ევრო 2025: ფრანგების მოლოდინში

„პირველ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წამებზე მოგებას კიდევ უფრო დიდი სტიმული და ემოცია მოჰყვა…
გუნდში ნორმალური, საბრძოლო სიტუაციაა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალები აღვიდგინეთ და თამაშისთვის მზად ვართ, დანარჩენი კი მინდორზე გამოჩნდება…
აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის იმედი მაქვს, თითოეულის, ვინც გუნდშია. ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ნაკრების ყველა წევრმა დაიმსახურა, ხოლო თუ ვინ გავა კონკრეტულ მატჩში მოედანზე, ეს თამაშის შინაარსზეა დამოკიდებული…
მოტივაციის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. მეორე ტურში ისეთი მეტოქე გვყავს, მატჩის მნიშვნელობის ახსნა არავის სჭირდება, ყველას გააზრებული აქვს და ყველამ კარგად იცის თუ რა დონის გუნდია საფრანგეთი. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი ეცდება დავალების ზუსტად შესრულებას. ასეთ ტურნირებზე ჩვენ წინ სულ სხვა ასპარეზი იშლება, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად და ბიჭებმა ეს მშვენივრად იციან…
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არ არის განებივრებული ასეთი თამაშებით. კონკრეტულად ამ თაობისთვის ეს საფრანგეთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა. ჩვენ გვითამაშია კარგ გუნდებთან, მაგრამ თავის სტატუსით ეს საფრანგეთის ნაკრები სხვაა. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჟილინის სტადიონზე რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების ყველა კითხვას უპასუხა, მეტოქეზე კი მხოლოდ აღმატებულად ისაუბრა. მწვრთნელს დეზირე დუეს და რაიან შერკის არყოფნაზეც ჰკითხეს. მათი არყოფნა სვანაძემ დიდ დანაკლისად არ მიიჩნია:

„ჩვენ საფრანგეთზე ვსაუბრობთ, ასეთ გუნდებს კი დიდი არჩევანი აქვთ. დუეს და შერკის არყოფნა ჩვენთვის, რა თქმა უნდა პლუსია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა ფრანგი ფეხბურთელების შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, არადა მათ შორის, შესაძლოა, მომავალი ვარსკვლავებიც იყვნენ. ამიტომაც ვთვლი, რომ მეტოქეს საკადრო პრობლემები არ აქვს“.

მთავარ მწვრთნელთან ერთად მედიის წარმომადგენლებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ოდიშარიაც შეხვდა. ლატვიის RFS-ის ნახევარმცველმაც ზუსტად იგივე თქვა ხვალინდელ მეტოქეზე. ძნელია მათ არ დაეთანხმო, რადგან შემადგენლობის მხრივ ეს საფრანგეთი ნამდვილად შთამბეჭდავია.

წამყვან ფრანგულ კლუბებში მოთამაშეებს რომ თავი დავანებოთ, ჟერალდ ბატიკლის რჩეულთა შორის ევროპალიგის გამარჯვებული ტოტენჰემ ჰოთსფურის ორი წევრია (თავდამსხმელები მათის ტელი და ვილსონ ოდობერი), ბუნდესლიგაში თამაშობენ მცველები კასტელო ლუკება (ლაიპციგის რედ ბული), ქრისლეინ მაციმა (აუგსბურგი) და კილიენ სილდილია (ფრაიბურგი), სევილიის ღირსებას იცავს ნახევარმცველი ლუსიენ აგუმე, თავდამსხმელი ლუმ ჩუმა კი რომის ლაციოს წევრია.

სხვათა შორის, პორტუგალიასთან შეხვედრაში უეფას კომისიამ საუკეთესო მოთამაშის პრიზით სწორედ კასტელო ლუკება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბიჭმა ბურთით თუ უბურთოდ დიდებულად იასპარეზა, ლიდერის თვისებები გამოავლინა, კარგად ჩაერთო შეტევებში და ერთ მომენტში გუნდი გაშვებულ გოლსაც გადაარჩინა, როცა ლამის კარის ხაზიდან მოიგერია ბურთი.

ლუკება ან მისი თანაგუნდელების გვარ-სახელები ახლა, შესაძლოა, ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ამ ასაკში რომ ასეთ ლიგებში თამაშობენ ბიჭები, უკვე ბევრზე მიანიშნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ტრენჩინში გამართულ მატჩში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პორტუგალიამ შექმნა, საერთო ჯამში საფრანგეთის ნაკრები სჯობდა მეტოქეს და ეს ცალკეულ სათამაშო კომპონენტებში უპირატესობითაც ჩანს: მაგალითად კარში დარტყმების რაოდენობით, ზუსტი გადაცემებით, ჩაწოდებული კუთხურებით, ბურთის ფლობის დროით… მიუხედავად ყველაფრისა, მთავარი ჭიდილი მაინც ფრედ დასრულდა, 0:0, და ეს ყველაზე ძალიან საქართველოს ნაკრებს წაადგა.

რამაზ სვანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ თუ პოლონელთა წინააღმდეგ მისი გუნდი პირველ ნომრად თამაშობდა, საფრანგეთთან მატჩში, სავარაუდოდ, სხვანაირად იქნება. თუმცა ამას რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის. მთავარი მატჩის შედეგია, მოცემულ სიტუაციაში კი ჩვენ გუნდს ფრეც ხელს აძლევს, რადგან ოთხი ქულით მეოთხედფინალი თითქმის გარანტირებული იქნება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი, C ჯგუფის გამარჯვებული ფლეი ოფში D ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო მეორეადგილოსანი – პირველ ადგილზე გასულს.

და რადგან სიტყვამ D ჯგუფი მოიტანა, ის ქართველიც ვახსენოთ, რომელიც ამ ოთხეულში „ასპარეზობს“. პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 2:1 გამარჯვების მეორე დღეს ევროჩემპიონატზე მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილიც ვიხილეთ, უეფამ მას ქალაქ ტრეშოვში, ტატრან არენაზე გამართული უკრაინის და დანიის ნაკრებთა დაპირისპირება ანდო.

გეცოდინებათ, ეს უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული მატჩი „დინამიტებმა“ უკანასკნელ ათ წუთში გადაარჩინეს: გრაცის შტურმში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელმა უილიამ ბოვინგმა 81-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ვილიამ იდემუდია ოსულამ კი 88-ე წუთზე გამარჯვების ბურთი გაიტანა – 3:2. ეს ტანმაღალი თავდამსხმელი ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდია და შავ-თეთრებს ინგლისის ლიგით თასის მოგებაშიც დაეხმარა.

ჟილინაში კი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. განვლილი დღეების მანძილზე ამ პატარა ქალაქის ნახევარი თუ არა, მეოთხედი ნამდვილად შემოვიარე და ვერ ვიტყვი, რომ ჟილინა ევროპის ჩემპიონატით ცხოვრობს: არც აფიშებია, არც სარეკლამო ბანერები… მხოლოდ ცენტრალურ პარკში ეწყობა კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები. სხვა მხრივ მწვანეში ჩაფლულ ჟილინაში სიმშვიდეა, ადგილობრივების ყოველდღიურ განრიგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს დიდი ცვლილება ნამდვილად არ შეუტანია.

ლაშა გოდუაძე
ჟილინა, სლოვაკეთი
2025 წლის 13 ივნისი
ოტო: ავტორის ფოტო

ka_GEGeorgian