ესეც გუამი

ეს იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშაა, რომლის მოსახლეობა ამბობს, რომ ამერიკის დღე მათთან იწყება.
ამერიკა დიდი ქვეყანაა, ერთერთი უდიდესი მსოფლიოში, მაგრამ არც იმხელა, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე 11 ათას და კიდევ 579 კილომეტრზე იყოს გადაჭიმული. არადა ქვეყანას, რომლის დროშაც დავდე და რომლის არაოფიციალური დევიზი დავწერე, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირომდე სწორედ 11 ათას 579 კილომეტრი აშორებს.

გუამზე ვწერ, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ-სახელმწიფოზე, რომელიც უდიდესია მარიანის არქიპელაგში, ცნობილი ღრმულიდან სულ რაღაც 340 კილომეტრშია, იურიდიულად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის და ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსს ატარებს. ასევე, გუამის პრეზიდენტია ჯო ბაიდენი, ოღონდ მისტერ ჯო გუამელებს არ აუჩევიათ, რადგან ისინი აშშ-ის პასპორტს კი ფლობენ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

და რა შუაშია გუამი ამ საღამოს? შუაში კი არა თავშია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. საქმე ისაა, რომ პარასკევს ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი იწყება და ჩვენთან საჭიდაოდ 22 წლის გუამელი მარია ესკანო დარეგისტრირდა. ახლა ესკანოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე მე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ასი პროცენტით ვიცი, რომ მარია პირველი გუამელი ძიუდოისტია, რომელიც საქართველოში ჭიდაობას აპირებს. და შესაძლოა, პირველი გუამელი სპორტსმენი გახდეს, რომელსაც საერთაშორისო ტურნირში, პირად პირველობაში ჩვენთან ვიხილავთ.

ერთი უცნაური ჰობი მაქვს: აქ ჩატარებული დიდი შეჯიბრებების მონაწილე სპორტსმენებს ვუკირკიტებ, განსაკუთრებით კი ცხრა მთით და ცხრა ზღვით დაშორებული ქვეყნების წარმომადგენლებს.

ბევრი საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში მიმუშავია, უფრო მეტს როგორც გულშემატკივარი ან ჟურნალისტი, ისე დავესწარი, მაგრამ გუამელები ერთადერთხელ ვიხილე. 2018 წელს ბათუმმა საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ეს ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურნირია, რაც კი საქართველოში გამართულა, მასში არც მეტი, არც ნაკლები, 180 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ჰოდა, მაშინ შევხვდი პირველად გუამელებს. მაგრამ ის გუნდური შეჯიბრება იყო, თბილისის გრანდ სლემი კი სხვაა, ინდივიდუალურია.

მოკლედ, მარია ესკანოს გამო გუამმა ძალიან დამაინტერესა და ლამის ორი საათია მის შესახებ ვკითხულობ:

პირველი ევროპელი, რომელიც გუამს ეწვია, ფერნანდუ მაგელანი გახლდათ. იმ პლაჟზე, სადაც სახელგანთქმულმა ზღვაოსანმა პირველად ფეხი დადგა, დღეს პატარა ობელისკია…

1656 წლიდან გუამი ესპანეთის კოლონია იყო, 1944 წლიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაა. დღეს კუნძულზე რამდენიმე სამხედრო ბაზაა და ქვეყანა ამით დიდ სარგებელს იღებს…

დედაქალაქია ჰაგატნა, ყველაზე დიდი ქალაქი კი დედედო…

ოფიციალური ენებია ინგლისური და ჩამორო, რომელზეც აბორიგენები, ჩამოროელები საუბრობენ…

საშუალო ტემპერატურა +26-27 გრადუსია, თუმცა ტორნადოებიც იცის. მაგალითად იმას, 1976 წელს რომ მიანგრ-მოანგრია იქაურობა, პამელა უწოდეს…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საინტერესო ქვეყანა უნდა იყოს ეს გუამი, მოინახულებდა კაცი. დროშა კი, რომელიც ამ საღამოდან უკვე ფრიალებს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ სპორტის სასახლეში, რაღაცნაირად გემრიელია, კარგ ხასიათზე მაყენებს და მოგზაურობისკენ მიხმობს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 19 მარტი

ka_GEGeorgian