ევროამბები: ბომბარდირები

რვა დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მესამე კრებულში ბომბარდირებს მიმოვიხილავ: ყველაზე მეტი, ყველაზე ხშირად, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ასაკოვანი…

1: ევროპის ჩემპიონატებს 2 საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს: მიშელ პლატინიმ (საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუმ (პორტუგალია) ფინალურ ეტაპზე 9-9 გოლი გაიტანეს!
პლატინიმ ყველა ბურთი 1984 წელს, საფრანგეთში გამართულ ევროპირველობაზე შეაგო, რონალდუს გოლები კი 4 ტურნირზე ნაწილდება – 2004 (2), 2008 (1), 2012 (3), 2016 (3).
პლატინი ერთადერთია, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე გაიტანა 9 გოლი.
კრიშტიანუ რონალდუ კი ასევე ერთადერთია, რომელმაც ევროპის 4 ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა.

2: მიშელ პლატინიმ ფინალური ეტაპის ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა გოლი და ეს რეკორდია.
მას შემდეგ რაც ფინალურ ეტაპზე ჯგუფური ტურნირი დაწესდა, პლატინი ერთადერთია, რომელმაც ფინალის ჩათვლის ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი.

3: კრიშტიანუ რონალდუმ ფინალური ეტაპის 7 თამაშში გამოიჩინა თავი და ეს რეკორდია.

4: პლატინიმ 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა ფინალურ ეტაპზე და ეს რეკორდია.
მასვე ეკუთვნის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი – 18 წუთში, 1984 წელს იუგოსლავიასთან.
პლატინი ასევე ყველაზე ასაკოვანია, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა – 28 წლისა და 364 დღის.

5: გერმანელი დიტერ მიულერი ერთადერთია, რომელმაც შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეასრულა ჰეთ-თრიქი: ევრო 76ის ნახევარფინალში იუგოსლავიასთან 4:2 მოგებულ მატჩში.
ის ასევე ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ჰეთ-თრიქი მიითვალა – 22 წლის და 77 დღის.

6: იტალიელი პიეტრო ანასტაზი 20 წლის და 64 დღის გახლდათ, როცა ევრო 68ის ფინალში იუგოსლავიას გაუტანა გოლი. ის ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში გამოიჩინა თავი.

7: ევროჩემპიონატების ფინალის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე კი 30 წლის და 103 დღის გერმანელი ბერნდ ჰოლცენბაინია – 1976 წელს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ.

8: ევროპის ჩემპიონატის ფინალში რეკორდი დუბლია და ის სამჯერ შეასრულეს ფეხბურთელებმა, ყველა შემთხვევაში გერმანელებმა:
გერდ მიულერმა – 1972 წელს სსრკ ნაკრებთან 3:0
ჰორსტ ჰრუბეშმა – 1980 წელს ბელგიასთან 2:1
ოლივერ ბირჰოფმა – 1996 წელს ჩეხეთთან 2:1

9: ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ 31 ბურთით: 2008 (8), 2012 (7), 2016 (8), 2020 (11).
საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების ჯამში ყველაზე მეტი გოლი მასვე ეკუთვნის – 40.

10: ერთ შესარჩევ ტურნირში ყველაზე მეტი ბურთი – 13, ჩრდილოირლანდიელმა დევიდ ჰილიმ (2008) და პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ (2016) გაიტანეს.

11: ყველაზე მეტი ბურთი – 5, შესარჩევ მატჩში სამმა ფეხბურთელმა შეაგდო:
ინგლისელმა მალკოლმ მაკდონალდმა – კვიპროსთან 5:0 (1975.04.16)
უნგრელმა ტიბორ ნილაშიმ – ლუქსემბურგთან 8:1 (1975.10.19)
ნიდერლანდელმა მარკო ვან ბასტენმა – მალტასთან 8:0 (1990.12.19)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივნისი)
ფოტო:
Uefa.com

ka_GEGeorgian