ესაა ჩემი საქართველო!

ჩვენი ნაკრების გუშინდელმა გამარჯვებამ შარშანდელი საუბარი გამახსენა.
ერთი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეისბუქზე იტალიის ნაკრებთან დაკავშირებულ ამბებს ვიხსენებდი: როდის გადავირიე სკუადრაზე, რამ შემაყვარა იტალიური ფეხბურთი და ასე შემდეგ. ისე მოხდა, რომ იმ ივნის-ივლისში ჩემმა ფავორიტმა გუნდმა ძალიან, ძალიან გამახარა და უემბლიზე ევროთასის აწევის შემდეგ იყო, მეგობრები რომ გამეხუმრნენ: შენ თავი იტალიელი ხომ არ გგონიაო?

არა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა და საერთოდ: გაუმარჯოს საქართველოს!

უბრალოდ სკუადრა აძურას მხოლოდ იმიტომ ვქომაგობ, რომ დიდ ტურნირებზე ჩემი საყვარელი გუნდი ვერ ხვდება, თორემ საქართველო მსოფლიო-ევროპაზე გავიდეს და მე სხვისკენ გავიხედო? ასეთი რამ არასდროს მოხდება! და ბარემ ამასაც დავწერ: იტალია ყოველთვის ერთი რიგითი მეტოქე იყო (და იქნება), როცა საქართველოს წინააღმდეგ იდგა (დადგება).

ერთი წლის წინ ვილი სანიოლის გუნდმა ჯერ რუმინეთს აჯობა მისსავე მოედანზე, მერე კი ნიდერლანდებში ითამაშა უფერულად. ორი ამხანაგური, მოგება-წაგება და გულახდილად ვიტყვი: ისე რა ფეხბურთი.

იმ დღეებში ისეთ ეროვნულ ნაკრებს ვნატრობდი, როგორსაც ახლა ვხედავ: ლამაზად მოთამაშეს, შემტევს და რაც მთავარია გამარჯვებულს! ვოცნებობდი გუნდზე, რომლის სანახავად მეგობრები შევიკრიბებოდით და ყველას გვეცოდინებოდა, რომ მატჩის შემდეგ ერთად გავიხარებდით. შარშან ჩემი საყვარელი გუნდი ასეთი არ იყო, დღეს არის და მეც ნაკლებად მაინტერესებს როგორ თამაშობს იტალია.

ახლა მხოლოდ საქართველო მაღელვებს, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო მაჩუქა.

ჩემთვის სწორედ ეს არის ქართული ფეხბურთი: ერთ მუშტად შეკრული ნიჭიერი ბიჭები, რომლებმაც ზუსტად იციან რა როგორ უნდა გააკეთონ და პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან, უტევენ, გოლს იტანენ!

პირველი ორი გამარჯვების შემდეგ ვწერდი რა მომეწონა და რა არა. ახლა ამას არ ვიზამ, რადგან გუშინ ყველაფრით მოვიხიბლე, განსაკუთრებით კი ანგარიშით!

კი, მშვენიერი იყო მამარდაშვილი, რომლის გამოჩენასაც ამდენი ხანი ველოდი; წინა შეხვედრისგან განსხვავებით უშეცდომოდ ითამაშა კვერკველიამ; ზივზივაძის ნაღდმა ცენტრფორვარდულმა გოლმაც გამახარა; წიტაიშვილის პასსზეც წამოვხტი; კიტეიშვილის ის საგოლე ვარდნაც დიდებული იყო; ხვიჩა ხომ თავისთავად!

მაგრამ: მადლობა ყველას, ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ეთქმის!

მათ, ვინც ძირითადში იდგა!

მათ, ვინც შეცვლაზე შევიდა!

მათ, ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა!

და მადლობა სანიოლს და მის გუნდს, რომლებიც ამ გამარჯვებების მთავარი შემოქმედნი არიან!

მე, როგორც გულშემატკივარი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიზრდებოდი და ლიეტუვასთან იმ პირველი ამხანაგურიდან დაწყებული, სწორედ ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი, ნაკრებზე, რომელიც გამარჯვებული იქნებოდა შინ თუ გარეთ და რომლითაც ვიამაყებდი.

ძალიან დიდხანს ველოდი ასეთ შედეგებს. კი, იყო გამონათებები, მაგრამ ზედიზედ 4:0, 5:2 და 3:0 – არასდროს!

თამასა არნახულად მაღლაა აწეული და ვისურვებდი, რომ აღარ დაეშვას. საამისოდ ჯერ ბულგარეთთან თბილისში ლამაზად გამარჯვებაა საჭირო, მომდევნო ნაბიჯებზე კი შემდეგ ვთქვათ.

ახლა ერთი რამ ვიცი: ესაა ჩემი საქართველო!

და მეც ასეთი საქართველო ვარ!

საინტერესო ფაქტები:
1: ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელი სერია 8 მატჩამდე გაიზარდა და ეს მეორე საუკეთესო შედეგია ისტორიაში! რეკორდი – 10 თამაში – 2010-11 წლებში დამყარდა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს.

2: ზედიზედ 5 მატჩია საქართველო მეტოქის მოედანზე არ აგებს – კოსოვო 2:1, ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0, ალბანეთი 0:0, ბულგარეთი 5:2, ჩრდილოეთი მაკედონია 3:0.
რეკორდი – ზედიზედ 6 შეხვედრა მარცხის გარეშე – 2010-11 წლებში დამყარდა.

3: ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 3 თამაში დიდი ანგარიშით – გიბრალტარი 4:0, ბულგარეთი 5:2, ჩრდილოეთი მაკედონია 3:0.

4: ეს იყო ნაკრების მე-15 მატჩი უეფას ერთა ლიგაში: 9 გამარჯვება, 5 ფრე, 1 მარცხი, ბურთები – 30:10.

5: ეროვნულმა ნაკრებმა საწყის 3 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რაც უეფას პირველ ერთა ლიგაში, 2018-19 წლების გათამაშებაში.
ჩვენი გუნდის რეკორდი ერთ ოფიციალურ ციკლში 16 ბურთია – ევრო 2008-ის შესარჩევში ჩატარებულ 12 მატჩში.

9 ივნისი, 2022. უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი, D ჯგუფი. ჩრდილოეთი მაკედონია, სკოპიე, ტოშე პროესკის სახელობის ეროვნული სტადიონი. 10 775
ჩრდილოეთი მაკედონია 0:3 საქართველო

გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (52), 0:2 ხვიჩა კვარაცხელია (62), 0:3 ოთარ კიტეიშვილი (84)
ჩრდილოეთი მაკედონია: სტოლე დიმიტრიევსკი, ვისარ მუსლიუ, დარკო ველკოვსკი, სტეფან სპიროვსკი (ბოიან მიოვსკი 71), ეზგიან ალიოსკი, ენის ბარდი (კაპ), ელიფ ელმასი (ტოდორ ტოდორსკი 79), დარკო ჩურლინოვი, სტეფან აშკოვსკი, ალექსანდარ ტრაიკოვსკი (ბობან ნიკოლოვი 59), მილან რისტოვსკი (დავიდ ბაბუნსკი 71)
მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე (საბა ლობჟანიძე 83), გურამ კაშია (კაპ), საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავა, გიორგი აბურჯანია (ოთარ კიტეიშვილი 61), ნიკა კვეკვესკირი, ზურაბ დავითაშვილი (ვლადიმერ მამუჩაშვილი 71), გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე (გიორგი მიქაუტაძე 71), ხვიჩა კვარაცხელია (ვაკო ყაზაიშვილი 83)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ოთარ კაკაბაძე, დარკო ველკოვსკი, ბუდუ ზივზივაძე, ენის ბარდი
მსაჯები: როი რაინშრაიბერი; დავიდ ელიას ბიტონი, საგი მეცამბერი (ისრაელი)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian