ევროამბები: მსაჯები და ბარათები
სამი დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მეექვსე კრებულში მსაჯებს და ყვითელ-წითელ ბარათებს მიმოვიხილავ.
1: ევროპის 3 ჩემპიონატს მხოლოდ ორი მსაჯი მოემსახურა. შვედმა ანდერს ფრისკმა და დანიელმა კიმ მილტონ ნილსენმა ევრო 1996ზე, ევრო 2000ზე და ევრო 2004ზე მხარდამხარ იმსაჯეს.
მათგან უფრო მეტი თამაში – 8, უეფამ ფრისკს ანდო და შვედი ამ მხრივ ერთადერთია.
2: ევროპის ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი თამაშის, 4ის მსაჯობის პატივი 6 არბიტრს ერგო: ანდერს ფრისკს (შვედეთი, 2004), რობერტო როსეტის (იტალია, 2008), პედრუ პროენშას (პორტუგალია, 2012), დამირ სკომინას (სლოვენია, 2016), ნიკოლა რიცოლის (იტალია, 2016) და მარკ კლატენბურგს (ინგლისი, 2016).
3: ფინალურ ეტაპზე წითელი ბარათი ყველაზე სწრაფად საფრანგეთის ნაკრების მცველმა ერიკ აბიდალმა მიიღო – ევრო 2008ის ჯგუფურ ეტაპზე, იტალიასთან მატჩის 24ე წუთზე.
4: ევრო 2000ის ნახევარფინალში, ფრანგებთან დაპირისპირების 117ე წუთზე ნუნო გომეშს უჩვენეს წითელი ბარათი. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პორტუგალიელი ყველაზე გვიან გაძევებული ფეხბურთელია.
5: ჩეხი რადოსლავ ლატალი ერთადერთია, ვინც ევროპის ორ ჩემპიონატზე გააძევეს (1996, 2000) და ასევე ერთადერთი, რომელმაც ორჯერ დაიმსახურა ასეთი სასჯელი.
6: ფრანგი ივონ ლე რუ ერთადერთია, ვინც ფინალში გააძევეს. ეს 1984 წელს მოხდა, ესპანეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში.
7: 2000 წელს ბელგია-ნიდერლანდებში გამართული ევროპირველობა წითელი ბარათების სიუხვით გამოირჩევა – ათი 31 მატჩში.
8: ჩეხეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, რუსეთის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები 3 წითელი ბარათით ანტირეკორდის თანამფლობელები არიან.
9: ევრო 76ის ნახევარფინალში, ჩეხოსლოვაკია-ნიდერლანდების მატჩში მსაჯმა სამი ფეხბურთელი გააძევა, მათ შორის ორი ნიდერლანდელი და ეს ანტირეკორდია.
10: ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი ბარათი – 8, საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველს გიორგოს კარაგუნისს უჩვენეს, 2004-12 წლებში.
11: ერთ მატჩში ყველაზე მეტი, 10 ბარათის გამოყენება არბიტრებს 4ჯერ მოუხდათ და ეს ევროპის ჩემპიონატების რეკორდია:
1996 წელს, ჩეხეთი-გერმანიის ნაკრებთა ჯგუფური ეტაპის შევედრაში;
1996 წელს, ჩეხეთი-პორტუგალიის ნახევარფინალურ მატჩში;
2000 წელს, ნიდერლანდები-იტალიის ნახევარფინალში;
2016 წელს, ფინალში, საფრანგეთის და პორტუგალიის დაპირისპირების დროს.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ივნისი)
ფოტო: Uefa.com