ევროამბები: მოგება, წაგება, ფრე და მაყურებლეთა რეკორდები
ხვალ ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მერვე კრებულში სარეკორდო გამარჯვებებს, ყველაზე შედეგიან გუნდებს და მაყურებელთა დასწრების არნახულ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ.
1: ფინალურ ეტაპზე ყველაზე დიდი, 5ბურთიანი სხვაობა 4ჯერ დაფიქსირდა:
1984 წელს საფრანგეთმა ბელგია დაამარცხა 5:0, დანიამ კი ამავე ანგარიშით იუგოსლავიას სძლია.
2000 წელს იუგოსლავია 1:6 დამარცხდა ნიდერლანდებთან.
2004 წელს შვედეთმა 5:0 გაანადგურა ბულგარეთი.
2: შესარჩევ ტურნირში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა – 2006 წლის 6 სექტემბერს სან მარინო 13:0 დაამარცხა.
3: ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი ნიდერლანდებმა გაიტანა – 2000 წელს იუგოსლავიის კარში – 6 (6:1).
4: ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი 1960 წელს გავიდა, საფრანგეთისა და იუგოსლავიის ნაკრებთა შეხვედრაში – 9 (4:5).
5: ფინალურ ეტაპზე ყველაზე შედეგიანი ფრეა 3:3. ამ ანგარიშით სულ 3 თამაში დასრულდა:
1996 – ჩეხეთი-რუსეთი
2000 – სლოვენია-იუგოსლავია
2016 – უნგრეთი-პორტუგალია
იუგოსლავიის ნაკრები ერთადერთია ტურნირის ისტორიაში, რომელიც 3 ბურთით აგებდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა შეძლო – 2000 წელს სლოვენიასთან, ჯგუფში.
6: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების 8 ფეხბურთელმა გაიტანა გოლი და ეს ტურნირის რეკორდია: მარიო გომესმა, ლუკას პოდოლსკიმ, ლარს ბენდერმა, ფილიპ ლამმა, სამი ხედირამ, მიროსლავ კლოზემ, მარკო როისმა, მესუტ ოზილმა.
7: ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი ნიდერლანდებმა გაიტანა: 2000 წელს იუგოსლავიის კარში – 6 (6:1).
8: გერმანიის ნაკრებმა ევროპის 5 ჩემპიონატზე გაიტანა ყველა მონაწილეზე მეტი გოლი – 1972, 1976, 1980, 1992, 1996.
ერთ ტურნირზე რეკორდი კი საფრანგეთს ეკუთვნის, რომელმაც ევრო 84ზე 14ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ევრო 2000 და ევრო 2016 ფრანგებმა 13-13 გოლით დაასრულეს. ასევე 13 ბურთი გაიტანა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატებზე ნიდერლანდებმა.
9: ევროპის ჩემპიონატის ფინალს ყველაზე მეტი მაყურებელი 1964 წლის 21 ივნისს დაესწრო, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე – ესპანეთი-სსრკ, 79 115.
10: საშუალოდ ყველაზე მეტი მაყურებელი 1988 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატს ესწრებოდა – 59 243 ქომაგი თამაშზე.
11: ევროპის ბოლო პირველობას, 2016 წელს საფრანგეთში გამართულ ტურნირს, საერთო ჯამში 2 427 303 მაყურებელი დაესწრო და ეს რეკორდია.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 10 ივნისი)
ფოტო: Uefa.com