ევროჩანახატები გერმანიიდან: ევროკლასიკა გელზენკირხენში

როცა უეფას ევროპის ჩემპიონატის აკრედიტაციაზე მივმართე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა ერთადერთ თამაშზე დასწრება ვითხოვე. ესპანეთ-იტალიის მორიგი პაექრობის ნახვა ძალიან მინდოდა და ჩემდა საბედნიეროდ, ევროფეხბურთის მმართველი სახლისგან დასტური მივიღე. ეს ფაქტი იმიტომ აღვნიშნე, რომ გუშინდელ მატჩზე მედიატრიბუნის ყველა, 540 ადგილი სრულად შეივსო, არადა მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო.

არენა აუფშალკე დიდებული სტადიონია და მას 26 ივნისს კიდევ ერთხელ ვესტუმრები. ვილი სანიოლის გუნდი პორტუგალიას სწორედ აქ, ამ მშვენიერ სარბიელზე დაუპირისპირდება. დღეს ჩვენი გუნდი ჰამბურგშია და ჩეხეთთან პაექრობისთვის ემზადება. „ჯვაროსნებზე“ ხვალინდელ წერილში იყოს, ჩემს მორიგ ევროჩანახატში კი გელზენკირხენულ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

გერმანია რომ დიდებული ქვეყანა და დიდებული მასპინძელია, არაერთხელ აღვნიშნე. ქვემოთ კი უფრო კონკრეტულად დავწერ, რას ვგულისხმობ. იდეალურად გამართული სარკინიგზო ქსელის წყალობით, გულშემატკივარი ევრომატჩების ნებისმიერ მასპინძელ ქალაქში უპრობლემოდ ჩადის. ჩვენ, ჟურნალისტებს, დამატებითი შეღავათიც გვაქვს – აკრედიტაცია უფასო გადაადგილების საშუალებას გვაძლევს, რეგიონული ტრანსპორტით როცა გაგვეხარდება და სადაც ვისურვებთ, ჩქაროსნული მატარებლით კი მხოლოდ თამაშის დღეს და მხოლოდ მასპინძელ ქალაქებს შორის.

ქართველი ჟურნალისტები პატარა, მაგრამ კოხტა ქალაქ ვუპერტალში დავბანაკდით და აქედან ვმგზავრობთ თამაშებზე. გუშინ გელზენკირხენში ჩასვლასაც დაახლოებით ის დრო დაჭირდა, რაც 18 ივნისს დორტმუნდში სტუმრობამ წაიღო – არასრული საათი.

ევრო 2024-ის მასპინძელ ქალაქებში ყველაფერი კიდევ უფრო გაადვილებულია, რადგან მწვანე ფორმაში გამოწყობილი მოხალისეები ნებისმიერ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას გაწვდიან, სურვილის შემთხვევაში მცირე გზამკვლევსაც გაძლევენ, დანარჩენი კი შენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ყველა საჭირო ადგილს იოლად და მოკლე გზით მიაგნებ.

გელზენკირხენში შუადღით, თამაშამდე კარგა ხნით ადრე ჩავედი კოლეგასთან ერთად (ესპანეთ-იტალიის თამაშზე დასწრების უფლება ქართველი ჟურნალისტებიდან უეფამ, თუ არ ვცდები, მხოლოდ ჩვენ ორს მოგვცა). რკინიგზის სადგურიდან თავდაპირველად ცენტრს მივაკითხეთ, მეფე ჰაინრიხის მოედანს, სადაც იტალიელი და ესპანელი გულშემატკივრები იკრიბებოდნენ. მოყვარული იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიოს, რიკარდო ფოლის, რაფაელა კარას, უმბერტო ტოცის და რიკი ე პოვერის ჰიტებს ასრულებდა, ქომაგები კი ლუდს მიირთმევდნენ და ევროკლასიკის მოლოდინში დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მცირე კონფლიქტიც არ მინახავს. და ეს ძალიან კარგია, რადგან ასეთი ტურნირები ერთი დიდი დღესასწაულია და მას მხოლოდ ღიმილი, ურთიერთპატივისცემა და სიხარული უხდება.

არენა აუფშალკე ქალაქის ცენტრიდან შორს მდებარეობს და ჩვენც ოთხი საათით ადრე მივაკითხეთ სარბიელს. ტრამვაის შესაბამისი გაჩერება სტადიონის ტერიტორიიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია, ცოტაც კიდევ გავიარეთ და შესაბამის რიგში ჩავდექით. პოლიცია აბსოლუტურად ყველას ამოწმებდა, მათ შორის აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც (ყველგან ასეა). დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა მედიისთვის გამოყოფილ დარბაზში მოსახვედრად. იქვე ახლო წარსულის ერთ-ორ სახელოვან ფეხბურთელსაც მოვკარი თვალი, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის ტელევიზიებისთვის აშუქებენ ევრო 2024-ს…

დასრულდა თუ არა ინგლისის და დანიის ნაკრებთა მატჩი, სტადიონისკენ წავედით. სანამ ჩვენ ტრიბუნასთან ასასვლელ კიბესთან მივიდოდი, ხმაური შემომესმა და რომ გავიხედე, ესპანელი გულშემატკივრები ვიღაცას მისდევდნენ. ნაბიჯს ავუჩქარე და ჩაბი ალონსო დავინახე. გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მწვრთნელმა ქომაგებთან რამდენიმე ფოტო გადაიღო და საპატიო სტუმართათვის განკუთვნილ კარში გაუჩინარდა.

ზედ სტადიონთან მისული კი პოლიციამ შემაჩერა: წამი წამზე ესპანეთის მეფე გვესტუმრება და აქ არა და აი, იმ კიბესთან მიბრძანდით და ისე ადით თქვენ ტრიბუნაზეო. მისი სამეფო უმაღლესობა დონ ფილიპე ხუან პაბლო ალფონსო დე ტოდოს ლოს სანტოს დე ბურბონ ი გრესია, იგივე ფილიპე VI, ჟირონის, ვიანისა და ასტურიის პრინცი, სერვერის გრაფი და ბალგერის სენიორი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და არ გამკვირვებია, რომ გუშინ აუფშალკეს ესტუმრა. ის არასდროს აცდენს ნაკრების მნიშვნელოვან მატჩებს, გუშინდელი თამაში კი სწორედ ასეთი იყო.

უშუალოდ მატჩის შესახებ არაფერს დავწერ. ფეხბურთი ვისაც გიყვართ, ძალიან კარგად ნახავდით ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გამოიტანდით. მე მხოლოდ სამ საინტერესო ფაქტს აღვნიშნავ. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლების, დათვლილი კუთხურების და აუტების და ვარდნების და წარმატებული დრიბლინგების და წარუმატებელი შეკუნტრუშების და მოხდენილი მიხვრა-მოხვრის და კიდევ ათასი უაზრო მონაცემის ფონზე ასეთი ამბების შესახებ იშვიათად წერენ, არადა, პირადად მე ისინი უფრო მაინტერესებს:

ესპანეთის და იტალიის ნაკრები გუნდები მეთერთმეტედ შეხვდნენ ერთმანეთს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. აქედან რვა მატჩი ევროს ეგიდით გაიმართა, სამი კი მსოფლიო ჩემპიონატის. და ეს რეკორდია. ასევე რეკორდია ისიც, რომ ამ ორი გუნდის გზა ევროპის ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატზე გადაიკვეთა;

ესპანელთა მეოცე ნომერმა, ოცდაერთი წლის პედრიმ, მეთორმეტედ ითამაშა ევროპა-მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე და ამით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა;

რიკარდო კალაფიორი კი მხოლოდ მეორე იტალიელი აღმოჩნდა, რომელმაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე ავტოგოლი გაიტანა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა ვინ იყო პირველი, მაგრამ გეტყვით: ის კრისტიან ძაკარდოა, რომელმაც 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში, ამერიკასთან მატჩში დააღალატა ჯანლუიჯი ბუფონი.

ის მსოფლიო პირველობა გერმანიაში გაიმართა და მაშინ იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-იც გერმანიაში ტარდება, იტალიური ავტოგოლიც ვნახეთ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ამ სკუადრა აძურამ თასი აღმართოს.

ჩემპიონი სხვაგან უნდა ვეძებოთ და მოდით, ხვალ, შუადღით, კარგად დავაკვირდეთ ჰამბურგში, ვოლკსპარკშტადიონზე გასულ საქართველოს ნაკრებს. იქნება და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი კარგი თამაში შემოგვთავაზონ, ოღონდ ამჯერად უკვე სასურველი შედეგის თანხლებით.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 21 ივნისი
გელზენკირხენი, გერმანია

ka_GEGeorgian