ესპანეთის სუპერთასი: 5 ფაქტი
ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალამდე რამდენიმე საათი დარჩა.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თასი ახალი ფორმატით თამაშდება და მასში ჩემპიონის და თასის მფლობელის გარდა კიდევ 2 კლუბი მონაწილეობს. ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო და ვალენსია – ეს გუნდები იბრძოლებენ სეზონის და წლის პირველი ტიტულისთვის, ვალენსია რეალს, ატლეტიკო კი ბარსელონას დაუპირისპირდება.
მომდევნო 4 წლის მანძილზე ტურნირი საუდის არაბეთში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასა და მასპინძელ მხარეს შორის შესაბამისი ხელშეკრულება 12 ნოემბერს გაფორმდა.
სუპერთასის საუდის არაბეთში გათამაშება ბევრმა არ მოიწონა, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ლა ლიგის პოპულარობა აზიაში გაიზრდება.
რუბიალესის მოთხოვნით, მატჩებზე დასწრება საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებსაც შეეძლებათ. გეცოდინებათ: მათ წლების მანძილზე აკრძალული ჰქონდათ ხელისუფლების მიერ მხოლოდ მამაკაცთათვის მიჩნეულ სანახაობაზე დასწრება.
ესპანეთის სუპერთასი 1982 წლიდან თამაშდება, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარებული რამდენიმე ტურნირი კი, მათ შორის ევა დუარტეს სახელობის თასი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ დღეს ოფიციალურადაა აღიარებული სუპერთასის წინამორბედად.
რაც შეეხება სუპერთასის 4 საინტერესო ფაქტს, ესენია:
1: ესპანეთის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ ბარსელონამ მოიგო – საკლუბო მუზეუმში 13 თასია გამოფენილი. ყველაზე მეტი ფინალიც ბარსამ წააგო – 10. რეალის აქტივში 10 სუპერთასია. მხოლოდ ბარსელონამ და რეალმა მოიგეს ეს ჯილდო მინიმუმ 10-ჯერ.
2: მხოლოდ ლა კორუნიის დეპორტივოს და საბ სებასტიანის რეალ სოსიედადს აქვთ 100% შედეგი. დეპორტივომ 1995, 2000 და 2002 წლებში ითამაშა სუპერთასისთვის და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, სოსიედადმა კი 1982 წელს, პირველივე ცდით მოიგო თასი.
3: ლეო მესი სუპერთასის 4 მთავარი რეკორდის მფლობელია: ყველაზე მეტჯერ მოიგო თასი – 8; ყველაზე მეტჯერ ითამაშა – 18; ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 13 და ყველაზე მეტ ფინალში გაიტანა – 7.
4: 1984 წელს სუპერთასი უთამაშებლად გადაეცა ბილბაოს ატლეტიკს, 1989 წელს კი მადრიდის რეალს. მიზეზი მარტივია – ამ კლუბებმა დუბლი შეასრულეს.
5: 2018 წელს სუპერთასი პირველად გათამაშდა უცხოეთში: ესპანეთის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბარსელონამ თასის ფინალისტი სევილია მაროკოში დაამარცხა – 2:1. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სუპერთასის პირველი ერთმატჩიანი ფინალი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 8 იანვარი)