ეროვნული ნაკრების ისტორია: უელსი 0:1 საქართველო

მეექვსე ეროვნული ჩემპიონატი 31 მაისს დასრულდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი ბოლოსწინა ტურში, 22 მაისს. სამტრედიამ, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა პირველობას, იმ დღეს რუსთავში მეტალურგი ვერ დაამარცხა (0:0), ხოლო თბილისის დინამომ წყალტუბოში სამგურალი გაანადგურა – 7:0 (გიორგი დემეტრაძე 2, ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყიფიანი, ლევან ცქიტიშვილი) და ერთი ქულით გაასწრო მთავარ კონკურენტს.

ლიდერებს თითო მატჩი ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ სამტრედიელებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ დავით ყიფიანის გაწვრთნილი დინამო შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მით უმეტეს, რომ საშინაო თამაში ელოდა, თან თელავის კახეთთან, იმ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მონაწილესთან.

სიურპრიზი არ მოხდა: იაშვილმა სამი, ცქიტიშვილმა ორი, კიკნაძემ და დემეტრაძემ კი თითო ბურთი გაუტანეს თელაველთა გოლკიპერებს ჩიქვინიძეს და ჩლაიძეს და დინამომაც 7:1 გამარჯვებით მიჯრით მეექვსე ჩემპიონობა იზეიმა. სამტრედია კი, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამი წაგება ჰქონდა და ისიც მეტოქეების მოედნებზე, იმ ჩემპიონატში პირველად დამარცხდა შინ – 3:4 ზუგდიდის დინამოსთან…

ეს თბილისის დინამოს მეორე ტიტული იყო მაისში. ხუთი დღით ადრე, 26-ში, ეროვნულ სტადიონზე 1994-1995 წლების თასის გათამაშება დასრულდა ბათუმელებთან ფინალით. თასი კვლავ დედაქალაქში დარჩა, ეროვნული ნაკრების პირველ მეკარეს, ასლან ბალაძეს ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაუტანა.

როცა ჩემპიონატი მთავრდება, ბომბარდირიც ვლინდება, მაგრამ მეექვსე ეროვნული პირველობის უკანასკნელ ტურში ჩატარებულმა ორმა თამაშმა ეს ამბავი ერთი დღით გაწელა. 31 მაისისთვის გოლეადორთა სიას ფოთის კოლხეთი 1913-ში მოთამაშე გიორგი დარასელია ლიდერობდა 26 გოლით (ნახევარზე მეტი, თხუთმეტი ბურთი, მან მაისში გაიტანა), ტორპედოელ მამუკა ხუნდაძეს კი ერთით ნაკლები ჰქონდა გატანილი.

უკანასკნელ ტურში ფოთელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს, ქუთაისელებმა კი თერჯოლის საპოვნელას. კოლხეთი 1913-მა 10:5 გაიმარჯვა, ტორპედომ – 11:4, ბომბარდირებმა კი არც მეტი, არც ნაკლები… ცხრა-ცხრა გოლი შეაგდეს! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დიდხანს არ უფიქრიათ, მშვენივრად მიხვდნენ რაც მოხდა: ორივე თამაშის შედეგი გაუქმდა, ოთხივე გუნდს წაგება ჩაეთვალა, ბომბარდირად კი დარასელია გამოცხადდა.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, ეს საპატიო წოდება რუსეთის ჩემპიონატში, როსტოვის როსტსელმაშში მოთამაშე აკაკი დევაძემ მოიპოვა. გაზეთ სარბიელის გამოკითხვაში, რომელშიც ოცდაცხრა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, ნაკრების მეკარემ 62 ქულა მოაგროვა. მან გიორგი ქინქლაძეს (48) და შოთა არველაძეს (47) აჯობა.

„ჟურნალისტების არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი სულაც არაა. მე თუ მკითხავთ, ამ სეზონს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა – შოთა და დევაძე. საუკეთესო ფეხბურთელსაც ამ ორს შორის ველოდი“, – განაცხადა ოთარ გაბელიამ, ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა და დასძინა – „აკაკი თერთმეტი-თორმეტი წლის იყო, პირველად რომ ვნახე და მივხვდი, ის მეკარეობისთვის იყო დაბადებული. კაკოს გამორჩეული გამბედაობა და სისხარტე პატარაობიდანვე მოსდევს, ფიზიკური მონაცემებიც რიგიანი აქვს, ამასთან, კარგი პიროვნებაა და სამაგალითო შრომისმოყვარეობითაც გამოირჩევა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სეზონს, ის მართლაც საუკეთესო იყო დევაძის კარიერაში: შესარჩევ მატჩებში გაშვებული ოთხი გოლიდან ერთიც არ იყო მისი ბრალი, სოფიასა და ტირანაში განსაკუთრებით კარგად ითამაშა, თუმცა საუკეთესო მატჩად მაინც გერმანიასთან ჩატარებულს ვთვლი. მიმაჩნია, რომ დევაძე და როსტსელმაში ნამდვილად არ შეეფერებიან ერთმანეთს და იმედი მაქვს მომავალში კაკო თავისი დონის შესაფერისი კლუბის კარს დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, რეალის მეკარე ბუიო, ვისი თამაშის მანერაც დევაძისას ჩამოჰგავს, მხოლოდ უდიდესი გამოცდილებით თუ სჯობნის თქვენს რჩეულს“.

ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დიღმის საწვრთნელი ბაზა ორი დღით დაცარიელდა, შემდეგ კი ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების სია გამოაცხადა და უელსთან მატჩისთვის შეკრებაც დაიწყო. ტრავმების გამო მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ თხუთმეტი მოთამაშე მოხვდა:

მეკარეები: აკაკი დევაძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო)

მცველები: კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (შეპეტივკის ტემპი, უკრაინა), ბესიკ ბერაძე (დინამო)

ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), გელა ინალიშვილი (ტენის ბორუსია, გერმანია), გიორგი ქინქლაძე და ლევან ცქიტიშვილი (ორივე დინამო), გიორგი კილასონია (რუსთავის მეტალურგი), კახი გოგიჩაიშვილი (სამტრედია)

თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (ალანია, რუსეთი), თემურ ტუღუში (ბათუმის დინამო).

ამ სიას მოგვიანებით კიდევ ერთი თბილისის დინამოელი დაემატა, მცველი მამუკა მაჭავარიანი, თუმცა ის უელსში მაინც ვერ გაემგზავრა, რადგან ბრიტანეთში შესასვლელი საბუთების გაფორმება ვეღარ მოესწრო.

„ყველამ კარგად იცით, რომ უელსში საუკეთესო შემადგენლობით ვერ მივემგზავრებით. ტრავმირებულები არიან დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ზაზა რევიშვილი და გიორგი ღუდუშაური. ეს უკანასკნელი აგერ, ახლახანს დაშავდა… რაც შეეხება ქინქლაძეს, ის ალბანეთთან თამაშის წინ გამოგვაკლდა და მას შემდეგ თვენახევარია არ უთამაშია. ახლაც არ ვიცი რამდენად მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის“, – ამ სიტყვებით დაიწყო ჩივაძემ 4 ივნისს, ბაზაზე გამართული პრესკონფერენცია. მისი დასრულების შემდეგ ნაკრებმა და დინამომ ტრადიციულად ერთსაათიანი მატჩი გამართეს. ეროვნულმა გუნდმა საქართველოს უცვლელი ჩემპიონის წინააღმდეგ ამ შემადგენლობით ითამაშა: დევაძე (მეორე ნახევარში ზოიძემ შეცვალა), ბერაძე (ცქიტიშვილი), ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, ინალიშვილი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, ყაველაშვილი, შოთა არველაძე.

შესვენებამდე დინამოს კარში, რომელსაც ირაკლი ზოიძე იცავდა, ორი გოლი გავიდა – ჯერ ყაველაშვილმა შეაგდო, შემდეგ არველაძემ. მეორე ტაიმში კი დინამოს კარში აკაკი დევაძემ გადაინაცვლა და სწორედ ის დასაჯა ქინქლაძემ. სარბიელის ჟურნალისტი და იმ თამაშის ერთ-ერთი თვითმხილველი მამუკა კვარაცხელია წერდა (1995 წლის 6 ივნისი): „ქინქლაძემ ისე ლამაზად გადაუგდო ბურთი თავზე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს, რომ აპლოდისმენტებისგან თავი ვერავინ შეიკავა“.

