ეროვნული ნაკრების მესამე ნაბიჯი: ლიეტუვა 1:0 საქართველო
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი იმედებით შეხვდა. თითქმის ორწლიანი, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციებისგან არაღიარებული დამოუკიდებლობის შემდეგ, ფიფამ 25 თებერვალს სფფ დროებით წევრად მიიღო, 25 ივნისს კი იგივე მოიმოქმედა უეფამ.
2 ივლისს, ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას სრულუფლებიანი წევრი გახდა!
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მორიგი კონგრესი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა და სასიხარულო ცნობაც სწორედ ამ ქალაქიდან გავრცელდა.
იმ დღეებში ბევრი ფიქრობდა, რომ ფიფას და უეფას აღიარების შემდეგ, 1992-93 წლების ევროსეზონში ჩვენი კლუბებიც გამოჩნდებოდნენ, მაგრამ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო, განსაკუთრებით კი აფხაზეთში სისხლისღვრის გათვალისწინებით, უეფას იურიდიულმა კომისიამ ქართული გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუშვა – დებიუტი ერთი წლით გადაიდო. უეფას ოფიციალური განცხადება 14 ივლისს გავრცელდა.
ჩვენი კლუბებისთვის კიდევ ერთი წლის სრულ იზოლაციაში გატარება ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, თუმცა იმ დროისთვის ის მაინც გაირკვა, რომ 2 სექტემბერს ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებდა ფიფა-უეფას ეგიდით – მეტოქედ ლიეტუვა შეირჩა.
1991 წლის ზაფხულში, მოლდოვაში მასპინძლებთან გამარჯვების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიგა ნორაკიძემ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა მომდევნო წელს „ათი-თორმეტი საერთაშორისო მატჩის ჩატარება განიზრახა“.
მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო, ნაკრების მატჩები კი არა, მეოთხე ეროვნული ჩემპიონატიც უდიდესი ძალისხმევით დაიწყო, ამდენად თუნდაც ზაფხულში დაგეგმილი პირველი სანაკრებო შეკრება და საერთაშორისო თამაში უკვე დიდი წარმატება იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ჟურნალ გოლისთვის მიცემულ ინტერვიუში (#1, სექტემბერი, 1992), განაცხადა: „გვინდოდა ჩარტერული რეისით გავმგზავრებულიყავით ლიეტუვაში. სამწუხაროდ, საქართველოში მძიმე მდგომარეობის გართულებამ და დიდმა ხარჯებმა ხელი აგვაღებინა განზრახვაზე. ახლა იძულებული ვართ თვითმფრინავით მინსკში ჩავფრინდეთ და იქიდან ავტობუსით წავიდეთ თამაშის ადგილამდე. სულ 25-26 კაცი მიემგზავრება, რაც ასეთი დელეგაციისთვის მინიმუმია“.
სფფს პრეზიდენტთან ინტერვიუ ეროვნული გუნდის პირველი, ქუთაისური შეკრების შემდეგ ჩაიწერა. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ნაკრების შემადგენლობა – ბირთვი იმავე დღეებში გამოიკვეთა. გიგა ნორაკიძემ და მისმა თანაშემწეებმა საუკეთესო ფეხბურთელები 16-20 აგვისტოს, ტორპედოს ხელმძღვანელების ხარჯით შეკრიბეს საღორიის საკლუბო ბაზაზე. იქვე გაიმართა ორი ამხანაგური თამაშიც – ჯერ სამგურალთან, შემდეგ ტორპედოსთან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და გიგა ნორაკიძის თანხმობით, ტორპედოს ბაზაზე რამდენიმე ჟურნალისტიც ცხოვრობდა და იმ დღეების ამბებს ერთ-ერთი მათგანის, ზურაბ მეძველიას რეპორტაჟის დახმარებით გავიხსენებ. ჩანახატი ჟურნალ გოლის 1992 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
სანაკრებო შეკრებაზე მხოლოდ თოთხმეტი ფეხბურთელი გამოცხადდა. გოჩა გუჯაბიძე (გურჯაანის ალაზანი) მეოთხე ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში დაშავდა – ტვინის შერყევა მიიღო, ჯუბა ჩუხუას (თბილისის მრეტები) ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა, სოხუმის ცხუმის ლიდერებს – მიხეილ ჯიშკარიანს, მელორ ბიგვავას და იური გაბისკირიას კი ფეხბურთისთვის უბრალოდ არ ეცალათ. გუნდს სულ ბოლოს დააკლდა შოთა არველაძეც (თბილისის დინამო), რომელმაც შეკრება მუხლის ტრავმის გამო დატოვა.
