ევრო 2016-ის შესარჩევიც დასრულდა: გერმანია 2:1 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გერმანიის ქალაქ ლაიპციგში, მსოფლიოს ჩემპიონთან 1:2 მარცხით დაასრულა.

კახი ცხადაძის გუნდი D ჯგუფში 9 ქულით V ადგილზე გავიდა. საფრანგეთი 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ 10 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებში ასპარეზობის ისტორიაში ჩვენი გუნდის მე-3 საუკეთესო შედეგია – ამაზე მეტი გოლი „ჯვაროსნებმა“ ევრო 2008-ის (16) და ევრო 1996-ის (14) საკვალიფიკაციოში გაიტანეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა II ტაიმი უკეთ ჩაატარეს, მთლიანობაში კი შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა – არ შეუშინდა შეტევას და მეტოქის ნახევარზეც თავდაჯერებულად ითამაშა. ის ულამაზესი გოლი, რომელიც კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტანა, სწორედ გააზრებულ შეტევას მოჰყვა, რაც კუთხურით დასრულდა – სტად დე რეიმსის ნახევარმცველმა ანგარიში გერმანელების მიერ უხეიროდ მოგერიებული კუთხურის შემდეგ გაათანაბრა, ულამაზესი და ძლიერი დარტყმით დალაშქრა ნოიერის კარი. ეს მატჩის 53-ე წუთზე მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ კანკავას გოლი საქართველოსთვის მეორეა გერმანელებთან დაპირისპირების ისტორიაში. პირველად ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების კარი 1995 წლის 6 სექტემბერს, ნიურნბერგში, 1:4 წაგებულ შეხვედრაში დალაშქრეს – თემურ ქეცბაიამ დაარტყა ზუსტად.

კანკავამ ანგარიში გაათანაბრა, პენალტი კი, რომლითაც იოახიმ ლიოვის გუნდი დაწინაურდა, სწორედ კაპიტნის მიერ საჯარიმოში წესების დარღვევას მოჰყვა – ჯაბამ მესუტ იოზილი წესების დარღვევით შეაჩერა. თომას მიულერმა ნუკრი რევიშვილს აჯობა – 0:1. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რევიშვილის კარგი თამაში – ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, სადაც მისი ბრალეულობა ნულია, ნუკრიმ ათზე მეტი ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ცხადაძის გუნდს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილის დარტყმა მანუელ ნოიერმა საოცარი ნახტომით მოიგერია. მანვე ნიკა კვეკვესკირის სახიფათო დარტყმაც უკუაგდო.

79-ე წუთზე გერმანელებმა მაინც გაიტანეს მეორე გოლი – ქართველთა დაცვის ხაზი დაირღვა და შეცვლაზე შესულმა მაქს კრუზემ ამით ისარგებლა – საჯარიმოში შეჭრილმა რევიშვილს საწინააღმდეგო კუთხეში დაურტყა – 1:2. საგოლე გადაცემა იოზილმა შეასრულა – ლონდონის არსენალის შემტევი ნახევარმცველი გუშინ დიდებულად მოქმედებდა.

გერმანიასთან მატჩი ჩვენი გუნდის ისტორიაში 199-ე იყო. მომავალი შეხვედრა საიუბილეო, მე-200 იქნება. ამ 199 თამაშიდან ეროვნულმა გუნდმა 59 მოიგო, 103 წააგო, 37-ჯერ კი ფრედ ითამაშა.

11 ოქტომბერი, 2015. ევრო 2016შესარჩევი მატჩი. გერმანია, ლაიპციგი, რედ ბულ არენა. 43 630
გერმანია 2:1 საქართველო
გოლებ: 1:0 თომას მიულერი (50, პენ), 1:1 ჯაბა კანკავა (53), 2:1 მაქს კრუზე (79)
გერმანია: მანუელ ნოიერი (კაპ), იონას ჰექტორი, ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, მატიას გინტერი, ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ქარიმ ბელარაბი 90), მესუტ იოზილი, ტონი კროოსი, თომას მიულერი ანდრეას შიურლე (მაქს კრუზე 76)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი (ზურაბ ხიზანიშვილი 78), ჯაბა კანკავა (კაპ), თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი (სანდრო კობახიძე 90), ნიკოლოზ გელაშვილი (მათე ვაწაძე 46)
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
გაფრთხილება: გიორგი ნავალოვსკი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნუკრი რევიშვილი, მატს ჰუმელსი
მსაჯები: პაველ კრალოვეცი; რომან სლიშკო, მარტინ ვილჩეკი (ჩეხეთი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 12 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian