ევროამბები: გუნდები (II ნაწილი)

ცხრა დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მეორე კრებულში კვლავ გუნდების შედეგებს მიმოვიხილავ: ყველაზე მეტჯერ, ყველაზე ხშირად, რეკორდები, ანტირეკორდები…

1: ევრო 80დან დაწყებული ესპანეთის 2012 წლის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც მოგებული ევროჩემპიონატი მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით დაასრულა – ჯგუფურ ტურნირში იტალიისგან (ანტონიო დი ნატალე).

1: 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა პორტუგალიამ ძირითად დროში – 90 წუთში, ერთადერთი შეხვედრა მოიგო. ეს თავისებური რეკორდია.

2: ინგლისის (1996, 2012), იტალიის (1980, 2004) და ნიდერლანდების (1992, 2000) ნაკრები გუნდები დაუმარცხებლად გამოეთიშნენ ევროჩემპიონატს.

2: 1980 წლიდან ჯგუფური ტურნირი დაწესდა და მას შემდეგ ყველაზე ნაკლები თამაში ჩემპიონთაგან დანიამ მოიგო.

4: გფრ/გერმანიამ და ესპანეთმა ყველაზე მეტი ტურნირი დაასრულეს წაგების გარეშე.
ბუნდესგუნდმა ზედიზედ სამჯერ – 1972, 1976, 1980 წლებში, ასევე 1996 წელს; ფურია როხამ 1964, 1996, 2008 და 2012 წლებში.

4: რუმინეთი ყველაზე მეტ ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა მოგების გარეშე – 1984, 1996, 2008, 2016.

5: ევროპის ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 5 თამაშის მოგება საფრანგეთმა 3ჯერ მოახერხა (1984, 2000, 2016), ხოლო ესპანეთმა ერთხელ, 2008 წელს.
საინტერესოა, რომ 1984ში ფრანგებმა ყველა, ხუთივე თამაში მოიგეს (რეკორდია), 2000 წელს 6დან 5, ხოლო 2016 წელს 7დან 5. ესპანეთმა 2008 წელს მხოლოდ იტალიის ნაკრები ვერ დაამარცხა, რომელსაც მეოთხედფინალი პენალტების სერიაში მოუგო.

5: პორტუგალიას ერთი საინტერესო რეკორდი ეკუთვნის – 5ჯერ დაუპირისპირდა გუნდს, რომელიც იმ ტურნირის ჩემპიონი გახდა: 1984 (საფრანგეთი), 2000 (საფრანგეთი), 2004 (საბერძნეთი, ორჯერ) და 2012 (ესპანეთი) წლებში.

6: ევროპის ჩემპიონთაგან ყველაზე ნაკლები გოლი გფრმ (1980) და დანიამ (1992) გაიტანეს.

6: იტალია და ესპანეთი 6ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე და ეს რეკორდია – 1980, 1988, 2008, 2012 (ორჯერ, მათ შორის ფინალში), 2016.

6: ავსტრიის ნაკრებმა ყველაზე მეტჯერ ითამაშა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ჯერ ერთი თამაშიც ვერ მოიგო.

6: უკრაინის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გაუშვა გოლი.

8: რუმინეთმა და შვეიცარიამ მხოლოდ 8 მატჩის შემდეგ იზეიმეს პირველი გამარჯვება. ეს რეკორდია.

13: ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ბურთი იუგოსლავიის ნაკრებმა გაუშვა 2000 წელს.

14: ევროპის ჩემპიონთაგან ყველაზე მეტი გოლი ტრიუმფით დასრულებულ ტურნირში საფრანგეთმა შეაგდო 1984 წელს.

14: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ დანია და სსრკ/დსთ/რუსეთი დამარცხდნენ.

16: ყველაზე მეტი ფრე იტალიის ნაკრების აქტივშია.

26: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი გამარჯვება გფრ/გერმანიის ნაკრებმა იზეიმა.

48: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გფრ/გერმანიის ნაკრებმა გაუშვა.

49: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი შეხვედრა გფრ/გერმანიის ნაკრებმა ჩაატარა.

72: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გფრ/გერმანიის ნაკრებმა გაიტანა.

509: 2012 წელს ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ 509 წუთის მანძილზე არ გაუშვა გოლი და ეს ტურნირის რეკორდია

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 2 ივნისი)
ფოტო:
Uefa.com

ka_GEGeorgian