ესეც B დივიზიონი!
ესეც ასე: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის IV ჯგუფი მოიგო და, გარდა იმისა, რომ მომდევნო გათამაშებაში უკვე B დივიზიონში იასპარეზებს, ევრო 2024-ის ფინალური ეტაპისთვისაც იბრძოლებს ფლეი ოფში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიჭები შესარჩევი ჯგუფიდან ვერ გავლენ (წილისყრა 9 ოქტომბერსაა).
კი ბატონო, არ იყო იდეალური შეხვედრა, მაგრამ მშვენივრად ვიცი, რომ ყველა მატჩში ვერავინ ითამაშებს უნაკლოდ. ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. მთავარია საქართველომ მოსაგები მოიგო, დაგეგმილი სამი ქულა აიღო და აღზევდა.
ამ 2:0-ით ჩვენმა ნაკრებმა სარეკორდო დაუმარცხებელი სერია გაიმეორა – კოსოვოში, შარშანდელი 2:1-ის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს ვერავინ უგებს (8 გამარჯვება, 2 ფრე) და ვიმედოვნებ 26-ში, გიბრალტარში, ეს მიღწევა გაუმჯობესდება.
ისიც მესიამოვნა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილს ანდო კარი. ჩვენი, სპორტული მედიის რჩეულმა უშეცდომოდ ითამაშა და ზედიზედ მესამედ არ გაუშვა გოლი – ალბანეთში 0:0-ის და ჩრდილომაკედონიაში 3:0-ის შემდეგ.
კარგი იყო სამკაციანი დაცვაც – კვერკველია-კაშია-ხოჭოლავა, რაც შემტევ ფლანგელებთან ერთად (კაკაბაძე და წიტაიშვილი), ჩვენი გუნდისთვის ამ ეტაპზე საუკეთესო ტაქტიკური განლაგება მგონია.
2022 წლის მატჩებს თუ გავიხსენებ, გურამ კაშია ნაკრების ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა და ის გუშინაც დიდებული იყო, ეპიზოდებში კი ისე კოხტად და სუფთად ითამაშა, ლეგენდარული იტალიელი მცველები გამახსენა.
გუშინ მან 99-ედ მოირგო ნაკრების მაისური და 26-ში, სავარაუდოდ, ასიანთა კლუბის მესამე ქართველი წევრი გახდება, ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას შემდეგ.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ჩემი აზრით ეს ყველაზე სუსტი რგოლი იყო, განსაკუთრებით საწყის ნახევარ საათში და მეორე ტაიმის სტარტზე. პირველმა გოლმა სულზე მოგვისწრო.
მართალია ავტოგოლით დავწინაურდით, მაგრამ ის ბურთი ქართული ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ დახატა. მარცხენა ფლანგზე რომ არაფერი გამოუვიდა, მარჯვნივ გადაინაცვლა და მე თუ მკითხავთ, ეს იყო კიდეც გარდამტეხი მომენტი – იმ გარღვევამ, კარის გასწვრივ ძლიერმა ჩაწოდებამ და ბოიან მიოვსკის შეცდომამ, თამაში მოგვაგებინა!
ხვიჩას კიდევ ჰქონდა ერთი დიდებული შანსი: როცა ჩვეული განავარდების შემდეგ დაარტყა, გოლი მეგონა, თან ულამაზესი გოლი, მაგრამ მაკედონიელები გადარჩნენ.
და როგორც ხვიჩას ეკუთვნის აპლოდისმენტები მიოვსკის ავტოგოლის გამო, ზუსტად ასე უნდა დავუკრა ტაში ბუდუ ზივზივაძეს კვარას გოლისთვის, ეს ბუდუს ბურთი იყო: მშვენიერი იერიში და ოქროს პასი თანაგუნდელს! გამარჯვებული სწორედ მაშინ გაირკვა, დანარჩენი დროის ამბავი იყო.
ცენტრფორვარდს ის მეორე შეტევაც გოლით რომ დაესრულებინა, ჩემი უპირობო რჩეული გახდებოდა.
მოკლედ, ესაა ცხელ გულზე და იმედია, გიბრალტარში გამარჯვების შემდეგ, უკეთეს ამბებზე ვილაპარაკებთ.
23 სექტემბერი, 2022. უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი, D ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 54 200
საქართველოს 2:0 ჩრდილოეთი მაკედონია
გოლები: 1:0 ბოიან მიოვსკი (35, სკ), 2:0 ხვიჩა კვარაცხელია (64)
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, გურამ კაშია (კაპ), დავით ხოჭოლავა (ლუკა ლოჩოშვილი 72), გიორგი წიტაიშვილი (ირაკლი აზაროვი 72), გიორგი აბურჯანია (ვლადიმერ მამუჩაშვილი 87), ნიკა კვეკვესკირი, ზურაბ დავითაშვილი (ანზორ მექვაბიშვილი 78), ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე (გიორგი მიქაუტაძე 78)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
ჩრდილოეთი მაკედონია: სტოლე დიმიტრიევსკი, ვისარ მუსლიუ, გოიკო ზაიკოვი, დარკო ველკოვსკი (ნიკოლა სერაფიმოვი 72), სტეფან სპიროვსკი (ალექსანდარ ტრაიკოვსკი 68), ეზგიან ალიოსკი, ენის ბარდი (კაპ) (აგონ ელეზი 84), ელიფ ელმასი, სტეფან აშკოვსკი (ტოდორ ტოდორსკი 68), მილან რისტოვსკი (იანი ატანასოვი 73), ბოიან მიოვსკი
მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი
გაფრთხილება: ვისარ მუსლიუ, დავით ხოჭოლავა
მსაჯები: ივან კრუჟლიაკი; ბრანისლავ ჰანკო, იან პოზორი (სლოვაკეთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია