ევროამბები: მეკარეები

ოთხი დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მეხუთე კრებულში მეკარეებს მიმოვიხილავ ერთადერთი, მაგრამ როგორი გამონაკლისით – კრიშტიანუ რონალდუს რამდენიმე რეკორდის ჩამოთვლა აუცილებლად მივიჩნიე…

1: იკერ კასილიასი ევროპის 5 ჩემპიონატში მონაწილეობდა და ეს ყველა დროის რეკორდია.
2000 და 2016 წლებში ის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია, 2004, 2008 და 2012 წლებში კი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ.

2: ევროპის 4 ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელს უთამაშია.
კრიშტიანუ რონალდუს კარგი შანსი აქვს გახდეს პირველი, ვინც მეხუთედ ითამაშებს ფინალურ ეტაპზე.
2004 წლიდან ის უცვლელად თამაშობს ნაკრებში და გუნდთან ერთად სადებიუტო წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2016 წელს, საფრანგეთში კი ანრი დელონეს თასს დაეუფლა.
პორტუგალიელი რეკორდსმენია ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობით – 21, ასევე მინდორზე გატარებული წუთებით – 1 793.
მასვე კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: მეტი მოგებული თამაში – 11. ამავე რეკორდის თანამფლობელები არიან ესპანელები სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა.

3: იენს ლემანი 38 წლის და 232 დღის იყო, როცა ევრო 2008ის ფინალში ითამაშა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
გერმანელი გოლკიპერი ყველაზე ასაკოვანია, ვისაც კი გადამწყვეტ შეხვედრაში უთამაშია.

4: ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფინალური ეტაპის 13 შეხვედრაში იყო სკუადრა აძურას კაპიტანი და ეს ტურნირის რეკორდია.

5: იკერ კასილიასმა ფინალურ ეტაპზე ზედიზედ 509 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი.

6: შესარჩევი მატჩების ჩათვლით რეკორდი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გოლკიპერს, იტალიელ დინო ძოფს ეკუთვნის, რომელმაც 1975-80 წლებში მიჯრით 784 წუთში არ გაუშვა გოლი, მათ შორის ზედიზედ 8 ევრომატჩში.

7: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტო გოლი პეტრ ჩეხმა მიიღო – 21, 2004-16 წლებში.

8: ევროპის ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ბურთი იუგოსლავიის ნაკრების მეკარემ, ივიცა კრალმა გაუშვა – 13, 2000 წელს.

9: კრალს ეკუთვნის კიდევ ერთი ანტირეკორდი – ევრო 2000ზე ნიდერლანდელებისგან 6 ბურთი მიიღო.

10: ანრი დელონეს სახელობის თასის მოგებით დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლები გოლი – 1, მხოლოდ დინო ძოფმა (1968) და იკერ კასილიასმა (2012) გაუშვეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძოფმა 3 მატჩში გაუშვა ერთადერთი გოლი, კასილიასმა კი 6 შეხვედრაში.

11: ფინალურ ეტაპზე ერთადერთი გოლი მათ გარდა კიდევ ორმა გოლკიპერმა გაუშვა: ნორვეგიელმა თომას მირემ 2000 წელს, 3 შეხვედრაში; და ჯანლუიჯი ბუფონმა, 2016 წელს, 4 მატჩში.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 ივნისი)
ფოტო:
Uefa.com

ka_GEGeorgian