ეროვნული ნაკრების მეორე ნაბიჯი: მოლდოვა 2:4 საქართველო
1990 წლის 27 მაისს, ლიეტუვის ნაკრებთან თბილისში ამხანაგური 2:2ის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე საერთაშორისო შეხვედრა მხოლოდ წელიწადისა და ორი თვის შემდეგ გამართა – 2 ივლისს კიშინიოვში მოლდოვას 4:2 აჯობა.
ჩვენი გუნდის ისტორიაში ეს პირველი გასვლითი მატჩი და, ანგარიშიდან გამომდინარე, პირველი გამარჯვება იყო.
რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებს, ამ ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა საერთაშორისო ისტორიის დაწერა სწორედ ქართველებთან სპარინგით დაიწყო.
რჩეულ ქართველ ფეხბურთელებს კიშინიოვში, ისევე როგორც მთლიანად 1991 წლის სეზონში, გამოცდილი გიგა ნორაკიძე ხელმძღვანელობდა.
მაგრამ მოლდოვური გამარჯვება 1991 წელს მისი გუნდის ერთადერთი მატჩი არ იყო: კიშინიოვში სტუმრობამდე და შემდეგ, ნორაკიძის მომზადებულმა ბიჭებმა კიდევ ოთხჯერ ითამაშეს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოთხივე შემთხვევაში ნაკრების მეტოქე ქართული გუნდი იყო, ეროვნულის ისტორიაში ამ მატჩებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ახსენებენ.
ყოველი შემთხვევისთვის, თუნდაც ისტორიას რომ გავუფრთხილდეთ, არაოფიციალურ საწვრთნელ შეხვედრებს მაინც შეგახსენებთ:
26 მაისი: თბილისის იბერია – 3:0
29 ივნისი: ზესტაფონის მარგვეთი – 5:0
2 დეკემბერი: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები – 5:4
4 დეკემბერი: საქართველოს ოლიმპიური ნაკრები – 4:1
პირველი ორი თამაში, კლუბებთან, ნაკრების კანდიდატების შესამოწმებლად გაიმართა, ზესტაფონის მარგვეთს კი ნორაკიძის გუნდი ზედ მოლდოვაში გამგზავრების წინ დაუპირისპირდა. იმერლებთან პაექრობა, ასე ვთქვათ, პირველი გასვლითი მატჩის გენერალური რეპეტიცია იყო.
ხოლო რაც შეეხება ბოლო ორ თამაშს, ახალგაზრდულ და ოლიმპიურ ნაკრებ გუნდებთან, ისინი დეკემბერში გაიმართა ავთანდილ ღოღობერიძის თასის ფარგლებში.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული მოთამაშის სახელობის ტურნირი ფედერაციამ 1990 წელს დააარსა, თუმცა მაშინ ეროვნულ ნაკრებს არ უთამაშია. 1991 წლის დეკემბერში კი გუნდი შეჯიბრებაში ჩაერთო და მთავარი ჯილდოც მოიგო.
დღევანდელი გადასახედიდან, ბასას თასის მეორე გათამაშებამ მართლაც რომ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი და ეროვნულ ნაკრებზე რომ არაფერი ვთქვა, ახალგაზრდული და ოლიმპიური გუნდებიც მშვენიერი მოთამაშეებით დაკომპლექტდნენ.
ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასს წერილის მიწურულს კიდევ დავუბრუნდები, ახლა კი მოლდოვურ ამბებზე.
გაზეთმა სარბიელმა ისტორიულ, პირველ გასვლით მატჩზე ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილი მიავლინა, რომლის კიშინიოვური რეპორტაჟი 5 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა და მეც მის წერილს დავესესხები:
თამაში მოლდოველებმა დაიწყეს, რომლებმაც ყვითელ-ლურჯ-წითელი ფორმით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა მთლიანად თეთრი ეკიპირებით ითამაშა.
მე3 წუთზე მასპინძელთა გოლკიპერმა სერგეი კვასნიკოვმა დავით ყიზილაშვილის დარტყმული ბურთი დაიჭირა და მსაჯმა, მოლდოველმა ალექსანდრ გორინმა თამაში შეაჩერა – კიშინიოვის რეპუბლიკანზე შეკრებილმა 7 ათასმა ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. და ბარემ აქვე დავწერ, რომ ბილეთების გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი საქართველოში, სტიქიით დაზარალებული რაიონების დახმარების ფონდში გადაირიცხა…
თამაშის განახლება და სტუმართა გოლი ლამის ერთი იყო: თემურ ქეცბაიამ, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ თბილისის იბერიაში თამაშობდა, დაახლოებით 25-27 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე13 წუთზე სტუმართა უპირატესობა გაიზარდა: გოლი ნაკრების დებიუტანტმა, ქუთაისის 22 წლის შემტევმა გიორგი დარასელიამ შეაგდო – 0:2.
დაწინაურების შემდეგ ქართველებმა ინიციატივა მეტოქეს დაუთმეს და თბილისის იბერიის 22 წლის გოლკიპერი ნიკა ჩხეიძეც, ვინც იმ დღეს პირველად გამოჩნდა კარში, ორჯერ ჩაერთო თამაშში – ორივე შემთხვევაში პეტრე სარბუს არ გაატანინა გოლი.
მაგრამ 27ე წუთზე მასპინძლებმა ერთი საპასუხო ბურთი მაინც შეაგდეს: დაცვის ცენტრი შეცდა, ალექსანდრუ სპირიდონი ჩხეიძესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა – 1:2.
შესვენებამდე არაფერი შეცვლილა, მეორე ტაიმი კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვლავ 2:1 მოიგო.
50ე წუთზე მოლდოველებმა ანგარიში გაათანაბრეს – შეცვლაზე შესულმა გეორგე ჰარეამ ივარგა, მაგრამ საერთო ჯამში უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და საბედნიეროდ, დარჩენილ დროში უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს.
79ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანს გააქვს გოლი – სოხუმის ცხუმის 21 წლის თავდამსხმელი მელორ ბიგვავას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. დიმიტრი კუდინოვის პასის შემდეგ ჯიშკარიანმა ეფექტურად მოატყუა მეტოქე და კარგადაც დაარტყა – 2:3.
88ე წუთზე მასპინძლებმა მეოთხედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში: მიხეილ ჯიშკარიანმა სწრაფად გაუთამაშა ბურთი სეხნია ყაველაშვილს და თბილისის იბერიის 19 წლის შემტევმაც შეტევა გოლით დააგვირგვინა – 2:4. ყაველაშვილი ყიზილაშვილის ნაცვლად შევიდა მინდორზე.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს სპეციალური პრიზები გადაეცათ: მოლდოველთაგან კაპიტანი სერგიუ სარბუ გამოარჩიეს, საქართველოს ნაკრებიდან მეკარე ნიკა ჩხეიძე.
აქვე იმასაც დავწერ, რომ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ: #13 – გოჩა ტყებუჩავა, #14 – მამუკა მაჭავარიანი, #16 – მეკარე მამუკა გვასალია.
„ვინაიდან მოლდოველთა გუნდზე ბევრი არაფერი ვიცოდით, გადავწყვიტეთ მეტოქისთვის თავს მოგვეხვია თამაშის ჩვენეული ვარიანტი. თავიდან ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს, თუმცა მერე უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა. მას შემდეგ რაც ანგარიში გათანაბრდა, ჩვენები ისევ გააქტიურდნენ. გაამართლა შეცვლებმაც…
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აუტანელი სიცხე იდგა (37 გრადუსი ჩრდილში) და ამანაც განაპირობა ბიჭების გადაღლა…
რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, მიმაჩნია, რომ თავის ჩვეულ, მაღალ დონეზე ითამაშეს ნიკა ჩხეიძემ, დიმიტრი კუდინოვმა, გია ჯიშკარიანმა, გიორგი დარასელიამ და შეცვლაზე შესულმა ორმა მიშამ – ჯიშკარიანმა და ყაველაშვილმა. არც დანარჩენებით ვარ უკმაყოფილო…
მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. ჩვენ, როგორც იტყვიან, შედეგზე ვთამაშობდით და მიზანსაც მივაღწიეთ. ბიჭებმა შეხვედრის ბოლოს ფსიქოლოგიურად დაძლიეს თავისი თავი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანეს. მოხარული ვარ, რომ ეს ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა, მაგრამ მთავარი სამუშაო კიდევ წინაა…“ – ეს სიტყვები გიგა ნორაკიძემ თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, მისმა კოლეგამ, იონ კარასმა კი განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვება ფეხბურთელთა მაღალმა ოსტატობამ განაპირობა.
მოლდოვიდან დაბრუნების შემდეგ გიგა ნორაკიძემ ნაკრები მხოლოდ წლის მიწურულს შეკრიბა, ღოღობერიძის თასისთვის. ამ ტურნირზე მწვრთნელმა ყველა ლიდერს უხმო, მაგრამ საუკეთესო შემადგენლობას მაინც ვერ მოუყარა თავი. მაგალითად, ძირითადის მცველებმა დიმიტრი კუდინოვმა და მურთაზ შელიამ წუთიც ვერ ითამაშეს, გოჩა გოგრიჭიანს მამა გარდაეცვალა და ამ მიზეზით ვერ შეუერთდა გუნდს, ვასულ მიქაბერიძე კი, მიწვევის მიუხედავად, ნაფარეულში ვერ ჩავიდა.
ეროვნული ნაკრების გარდა მთავარი მწვრთნელი კანდიდატებსაც აკვირდებოდა. გაზეთ ქართული ფეხბურთისთვის (1991 წლის 13 დეკემბერი) მიცემულ ინტერვიუში ბატონმა გიგამ განაცხადა:
„ახალგაზრდულიდან მომეწონა გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ბადრი კვარაცხელია, გელა გაბისონია, დავით ჯანაშია…
ჯამარაული და ნემსაძე ეროვნულ ნაკრებში მოწვეულნი იქნებიან. ამას უკვე დაბეჯითებით ვამბობ. ყურადღებით დავაკვირდები სხვა მოთამაშეებს და სტაბილურობის შემთხვევაში მოვიწვევ.
ჩემი ყურადღების ქვეშ იქნებიან ბადრი კვარაცხელია, გელა გაბისონია, გია გიგატაძე, გოჩა კვარაცხელია, გელა კვიტატიანი, კახა სიდამონიძე, გიორგი ქინქლაძე, ბუბა ტყავაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ანჩაბაძე, დავით ჯანაშია, არჩილ ჩხაბერიძე“…
იმავე ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეგმებზეც ისაუბრა. გიგა ნორაკიძის თქმით, ეროვნულმა გუნდმა 1992 წელს 10-12 საერთაშორისო მატჩის ჩატარება განიზრახა.
მაგრამ ერთია რას აპირებ, და მეორე – რას შეძლებ.
მომდევნო წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ სამჯერ შეიკრიბა, ისიც შემოდგომით.
ეს, ცხადია გულდასაწყვეტი იყო, თუმცა ქართულ ფეხბურთში 1992 წელს კარგი ამბავი მაინც მოხდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო ოჯახებს შეუერთდა – სფფ ფიფასა და უეფაში მიიღეს.
2 ივლისი, 1991. ამხანაგური. მოლდოვა, კიშინიოვი, რეპუბლიკანი. 7 000
მოლდოვა 2:4 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (5), 0:2 გიორგი დარასელია (13), 1:2 ალექსანდრუ სპირიდონი (27), 2:2 გეორგე ჰარეა (50), 2:3 მიხეილ ჯიშკარიანი (79), 2:4 მიხეილ ყაველაშვილი (88)
მოლდოვა: სერგეი კვასნიკოვი, სერგეი სეკუ (იონ ტესტიმიცანუ 60), ალექსანდრუ გუზუნი, სერგიუ სარბუ (კაპ), ემილ კარასი, სერგეი პარხომენკო (გეორგე ჰარეა 46), პეტრუ სარბუ (რადუ რებეჟა 77), ვალერიუ კაპაცანა (სერგეი კლეშენკო 46), სერგეი ნანი, ალექსანდრუ სპირიდონი (იგორ ოვჩერენკო 46), ვიაჩესლავ პროცენკო (სერგეი ჩირილოვი 46)
მწვრთნელი: იონ კარასი
საქართველო: ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი, დავით ცომაია, თემურ ქეცბაია, გიორგი კილასონია, მელორ ბიგვავა (მიხეილ ჯიშკარიანი 59), გიორგი დარასელია, დავით ყიზილაშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 65)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
მსაჯები: ალექსანდრ გორინი; ანატოლი რიბაკი, გენადი კრასნოშანი (მოლდოვა)
* * *
26 მაისი, 1991. არაოფიციალური ამხანაგური
საქართველო 3:0 იბერია (თბილისი)
გოლები: 1:0 მელორ ბიგვავა (3), 2:0 მიხეილ ჯიშკარიანი (7), 3:0 დავით მახარაძე (69)
საქართველო: გელა ჭანტურია (მამუკა გვასალია 75), გელა კვიტატიანი, გოჩა გუჯაბიძე, დიმიტრი კუდინოვი (გია გიგატაძე 60), გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, გოჩა გოგრიჭიანი (ანდრო კიურჯიევი 46), გიორგი კილასონია, მელორ ბიგვავა, მიხეილ ჯიშკარიანი (ბადრი სპანდერაშვილი 75), დავით ყიზილაშვილი (დავით მახარაძე 43)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
29 ივნისი, 1991. არაოფიციალური ამხანაგური
საქართველო 5:0 მარგვეთი (ზესტაფონი)
გოლები: 1:0 დავით ყიზილაშვილი (14), 2:0 გოჩა ტყებუჩავა (52), დავით ყიზილაშვილი (56), 4:0 დავით ცომაია (72), 5:0 მიხეილ ჯიშკარიანი (80)
საქართველო: ნიკა ჩხეიძე (მამუკა გვასალია 46), დიმიტრი კუდინოვი (მამუკა მაჭავარიანი 46), კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი კილასონია, დავით ცომაია, გოჩა ტყებუჩავა, გია ჯიშკარიანი, თემურ ქეცბაია (გიორგი დარასელია 46), დავით ყიზილაშვილი (მიხეილ ჯიშკარიანი 60), მიხეილ ყაველაშვილი (მელორ ბიგვავა 46)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
2 დეკემბერი, 1991. ავთანდილ ღოღობერიძის თასის ნახევარფინალი. ნაფარეული
საქართველო 5:4 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
გოლები: 1:0 მიხეილ ჯიშკარიანი (13), 2:0 მიხეილ ჯიშკარიანი (16), 3:0 მიხეილ ჯიშკარიანი (27), 3:1 ბადრი კვარაცხელია (30), 4:1 მიხეილ ყაველაშვილი (43), 4:2 ბადრი კვარაცხელია (62), 4:3 დავით მაღრაძე (66), 4:4 გელა გაბისონია (70), 5:4 მიხეილ ჯიშკარიანი (86)
საქართველო: ნიკა ჩხეიძე (მამუკა გვასალია 46), გელა ინალიშვილი, გოჩა გუჯაბიძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი კილასონია, გია ჩხაიძე, გოჩა ტყებუჩავა, მიხეილ ყაველაშვილი, ოთარ კორღალიძე, კახი კაჭარავა (დავით ყიზილაშვილი 46), მიხეილ ჯიშკარიანი
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები: ირაკლი ზოიძე (აკაკი დევაძე 46), არჩილ ჩხაბერიძე, გოჩა ჯამარაული, ნუგზარ ლობჟანიძე, ევგენი სანადირაძე, დავით მაღრაძე (დავით წომიკურიძე 76), გიორგი ნემსაძე, თემურ დიმიტრიშვილი, დავით ჯანაშია, ბადრი კვარაცხელია, გელა გაბისონია
გაფრთხილება: გელა ინალიშვილი, ოთარ კორღალიძე
მსაჯები: ალეკო წერეთელი (ჭიათურა); ვლადიმერ ეჯიბია (თბილისი), ილია მექერიშვილი (გურჯაანი)
4 დეკემბერი, 1991. ავთანდილ ღოღობერიძის თასის ფინალი. თბილისი
საქართველო 4:1 საქართველოს ოლიმპიური ნაკრები
გოლები: 1:0 დავით ყიზილაშვილი (13), 2:0 დავით ყიზილაშვილი (36), 3:0 დავით ყიზილაშვილი (75), 4:0 კახი კაჭარავა (82), 4:1 ბუბა ტყავაძე (89)
39ე წუთზე ბუბა ტყავაძემ ვერ გაიტანა პენალტი
საქართველო: ნიკა ჩხეიძე (მამუკა გვასალია 70), გელა ინალიშვილი, გოჩა გუჯაბიძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი კილასონია, გია ჩხაიძე (ევგენი სანადირაძე 77), გოჩა ტყებუჩავა, მიხეილ ყაველაშვილი (არჩილ ჩხაბერიძე 79), ოთარ კორღალიძე, კახი კაჭარავა, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები: გიორგი ბაბუაძე (გიორგი მაკასარაშვილი 40), გელა კვიტატიანი, კახა სიდამონიძე (მერაბ გაფრინდაშვილი 70), გია ნადირაძე, ლევან ნადარეიშვილი, ბადრი კვარაცხელია (გიორგი გოგიაშვილი 46), გოჩა ჯამარაული, გიორგი დარასელია, მელორ ბიგვავა, ბუბა ტყავაძე, დავით ჯანაშია (მამუკა მინაშვილი 46)
მსაჯები: მალხაზ კობიაშვილი (დუშეთი); ელგუჯა სილაგავა (თბილისი), მერაბ ჭელიძე (თბილისი)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 აპრილი)
ფოტო: ელდარ მალხაზიშვილი; გაზეთები „ქართული ფეხბურთი“ და „სარბიელი“