ეროვნული ნაკრების მეოთხე ნაბიჯი: საქართველო 6:3 აზერბაიჯანი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას ეგიდით გამართული პირველი საერთაშორისო მატჩი წააგო – ლიეტუვაში უკანასკნელ წამებზე გაუშვა გოლი და მასპინძლებთან 0:1 დამარცხდა.
გიგა ნორაკიძის გუნდმა ფიფას ეგიდით მეორედ ორი კვირის შემდეგ ითამაშა, პირველად შინ და ამჯერად გაიმარჯვა, თან დიდი ანგარიშით. 1992 წლის 17 სექტემბერს ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქე მეზობელი აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელიც იმ დღეს ისტორიაში პირველად გავიდა მინდორზე. ამხანაგური მატჩი გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
გაზეთ ქართულ ფეხბურთსა (#35, 25 სექტემბერი) და ჟურნალ გოლში (#2, ოქტომბერი) გამოქვეყნებული წერილებით თუ ვიმსჯელებთ, მინდორი არაფრად ვარგოდა – ლამის მთელი მოედანი ატალახებული იყო. ამინდიც დაიწუნებოდა – მზეს ღრუბლები ფარავდა.
ფიფას ეგიდით გამართული პირველი საშინაო მატჩიდან დღეს ბევრი არაფერია შემორჩენილი: ერთადერთი ფოტო ჟურნალ გოლში გამოქვეყნდა. რაც შეეხება თამაშის ვიდეოჩანაწერს, ამავე გამოცემის მესამე გვერდზე მოთავსებულ მიმოხილვაში ნახსენებია, რომ მატჩი ტელეკომპანია იბერვიზიამ ეგრეთ წოდებული სახლის კამერით გადაიღო. დიდი იმედი მაქვს ის ჩანაწერი გადარჩა და ადრე თუ გვიან გამოჩნდება.
და სანამ გურჯაანული დაპირისპირების კადრებს ვიხილავთ, მანამდე თამაშის მიმომხილველების, სპორტული ჟურნალისტების მამუკა კვარაცხელიას და ილია ბაბუნაშვილის რეპორტაჟების დახმარებით გავიხსენებ იმდღევანდელ ამბებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 30ე წუთზე დაწინაურდა. საგოლე შეტევა გურჯაანის ალაზანის მცველმა დავით ცომაიამ დაიწყო, რომელმაც მეტოქეს ვარდნაში აართვა ბურთი. მერე იყო თბილისის შევარდენი 1906ის ერთ-ერთი ლიდერის, კახი გოგიჩაიშვილის დაახლოებით ოცდაათმეტრიანი რეიდი, ზუსტი გადაცემა თანაკლუბელ დავით ყიზილაშვილზე და ამ უკანასკნელის ძლიერი და ზუსტი დარტყმა – 1:0.
ამგვარად, ფიფას ეგიდით საქართველოს ნაკრების პირველი გოლი შევარდენი 1906ის ლიდერებმა შექმნეს – საგოლე გადაცემა გოგიჩაიშვილმა შეასრულა, ისტორიული ბურთი კი 22 წლის ცენტრფორვარდმა შეაგდო.
ჟურნალისტები კი წერენ, რომ გიგა ნორაკიძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა შესვენებაზე მეტოქეები მაინც საყაიმო ანგარიშით გავიდნენ: ვიდადი რზაევმა ძლიერად დაარტყა, მეკარე აკაკი დევაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი სტუმართა კაპიტანმა და ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ, 27 წლის ნაზიმ სულეიმანოვმა იმარჯვა – 1:1. ეს უკანასკნელი იმხანად რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, ვლადიკავკაზის ალანიაში.
„მეორე ტაიმის პირველმა ოცდახუთმა წუთმა დიდი სიამოვნება მიანიჭა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს. ჩვენმა ბიჭებმა სუფთად მოუგეს მეტოქეს ამ მონაკვეთში და ერთმანეთზე ლამაზი ოთხი გოლი გაიტანეს“, – წერს მამუკა კვარაცხელია თამაშის მიმოხილვაში.
სტუმართა რბევა 48ე წუთზე დაიწყო დავით ყიზილაშვილმა და დუბლი შეასრულა – 2:1.
52ე წუთზე გიორგი დარასელიამ მესამე გოლი შეაგდო. ზემოხსენებული ჟურნალისტების თქმით, მისი ბურთი ულამაზესი იყო. აი რა უძღოდა წინ დარასელიას გოლს: აზერბაიჯანელთა იერიში მალხაზ არზიანმა (თბილისის დინამო) ჩაშალა, რომელმაც ბურთი თანაკლუბელ დიმიტრი კუდინოვს მიაწოდა. მან მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთი დინამოელი, რეზო არველაძე მოძებნა, რომელმაც შეტევაში გუნდის კაპიტანი გია ჯიშკარიანი (შევარდენი 1906) ჩართო. ამ უკანასკნელმა დარასელიას „კედელი“ გაუთამაშა, თავად მარცხენა ფლანგზე ჩაირბინა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა. სწრაფად გათამაშებული მრავალსვლიანი კომბინაციის გვირგვინი ქუთაისის ლიდერის, დარასელიას თავური დარტყმა გამოდგა – ბურთი ცხრიანში შევარდა, ანგარიში კი 3:1 გახდა.
მთავარმა მწვრთნელმა გოლის ავტორი უმალ შეცვალა და მაყურებელმაც ტაშით გააცილა იუბილარი – გიორგი დარასელიამ გოლით აღნიშნა 24ე დაბადების დღე. მის ნაცვლად კი თამაშში ეროვნული გუნდის დებიუტანტი, თბილისის დინამოს 19 წლის ახალწვეული, ჩვენი ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე ჩაერთო…
69ე წუთზე ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა ჯვაროსნების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ – 4:1. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის გახლდათ, შოთა უკვე დინამოს მთავარი შემტევი იყო.
71ე წუთზე სტუმართა კარში მეხუთე გოლი გავიდა, ამჯერად პენალტის ნიშნულიდან – კახი გოგიჩაიშვილმა გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, ეს არის ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველი და რაც მთავარია, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი.
მატჩის ბოლო 20 წუთი სტუმრებმა 2:1 მოიგეს და ამ ყველაფერს იმხანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ „მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი“ უწოდა. მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკრების დონეზე გაშვებული სამი გოლი „ტრაგედიაა“.
ჟურნალ გოლისთვის მომზადებულ წერილში ჟურნალისტმა ილია ბაბუნაშვილმა მატჩის ბოლო 20 წუთი ასე შეაფასა: „მას შემდეგ, რაც ანგარიში 5:1 გახდა, ჩვენების თამაშს, თითქოს, ერთგვარი უპასუხისმგებლობა დაეტყო. ეს, შესაძლოა, იმის ბრალიც იყო, რომ ამ დროისთვის მეტოქემ, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და ეს გამოხატა კიდეც. მესმის, რომ შესაძლოა კაცს წაქცეულის ცემა არ გინდოდეს, მაგრამ ვგონებ, 6:3ს მაინც 5:1 ჯობდა“.
ასე იყო თუ ისე, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფიფას ეგიდით გამართული პირველი საშინაო მატჩი მოიგო, გიგა ნორაკიძემ კი განაცხადა:
„თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, მაქსიმალურად გამოვიყენეთ საგოლე მომენტები…
სცენარი ერთი და იგივე იყო ლიეტუვის ნაკრებთანაც და ამ თამაშშიც, იქაც და აქაც მრავალი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ თუ იქ რეალიზება ნული იყო, დღეს სადღაც 75 პროცენტი გამოვიყენეთ…
წელს დაგეგმილი გვაქვს ესტონეთის ეროვნულ გუნდთან თამაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, მანამდე კი ნაკრების კარი კვლავაც ღია იქნება ღირსეულთათვის“…
საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სიტუაციამ ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული გუნდის მესვეურებს მორიგი უსიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა – ესტონელებთან ამხანაგური მატჩი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ნაკრები მესამედ და უკანასკნელად მხოლოდ დეკემბრის მიწურულს, საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ შეიკრიბა. გუნდმა კვიპროსში ტურნე მოაწყო, რომელმაც მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი და ორი არაოფიციალური შეხვედრა დაიტია.
17 სექტემბერი, 1992. ამხანაგური. გურჯაანი, დავით ყიფიანი. 3 000
საქართველო 6:3 აზერბაიჯანი
გოლები: 1:0 დავით ყიზილაშვილი (30), 1:1 ნაზიმ სულეიმანოვი (42), 2:1 დავით ყიზილაშვილი (48), 3:1 გიორგი დარასელია (52), 4:1 შოთა არველაძე (69), 5:1 კახი გოგიჩაიშვილი (71, პენ), 5:2 ვიდადი რზაევი (77), 6:2 გია ჯიშკარიანი (79, პენ), 6:3 ნაზიმ სულეიმანოვი (85, პენ)
საქართველო: აკაკი დევაძე (დავით ჯანელიძე 75), მალხაზ არზიანი, დიმიტრი კუდინოვი, კახა სიდამონიძე (გიორგი ნემსაძე 46), გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ცომაია, გიორგი დარასელია (გიორგი ქინქლაძე 53), კახი გოგიჩაიშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 75), რევაზ არველაძე, დავით ყიზილაშვილი, შოთა არველაძე (დავით ჯანაშია 75)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
აზერბაიჯანი: დმიტრი კრამარენკო (ელხან ჰასანოვი 54), აიდინ ალეკბეროვი (ვუქარ ისმაილოვი 54, ელმან სულთანოვი 76), ელსად ახმედოვი, ტარლან ახმედოვი, ზაურ ყარაევი, ემინ აღაევი, შაჰინ დინიევი, მუსა ყურბანოვი (ყურბან ყურბანოვი 46), ვიდადი რზაევი, ნაზიმ სულეიმანოვი (კაპ), სამირ ალეკბეროვი (ქამილ ბაირამოვი 70)
მწვრთნელი: აჰმედ ალესკეროვი
მსაჯები: გურამ სეფიაშვილი; ვახტანგ ჩოჩიშვილი, ნუგზარ კილაძე
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 დეკემბერი)
ფოტო: ვალერი ღარიბაშვილი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; ჟურნალი გოლი