ესპანეთი 19-წლამდელებშიც ჩემპიონია

ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 11 წელიწადში მეექვსედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული 19-წლამდელთა შორის! ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ლა როხიტამ გადამწყვეტ მატჩში 1:0 დაამარცხა საბერძნეთი და შარშან, რუმინეთში მოგებული თასი შეინარჩუნა.

ესპანეთის და საბერძნეთის 19-წლამდელები ევროპირველობის ფინალში პირველად 2007 წელს შეხვდნენ და პირენეელებმა მაშინაც 1:0 გაიმარჯვეს. ესტონურ ფინალში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანა მადრიდის რეალის თავდამსხმელმა ხესე როდრიგესმა და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 5 გოლით. ესპანელებმა ბერძნები ჯგუფურ ტურნირშიც დაამარცხეს – 2:1.

„თანაგუნდელების ძალიან მადლიერი ვარ, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი. მიხარია ყველაზე მეტი გოლი რომ გავიტანე, მაგრამ ეს ჩემი მთავარი მიზანი არაა. ვოცნებობ რეალის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე და იმედია, ამ მიზანსაც მივაღწევ“, – განაცხადა ბომბარდირმა.

ხესე როდრიგესი ზედიზედ მესამე ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბუცი“ ჩაიბარა: 2010 წელს ყველაზე მეტი გოლი – 4 – დანიელ პაჩეკომ შეაგდო, შარშან კი ალვარო მორატამ – 6. მორატას 6 გოლი 19-წლამდელთა ევროჩემპიონატის ყველა დროის რეკორდია.

„ეს ნამდვილი ფინალი იყო! ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ღირსეულად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. მეამაყება, რომ ჩემმა ბიჭებმა გაიმარჯვეს – მათ პირველიდან ბოლო წუთამდე ყველაფერი გაიღეს მოსაგებად“, – განაცხადა ტრიუმფატორთა თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ. მისი გუნდის სამმა ფეხბურთელმა: დოლოფეუმ, პაკო ალკასერმა და კამპანიამ 19-წლამდელთა ევროპირველობა მეორედ მოიგეს. მათ შარშანაც ითამაშეს ფინალში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდი მეორე ადგილზე დაასრულა და ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. საკვალიფიკაციო ჯგუფში გუნდმა გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იასპარეზა და თურქეთს, პოლონეთს და ლუქსემბურგს გაასწრო, ელიტ-რაუნდში კი მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე იყო. საქართველომ ავსტრიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას კი აჯობა, მაგრამ ხორვატიას ჩამორჩა.

U19: ევროპის ჩემპიონები
2002 – ესპანეთი
2003 – იტალია
2004 – ესპანეთი
2005 – საფრანგეთი
2006 – ესპანეთი
2007 – ესპანეთი
2008 – გერმანია
2009 – უკრაინა
2010 – საფრანგეთი
2011 – ესპანეთი
2012 – ესპანეთი

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian