ეროვნული ნაკრების ნაბიჯები: მალტის საერთაშორისო ტურნირი

1994 წლის 22 იანვარს, მანჩესტერში, გრანადა სტუდიოს უზარმაზარ დარბაზში ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც პირველად დაუშვეს ოფიციალურ ტურნირში, მეტოქეებად მოლდოვა, ალბანეთი, უელსი, ბულგარეთი და გერმანია ერგო.
ცერემონიალში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ და სწორედ მათ „შეგვირჩიეს“ მეტოქეები. მაგალითად ჯეფრი ჰერსტმა ბულგარეთის ბურთულა გახსნა, ბობი ჩარლტონმა – უელსის, ხოლო ტომ ფინეიმ ბერტი ფოგთსის გაწვრთნილი გერმანია გამოუშვა ჩვენს ექვსეულში, ჯერ კიდევ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ბოლო ევროჩემპიონატის ფინალისტი.

ევრო 96ის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ერთად მანჩესტერში იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

ბატონი საშა წილისყრაზე მყოფ გაზეთ სარბიელის კორესპონდენტთან, დავით მჭედლიშვილთან ორი წინადადებით შემოიფარგლა: „ძლიერი ჯგუფია, თუმცა უარესიც შეიძლებოდა. მთავარია ჩვენ შევკრიბოთ უძლიერესი შემადგენლობა“.

ოფიციალური მატჩებისათვის მზადება ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ორ კვირაში, მალტის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირით დაიწყო, სადაც როთმენსის თასის ეგიდით 8, 10 და 12 თებერვალს ითამაშა. ჩვენი დელეგაცია კუნძულზე პირველი თამაშის წინა საღამოს ჩაფრინდა.

როთმენსის თასი პირველად 1986 წელს გათამაშდა კლუბებს შორის. 1988 წლიდან მასში მხოლოდ ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ, 1992 წლიდან კი თასი მხოლოდ ლუწ წლებში თამაშდებოდა.

1994 წლის ტურნირისთვის მასპინძლებმა ტუნისელები და სლოვენიელებიც მიიწვიეს. პირველ ტურში, 8 თებერვალს, ჩივაძის გუნდი სწორედ სლოვენიას შეხვდა და პრიმოჟ გლიჰას მიერ მე80 წუთზე გატანილი გოლით 0:1 დამარცხდა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ და ნოდარ ახალკაცმა სპორტულ ჟურნალისტებს იამანიძის 5ში, ფეხბურთის ფედერაციის ძველ შენობაში უმასპინძლეს, სადაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლოვენიასთან მარცხზე განაცხადა: „თამაში ფრედ რომ დამთავრებულიყო, მაშინაც კი უკმაყოფილო ვიქნებოდი. თამაში პრაქტიკულად ცალ კარში მიდიოდა! ზაზა რევიშვილმა, თემურ ქეცბაიამ, დავით ყიზილაშვილმა და გიორგი ნემსაძემ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს“.

ორ დღეში საქართველო მასპინძელთა ნაკრებს შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა – კვიპროსზე, ანორთოსისში მოთამაშე ქეცბაიამ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

„ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, თუმცა არ დავმალავ რომ ბოლო 15 წუთი მალტელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება მატჩი ფრედაც დასრულებულიყო“, – განაცხადა ჩივაძემ, გოლის ავტორის შესახებ კი თქვა: „არ ვიცი როგორ თამაშობს თემური ანორთოსისში, იმ პოზიციაზე კი, მე რომ მივუჩინე, მისი თამაშით კმაყოფილი არ ვარ“.

როთმენსის თასის მეშვიდე გათამაშება 12 თებერვალს დასრულდა – საქართველო ტუნისს დაუპირისპირდა. ამ თამაშს ისტორიულიც შემიძლია ვუწოდო, რადგან ჩვენი გუნდი პირველად შეხვდა სხვა კონტინენტის, ამ შემთხვევაში აფრიკის წარმომადგენელს.

საქართველომ 2:0 გაიმარჯვა – ანგარიში მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა, დიმიტრი კუდინოვმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თუ ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტთა რეპორტაჟით ვიმსჯელებ, ჩივაძეს ყველაზე მეტად სწორედ ეს მოგება გაუხარდა:

„ბოლო პერიოდში ტუნისმა არაერთ ძლიერ მეტოქესთან ითამაშა – გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ფრედ დაასრულა შეხვედრები, ბულგარეთს დიდი ანგარიშით აჯობა… მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ხუთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაინც ანგარიშგასაწევი ძალა იყო… მაგრამ არც ჩვენ გვითამაშია საუკეთესო შემადგენლობით – მალტასთან გამარჯვების შემდეგ კახი ცხადაძე და თემურ ქეცბაია თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, გოჩა გოგრიჭიანი კი მესამე შეხვედრაშიც ვერ დავიხმარეთ, მას ტრავმა აწუხებდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტუნისს მხოლოდ 15 მოთამაშით შევხვდი, გამარჯვება უფრო ფასეულია“.

როთმენსის თასი სლოვენიამ მოიგო, რომელმაც მეორე ტურში ტუნისთან ფრედ 2:2 ითამაშა, უკანასკნელ მატჩში კი მალტას 1:0 აჯობა. საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, ტუნისი მესამე იყო, მასპინძლები მეოთხეზე დარჩნენ.

პრესკონფერენციის დასასრულს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლიერებით მოიხსენია ისინი, ვინც გუნდს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაში დაეხმარა: მეცენატი, რომელმაც მგზავრობა დააფინანსა, თუმცა გვარის გამხელა არ ისურვა; მოსკოვში არსებული საქველმოქმედო ფონდი გორდა და ავიაკომპანია კრაი აეროს მოსკოველი წარმომადგენელი თემურ ჩარკვიანი.

ახალკაცისვე თქმით, ფრანკფურტში შედგენილ შესარჩევი ჯგუფის კალენდარს მხოლოდ კარგი შეიძლება ეწოდოს. მან ისიც დასძინა, რომ ეროვნული ნაკრები ოფიციალურ საშინაო მატჩებს, დიდი ალბათობით, შინ ჩაატარებდა:

„გერმანიას და უელსს უკვე ნათამაშები აქვთ თბილისში, მოლდოვასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ალბანელები კი დღემდე, სტალინის ხათრით, ძმებად გვთვლიან. ასე რომ, არ გაგვჭირვებია და ამ დოკუმენტს ყველამ ხელი მოაწერა. საბოლოო სიტყვა მაინც უეფას ეკუთვნის, ის კი აპრილის ბოლოს დანიშნულ კონგრესზე, ან ივლისში, ევროთასების წილისყრისას მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ფედერაციაში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ერთხელ გაემგზავრა უცხოეთში – ქართველები ამჯერად ისრაელს ესტუმრნენ.

8 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 1 000
სლოვენია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 პრიმოჟ გლიჰა (80)
სლოვენია: მარკო სიმეუნოვიჩი, მარინკო გალიჩი, ანდრეი პოლიშაკი, ალეშ კრიჟანი, გრეგორ ჟიდანი, სრეჩკო კატანეცი (კაპ), ალფრედ იერმანიში (პეტერ ბინკოვსკი 74), ზლატკო ზაჰოვიჩი, სამირ ზულიჩი (რობერტ ენგლარო 46), მატიაჟ ფლორიანჩიჩი (მლადენ რუდონია 46), პრიმოჟ გლიჰა
მწვრთნელი: ზდენკო ვერდენიკი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე (მიხეილ ყაველაშვილი 73), დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: კახი გოგიჩაიშვილი, ზაზა რევიშვილი, გრეგორ ჟიდანი, დიმიტრი კუდინოვი
მსაჯი: ლორი სამუტი (მალტა)

10 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 650
მალტა 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 თემურ ქეცბაია (16, პენ)
მალტა: დავიდ კლუეტი, ჯო ბრინკატი, რიჩარდ ბუაგიერი (ნიკი სალიბა 31), მაიკლ სპიტერი (ჯესმონდ კარდონა 74), დენის კაუჩი (ჯო გალეა46), ჯო კამილერი, სილვიო ველა, ჯონ ბუტიგეგი, მარტინ გრეგორი, ჩარლზ სკერი, ქრის ლაფერლა (კაპ)
მწვრთნელი: პიეტრო გედინი (იტალია)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (ბესიკ ბერაძე 75), დიმიტრი კუდინოვი (კახა სიდამონიძე 55), მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მაიკლ სპიტერი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი
მსაჯი: დარკო იამშეკი (სლოვენია)

12 თებერვალი, 1994. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 650
ტუნისი 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 მიხეილ ყაველაშვილი (48), 0:2 დიმიტრი კუდინოვი (61)
ტუნისი: ჩოკრი ელ ქუერი, ტარეკ თაბეტი, მუნირ ბუკადიდა, აჰმედ სუისი, მოჰამედ ალი მაჯუბი, იმედ მიზური, ლოფტი ბენ სასი, სირაჯედინ ჩიჰი (მოჰამედ ტრაბელსი 84), სკანდერ სუაია (ამორ ბენ ტაჰარი 73), აიად მაჯუბი, აბდელ სელიმი
მწვრთნელი: იუსეფ ზუაუი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახა სიდამონიძე, მურთაზ შელია (კაპ), დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ბესიკ ბერაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი (დავით ყიზილაშვილი 80)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი
მსაჯი: ჩარლზ აგიუსი (მალტა)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 მარტი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ლელო; Georgian Football Archive

ka_GEGeorgian