აღარ ელოდნენ მურთაზ შელიასაც (თბილისის დინამო) – ის სამოქალაქო ომის შუაგულში, მშობლიურ ოჩამჩირეში იმყოფებოდა, მაგრამ ახალგაზრდა მცველმა ოცდაათი(!) კილომეტრი იარა ფეხით, სანამ პირველ ავტომობილს დაემგზავრებოდა და ასე ჩავიდა ქუთაისში.
სათქმელია დავით ყიზილაშვილის და აკაკი დევაძის (ორივე თბილისის შევარდენი 1906) თავს გადახდენილი ამბავიც – ისინი თბილისიდან ყიზილაშვილის მანქანით გაემგზავრნენ, ქუთაისის შესასვლელთან კი ავტომატებით შეიარაღებულმა უცნობებმა გააჩერეს. საბედნიეროდ, უსიამოვნო ისტორია მშვიდობით დასრულდა…
„გუნდმა გეგმის მიხედვით მხოლოდ პირველ 15 წუთს ითამაშა“, – ეს სიტყვები გიგა ნორაკიძემ 17 აგვისტოს, წყალტუბოში, სამგურალთან 4:2 მოგებული საწვრთნელი მატჩის შემდეგ განაცხადა.
სამ დღეში ეროვნული გუნდი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. და სანამ ამ თამაშზე დავწერ, ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ: კლუბმა მეოთხე ეროვნული ჩემპიონატიც ქუთაისის სახელით დაიწყო, მაგრამ 17 აგვისტოს დამფუძნებელმა საბჭომ გუნდს ძველი სახელი დაუბრუნა და ამის შესახებ პირველად სწორედ ნაკრებთან საწვრთნელი მატჩის წინ გამოაცხადა სტადიონის დიქტორმა.
გიგა ნორაკიძე ეროვნული გუნდის მხარდამხარ ტორპედოს თავკაციც გახლდათ, ამიტომ თავს უფლება მისცა და დავით ჯანაშია და გიორგი დარასელია ამ მატჩში ქუთაისელთა შემადგენლობაში გაამწესა. თამაში მაინც ნაკრებმა მოიგო ყიზილაშვილის ორი გვიანი გოლით – 2:0. მანამდე ტორპედოელმა ზურაბ იონანიძემ გაიტანა ბურთი, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
ქუთაისურ ჩანახატს ზურაბ მეძველია ასე ასრულებს: „არაფერია სადავო იმაში, რომ ჩვენი ჟურნალისტები მუშაობის პირობებით უცხოელ კოლეგებთან შედარებით ქვის ხანაში ვიმყოფებით. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების ხელმძღვანელობამ ისეთი შანსი მოგვცა, სხვა ქვეყნის ჟურნალისტები მხოლოდ სიზმარში რომ ხედავენ – მთელი შეკრება გუნდთან ერთად ვიყავით ტორპედოს მშვენიერ ბაზაზე.
ბევრი რამის გაგება და ნახვა მოვასწარით. ყველაფერს ეს რეპორტაჟი ვერ დაიტევს, მაგრამ მაინც მოგახსენებთ, რომ ყიზილაშვილი ისევე კარგად ხმარობს ნარდის კამათელს, როგორც ფეხს მოედანზე; რომ არველაძე, ცომაია, ჯიშკარიანი და დარასელია ფეხბურთზე არანაკლებ დომინოს ურახუნებენ; რომ ჩიქოვანი ტელევიზიით გადმოცემულ საინფორმაციო გამოშვებას არ აცდენს და რომ ყველასთვის იმ დღეებში ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი – რა ხდებოდა აფხაზეთში.
ბოლოს კი ყველა ერთად შეიკრიბებოდა და დაიწყებოდა: ჩვენებმა სოხუმი აიღეს, მარიანამ შვილი იპოვა (ფილმი იმაზე, თუ როგორ ტირიან მდიდრები, დღის რეჟიმშიც იყო შეტანილი), მაჟეიკისი ანცში გადმოსულა, გურული საფრანგეთში გადასულა და ისევ და ისევ აფხაზეთი…
ძილი კი ყველას ერთნაირი ჰქონია – დილის ვარჯიშზე არავინ აგვიანებდა“.
მეკარეები აკაკი დევაძე (შევარდენი 1906) და დავით ჯანელიძე (მრეტები); მცველები დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჩიქოვანი (ორივე დინამო) და კახა სიდამონიძე (მრეტები); ნახევარმცველები გია ჯიშკარიანი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (ყველა შევარდენი 1906), დავით ცომაია (ალაზანი), გიორგი დარასელია (ტორპედო), რევაზ არველაძე (დინამო), როსტომ თორღაშვილი (ბათუმი); თავდამსხმელები გიორგი ქინქლაძე (მრეტები), დავით ჯანაშია (ტორპედო), შოთა არველაძე (დინამო) და დავით ყიზილაშვილი (შევარდენი 1906) – ამ შემადგენლობით გაემგზავრა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში.
გიგა ნორაკიძის რჩეულთა შორის იყო შელიაც, მაგრამ ის ბოლო მომენტში დაშავდა. ასევე ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს მალხაზ არზიანი (დინამო), სოხუმელებს კი ნაკრების ხელმძღვანელებმა გასაგები მიზეზების გამო აღარ უხმეს.
თბილისიდან კაუნასამდე 17(!) საათიანი მგზავრობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში ჩავიდა, მასპინძლებმა კი სტუმრები სპორტდარბაზში შეასახლეს, ოთხადგილიან ნომრებში, სადაც ცხელი წყალიც არ მოდიოდა.
გაზეთ ქართულ ფეხბურთში (#33, 11 სექტემბერი, 1992) გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვაში კი წერია, რომ ეროვნული გუნდის ისტორიაში ფიფა-უეფას ეგიდით გამართულ პირველ მატჩს ჩვენი პრესის და ტელევიზიის თანამშრომლები ვერ დაესწრნენ, მაგრამ ერთმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა კაუნასში ჩასვლა.
ზურაბ მეძველიას რეპორტაჟიდან: „სადილზე მასპინძლებმა (თუ შეიძლება მათ ასე ეწოდოთ) კიდევ ერთხელ გაგვაოცეს – ჩვენი მაგიდის გვერდით… ქელეხი მიმდინარეობდა. იმ მწირ საკვებს, რომელიც ჩვენთვის გაიმეტეს, სამგლოვიარო სიმღერების თანხლებით გეახელით“…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ფიფა/უეფას ეგიდით გამართული პირველი თამაში კი, ხსენებული ჩანახატის თანახმად, ქართველთა უპირატესობით წარიმართა:
პირველ ტაიმში გიორგი დარასელიამ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა – ორივე შემთხვევაში რამდენიმე მცველს აჯობა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტიდან ბურთი კარს ააცილა…
ყიზილაშვილს და გოგიჩაიშვილს მასპინძელთა მეკარემ და კაპიტანმა, გინტარას სტაუჩემ აჯობა. ეს უკანასკნელი, ყიზილაშვილთან ერთად, საუკეთესო ფეხბურთელის სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდა…
ტაიმის მიწურულს რევაზ არველაძე საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ ლატვიელმა არბიტრმა წესების დარღვევა ვერ შენიშნა…
მეორე ნახევარშიც არაფერი შეცვლილა, ეგაა მხოლოდ, რომ საფინალო სასტვენამდე ოცი წამით(!) ადრე ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების კარში გავიდა – შეცვლაზე შესულმა არუნას მიკამ აკაკი დევაძის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა, 0:1.
ლიეტუვის ნაკრებმა, რომელიც დანიასთან მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ემზადებოდა, 52წლიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა კაუნასში და კვლავ გაიმარჯვა. ნორაკიძის გუნდისგან განსხვავებით, ლიუბინსკასის ბიჭებისთვის ეს მეათე საერთაშორისო მატჩი იყო 1992 წელს…
„ის, რომ შეხვედრა გაიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის სპეციალური ფონდის პრეზიდენტის თორნიკე ფიფიას უდიდესი დამსახურებაა. სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა სპეციალური რეისის გამოყოფა და ჩვენი ლიეტუვაში გამგზავრება…
ამ თამაშმა უდავოა რომ სარგებლობა მოგვიტანა. გამოჩნდა ის დიდი პოტენციალი, რომელიც გუნდს გააჩნია, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს.
ლიეტუვაში წაგება ძირითადად ნაკრებების დონეზე სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ გამოიწვია. ამ ეტაპზე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ეს კი უთუოდ დასაფასებელია. თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა, ამდენად წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით“, – ეს სიტყვები ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ შენგელიამ გაზეთ ქართულ ფეხბურთს განუცხადა (#33, 11 სექტემბერი, 1992).
იმ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთი საერთაშორისო თამაში უკვე დაეგეგმა – 17 სექტემბერს გურჯაანში, აზერბაიჯანთან.
2 სექტემბერი, 1992. ამხანაგური. ლიეტუვა, კაუნასი, სტეპონას დარიუსი და სტასის გირენასი. 2 000
ლიეტუვა 1:0 საქართველო
გოლები: 1:0 არუნას მიკა (90)
ლიეტუვა: გინტარას სტაუჩე (კაპ), რემიგიუს საკალასი, რომას მაჟეიკისი, რაიმონდას ვაინორასი (არუნას მიკა 46), ვალდას ურბონასი (ვიკტორას ოლშანსკისი 38), რიჩარდას ზდანჩიუსი, ანდრიუს ტერეშკინასი, ვირგინიუს ბალტუშნიკასი, აუდრიუს ჟუტა (ირმანტას სტუმბრისი 73), ეიმანტას პოდერისი, ვაიდოტას შლეკისი (რემიგიუს პოციუსი 69)
მწვრთნელი: ალგიმანტას ლიუბინსკასი
საქართველო: აკაკი დევაძე, კახი გოგიჩაიშვილი, კახა სიდამონიძე, დიმიტრი კუდინოვი, გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ცომაია, გიორგი დარასელია, რევაზ არველაძე (გიორგი ნემსაძე 56), გოჩა ჩიქოვანი, დავით ყიზილაშვილი, შოთა არველაძე (დავით ჯანაშია 63)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
გაფრთხილება: გია ჯიშკარიანი
მსაჯი: ვიტალის ლიოლაიში (ლატვია)
17 აგვისტო, 1992. არაოფიციალური ამხანაგური. წყალტუბო
საქართველო 4:2 სამგურალი (წყალტუბო)
გოლები: დავით ყიზილაშვილი, რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, ნეფარიძე
საქართველო: აკაკი დევაძე, გოჩა ჩიქოვანი, დიმიტრი კუდინოვი, მალხაზ არზიანი, დავით ცომაია (მურთაზ შელია 46), გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე, გია ჯიშკარიანი, ნეფარიძე, დავით ჯანაშია, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
20 აგვისტო, 1992. არაოფიციალური ამხანაგური. ქუთაისი
საქართველო 2:0 ტორპედო (ქუთაისი)
გოლები: 1:0 დავით ყიზილაშვილი (88), 2:0 დავით ყიზილაშვილი (89)
საქართველო: ნიკა ჩხეიძე, მალხაზ არზიანი, დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი, დავით ცომაია, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჩიქოვანი, რევაზ არველაძე, დავით ყიზილაშვილი, ნეფარიძე (გიორგი ქინქლაძე 46)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 2 სექტემბერი)
ფოტო: გია ახალაძე; გაზეთი ქართული ფეხბურთი; ჟურნალი გოლი