.
რას იზამს, როგორ მოიქცევა ახალკაცი, ამის პროგნოზირება, მოგეხსენებათ, უძნელესი საქმეა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი არ დაუშვებს მწვრთნელის გაშვებას თუნდაც იმის გამო, რომ არ შეიქმნას პრეცედენტი – ჟურნალისტებმა ნაკრების მწვრთნელი გადააყენესო“.
იმავე დღეს, 26 ნოემბერს, ეროვნულ სტადიონზე, ოსტატთა კლუბში, მედიის წარმომადგენლებს მანუჩარ მაჩაიძემ უმასპინძლა. ვეტერანი დინამოელი იმ დროს პარლამენტარი, სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. მან ვრცლად ისაუბრა სპორტის კანონზე, რომელიც პარლამენტმა იმ შემოდგომით მიიღო და რაც ფედერაციებთან სახელმწიფოს მუშაობას მოაწესრიგებდა. მაჩაიძემ 1997 წლის ბიუჯეტში სპორტისთვის გამოყოფილ ოთხ მილიონ ლარზეც გაამახვილა ყურადღება, შეხვედრის მიწურულს კი ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაც მიმოიხილა. მან თქვა, რომ შექმნილ სიტუაციაში, შედეგების მიუხედავად, სფფ-ის ხელმძღვანელობა არ უნდა გადადგეს, რათა „ხალხმა თვალნათლივ დაინახოს მათი მუშაობის შედეგი“.
კანონს სპორტის შესახებ საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანიც გამოეხმაურა. მას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი შეხვდა. სარბიელში დაბეჭდილ ინტერვიუში – ვიკამათოთ, ოღონდ ნუ ვიჩხუბებთ – ასათიანმა კანონის შესახებ ისაუბრა, მანუჩარ მაჩაიძის პრესკონფერენციაც ახსენა და საკუთარი აზრი დააფიქსირა ფეხბურთის ფედერაციის შესახებ (1996 წლის 30 ნოემბერი):
„ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ გამომითქვამს სხვადასხვა თავყრილობებზე თუ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით. ბევრი რამ არ მომწონს ჩვენს საფეხბურთო მეურნეობაში, ყველანი ვხედავთ, რომ შედეგები ვერ გვაქვს სახარბიელო, ზოგჯერ ალბათ, მეტისმეტსაც ვითხოვთ ფეხბურთელებისგან. დეპარტამენტს, პირადად მე, გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით და ვაპირებ გავაცნო ფედერაციის ხელმძღვანელებს. დანარჩენი მათი საქმეა. ერთი რამ საკამათო არ უნდა იყოს: ჩვენ ერთად გაცილებით მეტი საქმის გაკეთება შეგვიძლია, ვინემ ცალცალკე“.
ქართველების მსგავსად, იმ შემოდგომით იტალიელი სპორტული ჟურნალისტებიც ითხოვდნენ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ევროპის ჩემპიონატზე კრახის და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მძიმედ დაწყების გამო პრესა მწვავედ აკრიტიკებდა არიგო საკის, 6 ნოემბერს, სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის 1:2 წაგების შემდეგ კი ფედერაციაშიც მიხვდნენ, რომ ცვლილების დრო დადგა.
2 დეკემბერს მოსახდენი მოხდა: არიგო საკის ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ორმოცდაათი წლის სპეციალისტმა ხუთი წლით ადრე ჩაიბარა გუნდი და 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც გაიყვანა, მაგრამ 1996 წლის ზაფხულში ინგლისში გამართული ევროჩემპიონატი მის კარიერაში გარდამტეხი გამოდგა. საკის ხელში იტალიის ნაკრებმა ორმოცდაცამეტი თამაშიდან ოცდათოთხმეტი მოიგო და მხოლოდ რვაჯერ დამარცხდა, პერუჯაში საქართველოსთან 1:0 გამარჯვება კი მისთვის უკანასკნელი ოფიციალური სანაკრებო თამაში გამოდგა.
პრესა საკის ოთხ შესაძლო შემცვლელზე წერდა. ახსენეს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ჩეზარე მალდინი, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ასაკობრივი ევროჩემპიონატი; ასევე ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონი, რომელმაც იუვენტუსთან ერთად ყველა საკლუბო თასი მოიგო; მსოფლიოს და ევროპის ერთადერთი იტალიელი ჩემპიონი დინო ძოფი და ნევიო სკალა, ვინც პარმას სამ წელიწადში თასების მფლობელთა თასი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა.
რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 14 დეკემბერს დაინიშნებოდა. იმ დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩანიშნული და ნაკრების თავკაცსაც ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა შეარჩევდა.
ზუსტად იმ დღეს, როცა სკუადრა აძურა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა ლიბანში დაგეგმილი ორი ამხანაგური თამაშისთვის მიწვეული ფეხბურთელები უკანასკნელად ავარჯიშა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე. იმ შეხვედრებისთვის მაშინ დიდი ყურადღება არავის მიუქცევია, არადა პირიქით რომ მომხდარიყო ძალიან კარგი იქნებოდა. ამას იმიტომ ვწერ, რომ გუცაევის ხელმძღვანელობით გამართული ის ორი უცნაური თამაში დღეს ეროვნული ნაკრების მატჩების ჩამონათვალშია, წესითა და რიგით კი იქ არ უნდა იყოს.
„ჩვენ ზაზას ოთხჯერ შევეხმიანეთ ფაქსით, უამრავჯერ ვთხოვეთ მოსკოვის ლოკომოტივის ხელმძღვანელობას ტელეფონით, რომ ზაზა დაგვკავშირებოდა, ის კი ჩვენს მოწვევას ყურადაც არ იღებს. სხვა რა შეგვიძლია? ჩვენი მხრივ ყველა ნაბიჯი გადავდგით. ეტყობა, ჯანაშიას მხოლოდ სიტყვიერად აქვს ნაკრებში თამაშის სურვილი, რაკი სინამდვილეში სხვანაირად იქცევა“, – ასეთი პასუხი გასცა ვლადიმერ გუცაევმა ჟურნალისტს, როცა ის ჯანაშიას არყოფნის მიზეზით დაინტერესდა.
მწვრთნელმა შეკრებაზე თვრამეტ ფეხბურთელს უხმო, მათ შორის ოთხ ისეთ მოთამაშეს, რომელსაც ასაკის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა: ბათუმის მეკარე ნიკა ტოგონიძეს, დინამოელ მცველ ზვიად ჯელაძეს, ასევე ბათუმსა და ფოთის კოლხეთი 1913-ში მოთამაშე თემურ ტუღუშს და გიორგი დარასელიას.
მათ გარდა გუცაევმა ეს მოთამაშეები მიიწვია:
მეკარე: დავით ასლანაძე (თელავის კახეთი)
მცველები: კახი კალაძე, გივი დიდავა, ლევან კობიაშვილი (სამივე თბილისის დინამო), შალვა ხუჯაძე (ფოთის კოლხეთი 1913)
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე (ორივე დინამო), გოგა გახოკიძე (ორივე კოლხეთი 1913)
თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი (ორივე დინამო), ვლადიმერ გაბედავა (ზუგდიდის ოდიში), ლევან ქებაძე (ზესტაფონის მარგვეთი), მიხეილ აშვეთია (ქუთაისის ტორპედო), მიხეილ ფოცხვერია (დონეცკის შახტარი, უკრაინა).
„ლიბანელებმა თავდაპირველად ჩვენი ეროვნული ნაკრები მიიწვიეს, მაგრამ ნაკრებს იქ გამგზავრების საშუალება არ ჰქონდა, რადგან ახლა ლეგიონერების ჩამოყვანა დიდი პრობლემაა. ამიტომ გადაწყდა ახალგაზრდების გამგზავრება. დავიმატეთ უფროსი ასაკის ოთხი მოთამაშე: ნიკა ტოგონიძე, ზვიად ჯელაძე, თემურ ტუღუში და გიორგი დარასელია. თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შეკრებაზე გამოძახებული თვრამეტი მოთამაშიდან ლიბანში ვინ წავა. სულ ჩვიდმეტს წავიყვანთ, ასე რომ, ერთს დარჩენა მოუწევს“, – თქვა გუცაევმა ეროვნულ სტადიონზე გამართული უკანასკნელი ვარჯიშის დასასრულს.
ის და მისი გუნდი ბეირუთისკენ 3 დეკემბერს გაემგზავრნენ, ამხანაგური მატჩები კი 5 და 8 დეკემბერს გაიმართა. გუცაევის რჩეულები ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ, ჯერ 2:4, შემდეგ კი 2:3, არადა ორივე თამაშს იგებდნენ. ახალგაზრდების მეშვიდე მარცხი – ამ სათაურით გამოქვეყნდა სარბიელში პატარა ცნობა 10 დეკემბერს.
ლიბანის ტურნეზე ბევრი არაფერი დაწერილა და ეს გასაკვირი არც იყო, რადგან, ჯერ ერთი რომ ახალგაზრდული გუნდისთვის იმ დროს არავის ეცალა, მეორეც – დელეგაციას ერთი ჟურნალისტიც არ გაჰყვა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს კი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ნაკრები გუნდების თამაშების გაშუქება და მედიის ინფორმირება, ოქმი არავისთვის მიუწოდებია, მით უმეტეს შეხვედრის ვიდეოჩანაწერები. იმ დროს სფფ-ის პრესცენტრი გაზეთებთან და კონკრეტულ ჟურნალისტებთან „ბრძოლით“ უფრო იყო დაკავებული.
მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ლიბანში ის ორი წაგება ეროვნულ ნაკრებს მიაკუთვნეს. თუ რატომ, ეს დღემდე გაურკვეველია. ახლა მხოლოდ ეს შემიძლია ვივარაუდო: რადგან ლიბანელებს თავდაპირველად საქართველოს ეროვნული გუნდი მიუწვევიათ (ეს გუცაევის სიტყვებიდან ირკვევა), ადგილზე ჩასულ ახალგაზრდულ ნაკრებს ყურადღება აღარ მიაქციეს და ოქმშიც ეროვნულ გუნდად ჩაწერეს. ჩვენი დელეგაციიდანაც, როგორც ჩანს, არავინ გაამახვილა ყურადღება…
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისიც კი არ ვიცოდით, თუ რა ფერის მაისურებით ითამაშა გუცაევის გუნდმა ლიბანში. ორიოდ წლის უკან ჟურნალისტმა ილია ნანობაშვილმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იპოვა პირველი ამხანაგური მატჩის ფრაგმენტები, მართალია ძალიან დაბალი ხარისხის ვიდეოჩანაწერია, მაგრამ სულ არაფრის ფონზე, ესეც საქმე იყო. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც დადგინდა, რომ პირველ შეხვედრაში, 5 დეკემბერს, ქართველებმა თეთრი მაისურებით და შავი შორტებით ითამაშეს. მეორე შეხვედრის შესახებ კი დღესაც ვერაფერს გეტყვით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
* * *
5 დეკემბერი, 1996. ამხანაგური. ლიბანი, ბეირუთი, მუნისიპალი. 2 000
ლიბანი 4:2 საქართველო
გოლები: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (52), 0:2 გიორგი კიკნაძე (67), 1:2 ვართან ღაზარიანი (70), 2:2 ფუად ჰიჯეზი (73), 3:2 ჯამალ ტაჰა (78), 4:2 ჩააბან ჰამადე (89)
ლიბანი: ალი ფაკიჰი, გევორქ ქარაბედიანი, ქორქენ იენკიბარიანი, იბრაჰიმ ელ ჰოსნი, ჰასან აიუბი, გევორქ იაკედბაჩიანი (მოჰამედ მესელმანი), იბრაჰიმ ჰამზე, ჯამალ ტაჰა, ფუად ჰიჯაზი, ჯამალ კაჰაიანი (ჰაზერ ალ ანდარი), ვართან ღაზარიანი (ჩააბან ჰამაზე)
მწვრთნელი: ტერი იორატი (უელსი)
საქართველო: დავით ასლანაძე, კახი კალაძე, შალვა ხუჯაძე (გივი დიდავა 78), ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე (კაპ), გოგა გახოკიძე, გიორგი დარასელია, მიხეილ ფოცხვერია (მიხეილ აშვეთია 38), ალექსანდრე იაშვილი (გიორგი დემეტრაძე 70), ზვიად ჯელაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე
გაძევება: კახი კალაძე (65)
მსაჯი: ჯამილ ტალებ რამადანი (ლიბანი)
8 დეკემბერი, 1996. ამხანაგური. ლიბანი, ბეირუთი, მუნისიპალი. 3 500
ლიბანი 3:2 საქართველო
გოლები: 0:1 გოგა გახოკიძე (12, პენ), 1:1 ჰასან აიუბი (14, პენ), 2:1 ჯამალ ტაჰა (21), 2:2 ლევან ცქიტიშვილი (24), 3:2 ვართან ღაზარიანი (65)
ლიბანი: ბილალ ჰაჩემი, გევორქ ქარაბედიანი, ქორქენ იენკიბარიანი, იბრაჰიმ ლე ჰოსნი, ჰასან აიუბი, ბაბქინ მელიქიანი (მუსა ჰიეი), იბრაჰიმ ჰამზე, ჯამალ ტაჰა, ფუად ჰიჯაზი, მოჰამედ მესელმანი (ჯამალ კაჰაიანი), ვართან ღაზარიანი
მწვრთნელი: ტერი იორატი (უელსი)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, კახი კალაძე, შალვა ხუჯაძე, გივი დიდავა, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ზვიად ჯელაძე 46), გიორგი კიკნაძე (კაპ), გოგა გახოკიძე, გიორგი დარასელია, მიხეილ ფოცხვერია (გიორგი დემეტრაძე 65), ალექსანდრე იაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, გივი დიდავა, ლევან კობიაშვილი
მსაჯი: აჰმად ნაბილ აიადი (ლიბანი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 18 დეკემბერი
ფოტო: ჟურნალი Guerin Sportivo (იტალია)
* – 2025 წლის 18 დეკემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
