ეროვნულის პირველი ნაბიჯი: საქართველო 2:2 ლიეტუვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ 2021 წლის სეზონს იწყებს.
მორიგ, 31ე წელს ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ახალი მწვრთნელით და მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებით ხვდება.
მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონს, ფრანგ სპეციალისტს ვილი სანიოლს და მის რჩეულ ქართველებს მძიმე გამოცდების ჩაბარება მოუწევთ: 25 მარტს ჯვაროსნები შვედეთში ითამაშებენ, სამი დღის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დაუხვდებიან, თვის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავლენ მეტოქის მოედანზე, ძველ ნაცნობ საბერძნეთთან.
შვედეთთან მატჩი ეროვნულის ისტორიაში 250ე საერთაშორისო შეხვედრაა.
დიდ ასპარეზზე პირველი ნაბიჯი კი ჩვენმა გუნდმა 1990 წლის 27 მაისს გადადგა თბილისში, ჩვენსავით დამოუკიდებლობამოპოვებულ ლიეტუვის გუნდთან.
ეს წერილი სწორედ იმ პირველ, ისტორიულ თამაშზეა.

1937 წლის ზაფხულში თბილისს ბასკეთის ნაკრები ესტუმრა. ესპანელებმა ორჯერ ითამაშეს საქართველოში – დინამო 2:0 დაამარცხეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და კვლავ გაიმარჯვეს, 3:1.

1956 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადა გაიმართა და საფეხბურთო ტურნირის ფინალში მოსკოველებმა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გუნდს სძლიეს. ის გუნდი თბილისის დინამო იყო და სხვა არაფერი.

1979 წელს ფეხბურთი სპარტაკიადების სპორტულ პროგრამაში დაბრუნდა და საქართველოს ნაკრებად კიდევ ერთხელ მონათლულმა დინამომ კვლავ ფინალში ითამაშა.

ამ და სხვა რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სახელით მხოლოდ თბილისის დინამო თამაშობდა, რომელსაც ხანდახან სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელები ემატებოდნენ.

ნამდვილი ნაკრები კი 1990 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, როცა თბილისში ლიეტუველთა სტუმრობა გადაწყდა.

საქართველოს მსგავსად, ლიეტუვაც საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნას ცდილობდა და ამ საქმეში ჩვენი თანამოაზრე და მხარდამჭერი გახლდათ. ქართველებმა და ბალტიისპირელებმა ამხანაგურ თამაშზე იოლად მოილაპარაკეს და მაისის ბოლოს სტუმრები თბილისს ეწვივნენ.

ყველა სტატისტიკურ ცნობარში ლიეტუვასთან იმ პირველ შეხვედრაში ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გივი ნოდიაა მითითებული, რუსთავის გორდას მაშინდელი თავკაცი.

რეალურად კი საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ბატონმა გივიმ, ოთარ გაბელიამ და რამაზ შენგელიამ მოამზადეს. სამწვრთნელო შტაბში დავით ყიფიანიც მოიაზრებოდა, მაგრამ მან ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა გუნდთან ერთად ყოფნა.

გაზეთ ლელოს 1990 წლის 27 მაისის ნომერში გულშემატკივრები ეროვნულ გუნდში მიწვეულ ფეხბურთელებს გაეცნენ. მწვრთნელთა ტრიუმვირატმა ამ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: ასლან ბალაძე (ბათუმი), ნიკა ჩხეიძე (ქუთაისი), გელა ჭანტურია (ზუგდიდის ოდიში)
მცველები: გელა კეტაშვილი, კახი ცხადაძე (ორივე თბილისის იბერია), გია ფირცხალავა, დიმიტრი კუდინოვი (ორივე რუსთავის გორდა), გია ნადირაძე (ქუთაისი), ზურაბ ფარულავა (სოხუმის ცხუმი), ბადრი დანელია (ლანჩხუთის გურია)
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (ორივე თბილისის იბერია), დავით ცომაია (ლანჩხუთის გურია), როსტომ თორღაშვილი (ქუთაისი), ავთანდილ კაპანაძე (რუსთავის გორდა), გელა ინალიშვილი (სოხუმის ცხუმი), ომარ თეთრაძე (ოზურგეთის მერცხალი)
თავდამსხმელები: გუა გურული, კახი კაჭარავა (ორივე თბილისის იბერია), ოთარ კორღალიძე (ლანჩხუთის გურია), მამუკა ფანცულაია (რუსთავის გორდა), მელორ ბიგვავა (ზუგდიდის ოდიში), გოჩა გოგრიჭიანი (სოხუმის ცხუმი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსთავში ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდა ისტორიული მატჩისთვის. ქალაქის ხელმძღვანელობამ და სტადიონის დირექციამ ყველაფერი გააკეთა, რათა გუნდი იდეალურ ფორმაში შეხვედროდა ბალტიისპირელებთან დაპირისპირებას.

წლების შემდეგ გივი ნოდიამ ის თამაში გაიხსენა და თქვა: „მას შემდეგ, რაც ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით – სამწუხაროდ, ფიფამ და უეფამ იმ დღეებში მხარი არ დაგვიჭირა, რასაც მსუბუქი, მაგრამ მაინც სანქციები მოჰყვა… ამის გათვალისწინებით ლიეტუველთა სტუმრობა მათი მხრიდან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის თარიღი – 1990 წლის 27 მაისი კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დღეს, თამაშის დაწყებამდე, ქართული ფეხბურთის ბერმუხად წოდებულ ბორის პაიჭაძეს 75 წლის იუბილე მთელმა ქვეყანამ მიულოცა.

იმავე შუადღით ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეკარე ოთარ გაბელია. 1990 წლის პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას ბატონი ოთარი ფეხბურთელად კი შეხვდა, მაგრამ რამდენიმე დღეში კარიერა დაასრულა, კიდევ ცოტა ხანში კი ზუგდიდის ოდიშიც ჩაიბარა.

იუბილარსაც და ვალმოხდილ მეკარესაც ქართველი გულშემატკივრების სახელით ახალთახალი ავტომობილები, იმ დროისთვის პოპულარული და პრესტიჟული გაზ 24-10 გადაეცათ…

ჯვაროსნებმა ისტორიული თამაში კლასიკური განლაგებით – 4-4-2 – დაიწყეს: მწვრთნელებმა კარის დაცვა ყველაზე ასაკოვანს და გამოცდილ ასლან ბალაძეს მიანდეს; დაცვის ცენტრში თბილისის იბერიელები, გუნდის კაპიტანი გელა კეტაშვილი და კახი ცხადაძე დადგნენ, მარჯვენა ფლანგზე გია ფირცხალავა, მარცხნივ – მისი სეხნია ნადირაძე; საყრდენი ნახევარმცველი დიმიტრი კუდინოვი გახლდათ, გამთამაშებლის ფუნქცია ოთარ კორღალიძემ იტვირთა, ფლანგებზე კი ზაზა რევიშვილი და თემურ ქეცბაია გამწესდნენ. პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელები და იმ დროისთვის ბომბარდირთა ლიდერები გია გურული და მამუკა ფანცულაია მწვრთნელებმა შეტევაში დააყენეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ლიეტუველთა თანხმობის შემდეგ, ისტორიული თამაში გამოცილ მსაჯთა სამეულს ანდო მევლუდ მიმინოშვილის ხელმძღვანელობით. ფიფას არბიტრს ჯემალ წერეთელი და ავთანდილ კოკაია ეხმარებოდნენ.

ეროვნული სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა 55 ათასმა გულშემატკივარმა პირველი გოლი მე12 წუთზე იხილა: საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი არმინას ნარბეკოვასმა ზუსტად შეასრულა, 0:1 – ბალაძე მარცხნივ გადახტა, ბურთი კი მარჯვენა კუთხეში შეგორდა.

შესვენებამდე მეტი გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა მოიგეს:

62ე წუთზე გურულმა დაახლოებით ოცდახუთი მეტრიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი ვალდემარას მარტინკენასის კარის მარცხენა კუთხეში გაახვია, 1:1.

66ე წუთზე ლიეტუველები მეორედ დაწინაურდნენ – საკავშირო ასაკობრივი ნაკრები გუნდების ყოფილმა კაპიტანმა ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ეფექტურად, ქუსლით გაიტანა გოლი.

81ე წუთზე კი ანგარიში მეორედ გათანაბრდა: გოჩა გოგრიჭიანის დაწყებული კომბინაცია გურულმა გააგრძელა და კახი კაჭარავამ დაასრულა თავური დარტყმით, 2:2.

კაჭარავა 71ე წუთზე გამოჩნდა – სეხნია ცხადაძე შეცვალა, მეორე ტაიმს კი ჩვენი გუნდი სამი ახალი ფეხბურთელით შეხვდა: ზაზა რევიშვილის ნაცვლად როსტომ თორღაშვილი ჩაერთო თამაშში, ოთარ კორღალიძის ადგილი მელორ ბიგვავამ დაიკავა, მამუკა ფანცულაია კი გოგრიჭიანმა შეცვალა.

ლიეტუველებმა მხოლოდ ორი ცვლილება გამოიყენეს: მეორე გოლის ავტორი ბალტუშნიკასი პირველივე ტაიმში, მე17 წუთზე ჩაერთო თამაშში კაპიტნის, არვიდას იანონისის ნაცვლად, ძირითადი მეკარე მარტინკენასი კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბენიამინას ზელკევიჩიუსმა მეორე გოლის გაშვებისთანავე შეცვალა ალვიდას კონცევიჩიუსით.

„ანგარიში, ვფიქრობ, შეეფერება ძალთა თანაფარდობას, თუმცა ცოტაოდენი უპირატესობა გვქონდა თამაშშიც, ოსტატობაშიც და კლასშიც. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ჩემს სიცოცხლეში ასე თბილად არავის მივუღივართ – მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი მოგვესალმა და გაგვაცილა, ამისთვის კი მსურს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო“, – ეს სიტყვები ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ბენიამინას ზელკევიჩიუსმა გაზეთ „ქართული ფეხბურთის“ ჟურნალისტს განუცხადა.

„ნაკრები, ფაქტიურად, რამდენიმე კვირაში შეიქმნა. ფეხბურთელებმა ვერც კი მოასწრეს შეთამაშება და მაინც, ისეთ კარგ გუნდთანაც კი, როგორც ლიეტუვის ნაკრებია, მათ ურიგოდ არ უთამაშიათ.
სტუმართა უპირატესობა, ჩემი აზრით, იმითაც იყო განპირობებული, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ისინი ერთად თამაშობენ ვილნიუსის ჟალგირისში და ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს.
გრიგოლ ცაავა? მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ნაკრებში. ბოლო ხანს ის თავის კლუბის ძირითადშიც იშვიათად ხვდება“, – ქართველთაგან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ოთარ გაბელია გაესაუბრა…

საქაგრომრეწვმა, საწარმოო გაერთიანება თბილლუდმა და მარნეულის სააფთიაქო სამმართველომ ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე სიმბოლური პრიზები დააწესეს: საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ქუთაისელ გია ნადირაძეს გადაეცა; ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის დაწესებული 500-500 მანეთით ზაზა რევიშვილი და რომას ჩირბა დაჯილდოვდნენ, პირველი გოლისთვის დათქმული 1000 მანეთი კი არმინას ნარბეკოვასის საკუთრება გახდა.

ლიეტუველები 4 ივნისამდე დარჩნენ საქართველოში და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართეს, თუმცა უკვე ვილნიუსის ჟალგირისის სახელით.

28 მაისს, ლანჩხუთში, გურიამ 3:0 დაამარცხა მეტოქე. საინტერესოა, რომ ქართული კლუბის მაისური უკვე ამ მატჩში მოირგეს რომას მაჟეიკასმა და რობერტას ფრიდრიკასმა. ამ უკანასკნელმა ჟალგირისს გოლიც გაუტანა.

29 მაისს ლიეტუვის უძლიერესი კლუბი ოზურგეთს ესტუმრა და მასპინძელი მერცხალი 5:1 გაანადგურა.

30 მაისს ჟალგირისი ზუგდიდში ოდიშს დაუპირისპირდა. თამაში 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები თევზაძემ და ბიგვავამ გაიტანეს, სტუმართაგან ივანაუსკასმა და ნარბეკოვასმა…

სამშობლოში გამგზავრებამდე ლიეტუველთა დელეგაციის ხელმძღვანელები შოთა იამანიძის ხუთ ნომერში განთავსებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრნენ. ნოდარ ახალკაცთან და მის თანაშემწეებთან შეხვედრისას ითქვა ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის თასის“ გამართვაზე, საქართველოს და ბალტიისპირული ქვეყნების 3-3 უძლიერესი კლუბის მონაწილეობით. მშვენიერი იდეა იყო და მას ორივე მხარე დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

სამი თვის შემდეგ, აგვისტოში, პირველი ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე გახურდა, ქართულ კლუბებში კი რამდენიმე ლიეტუველი ლეგიონერიც გამოჩნდა – ზდანჩუსი და ვანეიკისი ზუგდიდის ოდიშში ჩაირიცხნენ, საქართველოს ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლის ავტორმა ვირგინიუს ბალტუშნიკასმა გალის მზიურს მიაშურა, ხაშურის ივერიაში გადავიდა ბრიაუნისი, ხოლო შეცვლაზე შესულმა მეკარემ, ალვიდას კონცევიჩიუსმა მეორე ლიგაში მოასპარეზე თელავის კახეთის მაისური მოირგო…

1990 წლის შემოდგომით საქართველოს კინოთეატრებში თემურ ფალავანდიშვილის მხატვრული ფილმი, კომედია „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“! გამოვიდა. ფილმი ფოტოგრაფ თაზოზეა, რომელსაც უცნაური და სახალისო ამბები ემართება. მე კი ამ ლამაზ ფილმს მხოლოდ იმიტომ გირჩევთ, რომ მასში საქართველოს და ლიეტუვის ნაკრებთა ამ თამაშის მომენტებია შესული.

ჩვენი გუნდის პირველი, ისტორიული თამაშის სრული ჩანაწერი, მგონი, არცაა შემონახული. ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არაფერი მსმენია.

მატჩი #001. 27 მაისი, 1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 55 000
საქართველო 2:2 ლიეტუვა
გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12, პენ), 1:1 გია გურული (62), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81)
საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (კახი კაჭარავა 71), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გია ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (როსტომ თორღაშვილი 46), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (გოჩა გოგრიჭიანი 46)
მწვრთნელი: გივი ნოდია
ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (არვიდას კონცევიჩიუსი 82), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რიტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (ვირგინიუს ბალტუშნიკასი 17), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი
მწვრთნელი: ბენიამინას ზელკევიჩიუსი
მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი; ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 მარტი)
ფოტო: კონსტანტინე შანიძე; მატჩის ოფიციალური პროგრამა; გაზეთი „ქართული ფეხბურთი“; gff.ge

ka_GEGeorgian