საქართველოს ეროვნული და ოლიმპიური ნაკრები გუნდები უელსში 4 ივნისს გაემგზავრნენ. ორი დღის შემდეგ კარდიფში, არმზ პარკის სათადარიგო მოედანზე, ახალგაზრდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ისევე როგორც თბილისში, კვლავ ბრიტანელებმა გაიხარეს, თუმცა ამჯერად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით – 5:1. არადა პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა – ტერი ევანსის გოლი ბათუმელმა ამირან მუჯირმა ტაიმის უკანასკნელ წამებზე გაქვითა.

შოთა ჭეიშვილის გუნდმა იმ დღეს ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით გვარამაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი (ზვიად პაპიძე 74), გიორგი კიკნაძე, ზვიად ჯელაძე, დავით კარიაული, დავით ჭიჭვეიშვილი (მამუკა ბუცურეიშვილი 81), გიორგი დემეტრაძე, ამირან მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ხომერიკი, არჩილ არველაძე.

6 ივნისს, საღამოს, ჯერ საქართველოს ნაკრების თავკაცის, შემდეგ კი უელსელთა მთავარი მწვრთნელის მაიკ სმიტის პრესკონფერენცია გაიმართა. ჩივაძემ ომი დააანონსა, მისმა კოლეგამ კი თქვა:

„თბილისში წაგების გამო რაიმე განსაკუთრებული ემოციები არ მაწუხებს. იმ შეხვედრის მერე არავისთვის მისაყვედურია, რადგან თბილისში ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, იმ დღეს ქართველები შეუდარებელნი იყვნენ. რაც შეეხება ამ მატჩს, მინდა, რომ ხვალ კარგად ვითამაშოთ“.

მეორე დღეს დავით გვარამაძე ეროვნული გუნდის განაცხადში გამოჩნდა. ირაკლი ზოიძე მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა და ჩივაძემაც სასწრაფოდ უხმო ახალგაზრდულის მთავარ გოლკიპერს.

7 ივნისს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, წითელ ფორმაში გამოწყობილი უელსელების და თეთრი მაისურებით, შავი შორტებით და თეთრი გეტრებით მოთამაშე ქართველების მეორე დაპირისპირება დაიწყო. შეხვედრას, რომელიც უელსელებისთვის 461-ე იყო, ჩვენი გუნდისთვის კი მხოლოდ მეოცე, ოფიციალური ცნობით მხოლოდ 8241 მაყურებელი დაესწრო.’

ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორმა თემურ ქეცბაიამ მეათედ მოირგო ნაკრების მაისური და „ათიანთა კლუბს“ შეუერთდა, კახი ცხადაძემ კაპიტნის სამკლავურით მეათედ გაიყვანა გუნდი მინდორზე, მურთაზ შელია კი რეკორდსმენ გიორგი ნემსაძეს გაუთანაბრდა – მეთოთხმეტედ ითამაშა ნაკრებში.

„ტექნიკური ქართველები, რომლებმაც შემოდგომით ხუთი გოლი გაუტანეს უელსს, ამჯერად ერთით დაკმაყოფილდნენ. უელსელთა იერიშები ბოლო წუთებში უფრო წყვდიადში დარტყმებს ჰგავდა…

ჯოუნსმა ახალი სირცხვილი აჭამა უელსს. ეს კაცი პირველად დეკემბერში ვნახეთ და მას მერე ველოდებით, როდის გააგდებენ მოედნიდან. უელსის ახალმა „ვარსკვლავმა“ ბოროტად ჩაარტყა ყაველაშვილს და ერთადერთი გამართლება ის იყო, რომ მოედანი ულაპარაკოდ დატოვა…

სეზონი ჯოუნსმა ისე დაასრულა, როგორც იქცეოდა: უიმბლდონში ორჯერ გააგდეს, ერთხელ რეპორტიორს უკბინა, მერე კი კევინ კიგანს უპირებდა ცემას, რის გამოც საფეხბურთო ასოციაციამ დააჯარიმა“.

ასე გამოეხმაურა გაზეთი ინდეფენდენთი არმზ პარკზე გამართულ შეხვედრას. საქართველომ უელსი გიორგი ქინქლაძის ულამაზესი, ეფექტური გოლით დაამარცხა. ჩივაძის გუნდმა ამ მოგებით შვიდ მატჩში თორმეტ ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. საშემოდგომო თამაშების წინ ქართველებს მხოლოდ ბულგარელები (18 ქულა 6 მატჩში) და გერმანელები (13, 6) უსწრებდნენ.

ქინქლაძე, რომლის მონაწილეობა ამ შეხვედრაში საეჭვო იყო (აპრილში ზესტაფონში, მარგვეთთან მატჩის დროს დაშავდა და მას შემდეგ თითქმის თვენახევარი არ უთამაშია), თამაშის გმირი გახდა, ანტიგმირად კი ოცდაათი წლის ვინი ჯოუნსი მოგვევლინა, რომელმაც იმ დღეს მხოლოდ მეოთხედ ითამაშა უელსის მთავარ გუნდში. ინდეფენდენთის მსგავსად, სხვა ბრიტანული გამოცემებიც მას მიიჩნევდნენ წაგების მთავარ მიზეზად. თაიმსი:

„ჯოუნსთან ერთად მოედნიდან უელსის უკანასკნელი იმედი გავიდა. უელსელებმა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო შეკრულებმა ითამაშეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ…

ფეხმარდმა ქართველმა არტისტებმა გოლის გატანა კი დაიგვიანეს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე ჩვიდმეტი წუთით ადრე უბრწყინვალესი ბურთი შეაგდეს: ქინქლაძემ დაინახა, რომ საუთჰოლი კარს გამოსცდა და ოცი იარდიდან დიდებულად დაკიდებული ბურთი გაგზავნა კარში“.

გარდიანი: „ვინი ჯოუნსმა მეცხრე წითელი ბარათი მიიღო კარიერაში! მან შეარცხვინა ის ქვეყანა, რომელმაც იშვილა – ჯოუნსის მკვდარი ბაბუა ყოფილა უელსელი… ის სმიტმა დააწინაურა გუნდში, მაგრამ ამ თამაშით მისი ევროპული კარიერა დასრულდა. უელსელთა მთავარ მწვრთნელს კი ოქტომბერში, ალბათ, მოხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრამდე აქვს კონტრაქტი.

ყველაზე საკვირველი კი მაინც ის იყო, რომ ქართველებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს გაიტანეს გოლი“.

ჯოუნსმა, ვინც მალევე დაასრულა მოთამაშის კარიერა და მოგვიანებით გაი რიჩის ფილმებში შესრულებული როლებით გაითქვა სახელი, წითელი ბარათი მიხეილ ყაველაშვილისთვის ჩაზელილი წიხლის გამო დაიმსახურა. 28-ე წუთზე უელსელმა ჯერ უხეშად ითამაშა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ, წამში კი, როცა მეტოქე მინდორზე დავარდა, წიხლიც მიაყოლა. ფინელი არბიტრის ილკა კოჰოს რეაქციამაც არ დააყოვნა.

სხვათა შორის, ჯოუნსი თამაშის ოფიციალური პროგრამის პირველ გვერდს „ამშვენებდა“. და აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: 1990 წლის მაისში, ლიეტუვასთან თბილისში გამართული ამხანაგური შეხვედრიდან დაწყებული, უელსელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გამართულ თამაშებში გაძევებული პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა.

გიორგი ქინქლაძემ კი ის ზღაპრული გოლი, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ, 73-ე წუთზე გაიტანა: ჩვენი ნახევრიდან წაიღო ბურთი, ცენტრთან მისულმა კახი გოგიჩაიშვილს დაუგორა მარჯვენა ფლანგზე, სამტრედიის გარემარბმა ოდნავ წაიწია და მალევე უკან დაუბრუნა და გიორგიმაც, დაახლოებით ათმეტრიანი გარბენის შემდეგ, ბურთს ტერფი ამოჰკრა და კარიდან წინ გამოსული ნევილ საუთჰოლი სახტად დატოვა – 0:1.

„ბურთი გოგიჩაიშვილისგან მივიღე, მათი კაპიტანი ბარი ჰორნი მომდევდა, საჯარიმომდე ხუთი მეტრიღა რჩებოდა… დავინახე საუთჰოლი ოდნავ წინ გამოსულიყო, მეც ამას ველოდი, ფეხი მოვიქნიე, თითქოს ძლიერად ვურტყამდი, ბურთი კი ჭვინტით ავუტრიალე საუთჰოლს თავს ზემოთ… მან თვალიღა გააყოლა, მიხვდა, რომ ვეღარაფერს გახდებოდა და გადახტომა არც უცდია“, – ეს სიტყვები ქინქლაძემ სარბიელის რედაქტორს ზურაბ მეძველიას კარდიფში, თამაშის შემდეგ განუცხადა.
ცნობისათვის: ეს გიორგის მეორე ბურთი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მეცამეტე თამაშში. პირველი გოლი მან 1994 წლის ნოემბერში შეაგდო ასევე ნევილ საუთჰოლის კარში, თბილისში, იმ ტკბილადმოსაგონარ შეხვედრაში…

ვინი ჯოუნსის და მიხეილ ყაველაშვილის ორთაბრძოლა ვახსენე, რაც შეეხება შესვენებამდელ საინტერესო მომენტებს, დაწვრილებით რომ არ აღვწერო, გეტყვით: მიხეილ ყაველაშვილმა სამჯერ, თემურ ქეცბაიამ ორჯერ და ერთხელაც მურთაზ შელიამ დაარტყეს მასპინძელთა კარისკენ, 36-ე წუთზე კი მინდორზე ჩვენი გუნდის ექიმები შევარდნენ – იან რაშმა აკაკი დევაძეს შემთხვევით ხელზე დააბიჯა და სეზონის საუკეთესო მოთამაშესაც მათი დახმარება დასჭირდა.

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და ქინქლაძის გოლამდე და შემდეგ, საუთჰოლის კარისკენ ლამის ყველა ქართველმა დაარტყა, მათ შორის კახი ცხადაძემ, გიორგი ჩიხრაძემ და ბესიკ ბერაძემაც, ხოლო შოთა არველაძემ სულაც ხარიხა შეაზანზარა.

73-ე წუთზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი დებიუტანტი გამოჩნდა, თბილისის დინამოს თვრამეტი წლის ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც ყაველაშვილი შეცვალა. იმ დროისთვის ლევანი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ – თვრამეტი წლის, შვიდი თვის და ოცდარვა დღის. ჩივაძე ცქიტიშვილის გამოცდას ჯერ კიდევ აპრილში, ალბანელების წინააღმდეგ აპირებდა, მაგრამ მაშინ შელიას ტრავმამ შეუშალა ხელი…

89-ე წუთზე უელსელთა ორი, მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიშის მოგერიების შემდეგ, მსაჯმა დევაძე დროის გაყვანისთვის გააფრთხილა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ის გახდა პირველი გოლკიპერი, რომელსაც ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ორ წუთში ფინელმა არბიტრმა თამაში დაასრულა. ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა მეთხუთმეტედ ითამაშა და მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ თბილისში, კარდიფში გამგზავრებამდე თქვა, რომ ზაფხულში ეროვნული გუნდი ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ნაკრებიც მხოლოდ აგვისტოს მიწურულს, გერმანიასთან თამაშის წინ შეიკრიბა.

* * *

7 ივნისი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. უელსი, კარდიფი, არმზ პარკი. 8241
უელსი 0:1 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი ქინქლაძე (73)
უელსი: ნევილ საუთჰოლი, დევიდ ფილიპსი, მარკ ბოუენი, ვინი ჯოუნსი, კიტ საიმონსი, ედრიან უილიამსი, ბარი ჰორნი (კაპ), დინ სონდერსი (ჯონ ჰარტსონი 84), იან რაში, მარკ ჰიუზი (მარკ პემბრიჯი 84), ჯონ კორნფორტი
მწვრთნელი: მაიკ სმიტი
საქართველო: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გელა ინალიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (ლევან ცქიტიშვილი 73), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გიორგი კილასონია 87)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: გიორგი ჩიხრაძე, აკაკი დევაძე
გაძევება: ვინი ჯოუნსი (28)
მსაჯები: ილკა კოჰო; ტ.ილი-კარო, ი.სიობლომი (ფინეთი)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 4 სექტემბერი
ფოტო: მატჩის ბილეთი
* – 2025 წლის 4 სექტემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian