ევრო 2020: გრეგორიშის 700
ევროპის ჩემპიონატზე ჯერ პირველი ტური არ დასრულებულა, მაგრამ უკვე არაერთი საინტერესო ამბავი მოხდა, მათ შორის ისტორიული მნიშვნელობის.
ერთ-ერთი გუშინ დაფიქსირდა: ავსტრიელმა მიხაელ გრეგორიშმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის 78ე წუთზე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე საიუბილეო, მე700 ბურთი შეაგდო! მისი ზუსტი დარტყმით ავსტრია დაწინაურდა, მალე კი მარკო არნაუტოვიჩმა კიდევ ერთი ბურთი გაუტანა ევროდებიუტანტებს. საბოლოოდ 3:1 ფრანკო ფოდას გუნდის სასარგებლოდ.
აქვე პირველი და ყველა საიუბილეო ბურთის ჩამონათვალიც. და ერთიც: ფინალურ ეტაპზე მეასე გოლი პირველიდან 24 წლის შემდეგ გავიდა, მაშინ როცა მე600 გოლი სულ რაღაც ხუთი წლის წინ. ეს ამბავი მარტივად აიხსნება: 1976 წლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატებზე მხოლოდ ოთხი გუნდი მონაწილეობდა და ამდენივე თამაში ტარდებოდა (1968 წლის ტურნირის გამოკლებით), შესაბამისად, ასამდე ასვლას დიდი დრო დასჭირდა.
001: მილან გალიჩი (1960; იუგოსლავია 5:4 საფრანგეთი)
100: ალენ ჟირესი (1984; საფრანგეთი 5:0 ბელგია)
200: კიმ ვილფორტი (1992; დანია 2:0 გერმანია, ფინალი)
300: ზლატკო ზაჰოვიჩი (2000; სლოვენია 1:2 ესპანეთი)
400: ტიერი ანრი (2004; საფრანგეთი 3:1 შვეიცარია)
500: ჩავი (2008; ესპანეთი 3:0 რუსეთი)
600: ნანი (2016; პორტუგალია 1:1 ისლანდია)
700: მიხაელ გრეგორიში (2021; ავსტრია 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 14 ივნისი)
ფოტო: UEFA.com