ევროჩანახატები გერმანიიდან: მშვიდი გიორგი

„დიდებული და საიმედო თამაში მთელი შეხვედრის მანძილზე. მან ცხრა დარტყმა მოიგერია, რითაც საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა. ის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, რამაც გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“.

უეფას ტექნიკური კომისიის ეს დახასიათება თამაშის დასრულებიდან ერთ საათში გამოქვეყნდა. იმ დროისთვის ჩვენი ნაკრების გოლკიპერს უკვე თან ჰქონდა ჯილდო, რომელსაც ყოველი თამაშის შემდეგ გადასცემენ მატჩის საუკეთესო მოთამაშეს.

შეხვედრის მიწურულს, როცა ჩეხების ზეწოლა ძალიან გაიზარდა და ჩვენები მთელი შემადგენლობით თავს იცავდნენ, მეგობარს გადავულაპარაკე, თუ არ დავმარცხდით, საუკეთესო, ალბათ, მამარდაშვილი გახდება-მეთქი.

სულ ბოლოს საბა ლობჟანიძის ის მომენტი იყო, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ, გაცუდებულ შეტევას კი მსაჯის საფინალო სასტვენი მოჰყვა და მცირე ხანში უეფას ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილებაც გაცხადდა – მამარდაშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამართლდა მოლოდინი, თუმცა ვეჭვობ, ძალიან ბევრი ფიქრობდა ჩემნაირად.

გუშინ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა და სასიამოვნოა, რომ ორი ჩვენიანია გარჩეულ მოთამაშეთა შორის. მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ლიდერობს – 15, გიორგი მიქაუტაძე კი 2 გოლით ტურნირის თანაბომბარდირია გერმანელ ჯამალ მუსიალასთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად. და ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდი მხოლოდ მეექვსეა, რომელმაც თავისი ქვეყნის პირველი ორი გოლი გაიტანა ევროჩემპიონატებზე და პირველი ანდრეი შევჩენკოს (2012) შემდეგ. და კიდევ, მიქაუტაძემდე უელსელი გარეთ ბეილი იყო, რომელმაც სადებიუტო ევროზე ნაკრების პირველ ორ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ქულას, ჩვენ კი უფრო დაკვირვებით თამაში გვმართებდა. ოცდაექვს საგოლე მომენტს რომ შექმნი და მატჩს ვერ მოიგებ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალო. მეორე მხრივ, საქართველოს უკანასკნელი შეტევა გოლით რომ დაესრულებინა, ქულაც არ გვექნებოდა, ასე რომ“… – ეს ჩეხეთის ნაკრების თავკაცის ივან ჰაშეკის სიტყვებია. თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, მასთან ერთად შეხვდა ჟურნალისტებს პატრიკ შიკი, საპასუხო გოლის ავტორი და ევროპის წინა ჩემპიონატის ბომბარდირი. მისი კომენტარიდან ეს სიტყვები დამამახსოვრდა: „დღეს ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეკარემ შეგვაჩერა“.

შიკის ასპროცენტიანი შეფასება, რომ მისი გუნდი სწორედ ქართველმა მეკარემ შეაჩერა, ერთმა ძალიან საინტერესო მონაცემმაც დაადასტურა. ის ყოვლისმცოდნე სტატისტიკოსებმა გვამცნეს: ჩეხეთის ნაკრები პირველია, რომელმაც თორმეტჯერ დაარტყა კარში, მაგრამ… მატჩი ვერ მოიგო! ამ სახის მონაცემებს ევროპის 1980 წლის ჩემპიონატიდან ითვლიან.

2024 წლის 22 ივნისი ნამდვილად ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ჯვაროსნებმა“ პირველი ქულა მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დღეს ქართველმა მოთამაშემ უეფას ინდივიდუალური ჯილდოც მოიგო. საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნებისთვის ასეთი ამბები, ალბათ, უმნიშვნელოა, მაგრამ საქართველო ახლა სწავლობს ბევრ რამეს და ჩვენც ბიჭების ყველა წარმატება გვიხარია.

ევროპის ჩემპიონატზე კი „ჯვაროსნებს“ მინიმუმ ერთი შეხვედრა დარჩათ. ვილი სანიოლის გუნდი 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელებმა გუშინ თურქეთი გაანადგურეს, კრიშტიანუ რონალდუმ კი კიდევ ერთი რეკორდი შემატა თვალისმომჭრელ კარიერას – ევროპირველობების ბომბარდირი რომ იყო, გეცოდინებათ, გუშინ კი საგოლე გადაცემებითაც დაწინაურდა.

პორტუგალიამ პირველი ადგილით შეაღო მერვედფინალის კარი, საქართველო, თურქეთი და ჩეხეთი კი 26 ივნისს ეცდებიან ფლეი ოფის მატარებელზე მოხვედრას.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 23 ივნისი
ჰამბურგი, გერმანია

ka_GEGeorgian