ეროვნულის შავ-თეთრი თამაშები ფერად ოქტომბერში

9 და 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კატარი 2022ის შესარჩევ ტურნირში მორიგი ორი შეხვედრა გამართა: ჯერ ბათუმში, ცარიელ სტადიონზე დამარცხდა საბერძნეთთან (0:2), შემდეგ კი პრიშტინას ეწვია და მასპინძელ კოსოვოს დედაქალაქში აჯობა (2:1).
უკანასკნელი, მერვე შესარჩევი თამაშის წინ ვილი სანიოლის გუნდი ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს მხოლოდ ნაკლები გაშვებული გოლით უსწრებს.

სექტემბრის სამი კატასტროფის შემდეგ – 0:1 კოსოვოსთან ბათუმში, 0:4 ესპანეთში, 1:4 ბულგარეთში – საქართველოს ნაკრებმა რომ უკეთ ითამაშა, ამას მეტოქის მოედანზე მოპოვებული სამი ქულაც ადასტურებს. მაგრამ ეს მაინც არ არის ის შედეგი, რომელიც ეროვნულის თავკაცს და ფეხბურთელებს, გნებავთ ქართული ფეხბურთის მესვეურებს მშვიდად ყოფნის უფლებას აძლევს.

შვიდ მატჩში ერთადერთი გამარჯვება და ხუთი მარცხი, ასევე დიდი ანგარიშით წაგებული ბოლო ორი ამხანაგური მხოლოდ ერთზე მიუთითებს – ეროვნული ნაკრები ღრმა კრიზისშია.

ოქტომბრის მატჩების მიმოხილვას ბერძნებთან ბათუმური პაექრობით დავიწყებ, რომელსაც 8 ოქტომბერს, ქალაქში მომხდარმა ტრაგედიამ თავის კვალი დაამჩნია. მზიანი დილით კორპუსის ჩამონგრევამ საფეხბურთო ციებ-ცხელება უკანა პლანზე გადასწია – ეროვნულმა გუნდმა ბერძნებთან შავი სამკლაურით ითამაშა, ხოლო მატჩი, მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. მსგავს ტრაგედიებს ყოველთვის ასე ეხმაურებიან საფეხბურთო გუნდები და ამაში უცნაური არაფერია. რასაც ვერ ვიტყვი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თამაშის უმაყურებლოდ გამართვა უბრძანა.

მატჩამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ითქვა, რომ ბერძნებთან მატჩისთვის ბათუმის აჭარაბეთ არენა დაახლოებით მესამედით შეივსებოდა, ბილეთებიც მალე გაიყიდა, მაგრამ თამაშამდე ხუთი საათით ადრე საბჭომ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დავწერ – ჩემი აზრით სრულიად ალოგიკური და არაფრისმომტანი.

უშუალოდ თამაში მძიმე გამოდგა და ჩვენმა გუნდმაც ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლმა თითქმის საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი.

სასტარტო თერთმეტეული ასეთი იყო: გიორგი ლორია კარში; ოთარ კაკაბაძე დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ცენტრში, დისკვალიფიცირებული გურამ კაშიას არყოფნაში ლაშა დვალს დავით ხოჭოლავა შეუწყვილდა, მარცხენა ფლანგი კი გურამ გიორბელიძემ დაიჭირა; საყრდენებად ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვიხილეთ; შეტევის ოთხეულში კი საბა ლობჟანიძე (მარჯვნივ), გიორგი ჩაკვეტაძე (შუაში) და ხვიჩა კვარაცხელია (მარცხნივ). გიორგი მიქაუტაძე გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

პირველი ნახევარი ბერძნების მცირე უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უგოლოდ დასრულდა. მე12 წუთზე სტუმრებმა გოლით კი გაიხარეს, მაგრამ მომენტი გადამოწმდა, არბიტრმა მოედნის ფარგლებს მიღმა გადასული ბურთი დააფიქსირა და ტაბლოზე კვლავ 0:0 აინთო.

საქართველოს ნაკრებს ყველაზე კარგი მომენტი 25ე წუთზე შეექმნა, როცა ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა. მეკარე ოდისეას  ვლახოდიმოსმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია, თუმცა ქართველთაგან დამატებაზე ვერავინ იმარჯვა.

მეორე ტაიმში მეტოქის უპირატესობა უფრო გამოიკვეთა: ბერძნები უკეთესად ათამაშებდნენ ბურთს, გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ და ლორიაც ხშირად ერთვებოდა თამაშში.

მატჩის დაწყებიდან ზუსტად საათში ვილი სანიოლმა ჩაკვეტაძე ვაკო გვილიათი, მიქაუტაძე კი თორნიკე ოქრიაშვილით შეცვალა. იმ დროისთვის ორივე დაკარგული იყო, განსაკუთრებით მიქაუტაძე, რომელსაც ეს მატჩი აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება.

84ე წუთზე ბერძნეთა კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ოქრიაშვილმა პირდაპირ კარში დაარტყა. ეს იყო საქართველოს ყველაზე სახიფათო მომენტი მეორე ნახევარში.

თამაში ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, სანიოლის გუნდს ამ შესარჩევში მეორე ქულამდე წუთები აკლდა, მაგრამ ლიეტუველ არბიტრს ვიდეორეფერის ოთახიდან ერთი მომენტის გადახედვა ურჩიეს. წამებში გაირკვა რომ ბერძენთა წინა იერიშის დროს გიორბელიძეს ხელზე მოხვდა ბურთი.

პენალტი 90ე წუთზე! კაპიტნის, ტასოს ბაკასეტასის ზუსტი დარტყმა და 0:1.

უკანასკნელ წამებზე კაკაბაძე უხეშად შეცდა, პასი დიმიტრის პელკასმა ჩაჭრა და ლორიასთან პირისპირ გასულმა იოლად შეაგდო – 0:2. სხვათა შორის, ეს აღმოჩნდა მე100 გოლი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაუშვა, საბერძნეთმა კი საქართველოსთან დაუმარცხებელი სერია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა – 7 გამარჯვება, 2 ფრე.

ეროვნული

2021 წლის 12 ოქტომბერი. ეროვნული ნაკრები კოსოვოსთან 2:1 მოგებული მატჩის წინ. პირველ რიგში (მარცხნიდან): თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გურამ გიორბელიძე, გიორგი წიტაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვაკო გვილია. დგანან: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია

მატჩამდე ითქვა, რომ ჯაბა კანკავასთვის ეს საიუბილეო, მე100 სანაკრებო თამაში იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კაპიტანს სამახსოვრო პრიზიც გადასცა. ფეხბურთელების სტატისტიკას მეც ვაწარმოებ და ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მაქვს – ჯაბამ ბათუმში მე100 კი არა, 99ე შეხვედრა ჩაატარა. თუმცა რადგან ეს წერილი ნაკრების ორ მატჩს ეძღვნება, კანკავას სანაკრებო კეპებზე ცალკე წერილში დავწერ.

პრიშტინაში ჯაბას აღარ უთამაშია, მის არყოფნაში კი კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიამ მოირგო. ძირითად შემადგენლობაში კიდევ იყო ცვლილებები: კანკავა-აბურჯანია ნიკა კვეკვესკირმა და ვაკო გვილიამ ჩაანაცვლეს, გიორგი ჩაკვეტაძის ადგილზე ოქრიაშვილი გამოჩნდა, მიქაუტაძის ადგილი კი წიტაიშვილმა დაიკავა.

საქართველოს ნაკრების პირველი გოლი სწორედ ამ უკანასკნელთა დამსახურებაა და რა თქმა უნდა მასპინძელთა მეკარის, არიანეტ მურიქის უხეში შეცდომისა. მე11 წუთზე წიტაიშვილი ფლანგზე გაიჭრა, მოზომილი პასით ოქრიაშვილი მეკარეს შეატოვა, კარის დარაჯმა ერთი შეხედვით კი იმარჯვა, მაგრამ ზედ კუთხურის ხაზთან ბურთი ხელიდან გაუვარდა და თორნიკემაც მშვენივრად ისარგებლა შეცდომით – 0:1!

ცნობისათვის: 31 მარტს, თესალონიკში, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 78ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ საქართველომ პირველი ბურთი გაიტანა კატარი 2022ის ეგიდით.

მე15 წუთზე სანიოლის ბიჭებს მეორე ბურთის შეგდებაც შეეძლოთ, თუმცა საბა ლობჟანიძის კარგი გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ გურამ გიორბელიძემ ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. რამდენიმე წუთში მან ყვითელი ბარათი მიიღო, რითაც ეს შესარჩევი დაასრულა – ბათუმში შვედეთთან ვეღარ ითამაშებს.

გიორბელიძე პირველი ტაიმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გამოდგა: 39ე წუთზე კოსოვოელთა დარტყმულ ბურთს გადაეღობა და მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. ის მომენტი VARზეც გადამოწმდა.

ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძლები აშკარად უკეთესად თამაშობდნენ და სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს: მორიგი იერიშისას კვარაცხელიამ საჯარიმოში დაარღვია წესები და არბიტრმაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ბათუმურ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორმა ვედატ მურიქიმ კვლავ გაახარა კოსოვოელები – 1:1.

თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, თუმცა მეორე ტაიმის შუაში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა, მასპინძლებს კი, თითქოს შეტევა უჭირდათ.

72ე წუთზე ვილი სანიოლმა ოქრიაშვილის და კვარაცხელიას ნაცვლად გიორგი ქვილითაია და ზურაბ დავითაშვილი ჩართო თამაშში, წიტაიშვილის მაგივრად შესულ გრიგოლ ჩაბრაძეს კი დაცვის დახმარება დაავალა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ბათუმის დინამოელი გამოჩნდა – ირაკლი აზაროვი გიორბელიძის ადგილზე.

გამარჯვების გოლი სწორედ აზაროვის გარღვევას და საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა – უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დავითაშვილმა თავური დარტყმით ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა!

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წამებზე ჩვენი გუნდი გადარჩა – ხელსაყრელ პოზიციაში მეურვის გარეშე დარჩენილმა ასტრიტ სელმანიმ ბურთი კარს გადააცილა. იმ მომენტში აზაროვმა პოზიცია დაკარგა…

საბოლოოდ 2:1 და ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ამ შესარჩევ ციკლში.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციოებში 23მატჩიანი ინტერვალის შემდეგ გაიმარჯვა, საერთო ჯამში მოიგო მეათედ და პირველად 2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ (1:0 ბელარუსთან თბილისში).

11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთთან დაპირისპირებაა. ამ მატჩით ჩვენი გუნდი მორიგ შესარჩევ ციკლს დაასრულებს. იმედია ბოლოსწინა ადგილზე, რადგან მესამე ადგილის შანსი უკვე აღარ არსებობს.

9 ოქტომბერი, 2021. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, შესარჩევი მატჩი, B ჯგუფი. ბათუმი, აჭარაბეთ არენა. უმაყურებლოდ
საქართველო 0:2 საბერძნეთი
გოლებ: 0:1 ტასოს ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 დიმიტრის პელკასი (90+5)
საქართველო: გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი აბურჯანია (ზურაბ დავითაშვილი 90+2), გიორგი ჩაკვეტაძე (ვაკო გვილია 60), ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე (თორნიკე ოქრიაშვილი 60), საბა ლობჟანიძე (გიორგი ქვილითაია 90+2)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
საბერძნეთი: ოდისეას ვლახოდიმოსი, გიორგოს ცაველასი, პანტელის ჰაციდიაკოსი, კოსტას ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანდრეას ბუხალაკისი, ემანუილ სიოპისი (პეტროს მანტალოსი 85), გიორგოს მასურასი (ხრისტოს ცოლისი 78), თანასის ანდრუცოსი, ტასოს ბაკასეტასი (კაპ), ვანგელის პავლიდისი (დიმიტრის პელკასი 46)
მწვრთნელი: ჯონ ვან თ’სხიპი (ნიდერლანდები)
გაფრთხილება: ემანუილ სიოპისი, გიორგოს ცაველასი, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, თანასის ანდრუცოსი, გურამ გიორბელიძე, ტასოს ბაკასეტასი
მსაჯები: დონატას რუმშასი; ალექსანდრ რადიუსი, დოვიდას სუზიედელისი (ლიეტუვა)

12 ქტომბერი, 2021. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, შესარჩევი მატჩი, B ჯგუფი. კოსოვო, პრიშტინა, ფადილ ვოკრი. 3 550
კოსოვო 1:2 საქართველო

გოლებ: 0:1 თორნიკე ოქრიაშვილი (11), 1:1 ვედატ მურიქი (45, პენ), 1:2 ზურაბ დავითაშვილი (82)
კოსოვო: არიანეტ მურიქი, ფიდან ალიტი (ასტრიტ სელმანი 86), ამირ რაჰმანი (კაპ), მერგრიმ ვოივოდა, იბრაჰიმ დრეშაი, ელბასან რაშანი (ლირიმ კასტრატი 59), ბესარ ჰალიმი (ფლორიან ლოშაი 74), ბერსანტ სელინა (ფლორენტ მუსლია 86), ბეტიმ ფაზლია, ვედატ მურიქი, მილოტ რაშიცა (ზიმერ ბუტუქი 73)
მწვრთნელი: ბერნარ შალანდე (შვეიცარია)
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია (კაპ), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე (ირაკლი აზაროვი 80), ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი ქვილითაია 72), საბა ლობჟანიძე (ვლადიმერ მამუჩაშვილი 88), ვაკო გვილია, გიორგი წიტაიშვილი (გრიგოლ ჩაბრაძე 72), ხვიჩა კვარაცხელია (ზურაბ დავითაშვილი 72)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: იბრაჰიმ დრეშაი, ელბასან რაშანი, გურამ გიორბელიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ლაშა დვალი, ლირიმ კასტრატი, ამირ რაჰმანი
მსაჯები: პაველ რაშკოვსკი; რადოსლავ სიეიკა, ადამ კუპსიკი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 ოქტომბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian