ევრო 2012 – ნახევარფინალი: იტალია 2:1 გერმანია

ევროპის მე14 ჩემპიონატის ფინალში ბოლო 2 მსოფლიო პირველობის გამარჯვებული დაუპირისპირდება ერთმანეთს.
გუშინ, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ნახევარფინალში ჩეზარე პრანდელის სკუადრა აძურამ 2:1 დაამარცხა იოახიმ ლიოვის გერმანია და 1 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ესპანეთს შეხვდება.
გამარჯვებული ანრი დელონეს სახელობის თასს ჩაიბარებს. წარმატების შემთხვევაში ესპანელები 3 ტრიუმფით გერმანიას გაუთანაბრდებიდიან, იტალიელები კი მეორე ტიტულით იმავე ესპანეთს და საფრანგეთს დაეწევიან.

იტალიის ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა ევროპირველობის ნახევარფინალში და მესამედ გავიდა ფინალში. საინტერესოა, რომ სკუადრა აძურამ პირველად მოიგო ნახევარფინალი ძირითად დროში: 1968 წელს აპენინელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრები მონეტის აგდებით ჩამოიშორეს გზიდან; 1988 წელს იმავე სსრკთან 0:2 დამარცხდნენ, 2000 წელს კი ჰოლანდიას პენალტების სერიაში აჯობეს.

რაც შეეხება გერმანიას, ბუნდესგუნდისთვის ეს მე8 ნახევარფინალი იყო და მხოლოდ მეორე წაგება. გერმანია ამ ეტაპზე პირველად 1988 წელს დამარცხდა – შინ ჰოლანდიასთან.

ვარშავაში იტალიის და გერმანიის ნაკრებთა 31ე საერთაშორისო მატჩი გაიმართა. მსოფლიოს 4გზის ჩემპიონმა აძურამ მეთხუთმეტედ აჯობა მსოფლიოს 3გზის ჩემპიონ ბუნდესგუნდს. საგულისხმოა, რომ გერმანიას იტალიისთვის ჯერაც ვერ მოუგია დიდ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე. რაც შეეხება უშუალოდ ევროპირველობებს, ეს მეტოქეთა მე3 პაექრობა იყო ფინალურ ეტაპზე: 1988 წელს ჯგუფური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, 1996 წელს კი ისევ საწყის ეტაპზე გადაიკვეთა მათი გზები – 0:0.

თამაშის საწყისი წუთები ორმხრივ შეტევებში წარიმართა. იტალიის ნაკრები 2ჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს: ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ანდრეა პირლომ კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი, შემდეგ კი ანდრეა ბარძალიმ კინაღამ ავტოგოლი მიითვალა. რაც შეეხება გერმანელთა მეკარეს, მანუელ ნოიერმა ანტონიო კასანოს და მარიო ბალოტელის დარტყმული ბურთები მოიგერია.

ანგარიში მე20 წუთზე გაიხსნა: ბალოტელიმ ჰოლგერ ბადშტუბერს პოზიციური ბრძოლა მოუგო და თავით გაიტანა – 1:0. ეს მისი მე3 გოლია ეროვნულ გუნდში, ამ ჩემპიონატზე კი მე2. მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ჯორჯო კიელინის და ანტონიო კასანოს დაწყებული შეტევა დააგვირგვინა.

36ე წუთზე ნოიერის კარის ბადე კიდევ ერთხელ შეირხა და გოლი კვლავ ბალოტელიმ გაიტანა. რიკარდო მონტოლივომ გრძელი და ძალიან ზუსტი პასით თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, კართან მიახლოვებულმა ფორვარდმა კი უძლიერესად დაარტყა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა – 2:0. გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი ბალოტელისთვის ხელის შეშლას კი ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამ გოლით მარიო 3 გოლის გამტან ბომბარდირებს წამოეწია, მათ შორის გერმანელთა თავდამსხმელს, სეხნია გომესს.

II ტაიმში იოახიმ ლიოვმა გარისკა: ჯერ ორივე თავდამსხმელი შეცვალა, შემდეგ კი ჯერომ ბოატენგის ნაცვლად თომას მიულერიც ჩართო თამაშში. ამას მოჰყვა ის, რომ ბუნდესნაკრების კარი მინიმუმ 4 გაშვებულ გოლს გადაურჩა – იტალიელებს ზუსტად რომ ეთამაშათ, მეტოქეს გაანადგურებდნენ. კლაუდიო მარკიზიომ, იმავე ბალოტელიმ, შეცვლაზე შესულმა ანტონიო დი ნატალემ და ალესანდრო დიამანტიმ კარგი შანსები ვერ გამოიყენეს.

მსაჯის დამატებულ მეორე წუთზე გერმანიამ ერთი გოლი გაქვითა – მესუტ იოზილმა ზუსტად დაარტყა პენალტი – 2:1. მიუხედავად ამისა, იტალიამ მაინც გაიმარჯვა და გერმანიის ნაკრების რეკორდული სერია შეწყვიტა: ლიოვის გუნდმა ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 15 გამარჯვების შემდეგ მარცხი იწვნია.

სკუადრა აძურამ მეტოქეს ზედიზედ მეორე ნახევარფინალი მოუგო: 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მარჩელო ლიპის იტალიამ იურგენ კლინსმანის გერმანია დამატებით დროში გატეხა – 2:0.

„ძალიან კარგი ნაკრები დავამარცხეთ, რადგან პირველივე წუთიდან ზუსტად ვიცოდით, თუ როგორ უნდა გვეთამაშა. მარიო ბალოტელი შეუდარებელი იყო, თუმცა ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ჩემი გუნდის სხვა ფეხბურთელებზეც! მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა – წინ ფინალია. მიხარია, რომ გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება იმ ფეხბურთით მოვიპოვეთ, რასაც ამ ტურნირზე პირველი წუთიდან ვაჩვენებთ,“ – განაცხადა გამარჯვებულთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ.

მისი იტალია ბოლო ერთ წელიწადში მესამედ შეხვდება ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთს: შარშან, 11 აგვისტოს სკუადრა აძურამ ამხანაგურ თამაშში აჯობა პირენეელებს – 2:1, ევრო 2012ის I ტურში კი უგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

28 ივნისი, 2012. ევრო 2012 – 1/2 ფინალი. ვარშავა, ეროვნული. 48 000
იტალია 2:1 გერმანია
გოლები: 1:0 მარიო ბალოტელი (20), 2:0 მარიო ბალოტელი (36), 2:1 მესუტ იოზილი (90)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეა პირლო (იტალია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 29 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian