ევრო 2012 – ნახევარფინალი: ესპანეთი 0:0 (პენ 4:2) პორტუგალია

ესპანეთი ევრო 2012ის პირველი ფინალისტია!
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ძირითად და დამატებით დროში უგოლო ფრეს შემდეგ საფეხბურთო ატარეაში 4:2 აჯობა პაულო ბენტუს გაწვრთნილ პორტუგალიას.
70იანი წლების დასავლეთ გერმანიის შემდეგ ესპანეთი პირველია, რომელმაც მსოფლიო და ევროჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.
გერმანელებმა 1972 წელს ანრი დელონეს სახელობის თასი აღმართეს – ისტორიაში პირველად, 2 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, 1976 წელს კი ევროპირველობის ფინალი პენალტების სერიაში წააგეს.
ამ ესპანეთმა უკვე მოიგო ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა რეკორდთან ახლოსაა.

დონბას არენაზე გუშინდელი პაექრობა ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებთა 35ე დაპირისპირება იყო. მეტოქეებმა მეცამეტედ ითამაშეს ფრედ, 16 მატჩი კი ესპანელებმა მოიგეს.

ისინი ბოლოს 2010 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს: პორტუგალიაში ამხანაგურად ითამაშეს და პაულო ბენტუს გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:0. რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ მატჩს, ის სამხრეთ აფრიკა 2010ის 1/8ფინალი იყო – დელ ბოსკეს გუნდმა დავიდ ვილიას ერთადერთი გოლით მოიგო.

პორტუგალიამ მეოთხედ ითამაშა ნახევარფინალში და მესამედ დამარცხდა, ესპანეთმა კი მეოთხედ და კვლავ გაიმარჯვა. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჩემპიონთა მეკარემ იკერ კასილიასმა ზედიზედ მეოთხედ შეინახა კარი გოლგაუშვებლად – მისი ბრწყინვალე სერია 419 წუთს ითვლის, ეს კი კონტინენტის პირველობის ახალი რეკორდია! თუ ევრო 2008ის თამაშებს მივამატებთ, გამოდის, რომ კასილიასმა ფინალური ეტაპის ბოლო 8 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაუშვა – წლევანდელი ტურნირის პირველ თამაშში, იტალიასთან.

ევროპის ჩემპიონებმა შავი სამკლავურით იასპარეზეს: ბეტისის 23 წლის მცველი მიკი როკე სიმსივნით გარდაიცვალა და მის ხსოვნას ქვეყნის პირველმა გუნდმა პატივი მიაგო. თამაშს ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა. დაძაბული, ცხადია იყო, მაგრამ საგოლე მომენტები მხოლოდ შესვენების შემდეგ და ისიც რამდენჯერმე შეიქმნა: ჯერ პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიუმ საოცარი ნახტომით მოიგერია ანდრეს ინიესტას ახლოდან დარტყმული ბურთი, შემდეგ ბენტუს გუნდმა ძალიან სახიფათო კონტრშეტევა ვერ დაასრულა კარგად – კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი კასილიასის კარს ააცილა… დასამახსოვრებელი იყო ალვარო არბელოას დარტყმაც – ბურთი კარს მცირე მანძილით გადასცდა.

პენალტების სერია ესპანეთმა დაიწყო: ჩაბი ალონსომ, ვისი დუბლითაც გუნდმა საფრანგეთი გამოთიშა ტურნირს, პატრისიუს ვერ აჯობა – 0:0. ვერ ჟოაუ მოუტინიუმ შეაგდო – კასილიასმა მოიგერია დარტყმა. მერე ინიესტამ, პეპემ, პიკემ, ნანიმ და სერხიო რამოსმა შეაგდეს. რამოსის დარტყმა განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა, ბრუნო ალვეშმა კი გადამწყვეტ მომენტში დააღალატა პორტუგალია – ბურთი ძელს გაარტყა.

ალვეშისგან განსხვავებით ფაბრეგასს გაუმართლა – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ კარში შევარდა. 4:2 და ესპანეთი ფინალში გავიდა! 4 წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში, ესპანელებმა 1/4ფინალში იტალიას ასევე 11მეტრიანების სერიაში სძლიეს და გადამწყვეტი დარტყმა მაშინაც ფაბრეგასმა შეასრულა.

„მეტოქემ ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და საერთოდ, კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია. სწორედ ამიტომ ვერ შევქმენით სახიფათო მომენტები. მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი ვარ და ვიცი რომ დიდებული ფინალი იქნება. აი, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რაც შეეხება ჩავის შეცვლას, მან ჩვეულად მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ბოლოს დაღლა დაეტყო,“ – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ პრესკონფერენციაზე.

მისი გუნდის მეტოქე დღევანდელ ნახევარფინალში გამოვლინდება: ვარშავის ეროვნულ სტადიონზე საფეხბურთო კლასიკაა – ბუნდესნაკრები სკუადრა აძურას წინააღმდეგ.

27 ივნისი, 2012. ევრო 2012 – 1/2 ფინალი. დონეცკი, დონბას არენა. 48 000
ესპანეთი 0:0 (დდ, პენ 4:2) პორტუგალია
პენალტები: ჩაბი ალონსო – 0:0 (მეკარე), ჟოაუ მოუტინიუ – 0:0 (მეკარე), ანდრეს ინიესტა – 1:0, პეპე – 1:1, ჟერარ პიკე – 2:1, ნანი – 2:2, სერხიო რამოსი – 3:2, ბრუნო ალვეში – 3:2 (ძელი), სესკ ფაბრეგასი – 4:2
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სერხიო რამოსი (ესპანეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 28 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian