ესტერიდან ეთერამდე
2022 წელი ჯერ სანახევროდ არ გასულა და ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატებზე შარშანდელი შედეგები თითქმის გაიმეორეს: უკვე 4 ქართველი გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული, 7მა კი ბრინჯაო მოიპოვა.
ევროპის ოთხზე მეტი ჩემპიონი საქართველოს 2018 წელს ჰყავდა – 6. რაც შეეხება ქართული სპორტის რეკორდს – 8 ევროოქრო – ეს შედეგი 2016, 1989 და 1987 წლებში დაფიქსირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპირველობა კიდევ რამდენიმე სახეობაში გველის, მათ შორის ძალოსნობაში, კარგი შანსია 2021 წლის ციფრები გაუმჯობესდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი ისტორიული შედეგიც ვნახოთ.
სოფიაში გამართული ევროპირველობა ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (90კგ) ჩემპიონები გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
2019 წლის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიგეს ევროპირველბის ერთზე მეტი ოქრო, კიდევ 5 საინტერესო ამბავს კი ეთერ ლიპარტელიანის წარმატებით დავიწყებ:
1: ნიდერლანდელი ესტერ სტამის შემდეგ ეთერი მხოლოდ მეორეა, ვინც საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედალი, კონკრეტულად კი ბრინჯაო მოუტანა. სტამმა ევროპირველობა მესამე ადგილზე 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში დაასრულა.
2: ლიპარტელიანამდე ბოლო გოგონა, ვინც საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიგო, ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი (90კგ) გახლდათ. წარმოშობით უკრაინელმა გოტფრიდმა 2018 წელს, ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
3: ტატო გრიგალაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. პირველი ოქრო მან 2020 წელს, პრაღაში მოიგო.
4: ლუკა მაისურაძემ ევროჩემპიონატი პირველად მოიგო, თუმც ეს მისი მესამე ევრომედალია: 2019 წელს მინსკში და 2020 წელს პრაღაში ის ბრინჯაოს დაეუფლა. წინა ორ შემთხვევაში ლუკა დაბალ, 81კგ წონაში ასპარეზობდა.
5: გურამ თუშიშვილმა ევროპის ზედიზედ მესამე ჩემპიონატი დაასრულა მესამე ადგილზე (2022, 2021, 2020), ისე კი მიჯრით მეოთხე ევროჩემპიონატზე მოიგო მედალი – 2019 წელს, მინსკში, ევროპის II თამაშებზე, ის ოქროს დაეუფლა.
საერთო ჯამში გურამმა კონტინენტის პირველობის მე5 მედალი მოიგო: 2017 წელს, ვარშავაში (პოლონეთი), მან პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 მაისი)
ფოტო: IJF.org