ეროვნული ნაკრების ისტორიიდან: ნაზიმ სულეიმანოვის ამბები

რაც ახალი წელი დაიწყო, მოცალეობის ჟამს ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარეების სტატისტიკას ვითვლი და სანამ ამ საღამოს, პარიზში, ფრანგულინგლისური დაპირისპირება გახურდება, დაჯამებულიდან ერთერთ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ.

ეს პატიოსანი კაცი, ორი კვირის წინ სამოცისა რომ მოიყარა, მომდევნო აბზაცების მთავარი გმირი გახლავთ და მას ნაზიმ სულეიმანოვი ჰქვია. ის ალანიაში თამაშით მახსოვს, სადაც 1995 წელს, რამდენიმე ქართველთან ერთად, რუსეთის ჩემპიონიც გახდა. ვლადიკავკაზურ კლუბში ჩემპიონობამდე კი ის აზერბაიჯანის ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის, პირველი პენალტის და პირველი დუბლის ავტორი შეიქნა.

ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი მეკარეები კი იმ შუაშია, რომ სუმგაიტში დაბადებულმა თავდამსხმელმა ნაკრების პირველი გოლი, პირველი პენალტი და პირველი დუბლი აზერბაიჯანელთა პირველ, ისტორიულ თამაშში მიითვალა, რომელიც 1992 წლის 17 სექტემბერს საქართველოში, გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

რაც შეეხება ჩვენ მეკარეებს. სულეიმანოვმა ის დუბლი ორი ქართველის წინააღმდეგ შეკრა: 42-ე წუთზე, როცა ანგარიში დროებით გაათანაბრა (1:1), კარში აკაკი დევაძე იდგა, ხოლო 85-ე წუთზე, როცა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (6:3 ჩვენს სასარგებლოდ), კარს დავით ჯანელიძე იცავდა.

ნაზიმ სულეიმანოვი არა მარტო აზერბაიჯანის ნაკრების ისტორიაში პირველი დუბლის ავტორია, ის „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ დუბლის პირველი შემსრულებელიც გახლავთ. თან, ორი მეკარის კარში გატანილი გოლით, რაც უკიდურესად იშვიათად ხდება ხოლმე.

სხვათა შორის, „ჯვაროსნების“ კარში გასული დუბლებიდან (ჰეთ-თრიქები არაფერი შუაშია), სულეიმანოვის მსგავსი კიდევ ოთხი შემთხვევა აღმოვაჩინე. აქ იმ ამბებს დაწვრილებით აღარ მოვყვები, მხოლოდ სულეიმანოვის „გზის გამგრძელებლებს“ გაგაცნობთ: თურქი ფათიჰ თექე (2005), ბულგარელები სვეტოსლავ ტოდოროვი (2005), მარტინ პეტროვი (2009) და ირლანდიელი ეიდენ მაკგიდი (2014).

მაკგიდიზე უფრო დიდ ირლანდიელზე, რობი კინზე კი, ვინც ერთადერთია „ჯვაროსნებს“ ორჯერ რომ შეასრულა დუბლი, ამ დღეებში იყოს.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 5 მარტი
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian