ეტაჟნიცა კიშინიოვში
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით, 2017 წლიდან ეროვნულ გუნდს გასვლით თამაშებზე რამდენიმე ჟურნალისტიც მიჰყვება ხოლმე და მეც ასე მოვხვდი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში.
ჩვენი გუნდის პირველი ნაბიჯები თუ გახსოვთ, კარგად გეცოდინებათ რა მწარე მოგონებებთანაა დაკავშირებული მოლდოვის ნაკრები, მაგრამ ახლა ევრო 96ის, იგორ ოპრიას და იმ მძიმე-მძიმე ამბების გახსენებას არ ვაპირებ.
კიშინიოვში 10 ივნისს, დილით ჩავედით, 11ში, მატჩის შემდეგ კი ეგრევე აეროპორტში გავემგზავრეთ. მოლდოვის დედაქალაქში ორი არასრული დღე გავატარე და ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი, მაგრამ რაც ვიხილე, და გარწმუნებთ: იმაზე მეტი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურმა ტურისტმა შეიძლება მოასწროს ხსენებულ პერიოდში, ნამდვილად მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კიშინიოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული დედაქალაქია.
ყველაზე ძალიან სავაჭრო ცენტრი რომ მოგეწონება, რაზეა საერთოდ საუბარი?!
ჩვენი სასტუმრო, ჯერ კიდევ თბილისიდან რომ დავჯავშნე, დაახლოებით სად იდგა, იცით? ჩვენი ქორთიარდი რომაა თავისუფლებაზე ან მერიოტი, რუსთაველზე. და ამ, ეგრეთ წოდებული პრესტიჟული ადგილმდებარეობის მიუხედავად, სასტუმრო იყო წმინდა საბჭოური თავის ძველისძველი ლიფტით, რკინისმოაჯირიანი ქვის კიბეებით და არ დაიჯერებთ: ეტაჟნიცით!
2017 წელს ეტაჟნიცას კიდევ სადმე თუ ვნახავდი, ნაღდად არ მეგონა! ვინც ვერ მიხვდით ვინ არის ეტაჟნიცა, უფროსებს ჰკითხეთ და გაიგებთ.
მოკლედ, ჩვენ სართულზე თეთრ ხალათში გამოწყობილმა ჩაპუტკუნებულმა ქალბატონმა რომ მკითხა, რომელ ნომერში მიბრძანდებით, მარტო ხართ თუ მეგობართან ერთადო, კინაღამ ცუდად გავხდი! ეგ კიდევ არაფერი: ჩანთა საწოლთან რომ დავდე და ფოტოაპარატმომარჯვებულმა ქალაქში გასეირნება დავაპირე, კიბემდე იმ ქალბატონის ოთახს ჩავუარე და… ფანჯრის რაფაზე ყვავილების რამდენიმე ქოთანი, გამორთული კომპიუტერი, პატარა მაცივარი და ყველაზე ძალიან რამაც დამაფრთხო – კედლის კალენდარი ფისუნიებით! ასე მეგონა 30 წლით უკან გადავინაცვლე და კიშინიოვის ნისტრუს და თბილისის დინამოს საკავშირო ჩემპიონატის მატჩზე ვიყავი მოლდოვაში ჩასული…
თვითონ კიშინიოვი კი, ხომ გითხარით, არის რა: ევროპა უკიდურესად ფრთხილად იპარება ქალაქში, სადაც ტრადიციულად ბევრია საბჭოთა, უსახური კორპუსი.
ყველაზე ძალიან მწვანეში ჩაფლული ცენტრალური სკვერი მომეწონა, მის შუაგულში მდგარ ტაძარშიც შევედი – ნათლობას შევესწარი, გარეთ გამოსულს კი პარკთან რაღაც საპროტესტო აქცია დამხვდა – დემონსტრანტები მოლდოვის დროშის ფრიალით გაჰყვიროდნენ რაღაცას და თან ლუდს გეახლებოდნენ.
სასტუმროში დაბრუნებამდე კიდევ ერთ პარკში შევისეირნე. იქ სულ სხვა სურათი დამხვდა: სასულე ორკესტრი უკრავდა, საბჭოთა მედლებით მკერდდამშვენებული ასაკოვანი წყვილები კი მორიდებით ცეკვავდნენ…
მეორე დღეს, თამაშამდე, ბარგი ჩვენი ნაკრების ბიჭებთან დავტოვე და მხოლოდ ფოტოაპარატგადაკიდებულმა ვიხეტიალე. ახლა რომ ვუფიქრდები, ქალაქის ცენტრი შემომივლია და ხომ გითხარით, ყველაზე ძალიან სავაჭრო ცენტრი მომეწონა.
მერე კი იყო ფეხბურთი. პირველ ტაიმში ჩვენები ორი ბურთით აგებდნენ – რატომ აირჩია ვლადიმირ ვაისმა საშინელი დაცვითი ტაქტიკა, დღემდე ვერ ვხვდები. მეორე ნახევარში, როგორც ჩანს, მწვრთნელი გონს მოეგო და თავდასხმა გააძლიერა. შედეგად 2:2. არადა საქართველოს ნაკრებს მოლდოვა თავისუფლად უნდა დაემარცხებინა.
სულ ესაა, რის თქმაც მინდოდა კიშინიოვზე. დანარჩენს ფოტოებზეც ნახავთ.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
კიშინიოვი, მოლდოვა; 2017 წლის 10-11 ივნისი