ეროვნული ნაკრების მეათე ნაბიჯი: ისრაელი 2:0 საქართველო

მალტის ოთხთა ტურნირიდან დაბრუნებული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლა.
სწორედ ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეროვნული გუნდი რამდენიმე დღეში კვლავ გაემგზავრებოდა უცხოეთში, ამჯერად ისრაელში – საქართველოს ჯერ მასპინძელთა პირველ გუნდთან მატჩი ელოდა, შემდეგ კი ოლიმპიურ ნაკრებთან დაპირისპირება.

ისევე, როგორც როთმენსის თასის ეგიდით გამართული სამი თამაში, ქართველმა გულშემატკივარმა ვერც ისრაელში ჩატარებული ორი შეხვედრის რეპორტაჟი იხილა. 4 მარტს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ისრაელის ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის ვიდეოჩანაწერი ფედერაციას ჰქონდა და მალე მას ტელევიზიითაც აჩვენებდნენ. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა – მხოლოდ ფრაგმენტები გავრცელდა, ისიც საინფორმაციო გამოშვებებში.

რაც შეეხება თამაშს, ის, თუ ისრაელიდან ჩამოტანილ რუსულენოვან პრესას დავუჯერებთ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმარ ფეხბურთელთა მიერ გაცუდებული მომენტები რომ არა, ფრედ დასრულდებოდა. ამეებთან ერთად გაზეთი ვრემია წერდა: „საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვავე, ტექნიკურ და იმედისმომცემ ფეხბურთს თამაშობს“.

პირველი სახიფათო მომენტი ტრაბზონსფორში მოთამაშე შოთა არველაძემ შექმნა მე6 წუთზე, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა რაფი კოენმა მოიგერია. საინტერესოა, რომ მან იმ დღეს პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში ტყუპისცალთან, არჩილთან ერთად. შოთას ჩივაძე ბოლომდე ენდო, აჩი კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა მიხეილ ყაველაშვილით…
მომდევნო წუთებშიც ჩივაძის გუნდი უტევდა, მასპინძლებმა კი მხოლოდ მე20 წუთისთვის მოახერხეს თამაშის გათანაბრება, 27ე წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს:

საქართველოს ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ჰაიფას მაქაბის ფორვარდმა ეიალ ბერკოვიჩმა ჩააწოდა, იერუსალიმის ბეითარში მოთამაშე ელი ოჰანამ კი ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.

მომდევნო სახიფათო მომენტიც ისრაელის ნაკრებმა შექმნა – ალონ ჰაზანის დარტყმის შემდეგ აკაკი დევაძეს კარის ძელი დაეხმარა, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი კვლავ შოთა არველაძემ შეუტია სახიფათოდ, კოენიც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაუშვა, თუმცა მასპინძლები კაპიტანმა ნირ კლინგერმა იხსნა.

შესვენების შემდეგ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შლომო შარფმა ერთბაშად ხუთი მოთამაშე შეცვალა, მათ შორის მეკარე – რაფი კოენის ნაცვლად კარში ბონი გინზბურგი ჩადგა და სწორედ ის იქცა ტაიმის გმირად. მეორე ნახევრის საწყის წუთებში მან ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, 65ე წუთზე კი სულაც პენალტი მოიგერია: საჯარიმოში შეჭრილი გია გურული კლინგერმა მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი, რატომღაც, გურულმა კი არა, ზაზა რევიშვილმა შეასრულა. სამწუხაროდ, მას მეკარემ აჯობა.

ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჩივაძემ ამ მომენტზე თქვა: „რევიშვილმა გამოიჩინა ინიციატივა და გურულმაც დაუთმო. აწი ასეთი აღარ განმეორდება“.

ეს იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გაფუჭებული პენალტი. რევიშვილამდე გია ჯიშკარიანმა (1992 წელს აზერბაიჯანთან), კახი გოგიჩაიშვილმა (1992 წელს აზერბაიჯანთან) და თემურ ქეცბაიამ (1994 წელს მალტასთან) ივარგეს.

აქვე დავძენ, რომ საფრანგეთის ავრის შემტევი გურული მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა – ნაკრების დებიუტანტი, ბათუმის დინამოელი თემურ ტუღუში შეცვალა…

ვერგატანილი პენალტის შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ასეთ დროს, გოლი იმ გუნდის კარში გავიდა, რომელმაც რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა: 77ე წუთზე დევაძემ ცუდად მოიგერია რეუვენ ატარის დარტყმული ბურთი, ოჰანამ კიდევ ერთხელ დაასწრო ყველას და მეორედ შეარხია ჩვენი ნაკრების კარის ბადე – 2:0.

აზერბაიჯანელი ნაზიმ სულეიმანოვის შემდეგ ელი ოჰანა მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სულეიმანოვმა 1992 წლის 17 სექტემბერს, გურჯაანში ერთი ბურთი პენალტით შეაგდო, ოჰანამ კი ორივე გოლი თამაშიდან გაიტანა…

ამხანაგური მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა, ხუთ დღეში კი ჩივაძის ბიჭები კიდევ ერთხელ გავიდნენ მინდორზე: 28 თებერვალს ნაკრები ჰაიფაში ისრაელის ოლიმპიურ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ყველა გოლი ჩვენებმა შეაგდეს, მათ შორის ერთი საკუთარ კარში: 38ე წუთზე ნუგზარ ლობჟანიძემ ნიკა ჩხეიძეს გაუტანა. თბილისის დინამოს მცველმა იმ დღეს მესამედ მოირგო ნაკრების მაისური და… მეორე ავტოგოლი მიითვალა! გემახსოვრებათ: ერთი წლით ადრე ნაკრები მისი შეცდომით აზერბაიჯანში დამარცხდა. თუმცა 1993 წელს გამართული მატჩისგან განსხვავებით, ლობჟანიძის ავტოგოლამდე საქართველო სამი ბურთით იგებდა: ჯერ მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ  დავით ჯანაშიამ შეაგდო მეორე გოლი, გოჩა ჯამარაულის ზუსტი დარტყმის შემდეგ კი ჩივაძის გუნდის უპირატესობა სამბურთიანი გახდა…

კახი ცხადაძემ აშდოდში მეექვსედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, აქედან მეოთხედ კაპიტნის სტატუსით. გაზეთ ლელოსთან ისრაელის ტურნეს შეჯამება ფრანკფურტის აინტრახტის მცველმა ამ სიტყვებით დაასრულა: „გადაეცით ქართველ გულშემატკივრებს, საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავს. ყველა შანსი გაგვაჩნია წარმატებით ვიასპარეზოთ ჩვენს მეშვიდე ჯგუფში“.

ევრო 96ის საკვალიფიკაციო ტურნირამდე ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა კიდევ სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა, მათგან პირველი კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა. ჩვენი გუნდი უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად გასულ ნიგერიას მისსავე მოედანზე დაუპირისპირდა…

23 თებერვალი, 1994. ამხანაგური. ისრაელი, აშდოდი, იუიდ ალეფი. 1 500
ისრაელი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ელი ოჰანა (27), 2:0 ელი ოჰანა (77)
66ე წუთზე ზაზა რევიშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (ბონი გინზბურგი)
ისრაელი: რაფი კოენი (ბონი გინზბურგი 46), ალონ ჰარაზი (ადორამ კეისი 46), ნირ კლინგერი (კაპ), ამირ შელახი, შიმონ ბიტონი, ალონ ჰაზანი (რან ბენ შიმონი 69), ეიალ ბერკოვიჩი (იციკ ზოჰარი 46), რონი ლევი, ავი ნიმნი (შალომ ტიკვა 46), ელი ოჰანა, რონენ ჰარაზი (რეუვენ ატარი 46, ამირ ტურგემანი 80)
მწვრთნელი: შლომო შარფი
საქართველო: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე (დავით ჯანაშია 73), კახი ცხადაძე (კაპ), ნუგზარ ლობჟანიძე, გია ჯიშკარიანი, ზაზა რევიშვილი, გიორგი ნემსაძე, თემურ ტუღუში (გია გურული 46), შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გოჩა ჯამარაული
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, გოჩა ჯამარაული
მსაჯები: დაუდ ზუჰეელი; იაკობ ბენ შემო, ჩანან ზონტაგი (ისრაელი)

28 თებერვალი, 1994. არაოფიციალური ამხანაგური. ისრაელი, ჰაიფა
ისრაელის ოლიმპიური ნაკრები 1:3 საქართველო
გოლები: 0:1 მიხეილ ყაველაშვილი (10), 0:2 დავით ჯანაშია (24), 0:3 გოჩა ჯამარაული (30), 1:3 ნუგზარ ლობჟანიძე (38, საკუთარ კარში)
საქართველო: ნიკა ჩხეიძე, ზაზა რევიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, გელა შეყილაძე, გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ჯანაშია (ბესიკ ბერაძე 78), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ტუღუში, გია გურული (გიორგი ანჩაბაძე 61), მიხეილ ყაველაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯი: ამით კლაინი (ისრაელი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 აპრილი)
ფოტო: ისრაელი-საქართველოს მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian