ერთხელ ათონის მთაზე: ზოგრაფი, ვათოპედი და ხილანდარი

ერთხელ მეც ვიყავი მონასტერში. პირველად და ჯერჯერობით, ბოლოჯერ.

რამდენიმე წლის წინ, ვიზალიბერალიზაციამდე, მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე მოვხვდი – ჯერ ივერთა მონასტერში გავჩერდით ორი დღით, შემდეგ ზოგრაფში ავედით, იქიდან ვათოპედს მივაკითხეთ და ბოლოს იყო ხილანდარი.

ერთკვირიანი საავტომობილო მოგზაურობა თბილისიდან ურანოპოლისამდე და პირიქით, ხატმწერი მეგობრების მიერ გამოჭედილი დიდი ვერცხლის ჯვრით დაიწყო: რეზოს, ვახოს, სოსოს, მამა გიორგის, ქუმსოს, ზაზას და მათი თანამოაზრეების დაწყებულ საქმეს უამრავი ოჯახი გამოეხმაურა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ის ვერცხლის ჯვარი შესაწირითურთ ივერთა მონასტერს ვუსახსოვრეთ. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ დიდი და საინტერესო თავგადასავალი გამოგვივიდა, სამუდამოდ რომ გამახსოვრდება, ისეთი.

ხოლო ის ამბავი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ დიდ მარხვაში, აღდგომამდე, ფეისბუქის და, რაც მთავარია კორონავირუსის გადამკიდე, უამრავი ისტორია წავიკითხე/მოვისმინე სამყაროს დასასრულზე და ასეთ ამბებზე. მეორედ მოსვლის შესახებ კი აქამდე ყველაზე მეტი სწორედ მაშინ, ათონზე ყოფნის დღეებში შევიტყვე.

ფეისბუქზე გულის გადაშლა არასდროს მიმაჩნდა სწორად. აქაურობას აქამდეც მსუბუქად ვუყურებდი და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, ამ ვირტუალურ სამზარეულოში არასდროს მისაუბრია ჭეშმარიტ გრძნობებზე, თრობის საათებსა თუ ბოდლერის პოეზიაზე, მაგრამ ამჯერად კი უნდა ვთქვა, რომ არსად ვყოფილვარ ისეთი მშვიდი და ბედნიერი, როგორც მაშინ, ათონის ნახევარკუნძულზე გატარებული დღეების განმავლობაში – დაფნიში დაბიჯებიდან ხუთი დღის შემდეგ იქვე, გემზე ასვლამდე.

იცით როგორ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვგულისხმობ? საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში რომ ხარ, ამას რომ აცნობიერებ და იმასაც ხვდები – ის, რაზეც ნერვიულობ თუ ნერვებს გიშლის, არც ისე მნიშვნელოვანია ან სისულელეა, აუცილებლად წარმავალია და რაღაც ახლის, უკეთესის ნიშანია.

ყველაფერზე უარის თქმა და მონასტერში წასვლა უმძიმეს ტვირთად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ძალიან მიყვარს „ეს სოფელი“ და… ფეხბურთი 😀 მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს. იქ, ათონზე, უამრავი ბერი ვნახე, მათ შორის ქართველებიც. რამდენიმეს ვესაუბრე კიდეც. და თითქოს ყველა მათგანის ბედნიერებას ვგრძნობდი, მარადიული შინაგანი დღესასწაულის თანაზიარი ვიყავი. უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ასე იყო: 18-19 წლის ლატვიელი ძმები, რომლებსაც ათონის მთაზე დარჩენა და ბერად შედგომა გადაეწყვიტათ; ზოგრაფში წლების წინ დაყუდებული ქართველი ბერი, დროდადრო გაუსაძლისი ტკივილებით რომ იტანჯებოდა და მაინც, მთელი მონასტრის სამყოფ პურს აცხობდა; ერთ მშვენიერ დღეს თბილისიდან ათონზე ჩასული, იქაურობაზე თავდავიწყებით შეყვარებული და სამუდამოდ იქ დარჩენილი, ერთ-ერთი უდიდესი მონასტრის, ვათოპედის წინამძღვრის უახლოეს გარემოცვამდე ამაღლებული ახალგაზრდა ქართველი ბერი ერთნაირი ღიმილით, სიმშვიდით და იმედით უცქერდნენ მომავალს.

შესაძლოა თქვათ, მოიხიბლეო. არ დავმალავ – თანამოსაუბრის განწყობა იოლად გადამედება ხოლმე. მაგრამ ის განსაკუთრებული შემთხვევები იყო – რამდენჯერაც მათთან შეხვედრას ვიხსენებ, გამოუთქმელი, ჩუმი სითბო მეუფლება. და გულის სიღრმეში მჯერა: უამრავი განსაცდელის მიუხედავად, თუნდაც ამის მსგავსის, თვეზე მეტია სახლში რომ გამოგვკეტა მთელი დედამიწა, წინ უკეთესი ამბები გველის!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ზოგრაფი-ვათოპედი-ხილანდარი, ათონის წმინდა მთა, საბერძნეთი; 2013 წლის 14-16 ნოემბერი

ივერონიდან ჯერ ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ ცენტრში, კარიესში ჩავედით. შემდეგ ასევე ავტობუსით დაფნიმდე და იქიდან, ტრადიციულად, გემით ზოგრაფის ზღვისპირა სადგურამდე.
იქ კი მონასტრისკენ მიმავალი ათამდე ავტობუსი თუ სატვირთო დაგვხვდა (წმინდა გიორგის ერთ-ერთი ხატის დღესასწაული ახლოვდებოდა) და მათ გავყევით.

ზოგრაფი.
თუ როგორია მონასტერი დღესასწაულის დღეებში და როგორ იცვლება ბერების და მორჩილების ცხოვრება იმ პერიოდში, პირველად სწორედ ზოგრაფში ვნახე – სტუმრებისთვის განკუთვნილი შენობები ბოლომდე გაივსო.
ჩვენ, მაგალითად, დერეფნებში გვეძინა – ბერებმა ხალხმრავლობისთვის გადანახული მატრასები და კოხტად შეკრული თეთრეული გადმოგვცეს.
სტუმართა უმეტესობა ბულგარელი იყო. ბევრი მათგანი იმ დილით ესტუმრა წმინდა მთას, მეორე დილით კი სამშობლოში დაბრუნდა.

ზოგრაფი.
წმინდა გიორგის ხატის დღესასწაულზე ტაძარში ტევა არ იყო. მსახურების დასრულების შემდეგ, გამთენიისას, საზეიმო ტრაპეზი გაიმართა, რომელსაც უკვე ისინიც დაესწრნენ, რომლებმაც ღამე ეკლესიაში შესვლა ვერ მოახერხეს.
500-მდე სტუმარს 30-მდე ბერი ემსახურებოდა. როგორც ყველა მონასტერში, კერძების უმეტესობა ზღვის პროდუქტებისგან შედგებოდა, მაგრამ მე ამ ამბავში ცოტა მოვიკოჭლებ და ამიტომ, რვაფეხის სუფი მეგობარს ვაშლსა და ტკბილ ფლავში გავუცვალე.
ეს ფოტო კი წირვის და საზეიმო ტრაპეზის შემდეგ გადავიღე, როცა ზოგრაფი სტუმრებისგან თითქმის მთლიანად დაიცალა.

ზოგრაფი.
როგორც ამ ალბომის წინასიტყვაობაში დავწერე, მეორედ მოსვლის შესახებ ყველაზე მეტი ათონზე ყოფნის დღეებში მოვისმინე, თუმცა საშინელი სამსჯავროს ამსახველი ფრესკები მხოლოდ ზოგრაფში ვნახე. სავარაუდოდ სხვაგანაც არის, ეს ფრესკა კი ზოგრაფიდანაა.
იქაც გვითხრეს და მერე სხვაგანაც ამოვიკითხე: ბერობა ან სამღვდელო ცხოვრება რაიმეს გარანტია არ არის. პირიქით, ეს ძალიან მძიმე ჯვარია, რომელსაც ზოგი ვერ უძლებს.

ზოგრაფი.
ამ ბულგარულ მონასტერში წმინდა გიორგის რამდენიმე სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული, მათ შორის ერთ-ერთს უკავშირდება სასწაული, რომლის კვალი ხატს დღესაც ატყვია. გადმოცემით, ვოდინის ეპისკოპოსმა ხატზე წმინდანის ლოყას საჩვენებელი თითი უხეშად შეახო, რომელიც წმინდა გიორგის სახეს… შეეზარდა.
საბოლოო ჯამში ეპისკოპოსს თითის წვერი მოაჭრეს და ის დღემდე ხატზეა შერჩენილი.
თუ არ მეშლება, ზოგრაფის წმინდა გიორგის ხატის ასლი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშიცაა.

ზოგრაფი.
წმინდა გიორგის ერთ-ერთი ხატი სამღვდელოებამ და სტუმრებმა მონასტრის მთელ ტერიტორიას შემოატარა.
ზოგრაფის წმინდა გიორგის ხატის მონასტერში გამოჩენა სასწაულს უკავშირდება, თუმცა ამ ისტორიას აქ არ დავწერ. ვისაც სურვილი გაქვთ, იმ გადმოცემას იოლად მოიძიებთ.

ზოგრაფი.
მონასტერს სისხლისღვრაც ახსოვს. ბალკანეთის ნახევარკუნძულის მეორე ომის პერიოდში (1913 წლის 29 ივნისი-29 ივლისი) ზოგრაფში ბულგარეთის ჯარის ნაწილი იდგა, რომელიც საბოლოოდ საბერძნეთის არმიას დანებდა.

ათონის წმინდა მთა ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება.
ასეთი ადგილი სულ ოთხია: პირველი საქართველო, მეორე – ათონი, მესამე – კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინაში და მეოთხე – დივეევოს მონასტერი რუსეთში.
დივეევოში არ ვარ ნამყოფი, აი კიევ-პეჩორის ლავრაში კი საბერძნეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წლით ადრე მოვხვდი. და მინდა ვთქვა, რომ იქაურობაც საოცარია, განსაკუთრებით მიწისქვეშა მღვიმეები, სადაც წმინდანთა უხრწნელი სხეულები შუშის სასახლეებშია დასვენებული. ფოტოაპარატი იქაც მქონდა, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ არ გადამეღო.

ზოგრაფი.
ამ ქართველ ბერს მონასტრიდან გამგზავრებამდე დიდხანს ვესაუბრეთ. ბერად ჯერ კიდევ საქართველოში აღიკვეცა, წლების შემდეგ ათონზე მოხვდა და დარჩა. ათას რამეზე ვილაპარაკეთ, მე კი ეს სიტყვები დამამახსოვრდა: „შვილებო, ეშმაკს ყველას დაღუპვა სურს, მაგრამ ერისკაცთაგან განსხვავებით ბერებს გენერლები გვებრძვიან“.

ზოგრაფიდან შუადღით გავედით და დაახლოებით სამი საათის შემდეგ ვათოპედის მონასტერში ვიყავით. ათონის მთა, სამანქანო გზებს თუ არ ჩავთვლით, ბილიკებითაა დასერილი, რამდენიმე მონაკვეთი კი საცალფეხო იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ორჯერ გზა აგვებნა, მაგრამ მალე ვიპოვეთ ნიშნულები, რომელიც მომლოცველებს გზის გაკვლევაში ეხმარება.

ვათოპედი.
პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: შუა საუკუნეების ქალაქში მოვხვდი. თუმცა მანამდე უნდა ვთქვა, რომ მონასტრის კარიბჭესთან მისულებს უარი გვითხრეს – ადგილი არ გვაქვს და ვერ მიგიღებთო. მერე ადგილობრივი ქართველები დაგვეხმარნენ – ზარი ახლობელთან და ალაყაფი ჩვენთვისაც გაიღო. არ ვიცი რატომ გვითხრეს უარი, მაგრამ იმ შენობაში, სადაც დაგვაბინავეს, ბევრი მოსასვენებელი ოთახი ცარიელი იყო. ამან ცოტა გამაკვირვა. და კიდევ: მომლოცველთათვის განკუთვნილი სასტუმრო სახლები ვათოპედში საუკეთესო იყო, ყველაზე კომფორტული, რაც იმ დღეებში ვნახე.

ვათოპედი.
წმინდა მთის ყველა მონასტრის მოხატულობა განსხვავებულია, ვათოპედის კი განსაკუთრებით მომეწონა. ეს წმინდა სამების ფრესკაა.
ზოგადად, ვათოპედმა დიდი და შეძლებული მონასტრის შთაბეჭდილება დატოვა. მაგალითად ტრაპეზი, ბერების ჩათვლით, დაახლოებით ორას კაცზე იყო გაშლილი და იქ მოღვაწე ქართველი ბერის თქმით, იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის სულ ასეა, დღესასწაულის დროს კი სუფრა 500 სტუმარზეც იშლება. მოკლედ, როგორც მივხვდი, ამ მონასტრის სამზარეულოში მოღვაწე ბერებს მძიმე ჯაფა ადგათ. ტრაპეზი, ტრადიციულად, ლოცვის თანხლებით იყო – ერთ-ერთი ბერი პირველი წუთიდან ბოლომდე ბერძნულად კითხულობდა.

ვათოპედი.
ათონის მთის მმართველი ოცეულის იერარქიაში ვათოპედი დიდი ლავრის შემდეგ მეორეა. ამავდროულად, მატერიალური თვალსაზრისით უმდიდრესია. ქართველმა ბერმა გვითხრა, რომ ვათოპედს გამორჩეულად ბევრი მდიდარი მხარდამჭერი ჰყავს როგორც საბერძნეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმავე ბერის თქმით, მონასტერს დროგამოშვებით სტუმრობს უელსის პრინცი ჩარლზი (ელისაბედ II-ის ვაჟი), რომელიც პირადად მეგობრობს წინამძღვართან, არქიმანდრიტ ეფრემთან. ისიც გვითხრეს, რომ პრინცმა ჩარლზმა ვათოპედს ძვირადღირებული თევზსაჭერი უსახსოვრა, რომელიც თვეში რამდენჯერმე გადის ზღვაში და ყოველთვის უხვი ნადავლით ბრუნდება.

ვათოპედი.
წმინდა მთის ყველა მონასტერშია სასწაულმოქმედი ხატები, ვათოპედი კი იმითაცაა ცნობილი, რომ ღვთისმშობლის ყველაზე მეტი – 8 სასწაულმოქმედი ხატის სავანეა.
ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში მთავარ ტაძარში 6 ასეთი ხატი იყო დაბრძანებული, მათ შორის „ყოველთა დედოფლის“ ანუ „პანტანასას“ საქვეყნოდ ცნობილი ხატი. ყველა ხატს თავის კუთხე აქვს.
ეს ფოტო დილით, გამგზავრებამდე გადავიღე, როცა ბერებმა მომლოცველებთან ერთად მონასტრის ეზოში ლოცვით გამოაბრძანეს ერთ-ერთი სასწაულმოქმედი ხატი – ვიმატარისა (ქართულად იწოდება, როგორც საკურთხევლისა).

ხილანდარი.
ეს ხილანდარის მონასტერია, სერბული, 3 არაბერძნულიდან ერთ-ერთი. 20 მონასტერს შორის მეოთხეა ივერონის შემდეგ, გეოგრაფიულად კი ყველაზე დასავლეთით მდებარე.
მონასტრის საზღვაო სადგურთან კატერმა მიგვიყვანა, რომელიც ვათოპედიდან დღეში რამდენჯერმე გადის სხვადასხვა მიმართულებით.
ხილანდარი ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრშია, მთებში. ის იყო ფეხით უნდა დავდგომოდით გზას, რომ ბედად ერთ-ერთ ახლომდებარე სკიტში მოღვაწე ბერი გამოჩნდა სატვირთო ჯიპით, მეც იქ მივდივარ და წამობრძანდითო.

ხილანდარი.
ყველაზე დიდი ხანძარი წმინდა მთაზე ბოლოს 2004 წელს სწორედ აქ მოხდა: მონასტრის შენობების თითქმის ნახევარი დაიფერფლა, 8 კოშკიდან 4 კი მთლიანად განადგურდა, აი მთავარი ტაძარი და ბიბლიოთეკა, ასევე საცავები კი გადარჩა.
ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც ევროკავშირის სპეციალური ფონდის გარდა სერბეთის მთავრობაც აფინანსებდა.
ხილანდარიც მდიდარია სასწაულმოქმედი ხატებით, ყველაზე ცნობილი კი ღვთისმშობლის ხატია – თეოტოკოსი (სამხელა).

სადაც კი ვიყავით, ბოლო წერტილი მონასტრის მაღაზია იყო. ტრადიცია არც ხილანდარში დავარღვიეთ – მეგობრებს და ყველას, ვინც რაიმეთი გვერდში დაუდგა იმ ერთკვირიან მოგზაურობას, სუვენირები და მცირე ხატები ვუყიდეთ.
ეს ფოტო კი კონსტამონიტის მონასტრის სტამბოსაზღვაო სადგურზეა გადაღებული, სადაც ურანოპოლისში მიმავალ ბორანს ველოდით. იქამდე ავტობუსით ჩავედით, ნაპირზე რამდენიმე საათი გავატარეთ და მერე გემიც მოვიდა. აი ზღვა კი საოცარი იყო!

ურანოპოლისისკენ.
ათონის მთას თავის ფულის ერთეული არ აქვს (ანგარიშსწორებისთვის, როგორც საბერძნეთში, ევროს იყენებენ), თორემ ყველა სხვა გაგებით, სახელმწიფოა სახელმწიფოში.

ჩვენ

ათონის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი – ათონის მთის მწვერვალი ზღვის დონიდან 2027 მეტრზეა. არაერთი სტუმარი მხოლოდ იქ ასასვლელად სტუმრობს წმინდა მთას. ოდესმე იქნებ მეც ავიდე…

ურანოპოლისი

უფეხბურთოთ აბა როგორ?! – სტამბოლის გალათასარაის ტელეკომ არენა.
თურქეთი და ფეხბურთი კიდე ცალკე თემაა, ამაზე სხვა დროს.
თბილისიდან გასულები ურანოპოლისში 36 საათში ჩავედით – საბერძნეთში გადასულებს ორჯერ აგვებნა გზა და სხვა ქალაქში ავედით. აი ურანოპოლისიდან გამოსულები კი ზუსტად 24 საათში ვიყავით ბათუმში.
იქ კიდე იმისთანა სუფრა გაიშალა, დედა შვილს არ აიყვანდა კი არა ჩიტის რძე არ აკლდა!

ka_GEGeorgian