ევრო 2025: დიდებული დასაწყისი პოლონეთთან 2:1
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ევროჩემპიონატი დაიწყო გამარჯვებით: რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე საათის წინ, სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში 2:1 დაამარცხა პოლონეთი და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია. ეს იმიტომ, რომ პარალელურად ტრენჩინში გამართული პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა პაექრობა 0:0 დასრულდა.
ნოდარ ლომინაძე და ვასილიოს გორდეზიანი, პოლონელთა კარში გოლები სწორედ ამ ბიჭებმა გაიტანეს, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე დასახელდა. უეფას სპეციალური პრიზი მან თამაშის დასრულებისთანავე ჩაიბარა.
რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე დაუმარცხებელი ასპარეზობა განაგრძო. ორი წლის წინ, როცა ოცდაერთწლამდელთა ევროჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს, ჩვენი ახალგაზრდული გუნდი მეოთხედფინალში გავიდა ჯგუფში პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების, ბელგიასთან 2:2-ის და ნიდერლანდებთან 1:1-ის შემდეგ. საქართველოს სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე – ისრაელთან პაექრობა უგოლოდ დასრულდა, „საფეხბურთო ლატარეა“ კი მეტოქემ მოიგო.
ზემოხსენებული ოთხი მატჩისგან შემდგარი სერია დღეს სლოვაკეთის პატარა ქალაქ ჟილინაში პოლონეთთან 2:1-ით გაგრძელდა და სანამ ამ თამაშის გამორჩეულ მომენტებზე დავწერ, ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთს 1997 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ პირველად სძლია. თითქმის ოცდაათი წლის წინ ჩვენ გუნდს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით ქართველებმა ევრო 1998-ის შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ვოძისლავში 2:2 ითამაშა, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე კი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს – 5:1! ჩემი მოკრძალებული აზრით, პოლონელებთან ის 5:1 ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაშია.
ევრო 2025-მდე ჩვენი გუნდი პოლონეთს მხოლოდ შესარჩევ ეტაპზე ხვდებოდა, სადაც მეტოქემ შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა: ევრო 1998-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 2:2-ის და თბილისური 5:1-ის შემდეგ გამართული ოთხივე თამაში პოლონელთა სასარგებლოდ დასრულდა. ევრო 2009-ის ეგიდით მეტოქემ 3:1 და 5:0 მოიგო, ევრო 2019-ის შესარჩევში კი 3:0 და 3:0.
საინტერესო ფაქტებზე წერას ამით დავასრულებ და დღევანდელ მატჩზე გადავალ, რომელსაც უეფას ოფიციალური ცნობით 2218 გულშემატკივარი დაესწრო, მათ შორის არაერთი ქართველი. ბევრს მატჩის წინ ჟილინის ცენტრში, სპეციალურად გულშემატკივრებისთვის მოწყობილ ზონაში შევხვდი…
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მსაჯის მიერ დამატებული ორი წუთის გასვლის შემდეგ ლოგიკურად დასრულდა, 0:0.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სუფთა სათამაშო დროის უმეტეს ნაწილში ფლობდა ბურთს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები მაინც პოლონელებმა შექმნეს: მე-8 წუთზე, ზედიზედ მეორედ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა არიელ მოსორმა თავით სცადა გოლის გატანა, მაგრამ ბურთი ლუკა ხარატიშვილის კარის მარჯვენა ძელმა აისხლიტა, მე-19 წუთზე კი, ამჯერად ანტონი კოზუბალის დარტყმის შემდეგ, ხარატიშვილს იგივე ძელი „დაეხმარა“.
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ქართველებმა კარში ზუსტად ვერ დაარტყეს, არადა ბოლო თხუთმეტი-ოცი წუთი თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს.
ანგარიშის მსგავსად თანაფარდობა იყო ყვითელ ბარათებშიც: შვეიცარიელმა არბიტრმა ირაკლი აზაროვი კასპერ კოზლოვსკის წინააღმდეგ სახიფათო ვარდნისთვის გააფრთხილა (მე-6 წუთზე), დომინიკ მარჩუკს კი იგივე ფერის ბარათი შეტევის ჩაშლისთვის აუფრიალა 26-ე წუთზე, პოლონელი აზაროვს მაისურზე ჩამოეკიდა და ასე შეაჩერა.
მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მეტოქეებმა უხეშობას უმატეს და თამაშის ოფიციალურ ოქმში არბიტრმა კიდევ რამდენიმე გაფრთხილებული მოთამაშის სახელი და გვარი ჩაწერა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გულშემატკივრებმა პირველად 55-ე წუთზე გაიხარეს. ირაკლი აზაროვის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხური მეტოქემ ცუდად მოიგერია, ბურთი ნოდარ ლომინაძეს მიუვიდა და ნახევარმცველმაც მოხდენილი დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0.
სხვათა შორის, ეს იყო პირველი გოლი ბოლო თვრამეტ წელიწადში, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა პოლონეთს გაუტანა. ლომინაძის „წინამორბედსაც“ შეგახსენებთ – ერთ დროს გერმანიის მიუნხენ 1860-ში მოთამაშე მათე ღვინიანიძე, რომელმაც თეთრ-წითლების კარი 2007 წლის 22 აგვისტოს, ევრო 2009-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით 1:3 წაგებულ თამაშში დალაშქრა. მას შემდეგ, დღევანდლამდე, ქართველები და პოლონელები სამჯერ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ყველა შემთხვევაში მეტოქემ მოიგო, თან გოლის გაუშვებლად – 0:5, 0:3, 0:3…
ანგარიში 73-ე წუთზე გათანაბრდა, როცა მსაჯმა გაბრიელ სიგუა მარიუშ ფორნალჩიკთან უხეში თამაშის გამო დააჯარიმა. და რადგან წესების დარღვევა საჯარიმო მოედანში დაფიქსირდა, არბიტრმა პირდაპირ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. იაკუბ კალუზინსკიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.
და სწორედ მაშინ, როცა არბიტრის მიერ დამატებული ხუთი წუთის გასვლას რამდენიმე წამი აკლდა, ვასილიოს გორდეზიანმა გიორგი მაისურაძის დაწყებული იერიში დააგვირგვინა, დაახლოებით ორი მეტრიდან დალაშქრა პოლონელთა კარი, 2:1.
მეორე ტურში, 14 ივნისს, რამაზ სვანაძის გუნდი კვლავ ჟილინაში ითამაშებს, მეტოქე კი საფრანგეთი იქნება. რაც შეეხება პოლონეთის და პორტუგალიის დაპირისპირებას, ის ტრენჩინში გაიმართება.
11 ივნისი, 2025. ევრო 2025 – C ჯგუფი, I ტური. სლოვაკეთი, ჟილინა, პოდ დუბნომ. 2218
პოლონეთი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 ნოდარ ლომინაძე (55), 1:1 იაკუბ კალუზინსკი (73, პენ), 1:2 ვასილიოს გორდეზიანი (90+4, გიორგი მაისურაძის პასით)
პოლონეთი: კასპერ ტობიაში (კაპ), არიელ მოსორი, პატრიკ პედა, იაკუბ კალუზინსკი, ფილიპ შიმჩაკი (ვიკტორ ბოგაში 65), კასპერ კოზლოვსკი (ტომაშ პიენკო 65), არკადიუშ პურკა (კაეტან შმიტი 65), მიხალ გურგული, ანტონი კოზუბალი (მატეუშ ლიეგოვსკი 90+5), მარიუშ ფორნალჩიკი (მიხალ რაკოში 82), დომინიკ მარჩუკი
მწვრთნელი: ადამ მაიევსკი
საქართველო: ლუკა ხარატიშვილი, საბა ხვადაგიანი (კაპ), ნოდარ ლომინაძე (ოთარ მამაგეიშვილი 66), ლაშა ოდიშარია (ირაკლი ეღოიანი 80), გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე (ლადო ოდიშვილი 90+6), საბა საზონოვი, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა (ვასიოლიოს გორდეზიანი 80), გიორგი მაისურაძე, გიორგი აბუაშვილი (გიზო მამაგეიშვილი 66)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გაფრთხილება: ირაკლი აზაროვი, დომინიკ მარჩუკი, გიორგი მაისურაძე, გიორგი კვერნაძე, გიზო მამაგეიშვილი, ტომაშ პიენკო, ლუკა გაგნიძე
მსაჯები: ალესანდრო დუდიჩი; პასკალ ჰირცელი, ნიკოლას მიულერი (შვეიცარია)
*-უეფას ტექნიკურმა კომისიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაისურაძე დაასახელა
ლაშა გოდუაძე
ჟილინა, სლოვაკეთი
2025 წლის 12 ივნისი
ფოტო: UEFA Media