ეთერი და ბუდაპეშტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2024 წლის ნომერ პირველი ქალი-სპორტსმენი, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი სულ ცოტა ხნის წინ, 3 ივნისს დააჯილდოვა. ლენტეხელმა გოგონამ მეოთხედ მოიგო სსჟა-ს ეს ნომინაცია, რაც რეკორდია, ეთერი პირველი იყო 2019, 2021 და 2022 წლებშიც.

ბუდაპეშტში, გუშინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის და პირად-გუნდურში მოპოვებული ოქროს მედლების შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ის კიდევ ერთხელ გახდება ქალთა შორის საუკეთესო.

ეთერ ლიპარტელიანი წელს ჩინებულ ფორმაშია: მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედლებამდე მან პოდგორიცაში (მონტენეგრო) გამართულ ევროპირველობაზეც ორი ჯილდო მოიპოვა, ვერცხლი პირადში და ოქრო გუნდურში, მანამდე, მარტის მიწურულს კი ზედიზედ მეორედ მოიგო თბილისის გრანდ სლემი. აქვე შევნიშნავ, რომ ქართველ ქალ-ძიუდოისტებს შორის ამ რანგის შეჯიბრება მის გარდა არავის მოუგია.

საქართველოს ოთხგზის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ბუდაპეშტური გამარჯვება იმითაცაა საინტერესო, რომ ეთერი მხოლოდ მეორე ქალია დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში (1992 წლიდან), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პირველი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი გახლავთ, რომლის გამარჯვების აღსანიშნავად 2017 წელს, საქართველოს სახელმწიფო დროშა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში აღიმართა.

ამ პატარა ჩანახატის დასასრულს კი უნგრეთსა და ბუდაპეშტზე იყოს, იმიტომ, რომ საქართველოს წარგზავნილებმა ამ მშვენიერ ქალაქში მსოფლიო პირველობების უკვე 11 ოქროს მედალი მოიგეს! არცერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩვენ სპორტსმენებს მსოფლიო პირველობები ამდენჯერ არ მოუგიათ.

ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ოქროს მედალს ქართული სპორტის ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია დაეუფლა 1958 წელს. ლეგენდარული ფალავნისთვის ეს მესამე ოქროს მედალი იყო მსოფლიო პირველობაზე. იმავე ჩემპიონატში გაიმარჯვა კიდევ ერთმა „კლასიკოსმა“ როსტომ აბაშიძემ (87კგ).
1985 წელს უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა „დრო დადგა“: მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლებს, საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი (100კგ) და დავით გობეჯიშვილი (130კგ) დაეუფლნენ.

1987 წელს ბუდაპეშტში მოიგო მსოფლიო პირველობების მეორე ოქროს მედალი ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, პნევმატური პისტოლეტით.

1997 წელს დამოუკიდებელმა ქართულმა სპორტმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოქროს მედალი სწორედ ბუდაპეშტში იზეიმა: მოკრივე გიორგი კანდელაკი +91კგ წონაში დაეუფლა ჩემპიონის სარტყელს.

2005 და 2018 წლებში უნგრეთის დედაქალაქში თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ორი ფალავანი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: ჯერ რევაზ მინდორაშვილი (84კგ), შემდეგ კი გენო პეტრიაშვილი (125კგ). ამ უკანასკნელისთვის ეს რიგით მეორე მსოფლიო ოქრო იყო.

2021 წელს კი ძიუდოისტებმაც გაიხარეს, 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა. წელს კი მათი ოქრო, ეთერ ლიპარტელიანის და მისი თანაგუნდელების ძალისხმევით, „გასამდა“.

ჰოდა, მეტი მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში!

ლაშა გოდუაძე
2025 წლის
21 ივნისი
ფოტო: IJF

ka_GEGeorgian