ევროჩანახატები გერმანიიდან: ინგლისი, მე-900 გოლი და სხვა ამბები

ამასობაში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე საიუბილეო, მე-900 გოლი გავიდა. ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე, ნიდერლანდების და ავსტრიის თვალსასეირო მატჩის 59-ე წუთზე რომანო შმიდმა მეორედ დააწინაურა ავსტრია და კონტინენტის პირველობის ისტორიაშიც ჩაეწერა.


რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა, „ნარინჯისფერებთან“ მატჩის გარდა, ჯგუფიც მოიგო, ეს კი ავსტრიის პირველი ასეთი წარმატებაა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ორმოცდაექვსი წლის წინ მათ ბრაზილიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან კონკურენციაში გაიმარჯვეს.

ნიდერლანდებთან 3:2-ით მოპოვებული პირველი ადგილით ავსტრიელები სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში მოხვდნენ და 2 ივლისს დანიშნულ მერვედფინალში ჩვენი, F ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებიან. ბარემ ამასაც დავწერ: ფლეი ოფში გასვლით ავსტრიის ნაკრებმა მილიონნახევარი ევროც გამოიმუშავა. სწორედ ეს საპრიზო თანხაა გათვალისწინებული მერვედფინალისტებზე.

ავსტრიელები კარგად იყვნენ და ევროპის ჩემპიონატების პირველი გოლის ავტორი თუ გახსოვთ? ის იუგოსლავიელი მილან გალიჩი გახლავთ, რომელმაც 1960 წელს, სადებიუტო პირველობის სასტარტო მატჩში საფრანგეთის ნაკრების კარი დალაშქრა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში კიდევ რვა ბურთი გავიდა და მას შემდეგ საფრანგეთი-იუგოსლავიის ის დაპირისპირება, 5:4 რომ დასრულდა, ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თამაშია.

1976 წლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატები მხოლოდ ოთხგუნდიანი იყო და სწორედ ამ მიზეზით, საიუბილეო, მე-100 გოლი მხოლოდ ოცდაოთხი წლის შემდეგ, 1984 წელს გავიდა. იმ გათამაშების მასპინძელი საფრანგეთის და ბელგიის ნაკრებთა მატჩში (5:0) ალენ ჟირესმა გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, სწორედ ის, 80-იანი წლების ბორდოს დიდებული ნახევარმცველი გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ფრანგი მთავარი მწვრთნელი, 2004-2005 წლებში.

ფინალური ეტაპის გაზრდა-განვითარებასთან ერთად საიუბილეო გოლებს შორის ინტერვალი შემცირდა, ევროპის წინა პირველობაზე კი ერთბაშად ორი ასეთი გოლი ვიხილეთ. ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის (3:1) თამაშში ავსტრიელმა მიხაელ გრეგორიჩმა მე-700, ხოლო საფრანგეთი-შვეიცარიის დაპირისპირებაში (3:3) ჰარის სეფეროვიჩმა მე-800 გოლები შეაგდეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრო 2024-ის დასრულებამდე კიდევ ცხრამეტი თამაშია დარჩენილი, არაა გამორიცხული მე-1000 ევროგოლიც ვნახოთ, თუმცა, ეს რთული საქმე იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ერთი-ორი ფავორიტი მოლოდინს ვერ ამართლებს. პირველ რიგში ინგლისის ნაკრებს ვგულისხმობ. გარეთ საუთგეიტის გუნდმა სლოვენიასთან გუშინდელი 0:0-ით ჯგუფი კი მოიგო, მაგრამ გულშემატკივრების და ჟურნალისტების რისხვა დაიმსახურა. საყვარელი გუნდის შემხედვარე, კიოლნის რაინენერგიშტადიონზე შეკრებილმა ფანებმა მწვრთნელისკენ ლუდის ჭიქებიც კი ისროლეს.

„ვგრძნობ, რომ ხალხი ჩემს მიმართ უარყოფითად განეწყო, მაგრამ საამისოდ მზად ვარ. ჩემთვის მთავარია, რომ ნაკრებს არ მოაკლდეს ფანების მხარდაჭერა“, – განაცხადა საუთგეიტმა, რომლის გუნდმა ფიფას რეიტინგში ორმოცდათორმეტი საფეხურით დაბლა მდგომი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.

„ჩვენ დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს: კოულ პალმერი, ბუკაიო საკა, კობი მაინო, ფილ ფოდენი, ჯუდ ბელინგემი… მიუხედავად ამისა, ნაკრების თამაშის ყურება უბრალოდ შეუძლებელია“, – ამბობს მანჩესტერ იუნაიტედის და ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი გარი ნევილი.

სხვები უფრო შორს მიდიან და საუთგეიტს უცოდინარს უწოდებენ, რადგან მის განკარგულებაშია ბუნდესლიგის ბომბარდირი ჰარი კეინი, ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარებული ჯუდ ბელინგემი, ორი ვერსიით პრემიერლიგის რჩეული ფილ ფოდენი, მან კი უბრალოდ არ იცის როგორ გამოიყენოს ვარსკვლავები.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ინგლისმა სამ თამაშში მხოლოდ ორი ბურთი შეაგდო და ეს უარესი მაჩვენებელია ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, ბევრზე მეტყველებს. საუთგეიტის გუნდის მეტოქე ამ საღამოს გაირკვევა და დიდი შანსია ეს ნიდერლანდები. რონალდ კუმანის გუნდმა ოთხი ქულით დაასრულა ჯგუფი, მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფში თამაში გაინაღდა. ნიდერლანდებთან ერთად ითამაშებს მერვედფინალში კიდევ ერთი მესამეადგილოსანი სლოვენია, დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა კი ჩვენი ჯგუფის დასრულების შემდეგ გვეცოდინება.

ევრო 2024-ის ერთადერთ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებს კი მართლაც რომ რთული თამაში ელის პორტუგალიასთან. „ჯვაროსნები“ გერმანიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებიან, თუ მოიგებენ. გუშინ, გელზენკირხენის აუფშალკე არენის საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს ვილი სანიოლი და ხვიჩა კვარაცხელია შეხვდნენ. მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი და იგივე თქვეს: რომ საქართველო შემთხვევით არ მოხვდა გერმანიაში და სანამ შანსი არსებობს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ვილი სანიოლის კოლეგა რობერტო მარტინესი კი დაგვპირდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება. 2008 წლის 31 მაისს, როცა „ჯვაროსნები“ პირველად შეხვდნენ პორტუგალიელებს, რონალდუმ პირველი წუთიდან ითამაშა, თუმცა მხოლოდ ერთი ტაიმი. იმ დროს ის 23 წლის გახლდათ, მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი იყო და ქართველებთან 55-ედ მოირგო ნაკრების მაისური.

იმ ამხანაგურის შემდეგ თექვსმეტი წელიწადი გავიდა. კრიშტიანუ რონალდუ 39 წლისაა, მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და დღეს 210-ედ(!!!) ითამაშებს ნაკრებში. ამ საღამოს ქართველების წინააღმდეგ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს ვიხილავთ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ამიტომაა კარსმომდგარი მატჩი საინტერესო.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 26 ივნისი
გელზენკირხენი, გერმანია
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian