ერთი სუპერფოტოს გამოძახილი

2020 წლის 8 ოქტომბერი, საქართველო-ბელარუსის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის დღე ამ მართლა სუპერფოტოს დასადებად, მგონი ზედგამოჭრილია.

ეს ფოტო ინტერნეტში ვიპოვე ერთი თვის წინ: 1960 წლის 10 ივლისია, ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალი, საბჭოთა კავშირი-იუგოსლავია.

ის თამაში სსრკმ დამატებით დროში 2:1 მოიგო, პირველი საპასუხო ბურთი კი 49ე წუთზე სლავა მეტრეველმა გაიტანა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა ფეხბურთელმა.

ფოტოგრაფმა მეტრეველის გოლისწინა წამი დაიჭირა – ბუბუკინის დარტყმული ბურთი იუგოსლავიელთა მეკარე ბლაგოიე ვიდინიჩმა ცუდად მოიგერია და ქართველმაც იდეალურად დაამატა – 1:1.

სლავასთან ერთად იმ დღეს კიდევ ორი ჩვენიანი გახდა ევროპის ჩემპიონი – მცველი გივი ჩოხელი და ლეგენდარული მიხეილ მესხი. სამივემ ითამაშა იმ ფინალში!

რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

ევროპის საგაისო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიმავალი გზა დღევანდელ თამაშზე გადის. დღეს უნდა მოვიგოთ და ნოემბერში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.

ოცნება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!

და ძალიან მინდა, რომ ჩვენც ისე გავიხაროთ, როგორც იმ მართლა მაგარმა ქართველებმა გაიხარეს 60 წლის წინ, ივლისის 10ში, პარიზში.

ეს ფოტო კი, თუ არ მეშლება, ჩვენ სპორტულ ჟურნალ-გაზეთებსა და საფეხბურთო წიგნებში არასდროს გამოქვეყნებულა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian