ეროვნული ნაკრების ისტორიიდან: რობი კინი და ბულგარელები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში 36 გაშვებული დუბლია. აქედან 35 უცხოელების ანგარიშზეა, ერთი კი კახი კალაძეს ეკუთვნის, ვინც 2009 წლის 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან თბილისურ მატჩში, ორჯერ უხეშად შეცდა. გიორგი ლომაიამ კაპიტნის შეცდომები ვერ გამოასწორა და ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილი ქართველებიც იმ დღეს 0:2 დამარცხდნენ.

საბედნიეროდ, მსგავსი საშინელება სხვა ქართველს არ დამართვნია და მომდევნო რამდენიმე აბზაცს იმ ნაკრებ გუნდებს და ფეხბურთელებს დავუთმობ, რომლებიც „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ გამოირჩნენ.

პირველ რიგში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი, „სამყურების“ რეკორდსმენი მატჩების და გოლების მხრივ, ცენტრალური თავდამსხმელი რობი კინი უნდა ვახსენო. ის ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორჯერ შეუსრულა დუბლი. 2009 წლის 11 თებერვალს, დუბლინში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიორგი ლომაია დაამწუხრა, 2013 წლის 2 ივნისს, კვლავ დუბლინში, ოღონდ იმ ჯერზე ამხანაგურში კი, ომარ მიგინეიშვილი. პირველ თამაშს ჩვენი გუნდი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა, მეორე შემთხვევაში კი მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე აშკარა იყო – 0:4.

რაც შეეხება ნაკრებ გუნდებს, ყველაზე მეტი დუბლი ქართველებს ბულგარელებმა გაუტანეს – 5.

1994 წლის 12 ოქტომბერს, სოფიაში, ევრო 1996-ის შესარჩევ მატჩში, ბულგარეთმა ემილ კოსტადინოვის ორი გოლით გაიმარჯვა. კოსტადინოვი პირველია, რომელმაც საქართველოს ოფიციალურ მატჩში შეუსრულა დუბლი. იმ დღეს ჩვენი გუნდის კარს აკაკი დევაძე იცავდა.

2005 წლის 12 ნოემბერს, როცა საქართველოს ნაკრებს გაიოზ დარსაძე წვრთნიდა, ჩვენი გუნდი ბულგარეთთან ამხანაგურში 2:6 განადგურდა. იმ დღეს სამმა ბულგარელმა შეასრულა დუბლი – ჯერ ჩავდარ იანკოვმა, შემდეგ დიმიტარ ბერბატოვმა (ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა), ბოლოს კი სვეტოსლავ ტოდოროვმა. ამ უკანასკნელმა ერთი გოლი ნუკრი რევიშვილს გაუტანა, მეორე კი ზვიად სტურუას.

2009 წლის 14 ოქტომბერს ქართველები, ამჯერად უკვე ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით ესტუმრნენ ბულგარეთს და კვლავ 2:6 დამარცხდნენ. იმ დღეს მარტინ პეტროვმა შეასრულა დუბლი, რომელმაც პირველი გოლი გიორგი ლომაიას გაუტანა, მეორე ზურაბ მამალაძეს.

ბულგარელების შემდეგ დანიელები და ირლანდიელები დგანან 3 დუბლით. დანია – იონ დალ ტომასონი – 2004, სორენ ლარსენი – 2005 და კასპერ დოლბერგი – 2019; ირლანდია – რობი კინის ორი დუბლი და ეიდენ მაკგიდი (2014). შემდეგ 2-2 დუბლით ნიგერიელები (სამსონ სიასია და რაშიდი იეკინი, ორივე 1994), ისრაელელები (ელი ოჰანა – 1994, ალონ მიზრაჰი – 2001) და იტალიელები დგანან (ალესანდრო დელ პიერო – 2000, დანიელე დე როსი – 2008).

ჩემი ფავორიტი იუვენტუსის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს დუბლს ცალკე აღვნიშნავ, რადგან ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა მეტოქემ ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 2000 წლის 11 ოქტომბერს, ანკონაში, დელ კონეროზე 0:2 წაგებულ თამაშში „ჯვაროსნების“ კარს დავით გვარამაძე იცავდა. სხვათა შორის, ეს პირველი დუბლია, რომელიც საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუშვა.

თუ 36 გაშვებულ დუბლს კონტინენტების მიხედვით დავყოფთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ევროპა – 31, აფრიკა და აზია – 2-2, ოკეანეთი – 1.

და ბოლოს, ეს 36 დუბლი ქართველ მეკარეებზე ასე ნაწილდება: გიორგი ლომაია – 6; აკაკი დევაძე და ირაკლი ზოიძე – 4-4; ნიკა ტოგონიძე, დავით გვარამაძე, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე – 3-3; გიორგი ლორია – 2; ზვიად სტურუა, ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე – 1-1. დანარჩენი ხუთი დუბლი კი, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ დავწერე, ერთდროულად ორ მეკარეზე მოდის.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 7 მარტი
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian