ესტონეთი Vs საქართველო: წლის პირველი მატჩის საინტერესო ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოვიდ 19ით გატანჯულ 2020 წელს ხვალ საღამოს იწყებს: ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გეცოდინებათ: ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ქართველი ფეხბურთელები სწორედ ამ მატჩით იწყებენ უეფას 2020-21 წლების ერთა ლიგის C დივიზიონის II ჯგუფს, სადაც მათთან ერთად ესტონელი, ჩრდილომაკედონიელი და სომეხი ფეხბურთელები ასპარეზობენ.
ესტონეთში სტუმრობის შემდეგ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები თბილისში უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს, ოქტომბერში სომხეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, ნოემბერში კი სომხეთთან და ესტონეთთან საშინაო შეხვედრებით დაასრულებს ჯგუფს.
ხვალინდელ პაექრობას დიდი იმედით ველი და იმედია, გუნდი ერთა ლიგის წინა გათამაშების შედეგსაც გაიმეორებს: რანგით მაღალ დივიზიონში ამაღლდება.
ტალინური მატჩის წინ კი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ წინა 6 დაპირისპირებას ჩავუჯექი და 15 საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, კოხტად ჩამოვწერე და ამ წერილში გთავაზობთ:

1: საქართველოს და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ყველა, ექვსივე მატჩი ამხანაგური იყო. მეტოქეებმა 3-3ჯერ ითამაშეს ერთმანეთის მოედნებზე.
„ჯვაროსნებმა“ ყველა საშინაო თამაში მოიგეს, ტალინში გამართული 3 პაექრობიდან კი 2ში მასპინძლებმა გაიმარჯვეს, ერთიც ფრედ დასრულდა.
ბურთების შეფარდება ქართველთა მხარესაა – 8:7.

2: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ესტონეთი 25ე მეტოქეა, ხოლო თუ მხოლოდ უეფას წევრ ქვეყნებს გავითვალისწინებთ, 22ე.
აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირული ქვეყნებიდან საქართველო პირველად ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა, შემდეგ ლატვია და სულ ბოლოს ესტონეთს.

3: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საიუბილეო, მე200 შეხვედრა 2015 წლის 11 ნოემბერს სწორედ ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარა. იმ შეხვედრაში გუნდს კახი ცხადაძე წვრთნიდა.
ტალინში მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა მეტოქეთა პაექრობის ისტორიაში, როცა დიდი ანგარიში დაფიქსირდა.

4: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონელთა წინააღმდეგ გამართულ 6 მატჩში 7 სხვადასხვა სპეციალისტი ხელმძღვანელობდა: ვლადიმერ გუცაევი; რევაზ ძოძუაშვილის და დავით ყიფიანის წყვილი; პეტარ სეგრტი (ხორვატია), თემურ ქეცბაია, კახი ცხადაძე და სლოვაკი ვლადიმირ ვაისი.
ვაისი პირველია, რომელიც ქართველებს ესტონელთთან მეორედ უთავკაცებს.

5: პეტარ სეგრტი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ესტონელთა წინააღმდეგ დროებითი მწვრთნელის სტატუსით უხელმძღვანელა.
2008 წლის 27 მაისს მისმა გუნდმა ტალინში ფრედ 1:1 ითამაშა და ეს ასევე ერთადერთი გასვლითი მატჩია, რომელიც ქართველებმა არ წააგეს.
ხორვატი პეტარ სეგრტი ერთი თვით ადრე გუნდიდან წასული კლაუს ტოპმიოლერის დროებითი შემცვლელი იყო.

6: თემურ ქეცბაიას დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სწორედ ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა: 2010 წლის 3 მარტს ქართველებმა ბალტიისპირელებს დავით სირაძის გვიანი გოლით თბილისში 2:1 სძლიეს.

7: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ 4 ქართველიდან, რომელთაც ესტონელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად, 3ჯერ უთამაშიათ.
კობიაშვილის გარდა ბალტიისპირელებს ასევე 3ჯერ დაუპირისპირდნენ ზურაბ ხიზანიშვილი, რატი ალექსიძე და გურამ კაშია.
ქართულ-ესტონური პაექრობის რეკორდსმენი ესტონელი ალექსანდრ დმიტრიევია, რომელიც 2008-18 წლებში გამართულ 4 მატჩში მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის 27 მარტს, თბილისში, ესტონეთთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ნიკა კვეკვესკირი, ჯიმი ტაბიძე, საბა კვირკველია, ნიკა კაჭარავა, გიორგი მაკარიძე, ჯაბა კანკავა. პირველ რიგში: გიორგი მერებაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა შერგელაშვილი

8: მიხეილ აშვეთია ერთადერთია ორივე გუნდიდან, რომელმაც საქართველო-ესტონეთის მატჩებში დუბლი შეასრულა.
ქუთაისელმა ფორვარდმა 2 გოლი 1998 წლის 18 ნოემბერს, თბილისში გამართულ პირველ მატჩში შეაგდო.

9: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონელთა წინააღმდეგ 2ჯერ უკაპიტნა ჯაბა კანკავამ, რაც ჩვენი გუნდის რეკორდია.
თითოჯერ მოირგეს სამკლაური გიორგი კიკნაძემ, გიორგი ნემსაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და კახა კალაძემ.

10: სოსო გრიშიკაშვილი ერთადერთი ქართველი მეკარეა, რომელმაც ესტონელებთან მატჩებში პენალტი მოიგერია.
2000 წლის 11 ივნისს, ტალინში, გრიშიკაშვილმა ინდრეკ ზელინსკის არ გაატანინა, მაგრამ რაიო პიიროიას დამატებულთან ვერას გახდა. თამაში მეტოქემ 1:0 მოიგო.

11: გიორგი მაკარიძე ერთადერთი ქართველი მეკარეა, რომელმაც ესტონეთთან მატჩში გოლი არ გაუშვა. 2018 წლის 27 მარტს, თბილისში 2:0 მოგებულ შეხვედრაში გუნდის კარს სწორედ ის იცავდა.
აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 18 ნოემბერს, ესტონელებთან 3:1 მოგებულ თამაშში სოსო გრიშიკაშვილმა 76ე წუთზე დატოვა მინდორი და იმ დროისთვის გოლი გაშვებული არ ჰქონდა.

12: 2000 წლის 11 ივნისს, ტალინში, კადრიორუზე გამართულ ამხანაგურ მატჩს 450 მაყურებელი დაესწრო, რაც მეტოქეთა პაექრობების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, საქართველოს ნაკრების ისტორიაში კი ერთ-ერთი ანტირეკორდი.
საერთო ჯამში ესტონეთში გამართულ 3 მატჩს მხოლოდ 5 216 მაყურებელი დაესწრო, რაც თითქმის 4ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის 27 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულ ქომაგთა საერთო რაოდენობა.

13: საქართველო-ესტონეთის პაექრობას ყველაზე მეტი გულშემატკივარი – 35 000, 2010 წლის 3 მარტს დაესწრო თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. ეს იყო თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

14: 2000 წლის 11 ივნისს ტალინში 0:1 წაგებით დასრულდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში იმ დროისთვის მეორე საუკეთესო, 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია.

15: ესტონელებთან პირველ მატჩს, 1998 წლის 18 ნოემბერს, ქართველ მსაჯთა სამეული სჯიდა მერაბ მალაღურაძის, მამუკა ელიკაშვილის და ლევან მიქელაძის შემადგენლობით.
ორი წლის შემდეგ, 2000 წლის 11 ივნისს, ტალინში გამართულ მატჩს ესტონელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა: სტენ კალდმა (მთავარი მსაჯი), უნო ტუტკი და ჰეიგო ნიილოპი (ასისტენტები).

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 სექტემბერი)
ფოტო: 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian