ევრო 2025: დრამა ჟილინაში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მეორე ტურში 2:3 დამარცხდა საფრანგეთთან.
ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი წაგება, რაც კი სტადიონის ტრიბუნიდან მინახავს. მხოლოდ საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრების გუნდების თამაშებს ვგულისხმობ, რომელიც ჩემს, როგორც გულშემატკივრის და სპორტული ჟურნალისტის „კარიერაში“, დაახლოებით ორ ასეულამდე დაგროვდა.
მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები საბა საზონოვმა დააწინაურა. ის ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არა მხოლოდ რამაზ სვანაძის გუნდის შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარში გასული პირველი ბურთი მის შეცდომას მოჰყვა, მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში მან მაღალ დონეზე ითამაშა, 84-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გატანილი გოლი კი არათუ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, უმაღლესი რანგის ნებისმიერი თამაშს დაამშვენებდა.
სამწუხაროდ, საბას გოლით მოგვრილი სიხარული მხოლოდ ხუთ წუთს გაგრძელდა, მეტოქემ საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში. სულ ბოლოს კი, როცა ქართველმა მცველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და არც ნაკრებს ჰქონდა ცვლილება დარჩენილი რომ მისი გასვლით გამოწვეული სიცარიელე შეევსო, ფრანგებმა გამარჯვების ბურთი შეაგდეს. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, სწორედ იმ კუთხიდან, სადაც საზონოვი თამაშობდა…
საბასთან ერთად გიორგი აბუაშვილიც უნდა გამოვარჩიო. ის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ჩემი დაკვირვებით, ეს გიორგის საუკეთესო მატჩი იყო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. მისგან პირველ შეხვედრაშიც ასეთ ასპარეზობას ველოდი. რამაზ სვანაძემ ის პოლონელებთან ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ 11 ივნისს გიორგიმ თავის გამოჩენა ვერ შეძლო.
ჩემს მესამე ფავორიტს, ლუკა ხარატიშვილსაც გამოვყოფ. ასე მგონია, რომ ეს ნიჭიერი მეკარე მალე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდება. ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის მომენტი მაძლევს, 74-ე წუთზე რომ ვიხილეთ: მათის აბლინმა შესანიშნავად ისარგებლა საქართველოს ნაკრების არეული დაცვის ხაზით და მეკარესთან პირისპირ გავიდა, დაარტყა, ლუკამ კი მართლა თავგანწირულ ნახტომში, ცალი ხელით მოიგერია ბურთი.
იმ მომენტში ხარატიშვილმა გარდაუვალი გოლისგან იხსნა გუნდი, მეკარის ასეთი საიმედო თამაში კი ძალიან დადებითად რომ მოქმედებს მის თანაგუნდელებზე, მით უმეტეს ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს, ამას ნებისმიერი ფეხბურთელი დაგიდასტურებთ. გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით და ასე მგონია, რომ საბა საზონოვის გოლში ხარატიშვილმაც თავის წვლილი შეიტანა.
ლუკას გამოსარჩევად მხოლოდ ეს ერთი მომენტიც იკმარებდა, მაგრამ 21-ე წუთსაც შეგახსენებთ, როცა ანგარიში 0:0 იყო, ჩვენი კარის მიმართულებით კი ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. მათის ტელი გოლსაც გაიტანდა, ხარატიშვილის დიდებული ნახტომი რომ არა…
საბა საზონოვის, გიორგი აბუაშვილის და ლუკა ხარატიშვილის გარდა მომენტებში სხვებმაც გაიბრწყინეს, თუმცა შეცდომებიც ხშირი იყო, საერთო ჯამში კი, იმედია არავის ეწყინება თუ დავწერ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც გუნდი, საფრანგეთი დღეს აშკარად მაღლა დგას. ხოლო ის, რომ ჩვენ ნაკრებს უკანასკნელ წამამდე შეეძლო ქულის მოპოვება, ეს მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით და მონდომებით აიხსნება, რომლითაც ჩვენი გუნდი, ვიყოთ გულახდილები, რამაზ სვანაძის მისვლამდე იშვიათად თუ გამოირჩეოდა.
ამ ახალგაზრდა სპეციალისტის შესახებ ხშირად ამბობენ, რომ იღბლიანია, უმართლებს და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ ასეთი საუბარი უმადურობაა.
გამართლებას ფეხბურთში ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ როცა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები მეოთხედფინალში გაგყავს, შემდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ახერხებ ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, ზედიზედ ორ ევროჩემპიონატზე კი მიჯრით ხუთ თამაშს დაუმარცხებლად ამთავრებ, ამას გამართლება კი არა, სწორი მუშაობა ჰქვია.
გუშინდელი გულდასაწყვეტი მარცხის მიუხედავად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი კვლავ აქვს. პირველი ეტაპის უკანასკნელ თამაშში ბიჭები პორტუგალიას 17 ივნისს, ტრენჩინში დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის არ იყოს, ეს პორტუგალიაც მშვენიერი გუნდია და ეს გუშინ გამართულ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა: რუი ჟორჟეს ბიჭებმა უბრალოდ შანსი არ დაუტოვეს პოლონელებს, პირველ ტაიმშივე მოითავეს საქმე – 4:0, საბოლოოდ კი 5:0.
ბრწყინვალედ ითამაშა ამ გუნდის თვრამეტი წლის ვარსკვლავმა ჯოვანი ჩერნო კუენდამ, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ევრო 2025-ის დაწყებამდე, ასაკობრივი ნაკრები გუნდების მცოდნე ჟურნალისტები მას ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მოიაზრებდნენ, წერდნენ, რომ ის „აუცილებლად სანახავ ფეხბურთელთა შორის“ იყო. ჯერჯერობით ბიჭი ავანსებს ამართლებს, თუმცა მასზე რამდენიმე დღეში იყოს, მომდევნო ჩანახატში კი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ვარსკვლავებზე გიამბობთ, მათ შორის მათის ტელზე, რომელმაც გუშინ ანგარიში გახსნა, მშვენივრად ითამაშა და სამართლიანად დაიმსახურა უეფას ტექნიკური კომისიის ჯილდო.
14 ივნისი, 2025. ევრო 2025 – C ჯგუფი, II ტური. სლოვაკეთი, ჟილინა, პოდ დუბნომ. 3687
საფრანგეთი 3:2 საქართველო
გოლები: 1:0 მათის ტელი (36, პენ), 1:1 გიორგი აბუაშვილი (76), 1:2 საბა საზონოვი (84, გიორგი აბუაშვილის პასით), 2:2 იოან ლეპენანი (89), 3:2 თიერნო ბარი (90+12)
საფრანგეთი: გიიომ რესტე, კასტელო ლუკება, ქუენტინ მერლინი, ქრისლეინ მაციმა (კაპ), კილიან სილდილია, ლუსიენ აგუმე (ჯუი სისე 90), მათის ტელი (მათის აბლინი 73), იოან ლეპენანი, ვილსონ ოდობერი (თიერნო ბარი 73), ისმაელ დუკურე (ნოა ეჯუმა 90), ფელიქს ლემარეშალი (ლუმ ჩაუნა 61)
მწვრთნელი: ჟერალდ ბატიკლი
საქართველო: ლუკა ხარატიშვილი, საბა ხვადაგიანი, ნოდარ ლომინაძე, ლაშა ოდიშარია (ვასილ გორდეზიანი 66), გიორგი კვერნაძე (ლევან ოსიყმაშვილი 90+1), ლუკა გაგნიძე (ოთარ მამაგეიშვილი 55), გიზო მამაგეიშვილი (გიორგი აბუაშვილი 55), საბა საზონოვი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მაისურაძე, ირაკლი ეღოიანი (გაბრიელ სიგუა 66)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გაფრთხილება: იოან ლეპენანი, საბა საზონოვი, ნოდარ ლომინაძე
მსაჯები: იაკობ სუნდბერგი; ვიქტორ სკიტი, დენიზ იურდაკული (შვედეთი)
*-უეფას ტექნიკურმა კომისიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მათის ტელი დაასახელა
ლაშა გოდუაძე
ჟილინა, სლოვაკეთი
2025 წლის 15 ივნისი
ფოტო: UEFA Media