ევროჩანახატები გერმანიიდან: ისტორიის სველი ფურცელი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა დიდ საფეხბურთო ტურნირზე: ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე, „ჯვაროსნები“ 1:3 დამარცხდნენ თურქეთთან.
ახლა, როცა თამაშის დასრულებიდან ერთი საათიც არ არის გასული, ჩვენი გუნდის შეფასება რთულია. გული და გონება ემოციებითაა გადავსებულ-გადაღლილი. ამიტომ, არც მწვრთნელის ტაქტიკურ არჩევანზე ან მატჩის მსვლელობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვიტყვი რამეს და, მით უმეტეს, არც ფეხბურთელებს შევაფასებ. ისინი არანაკლებ ნერვიულობდნენ, ჩვენი არ იყოს, ისინიც დიდხანს ელოდნენ ამ დღეს, ხოლო გამარჯვება რომ ჩვენზე მეტად სურდათ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან კარგად დავინახე მათი თავდადება და მონდომება ამ წვიმიან საღამოს.
ევროჩემპიონატზე ქართველების დებიუტის პირველი და ფრთხილი შეფასება ხვალ და მომდევნო დღეებში იყოს, მაგრამ ჩემთვისაც ისტორიულ წერილში მხოლოდ რამდენიმე აბზაცით ხომ არ შემოვიფარგლები და ამ ჩანახატის მომდევნო ნაწილში იმ მომენტებს გავიხსენებ, თამაშის მსვლელობისას რომ ვიწერდი. სხვა თუ არაფერი, გავა რამდენიმე დღე, ჩეხეთის ნაკრებთან მატჩის სამზადისზე გადავერთვებით და, ეგებ, დაგვავიწყდეს კიდეც ის ეპიზოდები, რომელთა გამოც დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ნერვები დაგვაწყდა ან სიხარულისგან ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
გაფრთხილება სჭირდება ისტორიას, ის ეპიზოდები კი, დღევანდელმა თამაშმა რომ დაიტია, სწორედ ისტორიის ნაწილია. ავად თუ კარგად, 2024 წლის 18 ივნისს ქართული ფეხბურთის მატიანეში ერთი საინტერესო ფურცელი შეივსო, რომელსაც შემდგომში არაერთხელ მივუბრუნდებით. ძველი ამბების გახსენება ხომ უკეთესი მომავლის შექმნაში დაგვეხმარება.
თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ შეხვედრა გადაიდებოდა. იმიტომ, რომ სტადიონი და ვესტფალენპარკი წვიმამ წალეკა. ჩვენი, ჟურნალისტების ტრიბუნიდან მარჯვენა მხარეს ორი ხელოვნური ჩანჩქერიც გაჩნდა. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ამინდი შედარებით გამოსწორდა და შეხვედრაც დანიშნულ დროს დაიწყო: საქართველოს ნაკრების დებიუტი საოცნებო ტურნირზე თეთრ, მართლა ლამაზ მაისურში ვიხილეთ.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა კი დაიწყო, მაგრამ საწყისი წუთები აშკარად თურქეთის უპირატესობით წარიმართა. ალბათ, არც იმის თქმა იქნება გადაჭარბებული, რომ დაახლოებით 25-ე წუთამდე ასეთი სურათი იყო, მერე კი, ერთის მხრივ გაუქმებულმა გოლმა და მეორე მხრივ ჩვენი ფეხბურთელების მონდომებით, სურათი შეიცვალა.
პირველი სახიფათო მომენტი ჩვენ კართან აიჰანის თავური იყო, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. იმ მომენტში თურქები აშკარად მარცხენა ფლანგიდან თავდასხმებს არჩევდნენ და ამიტომაც დაიტვირთა ოთარ კაკაბაძე ყველაზე ძალიან.
მე-7 წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი კუთხური ჩააწოდა, ძალიან სახიფათო. დარტყმა ისევ აიჰანმა ითავა და ზუსტადაც გაისროლა, მაგრამ ადგილზე გაშეშებულ გიორგი მამარდაშვილს, ვინც სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მხსნელად მარჯვენა ძელი მოევლინა – ბურთი საპირისპირო ძელისკენ გავარდა და მომენტიც განიმუხტა.
მე-11 წუთზე „ჯვაროსნები“ პირველ რეალურ საგოლე მომენტს ქმნიან: ანზორ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს ხვდება, მიმართულებას იცვლის და… სამწუხაროდ, მეკარის ნადავლი ხდება.
მე-14 წუთზე კიდევ ერთხელ საიმედოდ თამაშობს მამარდაშვილი: იუვენტუსში მოთამაშე კენან ილდიზის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმულ ბურთს სათანადო ადგილზე ხვდება.
მომდევნო წუთებში თურქეთის ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა, ქართველები ლამის თავიანთ საჯარიმოსთან ხვდებიან მეტოქეს, დაძაბულობა იზრდება და ამ ყოველივეს ლოგიკურ გაგრძელებად იქცა თურქების მარჯვენა მცველის მერტ მულდურის ეფექტური გოლი – 0:1. მან ერთი შეხებით, ძლიერად დაარტყა მას შემდეგ, რაც ლაშა დვალმა თავით ითამაშა, მაგრამ სათანადოდ ვერ გაიტანა ბურთი საჯარიმოდან.
რომ არა VAR-ზე გადამოწმებული და გაუქმებული გოლი, დავწერდი, რომ მომდევნო რამდენიმე წამს კატასტროფული ეთქმოდა, მაგრამ ახლა მშვიდად აღვწერ იმ მომენტს – შეტევაში დაკარგული ბურთი, თურქების შესანიშნავი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგიდან, ჩაწოდება საჯარიმოში და ილდიზის ზუსტი თამაში. სტადიონი ლამის გააყრუა თურქი ქომაგების ყიჟინამ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ეპიზოდი გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ გოლის ავტორი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
30-ე წუთზე თურქების მეკარე თამაშობს საიმედოდ, გიორგი წიტაიშვილის დარტყმა ძალიან ჰგავდა ილდიზის პირველ შეტევას. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა ზუსტად შეარჩიეს პოზიცია.
35-ე წუთზე კი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული გოლი გავიდა: გიორგი ქოჩორაშვილის ეფექტური მოქმედება მარჯვენა ფლანგზე, ჩაწოდება კარის ახლო ძელთან და გიორგი მიქაუტაძე დასწრებაზე დიდებულია – მეკარე უძლური აღმოჩნდა, 1:1! ასე გავიდა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე პირველი ქართული გოლი.
ანგარიშის გათანაბრებას თამაშის გათანაბრებაც მოჰყვა, მეტოქეებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს და მსაჯმა ერთი დამატებული წუთის შემდეგ ტაიმი დაასრულა.
მეორე ნახევრის სტარტი კი ძალიან ჰგავდა თამაშის დასაწყისს: ყველა სათამაშო კომპონენტში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. იმ წუთებში დაცვის მწყობრ თამაშს უნდა ვუმადლოდეთ, რომ თურქები ვერ დაწინაურდნენ. და კიდევ მამარდაშვილს, რომელმაც, მაგალითად, ჰაკან ჩალჰანოღლუს უძლიერესი საჯარიმო დარტყმა მარჯვენა ხელით მოიგერია.
ქართველები ახერხებენ თურქების ნახევარზე გადასვლას, მაგრამ თამაშში გარდატეხა ვერ შეაქვთ, თამაშის დაწყებიდან საათსა და ორ წუთში კი მეტოქე კვლავ დაწინაურდა: გიორგი წიტაიშვილი ბურთის ატანისას შეცდა, მადრიდის რეალის ამომავალმა ვარსკვლავმა არდა გულერმა კი ბრწყინვალე გოლი შეაგდო, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ზედა კუთხეში ჩაახვია ბურთი – 1:2. მგონი, ეს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლია.
ვესტფალენშტადიონის თითქმის ყველა ტრიბუნა თურქებითაა სავსე და ზუსტად იმ წუთებში, როცა სტადიონი ეიფორიაში იყო, გიორგი ქოჩორაშვილს სულ ცოტა დააკლდა აღტკინებული თურქი გულშემატკივრების დასამშვიდებლად: საჯარიმოში შეჭრილმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეებთან ჭიდილში დაარტყა კიდეც, ეგაა მხოლოდ, რომ ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
ქოჩორაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენი გუნდიდან და უკანასკნელ წამებზე მას კიდევ ერთხელ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მიქაუტაძესთან ბურთი ვერ გაიყო და… მომეჩვენა, რომ იმ მომენტში ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდს რომ დარტყმა დაეთმო, ეგებ, ანგარიში გათანაბრებულიყო კიდეც.
სულ ბოლოს კი თურქეთის ნაკრების მესამე გოლი იყო. ანგარიშის გასათანაბრებლად მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილმაც ჩაირბინა, თურქებმა კი უკანასკნელი შეტევა იოლად გაშალეს და აქთურქოღლუმ თამაშს წერტილი დაუსვა – 1:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტი დიდ საფეხბურთო ტურნირში მარცხით დასრულდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ვილი სანიოლის მართლა სიმპათიურ გუნდს ამ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ორი თამაში ელის და ბრძოლაც გრძელდება.
ზღაპრის ბოლოზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ. ჯერ არაფერი დასრულებულა.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 18 ივნისი
ვესტფალენშტადიონი, დორტმუნდი, გერმანია